განვითარებულ და ცივილიზირებულ სამყაროში სპეციალურად ნადირობისათვის ტელეარხებია მიძღვნილი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ნადირობისადმი ინტერესი დიდია, ხოლო რადიო, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ბევრი, მონადირისათვის ასეთი რამ მაინც მწვავე დეფიციტს წარმოადგენს. განსაკუთრებით უძნელდება მონადირეს უსეზონობის დროს (ეს კი თითქმის 6 თვე გრძელდება) იმ ჟინის დაოკება, რომელიც ასე მძლავრადაა მასში. ამ თითქმის ცარიელ ნიშას შევსება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე ყველა ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებით სასურველი და სასიხარულოა რადიოგადაცემის შექმნა, რაშიც ხელი შეგვიწყო რადიოპალიტრის დირექციამ.