ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი ძაღლი გარბის პატრონისგან და იკარგება . ყველაზე ხშირად ეს ხდება უცნობ გარემოში. საბედნიეროდ, უმრავლესობა ბოლოს შინ ბრუნდება, მაგრამ განშორების პერიოდში დარდობს ძაღლიც და პატრონიც.
ხეტიალი
ძაღლს უყვარს გარემოს შესწავლა და აქეთიქით ხეტიალი. თუ წვრთნის სეანსების დროს თქვენი ძაღლი დაძახებაზე სწრაფად გპასუხობთ და გიბრუნდებათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ასევე მოიქცევა გარეთ ყოფნისას, განსაკუთრებით, თუ მისი ყურადღება ბოცვერმა ან რომელიმე საინტერესო სუნმა მიიქცია. შეძლებისამებრ შეუშალეთ ხელი მის გაქცევას: განაგრძეთ წვრთნა სოფლის გარემოშიც და პარკშიც. გამოიყენეთ ავტომატური საბელი, რომლის საშუალებით ძაღლი იხეტიალებს, მაგრამ გაქცევას ვერ მოახერხებს.
მუდმივი კავშირი
თქვენი ძაღლი რომ არ დაიკარგოს, გამოიყენეთ ულტრაბგერითი სასტვენი, შეარჩიეთ ბგერის ჟღერადობის ისეთი სიმაღლე, რომ ძაღლმა შორ მანძილზე გაიგონოს ნაცნობი სიგნალი და მისი დახმარებით იპოვოს გზა თქვენკენ.
კვალში ჩადგომა
სახლიდან უფრო ხშირად გარბიან გარკვეული ჯიშის ძაღლები, მაგალითად მეძებრები და მდევრები, რომლებიც ინსტინქტურად მიჰყვებიან სუნს; თუ თვალი მოჰკრეს მსხვერპლს, ისე გამოუდგებიან, რომ არად ჩააგდებენ პატრონის ხვეწნას _ დაბრუნდეს. თუ ასე მოხდა, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ და არ გაეკიდოთ ძაღლს, რადგან ის ამას თამაშის ნაწილად აღიქვამს. თანაც, ნაკლებად სავარაუდოა, დაეწიოთ.
უკან მოხმობა
დარჩით, სადაც ხართ და იქიდან მოუხმეთ ძაღლს. მას დევნა მალე მოჰბეზრდება, მაგრამ შეიძლება დაიკარგოს, განსაკუთრებით, უცნობ გარემოში. თქვენს დაძახილზე კი უფრო ადვილად გიპოვით. დაბრუნებული ძაღლი ყოველთვის დაასაჩუქრეთ და ნუ გაუჯავრდებით. ასე დაბრუნება მისთვის დადებით ემოციებთან იქნება დაკავშირებული. შეეცადეთ, შებინდებისას არ ავარჯიშოთ საბლის გარეშე, რადგან თუ დაიკარგა, სიბნელეში გაგიჭირდებათ მისი პოვნა.
გაუჩინარება
ძაღლი სახლშიც შეიძლება დაიკარგოს. შეიძლება ყუთში ჩაძვრეს, ან თვალს მოეფაროს გართობისას.
მიკროჩიპი
რაც ადრე შენიშნავთ ძაღლის დაკარგვას, მით მალე შეძლებთ მის პოვნას. ამის საუკეთესო საშუალებაა ძაღლის კანქვეშ ჩანერგილი მიკროჩიპი უნიკალური კოდით, რომელიც შეტანილი იქნება ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში. ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომია ცხოველთა გადარჩენის სააგენტოებისათვის. ცნობილია რამდენიმე შთამბეჭდავი ამბავი, თუ როგორ იპოვეს ამ გზით თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში, გაუჩინარებული ძაღლები.
გზა შინისაკენ
თუ ძაღლი ტრანსპორტის მსხვერპლი არ გახდა და არც არავის მოუპარავს, ის ბოლოს და ბოლოს ადამიანებთან მივა. შეიძლება ქუჩებში იწანწალოს ან სახლში გაჰყვეს ვინმეს. რამდენად მოახერხებს შინ დაბრუნებას, დამოკიდებულია, სახლიდან რა მანძილზე დაიკარგა, რამდენად იცნობს იქაურობას, შეუძლია თუ არა სუნის მიხედვით მიაგნოს სახლს და ა.შ. ძაღლების მისწრაფებას ხეტიალისადმი ყველაზე მეტად ამცირებს კასტრირება, ამიტომაც არის ეს ქირურგიული პროცედურა მათთვის მიზანშეწონილი.
მაწანწალა ძაღლები
სამწუხაროდ, დიდ ქალაქებში ხშირად შეხვდებით ძაღლებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ბევრი კი სულაც იქ დაიბადა. სახლის ძაღლებთან შედარებით, ისინი გაცილებით ცოტა ხანს ცოცხლობენ, რადგან ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის, მაგალითად საკვებისა და თავშესაფრისთვის.
ნარჩენების ჭამა
მოხეტიალე ძაღლებს საკვები სჭირდებათ და ამიტომ ხშირად იქექებიან ნაგავში. ასეთ სიტუაციაში მყოფ შინაურ ძაღლებს, გარეული თანამოძმეებისგან განსხვავებით, არც ისე მოსწონთ საკვებისთვის ნადირობა და დამპალი და საშიში საკვების ჭამას ამჯობინებენ, რის გამოც ავადდებიან.
ფრთხილად!
დარწმუნდით, რომ თქვენი ეზო დაცულია და მესერში არ არის გასაძრომი, რომლითაც ძაღლი კარ-მიდამოდან გაქცევას შეძლებს.
წყარო: http://www.zooclub.ge/
|