ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მიერ მდინარე მტკვრის სათავეში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის "ბეშიქ ჰაიას" პროექტის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილია.
"საქართველოს მთავრობისთვის მდინარე მტკვრის მდინარე ჭორიხის კალაპოტში გადაგდება მიუღებელია. მდინარე მტკვრის რესურსის ერთობლივი ათვისების მიზნით ამ ეტაპზე თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - აცხადებენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმსჯელეს.
"მომავლში პროექტების განხორცილებისას გავითვალისწინებთ, რომ ის ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს", - ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმა მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორცაა ნავთობის, გაზის პროექტები, რომელიც არა მხოლოდ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, არამდე მთელ მსოფლიოს.
"თურქეთსა და საქართველოს შორის არის ასევე ჰიდროელექტროპროექტები. ვიზრუნებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტები ემსახურებოდეს თურქეთისა და საქართველოს კეთილდღეობას და მომავლში მსგავსი პროექტების განხორცილებისას გავითვალისწინებთ, რომ ეს პროექტები ემსახურებოდეს ორივე ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა თურქმა დეპუტატმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ "საკითზე ზოგადად საუბარი მიდის, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მისი განხილვა არ მომხდარა".
"მწვანეთა პარტიის" ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით კი, თურქეთმა "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადის მშენებლობის მოტივით, მტკვრის სათავეების გადაკეტვა გადაწყვიტა.
მისი ინფომაციით, შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის და პროექტის მიხედვით, მტკვარი გადაიკეტება საქართველოს საზღვართან და მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე, არდაგანის ოლქში, აშენდება წყალსაცავების კასკადი, ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და წყალი გადაგდებული იქნება მდინარე ჭოროხის კალაპოტში, იქ მშენებარე მდინარე ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - კილიჩისა და ისპირის შესავსებად. მტკვრის წყალი მდინარე ჭოროხოს საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება.