| ალბათ, ბევრს უნახავს საკუთარ ონკანში სასმელ წყალს გამოყოლილი პარაზიტები, ნარჩენები, ან თუნდაც მღვრიე წყალი. ბოლო დროს თბილისში ამ მხრივ მდგომარება ცოტა გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში, როგორც ქალაქებში, ასევე მცირედ დასახლებულ პუნქტებში. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბინძურებულ წყალს სვამს, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება. მხოლოდ ქუთაისში 2006-2011 წლებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზეე 50.092.096.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, ქალაქს კი ამ მხრივ კვლავ სერიოზული პრობლემები აწუხებს. სასმელი წყლის ვარგისიანობასა და ეპიდემიის საფრთხეებზე გაზეთი "ყველა სიახლე" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარის მოადგილეს, ექიმ ზურაბ ფუტკარაძეს ესაუბრა.
| - ბატონო ზურაბ, რა მდგომარეობაა წყალმომარაგების სისტემაში და წყლის დაბინძურების გამო არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე? - სამწუხაროდ, წყალმომარაგების სისტემაში სერიოზული პრობლემები ნამდვილად გვაქვს, რამაც შეიძლება ეპიდემიამდე მიგვიყვანოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გლობალური დათბობის პროცესი მიდის და ტემპერატურა ყოველწლიურად მატულობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივად ძალიან მაღალი ხარისხის სასმელი წყალი გაგვაჩნია, წყალმომარაგების სათავე-ნაგებობებში, ასევე შიდა ქსელში, სერიოზული პრობლემებია. თბილისის სასმელი წყლის სათავე-ნაგებობები იწმინდება, მაგრამ შიდა ქსელის 50-60 პროცენტი დაზიანებულია და ბევრს გვინახავს ქუჩაში რამდენიმე მეტრის მანძილზე 5-6 ადგილას ამოხეთქილი წყალი. როცა წყალი მუდმივად მიედინება, მილის გასკდომის შედეგად მისი დაბინძურების საფრთხე ნაკლებია, მაგრამ როდესაც გრაფიკით მიეწოდება და წყალი წყდება, წნევის გამო მილებში წყალი გაიწოვება, რა დროსაც დაბინძურებული ნარჩენები, ზოგჯერ კი ფეკალური მასები შეიწოვება და წყალი ბინძურდება, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არადა, თბილისშიც კი, ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. აღარაფერს ვამბობ რეგიონებზე. სადაც წყალმომარაგების სათავე-ნაგებობების უმეტესება საერთოდ არ იწმინდება. წყლის რეზერვუარები ფოთლებითა და ათასგვარი ნაგვით არის სავსე და ამ ნაგებობებიდან წამოსული სასმელი წყალი შიდა ქსელებში დამატებით ბინძურდება. რომ არა წყლის ბუნებრივად მაღალი ხარისხი, მდიდარი ქიმიური შემადგენლობა, აქამდე ალბათ უამრავჯერ დავდგებოდით ეპიდემიის საფრთხის წინაშე, თუმცა, თუ სახელმწიფო დროულად არ მიიღებს შესაბამის ზომებს, ურმის გადაბრუნების შემდეგ უკვე გვიანი იქნება. ეპიდემიის მკურნალობა სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება. წყალი სოსისი ან ძეხვი არ არის, მხოლოდ 10-15 ადამიანი რომ მოიწამლოს. დაბინძურებული წყლით მოწამლული ხალხის რიცხვმა, შესაძლოა, მილიონს გადააჭარბოს. როცა სახელმწიფოებს შორის ომი იწყება, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბირთვული და ბიოლოგიური იარაღი. ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ერთ-ერთი საშუალება წყლის მოწამვლაა, რადგან ამ დროს მილიონობით ადამიანი იწამლება. ჩვენთან ომის გამოცხადებაც კი არავის სჭირდება, თვითონ ვუწყობთ საკუთარ თავს ბიოლოგიურ ომს და დაბინძურებულ წყალს ვსვამთ.
| - რა ზომებს უნდა მიმართოს ხალხმა, რომ წყლით მოწამვლისგან თავი დაიცვას? - წყალი უნდა გადაადუღოს, თუმცა გადადუღებული წყლის ხშირად სმაც არ შეიძლება. ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ის მინერალები, რაც წყალში შედის, მით უმეტეს - ქართულ წყალში. ქართული წყლის შემცველობა მართლაც უნიკალურია თავისი მინერალური მარილებით, ლითონებით. თუმცა იმ დასახლებულ ადგილებში, სადაც წყალგაყვანილობის სისტემა გამართულად არ მუშაობს და სათავე-ნაგებობები არ იწმინდება, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში მაინც, გადადუღებული წყალი უნდა სვან.
- ვის ევალება წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად ასრულებს ის უწყება დაკისრებულ მოვალეობას? - ზოგადად წყლის ხარისხის კონტროლი, ისევე როგორც საკვები პროდუქტისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურს ეხება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია აღმოაჩინეს და შესაბამისი საწარმო თუ მაღაზია დალუქეს, წყალთან დაკავშირებით კი არც ერთი დასკვნა და საგანგაშო განცხადება არ მახსოვს, არადა, რეგიონების დიდ ნაწილში მდგომარეობა მართლაც ძალზე საგანგაშოა, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში.
- ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? - ამისთვის უზარმაზარი თანხაც კი იყო გამოყოფილი, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ. როგორც ჩანს, ეკონომიკურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ეს პროკურატურის გამოსაძიებელია.
|
წყარო: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/79578-qsakuthar-qvesyasnas-bisoslosgisur-oms-thvisthon-vutsysobthq.html
|