თბილისის ზოოპარკის ხელშეწყობის მიზნითდედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც თბილისის2015 წლის ბიუჯეტის პროეტშია ნათქვამი,აღნიშნული პროგრამა მიზნად ზოოპარკის ბინადართა მოვლა-პატრონობასა და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის შექმნასა და ვიზიტორების უსაფრთხოებას ისახავს.
ასევე პროგრამის მიზანია იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფა მათი დაცვის, კონსერვაციისა და რეპროდუქციის მიზნით; განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებასა და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ;
ბიუჯეტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაწევრიანებაა, რაც ზოოლოგიურ პარკს უცხოელი კოლეგებისგან ინფორმაციის დროულად მიღების, თანამშრომლების სტაჟირებაზე ცოდნისა და გამოცდილების გასარღმავებლად გაგზავნის, ასევე ცხოველებისა და მცენარეების კოლექციის გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას პარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აცხადებს, თანხა თანამშრომლების ხელფასებს, კომუნალურ გადასახადებს, ცხოველების კვებასა და მათთვის მედიკამენტების შეძენას, ასევე ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობების შეძენას მოხმარდება.
იგი განმარტავს, რომ ცხოველების საკვების შესაძენად ზოოპარკი ყოველი წლის დასაწყისში ტენდერს აცხადებს და საკვებით, ხილით, ბოსტნეულითა და ხორცით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ამარაგებენ. საკვები დანამატები კი ზოოპარკის წარმომადგენლებს უცხოეთიდან ჩამოაქვთ.
ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ 2015 წელს ზოოპარკში ახალი ცხოველების ჩამოყვანაც იგეგმება.
„ზოოპარკი ცოცხალი ორგანიზმია და მოლაპარაკება რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ცხოველის შემოყვანაზე მიმდინარეობს. ცხოველებს გაზაფხულამდე ვერ შემოვიყვანთ, ტრანსპორტირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული, თვითმფრინავსა და აეროპორტში ზამთრის პერიოდში ძალიან ცივა. ერთი რისი თქმაც დაზუსტებით შემიძლია არის ის, რომ მაიმუნების დამატებასაც ვაპირებთ“ - განუცხადა „კომერსანტს“ გურიელიძემ.
თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან იწყება, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსდა იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერის ხეობაში 70 ჰა ოდენობის მიწის ფართობი გამოეყო.
1931 წელს ზოოპარკში პარაზიტოლოგიის ლაბორატორია და ზოოლოგიური მუზეუმი დაარსდა. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკს ბიოლოგიური სადგურიც დაემატა, რომელიც მოგვიანებით (1938 წელს) თსუ-ს გადაეცა.
დღეისათვის ზოოპარკში 300-მდე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი. მათ შორის: თეთრი მარტორქა, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, უსურიის ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა. 2007 წელს თბილისის ზოოპარკში, კავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი გაიხსნა.
მარიამ გეგეჭკორი
წყარო: http://commersant.ge/?menuid=88&id=17365&lang=1
|