ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ანსანერობა (1915-1920)    

04:43:26
ანსანერობა (1915-1920)
ანსანერობა (1915-1920)
ანსანერობა (1915-1920)პატრიოტები ორ ცეცხლს შუა ლაზები "პონტოელებისა" და ოსმალების წინააღმდეგ

დაპატიმრებულ ლაზებს დავით კლდიაშვილი ათავისუფლებს...


1917 წლის ივნისის ბოლოს, ბათუმიდან რიზეში მიავლინეს კაპიტანი ოჰანეზოვი, რომელსაც ლაზისტანის სანჯაყის დაცარიელებული სოფლების აღრიცხვა ევალებოდა, რათა მერე იქ მთავრობას ყუბანელ კაზაკთა ოჯახები ჩაესახლებინა. "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტს" ეს ამბავი ცნობილმა სარფელმა საქმოსანმა იბრაჰიმ თანთ-ოღლიმ (თანდილავამ) აცნობა. კომიტეტის წევრებმა კაპიტნის განადგურება ერთხმად გადაწყვიტეს და ამ საქმის აღსრულება ათინელი მუსტავა კაკალ-ოღლის ცხრაკაციან ჯგუფს მიანდეს.

მუსტავა კაკალ-ოღლის დაჯგუფებამ კაპიტან ოჰანეზოვს ტერაქტი 1917 წლის 10 ივლისს მოუწყო - ფირალები ეტლით მომავალ ოჰანეზოვს რიზეს ცენტრალურ ქუჩაზე დაუხვდნენ და მისი დაცვა ბომბებით მოცელეს; თავად კაპიტანს კი ტყვია ვინმე ალი ბაცა-ზადემ პირდაპირ შუბლში ჰკრა. სხვათა შორის, ცხრავე თავდამსხმელი რიზელთა ხელშეწყობით მიიმალა, ხოლო პოლიციამ სრულიად უდანაშაულო ხალხი დააპატიმრა, რამაც მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია.

უსამართლოდ დაპატიმრებულთა გამოსახსნელად ბესო ჭყონიამ და კომიტეტის კიდევ რამდენიმე წევრმა ოსმალურ და რუსულ ენებზე შეადგინეს პროკლამაცია, სადაც ტერაქტის მიზეზები დაწვრილებით იყო ახსნილი და ისიც ეწერა, რომ დაკავებულებს მომხდართან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ლაზისტანის სანჯაყის იმჟამინდელმა სამხედრო გუბერნატორმა, ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ დავით კლდიაშვილმა, რომელიც ლაზთა დიდი ქომაგი იყო, საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და მცირე ხნის შემდეგ, დაკავებულები გაათავისუფლა.

1917 წლის ბოლოს, როცა კავკასიის ფრონტი მოიშალა და რუსულმა არმიამ ტრაპიზონის ვილაიეთიცა და კავკასიაც მიატოვა, "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტსა" და "ანსანერებს" ბრძოლამ პონტოელ ბერძნებთან მოუწიათ - როგორც უკვე აღინიშნა, ამ უკანასკნელთა სახელმწიფოს შექმნას მხარს "ანტანტის" ქვეყნები (რუსეთი, ინგლისი და საფრანგეთი) უჭერდნენ. იმავე წლის ოქტომბერში მარსელში პონტოელმა ინდეპენდენტისტებმა "პონტოს რესპუბლიკის" რუკა გამოსცეს, რომელზეც ლაზისტანის სანჯაყი ამ სახელმწიფოს საზღვრებში იყო მოქცეული. რა თქმა უნდა, ლაზებს პონტოელებთან გაერთიანება არ სურდათ; ამიტომაც ბრძოლის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩენოდათ.


ლაზები "პონტოს რესპუბლიკის" წინააღმდეგ


ოსმალურმა არმიამ ტრაპიზონი ჯერ კიდევ რუსების შემოსვლამდე - 1916 წლის მარტში დატოვა. ტრაპიზონის ვილაიეთის ვალიმ (მმართველმა), ჯემალ აზმი-ბეიმ ქალაქის გასაღები ბერძენ მიტროპოლიტ ხრისანთოსს ჩააბარა: "ეს ქვეყანა ჩვენ თქვენგან მივიღეთ და თქვენვე გაბარებთ. მართეთ ის, როგორც გსურდეთ და ტაძრები, რომლებიც ოსმალებმა მეჩეთებად გადააკეთეს, ისევ თქვენი წესით აკურთხეთ" - განუცხადა ოსმალო დიდმოხელემ ბერძენ მღვდელთმთავარს. იმავე წლის აპრილში ტრაპიზონში რუსული არმია შევიდა. მიტროპოლიტმაც მის სარდლობასთან საერთო ენა მალევე გამონახა.

