ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება ფრინველებზე დაკვირვების საგანმანათლებლო კამპანია "ბაღის ფრინველთა საათი". ღონისძიება 08:30-ზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიება ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში 22 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით. კამპანია "ბაღის ფრინველთა საათი", რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს, უკვე მეხუთე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე. შეგახსენებთ, რომ 2000 წლის დეკემბერში გაეროს გაერთიანებულმა ასამბლეამ 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი იმ მიზეზით შეირჩა, რომ 1992 წელს სწორედ ამ დღეს მოხდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება. საქართველოს ბიომრავალფეროვნება მდიდარია და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით - სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის დონისა თუ ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებების მხრივ. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ყოველწლიურად ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოსდაცვით თემას ეძღვნება. 2013 წლის 22 მაისის თემაა "წყალი და ბიომრავალფეროვნება". ტერმინი "ბიომრავალფეროვნება" აღნიშნავს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისა და ბუნებრივი პროცესების ერთობლიობას, რაც მოიცავს ეკოსისტემებს, გენეტიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და კავშირებს ყველა არსებულ სახეობას შორის.
წყარო: http://epn.ge/?p=12544
|