საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სამარცხვინო ფურცელი - "ბართლომეს ღამე", იმ რელიგიური დაპირისპირების შედეგი იყო, რომელმაც თავი იჩინა XVI საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში.
ამ საუკუნის პირველი ნახევარი ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური წინსვლით აღინიშნა. საფრანგეთის მეფეები ებრძვიან ესპანეთის მეფეებს ევროპაში ტერიტორიების გადანაწილებისთვის; იბრძვიან იტალიაში, ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი გავლენა და სხვ.
იტალიასა და მის კულტურასთან დაახლოებამ ფრანგები აღორძინებისეულ სამყაროს აზიარა. საფრანგეთში გზა გაიხსნა ახალი იდეებისა და ახლებური მსოფლმხედველობისთვის. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ცვლილებებს რელიგიურ სამყაროშიც.
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულმა მოძრაობამ (პროტესტანტობამ) საფრანგეთში XVI საუკუნის 20-30-იან წლებში შეაღწია. ფრანგი პროტესტანტები ძირითადად კალვინის მიმდევრები იყვნენ (საფრანგეთში მათ ჰუგენოტები ეწოდათ). ფრანგი პროტესტანტი მოღვაწე ჟან კალვინი (1509-1564 წწ.), რომელსაც ჟენეველ პაპს უწოდებდნენ (რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი ჟენევაში გაატარა), ყველაფრის წინანსწარგანსაზღვრულობას, სამყაროს არსებობაში ღვთის ჩაურევლობასა და საქმეში (უფრო ფულის დაგროვებაში) წარმატების მიღწევის აუცილებლობას ქადაგებდა.
ჰუგენოტები, ძირითადად, საფრანგეთის სამხრეთის ქალაქების შეძლებული მოსახლეობისა და თავად-აზნაურთა წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მეფისა და რასაკვირველია, კათოლიკური ეკლესიისადმი, რომელიც მეფის მთავარ იდეოლოგიურ დასაყრდენს წარმოადგენდა.
რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებები და ხოცვა-ჟლეტა საფრანგეთში "ბართლომეს ღამემდეც" ხდებოდა, განსაკუთრებით რელიგიური ომების პირველი პერიოდიდან (1562-1572 წწ.) მოყოლებული. კათოლიკეებს აღიზიანებდათ "მწვალებლების" მომრავლება, მათი სიმტკიცე და წარმატება. რელიგიური განსხვავებულობის საბაბით ერთმანეთს დიდი საგვარეულოებიც უპირისპირდებოდნენ. კათოლიკეთა ბანაკში გამორჩეული ადგილი ეჭირა გიზებს, ხოლო პროტესტანტებში - კოლინებსა და ბურბონებს.
ჰუგენოტთა გამოჩენილი მეთაური გახდა ადმირალი გასპარ დე კოლინი, უბრალოებითა და პატიოსნებით გამორჩეული ჰუგენოტი. იგი ენერგიულად იცავდა პროტესტანტების ინტერესებს თავის სამშობლოში.
კათოლიკეთა შორის კი ძალაუფლება აიღეს ფრანსუა (სამხედრო მმართველობა) და შარლ (სამოქალაქო მმართველობა) გიზებმა. ისინი მეფე ფრანცისკ მეორის მცირეწლოვნების მომიზეზებით მართავდნენ ქვეყანას (გიზები ბიძებად ეკუთვნოდნენ ფრანცისკ მეორის მეუღლეს, შოტლანდიელ დედოფალ მარიამს). ეს კი ძალიან აშინებდა ფრანცისკ მეორის დედას, ეკატერინე მედიჩის, რომელმაც, გიზების საპირისპიროდ, სამეფო კართან ჰუგენოტთა დაახლოება გადაწყვიტა.
1560 წელს ფრანცისკ მეორე გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ძმა შარლ მეცხრე, რომელიც ასევე მცირეწლოვანი გახლდათ. სამეფოს მმართველობა ხელში აიღო დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ. მან დაიახლოვა გასპარ დე კოლინი. კოლინიმ მეფეს წარუდგინა პროექტი, რომელშიც ასახული იყო კოლინის საგარეო-პოლიტიკური გეგმები (და არა მხოლოდ ეს): ნიდერლანდების საფრანგეთისთვის შემოერთება, ესპანელთა საბოლოო დამარცხება (თურქების დახმარებით), ამერიკაში ფრანგ ჰუგენოტთა კოლონიის დაარსება და სხვ. მაგრამ მეფემ კოლინის გულმხურვალე ინიციატივებს წაუყრუა.
ჰუგენოტებისადმი საფრანგეთის სამეფო კარის მოჩვენებითი კეთილგანწყობის მწვერვალი იყო ეკატერინე მედიჩის სურვილი, რომლის მიხედვითაც შარლ მეცხრის და მარგარიტა უნდა დაექორწინებინათ ჰუგენოტთა ერთ-ერთ მეთაურზე, ნავარელ ჰერცოგ ჰენრიხზე. ეკატერინემ პაპისგან ლოცვა-კურთხევა, რაღა თქმა უნდა, ვერ მიიღო, ამიტომ ჯვრისწერაზე ძლივს დაითანხმა კარდინალი შარლ ბურბონი (ალბათ ერთადერთი კათოლიკე ბურბონი).
ჰენრიხისა და მარგარიტას შეუღლება 1572 წლის 18 აგვისტოს იზეიმეს. პარიზში თავი მოიყარეს რჩეულმა ჰუგენოტმა არისტოკრატებმა. გარეგნულად, ჯერჯერობით, ყველა სიმშვიდეს ინარჩუნებდა. სინამდვილეში კათოლიკე პარიზელთა გაღიზიანებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ გაბოროტებას იწვევდა "პროვინციელებისა" და "მწვალებლების" სიამაყე, გამომწვევი საქციელი და საერთოდ მათი არსებობა. დედოფალ ეკატერინე მედიჩისა და შარლ მეცხრეს ჰუგენოტთა ძლიერების საბოლოო დასამარება გადაეწყვიტათ. მეფის გადაწყვეტილებაზე, ეკატერინესთან ერთად, იმოქმედეს მისმა იტალიელმა მრჩევლებმა ალბერ დე გონდიმ და ლუდოვიკო დი გონზაგამ, თუმცა ეკატერინეს (და არც ალბათ მეფეს) სულაც არ სურდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა, მათი სურვილი იყო ჰუგენოტური მოძრაობის მოთავეთა განადგურება.
1572 წლის 24 აგვისტოს ღამისთვის გააფრთხილეს პარიზის მამასახლისი, უბნების უფროსები, ჯარისკაცები. ჰუგენოტთა ცნობა ადვილი იყო. მათ ძირითადად შავი სამოსი ეცვათ. მაინც თითოეული სახლი, სადაც ჰუგენოტები ცხოვრობდნენ, თეთრი ჯვრებით აღნიშნეს. გაბოროტებული გიზები, თავიანთ მომხრეებთან ერთად, სულმოუთქმელად ელოდნენ შურისძიებას.
24 აგვისტო წმინდა ბართლომეს დღესასწაული იყო. ასე, ღამის ორსა და ოთხ საათს შორის სენ-ჟერმენის სამრეკლოდან ზარის რეკვის ხმა გაისმა. მას თითქმის ყველა სხვა ტაძრის ზარი გამოეხმაურა. ეს მასობრივ მკვლელობათა დაწყების ნიშანი იყო. გამძვინვარებულმა ფანატიკოსებმაც არ დაყოვნეს. კათოლიკეები ჰუგენოტებს შინ უვარდებოდნენ, მძინარეებს ხოცავდნენ, შემდეგ მოკლულებს ძარცვავდნენ, მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ერთ-ერთი პირველი ამ სასაკლაოს ადმირალი კოლინი ემსხვერპლა. იგი სახლშივე მოკლეს, მისი ცხედარი ფანჯრიდან ეზოში გადააგდეს. გამოჩენილი ჰუგენოტი არისტოკრატებიდან დაიღუპნენ ფრანსუა-ჟან-ჟუვრე დე ბარბიე, გაიო დე კრიუსელი, ბერნარ-როჟე დე კომენჟი, ბრიუნკელის ვიკონტი, ჟან როჟე დე კომენჟი, გრაფი ფრანსუა დე ლაროშფუკო, ბარონი არმან დე კლერმონი, ფილოსოფოსი ჰუმანისტი პიერ დე ლა რამე და მრავალი სხვა. ჰენრიხ ნავარელმა თავს იმით უშველა, რომ მაშინვე კათოლიკობა მიიღო. ქაოსმა ისეთ საზღვრებს მიაღწია, რომ ნებისმიერს შეეძლო მოეკლა ნებისმიერი (მევალე, ცოლი, სიდედრი, ზოგადად, არასასურველი ადამიანი) და მოკლული ჰუგენოტებისთვის "მიეთვალა". არავინ იცის, ღამეული კოშმარი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მეფეს რომ მისი შეწყვეტა არ ებრძანა.
პარიზში იმ ღამეს ხუთი ათასამდე კაცი დაიღუპა. აგრესია ჰუგენოტებისადმი მომდევნო დღეებში მთელ საფრანგეთში გაგრძელდა. ხოცვა-ჟლეტას ოცდაათი ათასამდე კაცი ემსხვერპლა.
ბართლომეს ღამემ ჰუგენოტთა საბოლოოდ დასამარება ვერ მოახერხა. პირიქით, ჰუგენოტებმა ბრძოლა განაგრძეს და რელიგიური ომები საფრანგეთში კვლავ განახლდა.
ბართლომეს ღამის ტრაგედიას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ევროპის სხვა ქვეყნებში. გაგიკვირდებათ და იმ ღამეს დატრიალებული ამბები დაგმო რუსეთის მეფემ ივანე მრისხანემ (თუმცა თავის ქვეყანაში არანაკლებს აწყობდა).
ბართლომეს ღამე აისახა მხატვრობაში, ლიტერატურაშიც. ამ ტრაგედიის ამსახველი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ალექსანდრე დიუმას "დედოფალი მარგო" და პროსპერ მერიმეს "შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა".
შოთა მათითაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”