ყველა პატარა ძაღლი როდი არის ალერსიანი ფინია. ტერიერები, მაგალითად, ძალზე ენერგიული ჯგუფია, რომელთა წინაპრები მუშა ძაღლები იყვნენ . თანამედროვე ტერიერის ჯიშების უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე წარმოიშვა. მათგან უდიდესია ერდელტერიერი, რომლის სიმაღლე მინდაომდე 58 სმ-ია.
ტერიერების დახასიათება
სახელი ტერიერი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ტერრე, რაც მიწას ნიშნავს, და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ მოუსვენარი ძაღლების ერთ-ერთი საქმიანობა იყო სხვადასხვა ცხოველის, მაგალითად მელიის ან მაჩვის, მიწაში ამოთხრილ სოროში ჩაძვრომა. ამისთვის მას სჭირდებოდა სიმამაცე, გაბედულება და შეუპოვრობა. ეს თვისებები დღესაც თვალნათლივ ჩანს ამ ჯიშებში.
ტერიერების ჯგუფი ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ერთეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა ვესტჰეილანდური თეთრი ტერიერი, რომელსაც მოფერებით ვესტის ეძახიან. უაღრესად ენერგიული და დამოუკიდებელი ხასიათის ტერიერები განუყრელად არიან დაკავშირებული ბრიტანეთის კუნძულების ძველ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. პატარა ძაღლის ყოლის მსურველები ნაკლებად ირჩევენ ტერიერებს მათი ანჩხლი ზნის გამო. სხვა ჯიშებთან შედარებით, ტერიერების მოვლა და საგამოფენო ჩვენებისთვის მომზადება საკმაოდ რთულია. თავის მხრივ, მოდაც განაპირობებს გარკვეული ჯიშების, მაგალითად ხვეულბეწვიანი ფოქსტერიერის, შემცირებას.
შეუპოვრობა
პაწაწინა იორკშირული ტერიერი დეკორატიულ ჯიშებს მიეკუთვნება, მაგრამ ზომასთან შედარებით საოცრად შეუპოვარია.
მრავალმხრივი კომპანიონები
ტერიერებს, როგორც მუშა ძაღლებს, მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლიათ, ვიდრე მათი წარმოშობის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ეს ჯიშები ფართოდ განვითარდა სოფლის რეგიონებში. მართალია, სახლის საყვარელი ცხოველები არ ყოფილან, მაგრამ ხშირად ჰყავდათ ფერმებში, სადაც ანადგურებდნენ მავნებლებს, კერძოდ ვირთაგვებს; ასრულებდნენ მოდარაჯე ძაღლის როლს და ხმამაღალი ყეფით ამცნობდნენ ფერმერებს სტუმრის მოსვლას. ეს თვისება დღესაც ძალზე გამოკვეთილია ტერიერებში, რომლებიც, სხვა ჯგუფის ძაღლებთან შედარებით, ურთიერთობაში გაცილებით მეტად იყენებენ ხმოვან სიგნალებს.
თხრისთვის შექმნილი
შედარებით გრძელი ტანის, მოკლე ფეხებისა და ძლიერი უკანა კიდურების წყალობით ტერიერი ადვილად მოძრაობს მიწისქვეშა თხრილში. ამ მახასიათებლებით გამოირჩევა ტერიერის ე.წ. `მიწის ჯიშები~, მაგალითად ჯეკ რასელი – ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია.
თავისებური ყურები
ხმოვანი სიგნალების მიმართ ტერიერების გამძაფრებული ყურადღება დაკავშირებულია მათ ექსტერიერთანაც – ბევრი ჯიშის ტერიერს პატარა და თავის აქეთ-იქით ჩამოყრილი ყურები აქვს, ამიტომაც, ზოგიერთი სხვა ჯგუფის ძაღლებისგან განსხვავებით, ვიზუალური ურთიერთობის საშუალებად ვერ იყენებს. ასეთი ფორმის ყურის ნიჟარები სმენის ნაზ ორგანოს იცავს დაზიანებისგან, რათა მასში არ მოხვდეს ფხვიერი ნიადაგი, როდესაც ძაღლი მიწის ქვეშ დაძვრება. ტერიერებმა იციან ყურების წინ წამოწევა ინტერესის გამოსახატავად. სეირნობის დროს კი ამ სიგნალით მსხვერპლის მიგნებაზე მიანიშნებენ.
მებრძოლი ხასიათი
ტერიერის ჯგუფის ბევრი წევრისთვის დამახასიათებელია ერთმანეთთან ჩხუბი, ხოლო შედარებით დიდი ზომის ზოგიერთი ჯიში, მაგალითად სტაფორდშირული ბულტერიერი, საგანგებოდ ძაღლების საჩვენებელი ორთაბრძოლისთვის გამოიყვანეს. ასეთი ტენდენციის შედეგად გამოყვანილ იქნა ყბადაღებული ამერიკული პიტბულტერიერი, რომლის ყოლა ბევრ ქვეყანაში აიკრძალა კიდეც ძაღლებისა და ადამიანების მიმართ აგრესიული ქცევის გამო.
ძლიერი აღნაგობა
ინგლისური ბულტერიერები ღონიერი ძაღლები არიან კარგად განვითარებული მუსკულატურით. გენეალოგიის მიხედვით არიან ტერიერები, რომლებიც თავდაპირველად ძაღლების ჩხუბისთვის გამოჰყავდათ.
მოსალონელი სირთულეები
მოუსვენარი ბუნების ტერიერი, ნამდვილ კომპანიონ ჯიშებთან შედარებით, სახლის საყვარელი ცხოველის როლისთვის ნაკლებად შესაფერისია, განსაკუთრებით ურბანულ რეგიონებში. ძალზე მნიშვნელოვანია მათი სოციალიზაცია ადრეული ასაკიდანვე, რათა სხვა ძაღლების მიმართ არ იყვნენ აგრესიულები. ტერიერს მოსწონს მიწის თხრა, ხშირად საამისოდ ყვავილების გაზონსაც კი ირჩევს; შეუძლია, გვირაბი გათხაროს ბაღშიც, ღობის ქვეშ, და ქუჩაში გაიპაროს. მიწაში ჩაძრომის მიდრეკილება ნათლად მიუთითებს, თუ რა სამუშაოს ასრულებდნენ მისი მუშა წინაპრები.
ტერიერები ნაკლებად ექვემდებარებიან წვრთნას, რადგან საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობდნენ ფერმებში, სადაც თავის ნებაზე დანავარდობდნენ. მიუხედავად ამისა, ტერიერები საყვარელ ძაღლებად მიაჩნიათ. ისინი თამაშისთვის ყოველთვის მზად არიან – სათამაშოზე ამოწმებენ თავიანთ ღონეს... ისინი პატარა, მაგრამ გულადი და ენერგიული ძაღლები არიან.
მოდარაჯეები
ტერიერები, თუნდაც ეს ერდელტერიერი, მუდამ ფხიზლად არიან, რის გამოც შესანიშნავ მოდარაჯე ძაღლებად მიიჩნევიან.
ფრთხილად!
ბევრი ტერიერი დღესაც დაჩვეულია გაუთავებლად ყეფას, რასაც ხშირად ყურადღების მისაქცევად შვრება. ასე რომ არ მოიქცეს, საჭიროა მისი გაწვრთნა.
წყარო: http://zooclub.ge
|