რუსული საოკუპაციო ხელისუფლების აშკარა თუ ფარული ხელშეწყობით, 1917 წლის დასაწყისში, პონტოელმა ბერძნებმა ტრაპიზონში შექმნეს დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში კვლავაც ხრისანთოსი ჩაუდგა. გარდა ამისა, სამხრეთ რუსეთში მცხოვრებმა პონტოელებმა ე.წ. "პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტი" დააარსეს. მათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე - სინოპიდან ბათუმამდე, "პონტოს ბერძნული რესპუბლიკის" შექმნა სურდათ; ამ მიზნით, ანტანტის ქვეყნებში ფართომასშტაბიან პროპაგანდას ეწეოდნენ. "ეროვნული კომიტეტის" მთავარი შტაბბინა, როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთში, ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარეობდა, ხოლო ფილიალები მარსელიდან სტამბოლამდე იყო გაბნეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის" რიგებში მასობრივად გაწევრდნენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ 1908-1909 წლებში - "ახალგაზრდა თურქთა" რევოლუციის დროს, სულთნის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა. ასე რომ, ბერძენი "ჩეტეჯიები" (ამგვარად უწოდებდნენ "პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის" გასამხედროებული ჯგუფის წევრებს) და ლაზი "ანსანერები" ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

იმავდროულად, 1916 წლის დეკემბერში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებით, "ქართული ლეგიონი" და "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" ყველა თურქული ფილიალი გაუქმდა, გარდა ვიწეს ფილიალისა, რომელიც, როგორც ითქვა, უკვე ღრმა იატაკქვეშეთში, რუსთაგან ოკუპირებულ მიწებზე არსებობდა და ამის გამო გერმანელებსა და ოსმალებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ; 1917 წლის მაისში კი, "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" დავალებით, ოსმალეთის სარდლობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ლეგიონის წევრები რუმინეთში გადაიყვანეს. სწორედ ამ ფონზე, მიტროპოლიტმა ხრისანთოსმა დრო იხელთა და "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" წევრებს თანამშრომლობა შესთავაზა - მათ შემდგომში ტრაპიზონის დროებით მთავრობასთან კოორდინირებით უნდა ემოქმედათ, ხოლო სანაცვლოდ კი ლაზეთი - რიზედან ბათუმამდე, "პონტოს რესპუბლიკის" შემადგენლობაში ავტონომიას მიიღებდა. სხვათა შორის, ხრისანთოსი ლაზების გულის მოსაგებად იმაზეც კი წავიდა, რომ სახელმწიფოს დასახელებიდან სიტყვა "ბერძნული" საერთოდ ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ იმხანად ლაზეთში საკმაოდ იყვნენ ე.წ. "ფარული ქრისტიანები" ანუ ისინი, ვინც მხოლოდ გარეგნულად, მოსაჩვენებლად მუსლიმანობდნენ, შინაგანად კი მამა-პაპათა სარწმუნოების ერთგული რჩებოდნენ. ეს ხალხი დღისით ჩვეულებრივი მორწმუნე მუსლიმანივით ცხოვრობდა, ხოლო ღამით კი ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს საიდუმლოდ აღასრულებდა. რასაკვირველია, ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანობის აშკარად აღიარება არ ისჯებოდა, მაგრამ ლაზ "ფარულ ქრისტიანებს" ტრაპიზონის ბერძენი მიტროპოლიტისადმი დამორჩილება არ სურდათ, რადგან ქართველები იყვნენ და კვლავაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევდნენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ XVII საუკუნის შუა წლებიდან ლაზისტანის სანჯაყში ქართული ეკლესიის მოღვაწეობა მკაცრად იყო აკრძალული.

რასაკვირველია, ხრისანთოსმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა და იმედოვნებდა, რომ ლაზი "ფარული ქრისტიანები" პონტოს რესპუბლიკაში შემოსვლას დათანხმდებოდნენ. აქვე დავძენთ, რომ რუსთა ოკუპაციის პერიოდში, მისი დავალებით, "პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის" შეიარაღებული რაზმების ხელმძღვანელმა, გენერალმა ისტულაღადისმა "ანსანერებთან" მჭიდრო კავშირი დაამყარა; თუმცაღა, 1917 წლის ოქტომბერში, როცა რუსული არმიის ტრაპიზონიდან გასვლის შესახებ ხმა დაირხა, ბერძნებსა და ლაზებს შორის ურთიერთობა გამწვავდა.

სწორედ იმხანად, საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მცხოვრებმა პონტოელმა ბერძენმა კონსტანდინოს კონსტანდინიდისმა გამოსცა "პონტოს რესპუბლიკის" რუკა, რომელზეც ლაზისტანის სანჯაყი აღნიშნული "სახელმწიფოს" საზღვრებში იყო მოქცეული; ამავე დროს, ბერძენი ჩეტეჯიების რაზმმა ქალაქ ათინას (ამჟამად - ფაზარი) დასაკავებლად 1917 წლის ოქტომბრის ბოლოს შეტევა წამოიწყო. ბერძნები ლაზისტანის სანჯაყის პირველ დასახლებულ პუნქტს, სოფელ ოფს უბრძოლველად დაეუფლნენ, რადგანაც იქ მათივე თანამემამულეები ცხოვრობდნენ; თუმცაღა სოფელ ქემერთან მათ "ანსანერების" 100-კაციანი ქვედანაყოფი დაუხვდა, რომელთაც არქაბელი ძმები - მუსტავა და მემეტ თიბუკოღლები (ორივე ფარული ქრისტიანი იყო) მეთაურობდნენ. ლაზებმა მომხდურებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და სამსაათიანი ბრძოლის შედეგად უკან დაახევინეს. 1917 წლის 25 ოქტომბერს, ადრე დილით, ბერძნებმა ისევ სცადეს შეტევის წამოწყება, მაგრამ ამაოდ - "ანსანერებმა" ამის საშუალება არ მისცეს. მომხდურმა საბოლოოდ დაიხია უკან და ოფში გამაგრდა.

ჩეტეჯიების ათინაზე თავდასხმის ამბავი სწრაფად გახმაურდა იმხანად სინოპში, ტრაპიზონსა თუ გირესუნში მყოფ, ომის გამო იძულებით გადაადგილებულ ლაზებს შორის. ამ უკანასკნელთ შეეშინდათ, მათ უკან დაბრუნებამდე ლაზეთი ბერძნებს არ დაეკავებინათ და ბუნტი ატეხეს - ჯერ "პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის" აქტივისტები ჩაიგდეს მძევლად, მერე კი ნავსადგურებშიც შეიჭრნენ და მშობლიურ მხარეში დასაბრუნებლად გემების გადაცემა მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მძევალთა აყვანა ტრაპიზონსა და გირესუნში ერთდროულად განხორციელდა. ამასთან, ტრაპიზონში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - მიტროპოლიტი ხრისანთოსი აჯანყებულ ლაზ მუჰაჯირებს პირადად შეხვდა, გემებიც გამოუყო მათ და მძევლებიც უკან უვნებლად დაიბრუნა; გირესუნში კი აჯანყებას მსხვერპლი მოჰყვა - ადგილობრივმა ჩეტეჯიებმა მოლაპარაკებისას ვერაგულად მოკლეს "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" ძველი აქტივისტები, ძმები ჰუსეინ და იუსუფ ქუჩუკოღლები, რომლებიც ბუნტს მეთაურობდნენ. მიუხედავად ამისა, ბუნტმა თავისი საქმე გააკეთა - ბერძნებმა ლაზისტანის სანჯაყზე ბოლოს მაინც უარი თქვეს.

ამ ამბებიდან კარგა ხნის შემდეგ, 1934 წელს მიტროპოლიტმა ხრისანთოსმა, ვინც მაშინ უკვე საბერძნეთში ცხოვრობდა, ათენში გამოსცა წიგნი, სახელად "ტრაპიზონის ეკლესიის ისტორია", რომლის 134-ე გვერდზე წერს: "რიზეს აღმოსავლეთით მდებარე მიწებს ოდითგანვე ქართველი მღვდელთმთავრები განაგებდნენ; ამიტომაც იქ დღემდე შემორჩა ლაზთა ტომი, რომელიც ბერძნულისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს" - ეს ციტატა ეხმაურება ერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ 1918 წელს, ხრისანთოსი თავად შეხვდა ქართველ მღვდელმთავრებს და ლაზეთის მთელი ტერიტორია - როგორც საერო, ისე ეკლესიური თვალსაზრისით - საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარა.


