ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.
თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს.
ქრისტიანული რელიგიის წარმოშობისა და განვითარების შესახებ არსებობს ორი სახის წყარო - ქრისტიანული და არაქრისტიანული, რომელშიც შედის ანტიკური ხანის მწერლების ცნობები პირველქრისტიანული თემების შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რომის სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი და მეორე მხრივ, პირდაპირი და მწვავე კრიტიკა ახალი რელიგიური მიმდინარეობისა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევიან: ლუკიანე, ცელსუსი, ცეცილიუსი, პორფიროსი, იულიანე, ჰიეროკლესი და სხვანი. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის - ცელსუსისა და ქრისტიანობის აპოლოგეტის - ორიგენეს ნაშრომები, უფრო სწორად, ორიგენეს ნაშრომი, რომელშიც გაცამტვერებულია ცელსუსის ყველა შეხედულება ქრისტიანობის კრიტიკის შესახებ. ჩვენამდე ცელსუსის ნაწარმოებს არ მოუღწევია, მაგრამ ორიგენე, რომელსაც ხელთ უნდა ჰქონოდა ცელსუსის შრომა, პუნქტობრივად სცემს პასუხს ცელსუსის ბრალდებას, საიდანაც ვიგებთ როგორც ცელსუსის, ასევე ორიგენეს ნაშრომების ხასიათს.
არაქრისტიანულ ლიტერატურას განეკუთვნება აგრეთვე ცნობილი ავტორების: ტაციტუსის, იოსებ ფლავიუსის, პლინიუს უმცროსისა და სხვათა ნაშრომები.
ქრისტიანული წყაროებიდან უპირველესი ადგილი უჭირავს ახალი აღთქმის წიგნებს, ანუ სახარებას, სადაც მოთხრობილია იესოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მომენტები. სახარება მოიცავს ოთხ წიგნს და თითოეული სახელდება მისი ავტორის სახელით, ესენია: სახარება მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. ქრისტიანული დოგმატიკის მიხედვით, სახარება დაწერილია სულიწმიდის ჩაგონებით, მოციქულთა და მათი მოწაფეების მიერ, ამიტომაც მიჩნეულია, რომ ის, რაც სახარებაშია მოთხრობილი, არის ჭეშმარიტი.
მათე და იოანე უნდა ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები და, ბუნებრივია, მისი თანამედროვენიც, ხოლო მარკოზი და ლუკა მოგვიანებით უნდა შესდგომოდნენ მესიის ცხოვრების აღწერას.
სახარება, ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ოთხთავი, არის კანონიკური წიგნი და სავალდებულო სახელმძღვანელო ქრისტეს გზაზე შემდგარი ყველა მორწმუნისთვის.
ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბება დაიწყო რომის იმპერიაში და მისი აღმავლობა პირდაპირ დაუკავშირდა ამ უზარმაზარი იმპერიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს.
რომის იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო ევფრატიდან ატლანტის ოკეანემდე, კალედონიის მთებიდან საჰარამდე, წარმოადგენდა მთელ სამყაროს და ყველა კულტურული მოვლენა მის საზღვრებში ხდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი მოქალაქე მსოფლიო მოქალაქედ იქცა. ნაციონალური ღმერთის თაყვანისცემა ცუდ ტონად ითვლებოდა. თავად რომაელთა დამოკიდებულება სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ ერთობ ინდიფერენტული იყო. თითქოს მოთხოვნილებაც გაჩნდა ისეთი ღმერთისა, რომელიც ადამიანს ნაციონალობისა და ეთნიკური წარმომავლობის გარეშე დააყენებდა. ასეთი იყო ქრისტე, რომლის მოვლინებას მაშინდელი მსოფლიოს წიაღში უკვე ჰქონდა ნიადაგი მომზადებული.
