ვინ დაეპატრონება ყინულოვან სამეფოს
გლობალური დათბობა არა მხოლოდ ყინულის დნობას გამოიწვევს, მსოფლიოს გადანაწილებისთვის ბრძოლის ასპარეზსაც შეცვლის - დაპირისპირება დედამიწის ყველაზე ყინულოვან ტერიტორიებზე გადაინაცვლებს, პოლიტოლოგების აზრით, ეს იქნება ყველაზე ცხელი""ცივი ომი" მსოფლიოზე გასაბატონებლად.
ბრძოლა არქტიკის, ყინულოვანი ოკეანისა და ანტარქტიდისთვის, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს დედამიწისთვის. რუსეთს სურს აკონტროლოს არქტიკა, რომელსაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი თავისად თვლიდა. ყინულის დადნობის შემთხვევაში ეს ტერიტორია გახდება უმოკლესი გზა ჩრდილოეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის დასაკავშირებლად. როგორც ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, მსოფლიოს გაზისა და ნავთობის მარაგის დაახლოებით 30% არქტიკაზე მოდის, რომელიც მდიდარია ოქროსა და ურანის ხელუხლებელი საბადოებითაც. შესაბამისად, არქტიკა არა მხოლოდ მსოფლიოზე ბატონობის საუკეთესო საშუალებაა, არამედ დიდი სიმდიდრისკენ მიმავალი გზაც.
ხუთიოდე წლის წინ ნატოში რუსეთის ელჩმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ბუნებრივი რესურსებისთვის იბრძოლოს; 2007 წელს არტურ ჩილინგაროვის რუსულმა ექსპედიციამ კი ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად რუსეთის დროშა აღმართა. რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებმა ეს პროვოკაციული ნაბიჯი გააპროტესტეს და რუსეთი გააფრთხილეს, XV საუკუნე არ არის, კოლუმბივით მსოფლიოს გარს უარო, დროშები აღმართო და სასურველი ტერიტორიები შენს საკუთრებად გამოაცხადოო.
1996 წელს შეიქმნა არქტიკული საბჭო - აშშ, კანადა, რუსეთი, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, დანია და ისლანდია, რომლის მიზანი იყო, მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო, ვინ, როგორ გაინაწილოს არქტიკა. არქტიკისთვის ბრძოლის გააქტიურება ყინულის ფენის გათხელებამ და პოლარულ ზონაში იოლად შეღწევის შესაძლებლობამ გამოიწვია. "ვიკილიქსის" სკანდალური ჩანაწერებით, უთანხმოებაა რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკშიც, სადაც ამერიკა ცდილობს ჰეგემონობას. ამბობენ, რომ ფარული ბრძოლა არა მხოლოდ არქტიკისთვის, ანტარქტიდისთვისაც დიდი ხანია დაწყებულია და გლობალური დათბობა ამ დაპირისპირებასაც მალე ჩამოხსნის ყინულის საბურველს. რაც შეეხება ანტარქტიდას, გეოლოგები ამტკიცებენ, რომ ოქროს, ურანისა და ბრინჯაოს გარდა ანტარქტიდაზეც არის გაზისა და ნავთობის საბადოები.
გიორგი კუჭავა, პოლიტოლოგი: - ანტარქტიდა მრავალი ასეული მილიონი წლის წინ არსებული სუპერკონტინენტის - გონდვანას ცენტრალური ნაწილია. გონდვანას გამოეყო სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და ინდოსტანის ნახევარკუნძული. "ეს რეგიონები მდიდარია ურანით, ნიკელით, ოქროთი და ალმასით - მსოფლიო მარაგის ურანის 60%, ალმასის 95% და ოქროს 50%-ზე მეტი მოიპოვება. 1959 წლის ხელშეკრულების თანახმად, ანტარქტიდა დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა. თუმცა, სამეცნიერო კვლევებს ამოფარებული სამხედრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. ანტარქტიდა შესანიშნავი ადგილია ოკეანის ტომოგრაფიული აკუსტიკისთვის და წყალქვეშა ნავების გადაადგილების სათვალთვალოდ. მოკლედ, დედამიწის მეექვსე კონტინენტზეც ახალი გადანაწილების ხანა იწყება.
- ვინ იბრძვის ანტარქტიდაზე გავლენის მოსაპოვებლად?
- ორ ათეულზე მეტი ქვეყანა და ზოგი მცირე სახელმწიფოც კი. მაგალითად, ნორვეგიამ ანტარქტიდაზე თავის ტერიტორიად გამოაცხადა ფართობი, რომელიც ამ ქვეყნისას ათჯერ აღემატება... იაპონელების მტკიცებით, ბუნებრივი აირის მარაგი ისეთ სიღრმეზეა, რომ, მათ გარდა ვერავინ მოიპოვებს და ეს საკმარისი საბაბია იაპონიისათვის, ბუნებრივი აირის მოპოვებაში წილი მოითხოვოს... იქ არსებული ნავთობის მარაგი მხოლოდ საუდის არაბეთს თუ ჩამოუვარდება.
- რუსეთი რას აკეთებს ანტარქტიდაზე გავლენის მოსაპოვებლად?
- 2006-2007 წლების მიჯნაზე მოსკოვიდან გაფრინდა სატვირთო თვითმფრინავი " და კურსი ანტარქტიდისკენ აიღო. ასე დაიწყო რუსეთის 52-ე ანტარქტიდული ექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ცნობილი არქტიკული მკვლევარი, დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი არტურ ჩილინგაროვი, მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბედრიცკი, რუსეთის "ფსბ"-ს დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი და მისი პირველი მოადგილე, სასაზღვრო ჯარების სარდალი ვლადიმირ პრონიჩევი. სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების გარდა მეექვსე კონტინენტზე სატვირთო თვითმფრინავმა АН-124 Руслан-მა ჩაიტანა ორი ვერტმფრენი МИ-8, რომლებიც "ფსბ"-ს ეკუთვნის.
ხელშეკრულებას ანტარქტიდის წიაღისეულის ხელშეუხებლობის შესახებ ათ წელიწადში გასდის ვადა. მანამდე ტერიტორიის დამტკიცებას ვერც რუსები ბედავენ, თუმცა კულუარებში ლაპარაკობენ, ვინ რას "დაითრევს" ათი წლის შემდეგ.
- ფიქრობენ, რომ ყინულოვან პოლუსებზე ბრძოლის გააქტიურების გამო საქართველო ამერიკისა და რუსეთისთვის აქტუალურობას დაკარგავს.
- ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნავთობი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიც დღეს არის, მაგრამ 1886 წელს რუსეთის იმპერატორმა აკრძალა კავკასიის და კერძოდ, საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ევროპიდან აზიაში გატანა... ყაზახეთი 2020 წლისთვის მსოფლიოს ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ათეულში შევა. მან 140 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი უნდა მოიპოვოს. ევროპას ხელს არ აძლევს, რომ ამ წიაღისეულმა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან იმოძრაოს. როდესაც ბაქო-ჯეიჰანი შენდებოდა, ყაზახეთის ნავთობზეც იყო გათვლილი. შესაბამისად, კავკასია ყოველთვის საინტერესო იქნება დიდი სახელმწიფოებისათვის. ის არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა და ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი, რომ მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოიპოვო.
რუსეთი შეეცდება, არაფერი დათმოს. რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთით არის კუნძული - წმინდა იოსების მიწა, სადაც გასული საუკუნის 60-იან წლებში რუსეთმა გამოცადა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ბომბი. მისმა გამოსხივებამ დედამიწას 4-ჯერ შემოუარა და გინესის რეკორდების წიგნშია შესული (ჰიროსიმასა და ნაგასაკის აფეთქების შემდეგ გამოსხივების ტალღა მხოლოდ 30კმ-ზე გავრცელდა). ამ აკვატორიაში რუსეთს ყველაზე ძლიერი სამხედრო პოლიგონი აქვს. რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტიც ყველაზე ძლიერ ფლოტად ითვლება... თუმცა, არც დანარჩენი მსოფლიო ზის გულხელდაკრეფილი.
P.S.. მსოფლიოს ბუნების დამცველები შეშფოთებული ადევნებენ თვალს გლობალური დათბობის პარალელურად მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და უკმაყოფილებას ვერ ფარავენ იმის გამო, რომ სახელმწიფოთა ლიდერებმა ყინულის დნობაც კი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს.
საიდუმლო "ბაზა 211"
დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ ჰიტლერი ბუნკერში კი არ გარდაიცვალა, არამედ ანტარქტიდაზე იმალებოდა... 1938 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ექსპედიცია მოაწყო. გერმანელი მკვლევრები წააწყდნენ გამოქვაბულებს, სადაც თბილი ჰაერი იყო. სულ მალე კვლევებს დაედო გრიფი "საიდუმლო" და ნაცისტები შეუდგნენ ქალაქის - ახალი შვაბიის მშენებლობას, რომლის კოდური სახელწოდება იყო "ბაზა 211". ნაცისტებს ანტარქტიდაზე ჩაჰქონდათ ტექნიკა. ამბობენ, რომ გერმანელების ბაზა ანტარქტიდაში დღემდე არსებობს. საბოლოოდ უცნობია, განხორციელდა თუ არა ეს პროექტი, თუმცა ცნობილია, რომ ვერმახტის გამორჩეულ სპეციალისტს სპეცოპერაციების დარგში, ოტო სკორცენს დაევალა ნაცისტი მკვლევრების ხელმძღვანელობა, რომლებიც მუშაობდნენ ე.წ. ანტარქტიდის ოაზისებზე, რომლებიც არ არის ყინულით დაფარული. სავარაუდოდ, მათი წარმოშობის მიზეზი ბირთვული ცდები უნდა იყოს.