"მწვანე ალტერნატივა” ნადირობის კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევსნეტგაზეთი "მწვანე ალტერნატივა” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას, ყალბ მონაცემებად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები: ნუტრია - 194 ცალი, კურდღელი - 615 ცალი, მაჩვი- 168 ცალი, ტყის კვერნა - 157, ქვის კვერნა - 157 ცალი, მგელი - 120 ცალი, ტურა - 1453, მელა- 162 ცალი, ტყის კატა - 77 ცალი, გარეული ღორი - 189 ცალი, შველი - 417 ცალი, ენოტი - 96 ცალი, ხოხობი - 416 ცალი, კაკაბი - 713 ცალი, დურაჯი- 50 ცალი” 2011 წლის 28 ოქტომბერს ”მწვანე ალტერნატივამ" განცხადებით მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, სანადირო სახეობების შესახებ, კერძოდ კი, სანადირო სახეობების აღრიცხვის შედეგების მოწოდება, ასევე ინფორმაცია, თუ რა მეთოდით, როდის (რა პერიოდში), რომელ ტერიტორიებზე ჩატარდა პოპულაციების კვლევა და რომელი სამეცნიერო ორგანიზაცია და ექსპერტები მონაწილეობდნენ კვლევაში. ”მწვანე ალტერნატივამ” სამინისტროს, გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და ჟურნალ ”ლიბერალის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმართა, რომ აღნიშნული სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული კვლევების შესახებ, თუმცა სამინისტრომ არ შეასრულა ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ”მწვანე ალტერნატივას” საერთოდ არ უპასუხა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვოტების შესახებ ყალბია, რადგან არც ერთ სახელმწიფო თუ სამეცნიერო უწყებას სანადირო ცხოველთა სახეობების არანაირი აღრიცხვა არ ჩაუტარებია. ამასთანავე, სანადირო კვოტა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ სანადირო სავარგულზე მოსანადირებელი ინდივიდების რაოდენობის დაკანონება იმ ტერიტორიების დასახელების გარეშე, სადაც შესაძლებელია ამ ცხოველების მოპოვება, ანუ სანადირო სავარგულების მიხედვით მოსაპოვებელი ინდივიდების გადანაწილების გარეშე აბსურდულია” - წერია განცხადებაში. ”მწვანე ალტერნატივა” ვარაუდობს, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნადირობა დაუშვას იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებზე, უახლოეს მომავალში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების სანადირო კვოტებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნებს ყალბ მონაცემებს.
წყარო: http://www.netgazeti.ge
|