მთავარი » 2014»ოქტომბერი»10 » ფარავან-ჰესის მშენებელი კომპანია დატბორვის რისკებს ასაიდუმლოებს.
15:26:54
ფარავან-ჰესის მშენებელი კომპანია დატბორვის რისკებს ასაიდუმლოებს.
მიუხედავად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის არაერთი დაპირებისა, ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“ სოფელი ხერთვისის მოსალოდნელი დატბორვის საფრთხეების შესახებ კვლევას ასაიდუმლოებს.*
ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც თურქული კონგლომერატის „ანადოლუ ჯგუფის“ საქართველოს შვილობილი კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“ ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. 160 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ხარჯების დაახლოებით მეოთხედს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ფარავს; ამასთან, ბანკი ფლობს წილს თავად სამშენებლო კომპანიაშიც.მიუხედავად პროექტში ბანკის მონაწილეობისა,როგორც აღმოჩნდა, პროექტის განმახორციელებელი სულაც არ იწუხებს თავს ბანკის მოთხოვნებისა,თუ მასთან მიღწეული შეთანხმებების შესრულებით.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხი – სოფელ ხერთვისის დატბორვის საფრთხე – ჯერ კიდევ პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე გამოვლინდა და დღემდე ხერთვისის მაცხოვრებელთა შეშფოთების მთავარ საგნად რჩება. საქმე იმაშია, რომ პროექტი ითვალისწინებს მდინარე ფარავნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90 პროცენტის გადაგდებას მდინარე მტკვარში, სოფელ ხერთვისის ზემოთ, დაახლოებით 700 მეტრის დაშორებით. საგულისხმოა, რომ სოფელი მდინარე მტკვართან მიმართებაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზე მდებარეობს. ამდენად, ადგილობრივთა აზრით, არსებული სახით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, სოფლის დატბორვა გარდაუვალია.
გასაიდუმლოებული კვლევა და არშემდგარი კონსულტაციები
ჰესის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხისა და მისი თავიდან აცილების გზებთან დაკავშირებული საკითხები, ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.ადგილობრივების განცხადებით, დღემდე კომპანიისგან არც ინფორმაცია მიუღიათ დატბორვის საფრთხეების შესახებ და არც კონსულტაციები გამართულა მათთან.
მწვანე ალტერნატივამ პროექტთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემური საკითხების (მათ შორის, სოფელი ხერთვისის შესაძლო დატბორვის) გამო, ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში,საჩივრით მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. მოგვიანებით ბანკის საჩივრების განხილვის ორგანომ (Project Complaint Mechanism, PCM) დაადასტურა, რომ ბანკმა, მთელ რიგი საკითხების შემთხვევაში, მართლაც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის მოთხოვნები. თუმცა, არა სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხესთან მიმართებაში.
2014 წლის იანვარში გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, PCM-ი აღნიშნავს, რომ: „მონიტორინგი დასრულებულია; მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება და შემარბილებელი ღონისძიებების თაობაზე დაიწყო დისკუსიები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან“.ანგარიშის თანახმად, მონიტორინგი 2012 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა: „მონიტორინგი [...] გაგრძელდება 2012 წლის ბოლომდე და მას შემდეგ რაც დასრულდება, საბოლოო სახით წარედგინება ადგილობრივ მაცხოვრებლებს“.
სამწუხაროდ, კომპანიას დღემდე, არც ანგარიშში მოხსენებული მონიტორინგის შედეგები წარუდგენია სოფლის მაცხოვრებლებისთვის და არც მონიტორინგის ანგარიშის განხილვაზე მიუწვევია ვინმე.
კონფიდენციალურია, ასევე, კომპანიის დაკვეთით შესრულებული სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხეების კვლევაც, რომლის მიხედვით თითქოს დასტურდება, რომ სოფლის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, დამცავი ღონისძიებების შესრულების საჭიროება არ დგას. გაზეთ „სამხრეთის კარიბჭისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ დირექტორმა ნოდარ კურტანიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს: „ეგ სახელმწიფოს დავალება არ არის, ჩვენი მიცემული დავალებაა. სახელმწიფოს დავალება რომ ყოფილიყო, მაშინ მისი გასაჯაროება სავალდებულო იქნებოდა. ახლა ამის უფლება არ მაქვს“.
ყურადსაღებია, რომ აღნიშნულის ფონზე,სრულიად მოულოდნელად, „ჯორჯიან ურბან ენერჯიმ“ მაინც განახორციელა დატბორვის საწინააღმდეგო ღონისძიებები.კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანიამ ეს ღონისძიებები მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივების თხოვნის საპასუხოდ განახორციელა. ეს ძალზე საეჭვოა, რადგან დატბორვის საწინააღმდეგო ღონისძიებები გატარდა არა სოფლის გასწვრივ (როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს), არამედ სოფლის ქვემოთ, მტკვარი-ფარავანის შესართავთან. აქ გატარებული ღონისძიებები ვერანაირად ვერ შეამცირებს სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხეს.აღნიშნულს ადასტურებს სოფელ ხერთვისის რწმუნებული ვაჟა ჭიკაიძეც ამავე სტატიაში:
„ეს სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა და კარგადაც გაკეთდა. მიუხედავად აღნიშნულისა, სოფელი კვლავ დატბორვის საფრთხის წინაშე რჩება, – იმას, რაც გაკეთდა, სოფელთან არანაირი კავშირი არ აქვს, უკეთესი იქნებოდა ეს ვარძიის მხრიდან ხერთვისის შემოსასვლელში, ანუ იმ ადგილზე გაეკეთებინათ, სადაც ნაპირი ძალიან დაბალზეა, აქვეა სოფლის სასაფლაო და საცხოვრებელი სახლები“.
პირობების შესრულებაზე არასათანადო კონტროლი
შესაძლოა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კმაყოფილია კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით, დატბორვის საფრთხეების შესწავლის მიზნით, დამატებითი კვლევების ჩატარების თაობაზე; თუმცა, როგორც ჩანს, თავად კომპანია სულაც არ აპირებს შეთანხმების პირობების შესრულებას:ის, არათუ გეგმავს ამ თემაზე საჯარო განხილვების მოწყობას, არამედ თავისი დაკვეთით შესრულებული კვლევის გასაჯაროებასაც არ აპირებს.
სამწუხაროდ, არსებულ სიტუაციას ვერც მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში ბანკის მისიის ვიზიტისას მოეფინა ნათელი. დღემდე გაურკვეველია, როდის, სად და როგორ ჩატარდა „ეფექტური საჯარო განხილვები“, რომლებიც PCM-ის საბოლოო ანგარიშშია მოხსენიებული.
ვინ იცის… შესაძლოა, ბანკს ჰგონია, რომ განხილვები უკვე ჩატარდა, ინფორმაცია ჩატარებული განხილვების შესახებ კი, ასევე კონფიდენციალურია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!