თუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენი ხოხბისგან მხოლოდ ლეგენდა დარჩება
ნაცნობმა არქეოლოგმა მიამბო: - ამას წინათ მეტეხთან ვახტანგ გორგასლის დროინდელ სამარხს ვთხრიდით, უცებ ხოხობი დაეშვა ციდან და სამარხში მოწყვეტით ჩაენარცხა, მღელვარებისგან ყველანი დავმუნჯდითო...
ქართულ ცნობიერებაში საქართველო არა მხოლოდ გმირი წინაპრებით ინახება, არამედ ნადირ-ფრინველითაც, რომლების ჩვენი ქვეყნის სამკაულად გაუჩენია განგებას. კოლხური ხოხობი ერთადერთი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ქართულია და მსგავსი არავის ჰყავს. ამას უძველესი ლეგენდაც ირწმუნება, - ცბიერმა არგონავტებმა ოქროს საწმისთან ერთად ეს ულამაზესი ფრინველიც წაიყვანეს ევროპაში და გაამრავლესო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბუნების ეს საჩუქარიც დავკარგოთ...