მესუდ ფეილევანოღლის გმირული აღსასრული


"საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი" 1918 წლამდე კვლავაც არსებობდა. მისი წევრები ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ (1917 წლის დეკემბერი) პოლიციის ფუნქციების შეთავსებასაც ეცადნენ, თუმცა მალევე მოუწიათ შეტაკება ოსმალური არმიის საუკეთესო რეგულარულ ნაწილებთან, რომლებმაც 1918 წლის იანვარ-თებერვალში სანჯაყის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს. ოსმალები "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს" ახლა უკვე მტრულ ძალად განიხილავდნენ, რადგან ამიერკავკასიაში რუსეთის ხელისუფლება (რომელთანაც ოსმალეთს ოფიციალურად ზავი ჰქონდა დადებული) აღარ არსებობდა და ამ რეგიონს "ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატი" განაგებდა. კომისარიატში კი ოსმალეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი" ცდილობდა, როგორმე მიეპყრო "ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის" ყურადღება და ლაზეთი ოსმალური არმიის შემოსვლისაგან ქართული საჯარისო ფორმირებების მეშვეობით გადაერჩინა. ამ მიზნით ბესო ჭყონიამ და მესუდ ფეილევანოღლიმ ბათუმში თავიანთი წარმომადგენელი გაგზავნეს, ვინმე იბრაჰიმ ჭერვათოღლი, თუმცაღა ეს უკანასკნელი დანიშნულების ადგილზე ვერც კი ჩავიდა, ხოფასთან მძარცველებს გადაეყარა და მათთან შეტაკებისას დაიღუპა. 

ოსმალური არმიის ვიწეში შემოსვლისას "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტმა" ერთხმად გადაწყვიტა არმიისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროისთვის მის შემადგენლობაში ირიცხებოდა მხოლოდ და მხოლოდ 70-მდე მებრძოლი. ამის მიუხედავად, კომიტეტმა მაინც არ დაიხია უკან, რადგან მისი წევრები ფიქრობდნენ, რომ ბათუმიდან დამხმარე ძალა მალე მოვიდოდა. ამის საფუძველი მათ ერთმა ყალბმა ინფორმაციამ მისცა - ვიწეში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ ლაზეთში ქართული სახალხო ლაშქარი შემოდიოდა.

1918 წლის 10 მარტს, ლაზეთის კომიტეტის მიერ შეკრებილმა მებრძოლებმა ვიწეს მისადგომებთან ოსმალები ერთი დღით შეაჩერეს, თუმცაღა მაშველი არსად ჩანდა. უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ კომიტეტის ხელმძღვანელი ბესო ჭყონია, მუსტაფა თიბუკოღლი და ჰაფიზ ბიბინოღლი. შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ და ჯელალ გურჯიოღლიმ მიმალვა მოახერხეს, ხოლო მესუდ ფეილევანოღლი ოსმალებმა ცოცხლად ჩაიგდეს ხელში.

იმავე საღამოს მესუდ ფეილევანოღლი ვიწეს ბაზარში, ხალხის სასეიროდ თავის მოსაკვეთად გაიყვანეს. მესუდი ღიმილით ავიდა სახელდახელოდ მოწყობილ ეშაფოტზე და სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ლაზები დღესაც სიამაყით იგონებენ. კომიტეტის წევრმა ოსმალოთა სარდალს, "კარგად იყავიო", უთხრა და სახეში შეაფურთხა. ამან, ცხადია, სარდალი გააშმაგა და საპასუხოდ მანაც იგივე გააკეთა. ეშაფოტზე მდგარი მესუდ ფეილევანოღლი კინაღამ სიცილით მოკვდა. გაოცებულ ოსმალებსა და ბაზარში შეკრებილ ლაზებს მესუდმა ასე მიმართა: "სარდალმა სამაგიერო ვერ გადამიხადა, - მე ამ შეფურთხებულ სახეს ახლავე მოვიშორებ, ეგ კი სიცოცხლის ბოლომდე სულ შეფურთხებული ივლისო!"

1918 წლის შემდეგ "ანსანერობა" ლაზეთში შესუსტდა, თუმცაღა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" ყოფილი წევრები მონაწილეობდნენ თითქმის ყველა კონფლიქტში, რაც კი იმხანად სამხრეთ საქართველოში ხდებოდა. მათი დიდი ნაწილი ყოველთვის პროქართულ პოზიციაზე იდგა, მაგრამ ლაზეთი დედასამშობლოს მაინც ვერ შემოუერთდა. საბოლოოდ "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" სახელი 1920 წლის დეკემბერში გახმაურდა, როცა სტამბოლში შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ მესუდ ფეილევანოღლის გამო შური იძია. მან ის გენერალი მოკლა, ვინც 1918 წლის 10-11 მარტს ვიწეს აღებას ხელმძღვანელობდა, თუმცა გაქცევა ვეღარ შეძლო და პოლიციელებმა ქუჩაშივე ჩაცხრილეს.

მიხეილ ლაბაძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/11962-ansaneroba-1915-1920.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2586 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика