უცნაური გადასახადები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. მაგალითად, რომის იმპერატორმა ვესპისიანემ, პირველ საუკუნეში, რომაელებს საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობისთვის დაუწესა გადასახადი, ხოლო შვილს, რომელსაც ტუალეტებით გამდიდრება სამარცხვინო "ბიზნესად" მიაჩნდა, ცხვირთან ოქროს ფული მიუტანა და ჰკითხა: უსიამოვნო სუნი ხომ არ უდისო? ამ დროიდან დამკვიდრდა ფრაზა: "ფულს სუნი არ აქვს," რომლითაც სიმდიდრის მოხვეჭის ნებისმიერ ხერხს ამართლებენ.
იმავე რომში, მონათმფლობელები მონის გათავისუფლებისათვის იბეგრებოდნენ, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდიდა გამოსასყიდი თანხის ოდენობას, რომელიც მონას პატრონისათვის თავისუფლების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა.
როდესაც საქმე გადასახადებს, მითუმეტეს, კანონებს ეხება, რასაკვირველია პირველნი ინგლისელები არიან, როგორც ჭკვიანური, ისე სულელური და უსამართლო კანონების შემოღებაში.
ასე, მაგალითად: 1113 წელს მეფე ჰენრი პირველმა შემოიღო "შიშის გადასახადი". მას იხდიდა ყველა სრულწლოვანი მამაკაცი, რომელიც ომში წასვლაზე უარს იტყოდა. გადასახდელი თანხის ოდენობა არც ისე დიდი იყო. ამის გამო ბევრმა მდიდარმა შეწყვიტა ლაშქრობებში მონაწილეობა. მაშინ მეფე ჯონ უმიწაწყლომ, გადასახადი გაასამმაგა და ხელქვეითებს თანხას მაშინაც ახდევინებდა, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა იყო. ამ კანონმა 300 წელი იარსება. მსგავსი გადასახადი დღესაც არსებობს გვინეის რესპუბლიკაში, სადაც მოქალაქეები მშვიდობისთვის ყოველწლიურად 700 ბელგიურ ფრანკს უხდიან სახელმწიფოს.
მე-14 საუკუნეში, ინგლისელმა მონარქმა ხაზინის შევსების უნივერსალური ხერხი მოიფიქრა. შემოიღო "გადასახადი სიცოცხლისათვის", ანუ უკლებლივ ყველა ბრიტანელს ფული უნდა ეხადა მანამ, სანამ ცოცხალი იყო, მხოლოდ იმისათვის, რომ ცოცხლობდა. გადასახადის შემოღებას სახალხო აჯანყება მოჰყვა.
1655 წელს, ინგლისის რევოლუციის მეთაურმა ოლივერ კრომველმა მონარქიის მომხრეთათვის "მიუმხრობელთა გადასახადი" დააწესა. გადასახადს იხდიდა ყველა, ვინც ხმამაღლა აღიარებდა მონარქისტობას. აღებული თანხით კი სახალხო ლაშქარს აყალიბებდა, რომლითაც მონარქიის მომხრეებს უსწორდებოდა. ეს თავად მონარქისტებმაც იცოდნენ, მაგრამ, თავისი პრინციპების ერთგულნი, მაინც განაგრძობდნენ გადასახადის გადახდას.
იორკში კი შუასაუკუნეებში მოქმედებდა კანონი, რომელიც ინგლისელს ნებას რთავდა მოეკლა შოტლანდიელი ნებისმიერ დღეს კვირის გარდა, ხოლო კვირასაც იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის გაფუჭებისას წაასწრებდა.
1660 წელს გადასახადი ბუხრებსა და ღუმელებზე დააწესეს. გადასახადს მოსახლეობა იმის მიხედვით იხდიდა, თუ რამდენი საკვამური გამოდიოდა მათი სახლიდან. ამან გამოიწვია ის, რომ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ინგლისელებმა სახლებში საკვამური მილების ერთმანეთთან გაერთიანება და გადაბმა დაიწყეს, რაც ხანძრით დაგვირგვინდა. შედეგად, 1684 წელს, ლამის ნახევარი ლონდონი დაიწვა. მოგვიანებით გადასახადი გააუქმეს.
1696 წელს ლონდონში დააწესეს "გადასახადი ფანჯრებზე" - სახლების მფლობელებს კედელში გაჭრილ ყოველ ფანჯარაზე ფული უნდა ეხადათ. ამის გამო ღარიბებმა ეკონომიის მიზნით, ფანჯრების ამოშენება, ანდა მათი ბუტაფორიების კეთება დაიწყეს კედლებზე (ასეთი სახლები დღესაცაა შემორჩენილი ბრიტანეთის ქალაქებში), მდიდრებმა კი პირიქით, საკუთარი სიმდიდრის ხაზგასასმელად, ყოველ მეტრში ფანჯრები დაატანეს სახლებს. გადასახადმა 1851 წლამდე იარსება.
ინგლისში დღემდე მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, ქუჩაში მყოფ ნებისმიერ ფეხმძიმე ქალს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს პოლიციელის ქუდში მოისაქმოს, ხოლო ბრიტანეთის კუთვნილ სანაპირო წყლებში აღმოჩენილი მკვდარი ვეშაპის ტანი- მეფის, ხოლო კუდი დედოფლის კუთვნილებადაა გამოცხადებული.
1990 წელს ბრიტანეთში "ქონების გადასახადი" "სულადობრივი გადასახადით" შეცვალეს, რომლის შედეგად, ღარიბები უფრო მეტად იბეგრებოდნენ, ვიდრე მდიდრები. ამას ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ტრაფალგარის მოედანზე 200 ათასი კაცი გამოვიდა, რამაც დაასრულა მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკური კარიერა.
ბრიტანეთში დიდი ხანია საუბრობენ ამ არქაული კანონების გაუქმებაზე, მაგრამ ამისათვის მთავრობისა და პარლამენტის სპეციალური ნებართვაა საჭირო, თანაც თითოეულზე ცალ-ცალკე, არადა ისინი ასეულობითაა. ბუნებრივია, ამისათვის ვერავინ მოიცალა.
საოცარი აღმოსავლური "სიბრძნითაა" აღბეჭდილი ჩინეთში მოქმედი კანონი, რომელიც მოქალაქეებს წყალში დასაღრჩობად განწირულის დახმარებას უკრძალავს. იქ ასეთი საქციელი, ადამიანის ბედისწერაში "უხეშ ჩარევად" ითვლება.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ტიბეტი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. სახელმწიფო ხაზინა იმდენად დაცარიელდა, რომ არმიაც კი დაშალეს. გამოსავალი ესევ დალაი ლამამ მონახა: 1926 წელს,მან ტიბეტელებს "ყურების გადასახადი" დაუწესა, რომელსაც იხდიდა ყველა, ვისაც ყურები ჰქონდა. კანონი გამონაკლისსაც ითვალისწინებდა - ცალყურები თანხის ნახევარს იხდიდნენ. შესაბამისად, უყუროები საერთოდ გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან.
ლიბანში მამაკაცებს უფლება აქვთ მხოლოდ მდედრობითი სქესის ცხოველს "დაუმეგობრდნენ", მამრთან კავშირის შემთხვევაში, დამნაშავეს სიკვდილით სჯიან. ანდორაში კი ადვოკატის პროფესიაა აკრძალული, ვინაიდან ითვლება, რომ მათ ყველა ნაძირალას გამართლება შეუძლიათ.
1722 წელს, რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა თავის ქვეშემვრდომებს წვერის ტარებისთვის გადასახადი დაუწესა - წელიწადში 30-დან 600 მანეთამდე, წოდებისა და ჩინის მიხედვით. გლეხებს მხოლოდ საკუთარი სოფლის ფარგლებში შეეძლოთ წვერის ტარება, ქალაქში შესვლისას 1 კაპიკი უნდა გადაეხადათ. ყველას, ვინც წვერს ატარებდა, ბაჟის გადახდის დამადასტურებელ სპილენძის ჟეტონს აძლევდნენ, რომელიც შემოწმებისას უნდა წარმოედგინა. ჟეტონის ერთ მხარეს ეწერა "ფული აღებულია," ხოლო მეორე მხარეს განთავსებული იყო "სარეკლამო" წარწერა: "წვერი ზედმეტი ტვირთია".
საინტერესო და ჩვენთვის საგულისხმო კანონები მოქმედებს კანადაში, კერძოდ კვებეკში. იქ მაღაზიის აბრაზე წარწერა აუცილებლად ფრანგულ ენაზე უნდა იყოს, ხოლო თუ ინგლისურადაც გინდა დააწერო, ასოები ორჯერ უფრო პატარა ზომისა უნდა გამოიყვანო. რადიოში გაჟღერებული სიმღერებიდან კი სავალდებულოა, ყოველი მე-5 შემსრულებელი კანადის მოქალაქე იყოს.
საფრანგეთში აკრძალულია ღორებისათვის ნაპოლეონის დარქმევა, ასევე, რკინიგზის სადგურებზე კოცნა, რათა მატარებლების გასვლა არ შეყოვნდეს. იტალიის ქალაქ სიენაში პროსტიტუცია ეკრძალებათ ქალებს, რომელთაც სახელად მარია ჰქვიათ.
ამერიკის სხვადასხვა შტატებში ხომ უცნაურობათა მთელი ფოიერვერკია: დენვერში აკრძალულია საკუთარი კბილის პროთეზის ლომბარდში ჩაბარება. ჰოლივუდში დაგაჯარიმებენ, თუ წაგასწრეს, რომ აბაზანაში ორ ბავშვს ერთად აბანავებ. მასაჩუსეტსში, ქელეხში 3 სენდვიჩზე მეტის შეჭმის უფლება არ გაქვს და ხვრინვისთვისაც დაგაჯარიმებენ, სახლის ყველა ფანჯარა თუ არ დაკეტე. ნიუ-ჯერსიში დაგაპატიმრებენ პოლიციელს არაკეთილმოსურნე მზერით თუ შეხედე, ასევე, სასტიკად იკრძალება მძინარე მეხანძრის გაღვიძება. ოკლაჰომაში სხვისი ჰამბურგერის მოკბეჩაა აკრძალული. ვაშინგტონში კი თუ საყაჩაღოდ მიდიხარ, გევალება ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინო პოლიციის უფროსს. ილინოისის შტატში ქალებს ეკრძალებათ მაღაზიაში ერთ ჯერზე 6-ზე მეტი კაბის მოზომება, ხოლო თუ მანქანის საჭეს მიუსხდნენ, მანქანას წინ მეუღლე უნდა წაუძღვეს საფრთხის მანიშნებელი წითელი დროშით. იმავე ილინოისში მამლებს ეკრძალებათ ყივილი, თუ საცხოვრებელი სახლიდან 300 ფუტით არ არიან დაშორებულნი, ხოლო ქათმებს - 200 ფუტზე ახლოს კაკანი. ოჰაიოში მდგმურს სახლის მფლობელის კბენა ეკრძალება, სამაგიეროდ, პოლიციელს აქვს უფლება უკბინოს ძაღლს, თუ სხვაგვარად ვერ დაამშვიდა.
დავით შალიკაშვილი