როგორც ცნობილია, რომის იმპერიაში სახელმწიფო ენად ითვლებოდა ლათინური, არამცირედი როლი ეჭირა ბერძნულსაც. ფაქტობრივად, ამ ორი ენის გაბატონებულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. იმდროინდელ ქალაქებს: რომს, კართაგენს, ალექსანდრიას, ანტიოქიას, ეფესოს, კორინთოსა და მილანს, ფაქტობრივად არ ჰქონდათ მკვეთრად გამოხატული ნაციონალური სახე. აქ ერთად ცხოვრობდნენ იტალიელები, ბერძნები, ებრაელები, მცირე აზიიდან გამოსული ხალხები, რაც განაპირობებდა ნაციონალური ღმერთებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.
ახალი აღთქმის მეცნიერ-მკვლევართა ვარაუდით, მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. 7 ან 6 წელს. მისი ამქვეყნად მოვლინება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებშიც იყო გაცხადებული და როგორც მხსნელს, მას უკვე ელოდა ისრაელის ერიც.
ქრისტე ბერძნულად ნიშნავს "ცხებულს", თავის მხრივ, იგი სათავეს იღებს ებრაული გამოთქმიდან - "ღმერთის ცხებული". ამ გამოთქმას ხშირად ხმარობდნენ ებრაელები თავიანთი მეფისადმი, რითაც ხაზს უსვამდნენ მის უმაღლეს დანიშნულებას. მოგვიანებით, დაახლოებით ძვ.წ. II საუკუნის მწერლებთან იგი მოასწავებს აღთქმულ მხსნელს, ნაციონალურ ბელადს, რომელიც იხსნიდა მათ რომაელთა ბატონობისაგან.
როგორც მათეს სახარება მოგვითხრობს, ქრისტე დაიბადა ღმერთის ჩარევით და მისი ნებით. დედამისი მარიამი იყო ცოლი ხითხურო იოსებისა, რომელსაც წინასწარ ეუწყა მოსალოდნელი შობის შესახებ და ვინაიდან აღიარა ღმერთის მონაწილეობა ამ საქმეში, ყოველმხრივ იკისრა ახალდაბადებულის მამობა.
ქრისტეს დაბადების წინ გამოიცა რომის იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვით უნდა მომხდარიყო მოქალაქეთა აღწერა. იოსების ოჯახი ნაზარეთში ცხოვრობდა, ხოლო წარმოშობით დავითის ტომიდან იყო და ამიტომაც ჩასაწერად დავითის ქალაქ ბეთლემს წავიდნენ. აქ მათ ღამის გასათევი ადგილი ვერ მონახეს და თავი გამოქვაბულს შეაფარეს, სადაც მწყემსებს სადგომი ჰქონდათ მოწყობილი. ღამით მარიამს მშობიარობა დაეწყო და გამთენიისას დაიბადა იესო, რომელიც დედამ სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა.
ქრისტეს დაბადების ჟამს ცაზე გაბრწყინდა კაშკაშა ვარსკვლავი, რაც აღმოსავლელმა მოგვებმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენის საწინდრად მიიჩნიეს და გაჰყვნენ მნათობის ციალს, რათა ნაწინასწარმეტყველები მოვლენა ეხილათ.
ამ ფაქტით შეძრული მოგვები დაიძრნენ იერუსალიმისკენ და ღმერთმაც ინება, რომ ისინი შესწრებოდნენ ქრისტეს შობის სასწაულს. მოგვებმა დალოცეს ბაგაში ჩაწვენილი ჩვილი, მუხლი მოიყარეს მის წინაშე და რუდუნებით მიუძღვნეს ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს. მოგვთა თაყვანისცემა იყო მესიის მოვლინების აღიარება კაცობრიობის წინაშე.
იუდეის მმართველმა ჰეროდე დიდმა, შეიტყო თუ არა ქრისტეს დაბადების ამბავი, რომელსაც მეფობას უწინასწარმეტყველებდნენ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის მახლობლად მიმდებარე დასახლებებში ამოეწყვიტა ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა, რათა წინასწარმეტყველება არ აღსრულებულიყო. ასეთი საშიშროების გამო, ღმერთის ჩაგონებით, იოსები თავისი ოჯახით ეგვიპტისკენ გაეშურა, რათა საშინელი მტარვალისგან თავი ეხსნათ. იოსები ეგვიპტეში დიდხანს არ დარჩენილა, რადგან ჰეროდე დიდი მალე აღესრულა და წმინდა ოჯახი უკან დაბრუნდა.
ნაზარეთში მაცხოვარმა თითქმის 30 წელიწადს დაყო. ქრისტეს ბავშვობის შესახებ მხოლოდ ლუკას სახარებაშია მცირეოდენი მინიშნება, რომ იგი იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით.
12 წლის იესო პასექის დღესასწაულზე მშობლებს იერუსალიმში გაჰყვა. ეს იყო ებრაელთა უდიდესი დღესასწაული, რომელზე დასასწრებად ყოველი მხრიდან მიემართებოდნენ მორწმუნენი. თავად ქალაქი სავსე იყო მილეთის ხალხით და წმინდა ოჯახი ქალაქგარეთ დაბინავდა. რელიგიური ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს იესო ქალაქის შიგნით, ტაძრის მახლობლად, მშობლებს დასცილდა და მთელი დღე-ღამით დაიკარგა. მესამე დღეს, როცა შეშფოთებულმა მშობლებმა როგორც იქნა, მიაკვლიეს, საყვედური უთხრეს: "მერედა რას მეძებთ? - უპასუხა იესომ - ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი მამაჩემს ეკუთვნის".
იესოს ცხოვრების 12 წლიდან მხოლოდ ტაძრად მიყვანების ეპიზოდია ცნობილი, დანარჩენი 18 წლის შესახებ მახარებლები დუმან, თუმცა მარკოზს მოეპოვება მასზე წარმოთქმული ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა: "ის ხურო არაა"? - ეს თქვა კაცმა, ვინც იცნო იესო, ხოლო მახარებელმა საჭიროდ მიიჩნია ფრაზის ჩაწერა. ამ მაგიურმა სიტყვებმა განსაზღვრეს ქრისტიანული სამყაროს მომავალი. ირკვევა, რომ მაცხოვარი მთელი ცხოვრება შრომობდა თავისი ხელობით და იყო ღარიბი, რადგან მას, პროვინციული ქალაქის ხუროს, შეუძლებელია ბევრი და მდიდარი მუშტარი ჰყოლოდა. იესოსთვის პირველდაწყებითი განათლება მშობლებს უნდა მიეცათ, რაც ითვალისწინებდა ბიბლიის (ძველი აღთქმის წიგნები) შესწავლას.
იესოს სასაუბრო ენა უნდა ყოფილიყო არამეული, მაგრამ მან ებრაულიც ჩინებულად იცოდა. ვარაუდობენ, რომ ფლობდა ბერძნულსაც, რადგან ხშირად უხდებოდა ურთიერთობა ამ ენის მცოდნე ხალხთან. რაც შეეხება ლათინურს, როგორც რომის იმპერიის სახელმწიფო ენას, იგი ნაკლებად ან სულაც არ იცოდა.
რაც უნდა ესწავლა ქრისტეს ბავშვობასა და სიყმაწვილეში, მისი გულისყური მიმართული იყო მამაღმერთისკენ. ეს იყო წლები შინაგანი მზადებისა, დიადი მისიის მოლოდინი და აჰა, გაისმა ხმა უდაბნოდან, რომელიც ადამიანებს, განკითხვის მოახლოებით შეძრული, მონანიებისკენ მოუწოდებდა. ეს იყო ხმა იოანე ნათლისმცემლისა, რომელსაც ღმერთმა ქრისტეს სახალხოდ აღიარება დააკისრა.
ქრისტეს ცხოვრება დაემთხვა ეპოქას, როცა პოლიტიკურად და სოციალურად დაღლილი საზოგადოება დაქცევის პირას იყო მისული. რომის ტყვეობაში მყოფი ისრაელის ერი მშველელს ეძებდა. სამყარო უნდა შეცვლილიყო, მაგრამ საით? ისრაელის იდეალი იყო მესია მხოლოდ ებრაელთათვის, მხოლოდ მათ რომ გაათავისუფლებდა ტყვეობისგან, მაგრამ მხოლოდ ისრაელი არ ელოდა ასეთ მხსნელს. ეპოქა მოითხოვდა მესიას, რომელიც შეუდარებელი იქნებოდა არა მხოლოდ მოღვაწეობით, არამედ სასწაულებითაც და სიკვდილითაც. და ასეთ საჭირო დროს გაისმა ხმა უდაბნოდან. იგი იყო განდეგილი, თავისებური მეამბოხე, მოწოდებული, რათა თავისი შინაგანი ცეცხლით წარმოეთქვა მამხილებელი სიტყვები არსებულ საზოგადოებაზე და ეწინასწარმეტყველა მომავალი. მან მისცა ნიშანი ხალხს მესიის მოვლინებისა.
როცა იოანე ნათლისმცემელს შეეკითხნენ, თავად ის ხომ არ არის მესია, მან უპასუხა, რომ არც მესიაა და არც ილია წინასწარმეტყველი, ის უბრალოდ "ხმაა უდაბნოში" და სხვა არაფერი, მაგრამ მას მოჰყვება კაცი, რომელიც წინაა მასზე.
მიუხედავად იოანეს წინააღმდეგობისა, მაცხოვარმა მისგან მიიღო ნათელი და მოინათლა წყლით, რითაც კიდევ ერთხელ უარყო ამპარტავნება. სწორედ ნათლობისას გადმოვიდა სულიწმიდა და მტრედის სახით გადმოევლო ქრისტეს, ხოლო ჰაერში გაილივლივა ღვთის იდუმალმა ხმამ "ესე არს ძე ჩემი საყუარელი". ამის შემდგომ იესო განმარტოვდა უდაბნოში, რათა გაეძლო ცდუნებისთვის, რომელიც მისთვის გაემზადებინა სატანას. მაცხოვარმა უდაბნოში 40 დღეს დაყო. იგი ვერ აცდუნა ვერც სხეულმა და ვერც ეშმაკმა.
როგორც ცნობილია, იესოს სულ 12 მოციქული (ანუ მოწაფე) ჰყავდა.
მონათვლის მეორე დღეს იოანე ნათლისმცემელთან კვლავ მივიდა იესო, ხოლო იოანემ მოჰკრა თუ რა თვალი, თქვა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი". ამის გაგონებისთანავე მის გვერდით მყოფი ორი კაცი, იოანეს მოწაფეები, იესოს გაჰყვნენ უკან. ამ ორიდან ერთი იყო ანდრია, ხოლო მეორე უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი სახარების ავტორი იოანე (ფარარი). შემდეგ ანდრიამ თავის ძმას, სიმონს ახარა, რომ ნახა მესია. ანდრიამ მოწაფეთაგან პირველმა უწოდა ქრისტეს მესია და ამასთანავე, იგი იყო პირველი მოწაფე, რომელსაც მოუწოდა სამოღვაწეოდ ქრისტემ, რაც შემდგომ ანდრიას ზედწოდების საფუძვლად იქცა (ანდრია პირველწოდებული). ანდრიამ მაცხოვარს წარუდგინა სიმონი. იესოს თვალმა მაშინვე შეიცნო მასში კეთილი და დამყოლი კაცი, უწოდა მას პეტრე და დაიმოწაფა ისიც.
უდაბნოდან დაბრუნების მესამე დღეს ქრისტე შეხვდა ფილიპეს, რომლის ბერძნული სახელი ადასტურებდა, რომ იგი ახლოს იდგა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან.
მეოთხე დღეს ამ კრებულს მიემატა ბართლომე, რომელსაც ადრე ნათანაილი ერქვა და იგი უშუალოდ ფილიპეს მცდელობით დაემოწაფა მაცხოვარს. ბართლომე გალილეის კანადან იყო, მაღალი სოციალური მდგომარეობით.
შემდეგი მოწაფე გახდა ხარკის ამკრეფი მათე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთი სახარების ავტორად. დანარჩენი მოწაფეების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.
თავისი მოღვაწეობის ზენიტში ქრისტემ საჭიროდ მიიჩნია, აერჩია 12 მოწაფე. მათეს სახარების მიხედვით, მოციქულები ასე არიან განლაგებული: სიმონ-პეტრე, ანდრია პეტრეს ძმა, იაკობ ზებედესი, იოანე მისი ძმა, ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე, იაკობ ალფესი, თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელმა გასცა იესო, რის გამოც სინდისით ქენჯნილმა თავი ჩამოიხრჩო. კრებულის შესავსებად მოწაფეებმა წილი ჰყარეს ქრისტეს ორ უახლოეს მიმდევარს შორის, რომელიც ერგო მატათას და იუდას ნაცვლად იგი შეირაცხა მეთორმეტე მოციქულად.
...ერთხელ ქრისტე ქორწილს დაესწრო კანაში, სადაც ღვთისმშობელიც იმყოფებოდა. მესიამ იქ თავისი ხუთი მოწაფე მიიყვანა. ამდენ ხალხს ოჯახი არ ელოდა და ამიტომაც დააკლდათ ღვინო. მაშინ ღვთისმშობელმა, რომელმაც კარგად უწყოდა იესოს ღვთაებრიობა, მიმართა მას, მოეხდინა სასწაული და გაეჩინა ღვინო. ქრისტემ უბრძანა მსახურებს, აევსოთ წყლით ჭურჭლები და როცა მსახურებმა სუფრაზე მიიტანეს, მათგან საუკეთესო ღვინო წარმოდინდა. ეს იყო მისი პირველი სასწაული. ამით ქრისტემ პირველად გამოავლინა ღვთაებრივი ძალა.
თავისი ქადაგების ადგილად ქრისტემ თავდაპირველად ქალაქი კაპერნაუმი აირჩია, რომელიც პალესტინაში მდებარეობდა და გამოირჩეოდა შესანიშნავი ბუნებით.
პასექის დღესასწაული, რომლის დროსაც იერუსალიმიდან ათასი ჯურის ხალხი მიემართებოდა, ებრაელთა უდიდეს დღესასწაულად მიიჩნეოდა. იერუსალიმში ამ დროს საღვთისმსახურო რიტუალი დაკნინებული იყო. ტაძარი იერუსალიმის ვაჭრებისა და ლაზღანდარების ბუდედ გადაქცეულიყო. ღვთის სახლი პატივაყრილი და იავარქმნილი გახლდათ. იესო განაცვიფრა ხალხის ასეთმა უღვთოებამ და გადაგვარებამ. დაერია ირგვლივ ყველაფერს, ააყირავა დახლები, ტაძრიდან გამოყარა ხალხი და პირუტყვი, და ეს გააკეთა ისეთი რისხვითა და სამართლიანობის ისეთი განცდით, რომ გაოგნებულმა ბრბომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა. როცა ფარისევლებმა ამგვარი საქციელისთვის განმარტება მოსთხოვეს, იესომ მიუგო: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას". ამ ფრაზით იესო გამოხატავდა თავისი სხეულებრივი ტაძრის დანგრევას, რომელსაც ზეცად ამაღლება ეწერა სამი დღის შემდგომ.
როცა ქრისტემ თავის მშობლიურ ადგილს, გალილეას მიაშურა, თავისიანები გულცივად შეხვდნენ. თავად მესიამაც კარგად უწყოდა, რომ წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის მამულში, მაგრამ არ სურდა, თავისიანები დიდი მადლის გარეშე დაეტოვებინა. ვერ მიუხვდნენ ნაზარეთში მას და ქვებით ჩაქოლვაც მოუნდომეს, ანაზდეულად რომ არ გაშორებოდა.
კაპერნაუმი ქრისტეს ქალაქად იქცა, საიდანაც იწყება მისი მოღვაწეობა. მაცხოვარი მთელ დღეებს ქადაგებაში ატარებდა და ამასთანავე კურნავდა ავადმყოფებსა და ხეიბრებს. შემდგომ მან შეარჩია სამოცდაათი მოწაფე და უთხრა: "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ (მათე 9, 36-38)". დააწყვილა ერთმანეთთან დაახლოებული ორ-ორი მოწაფე და წინასწარვე მიავლინა იმ ადგილებში, სადაც თავად აპირებდა მისვლას.
ელდარ ნადირაძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”