„ველოსიპედით სამსახურში მისვლის დღესთან" დაკავშირებით თავისუფლების მოედნიდან „მზიურამდე" ველოსიპედებით მსვლელობა მოეწყო. ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაძიძე ესწრებოდა. მსვლელობას კი ველოსიპედისტებთან და მოხალისეებთან ერთად ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავაც შეუერთდა. აქციის -„ისარგებლე ველოსიპედით" დასასრულს ველოსიპედისტებმა სპეციალური ექსტრემალური სანახაობა წარმოადგინეს. „მზიურში" კი ფოტოგამოფენის პარალელურად კონცერტი მოეწყო, რომელშიც ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა „ურსამ" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „უნივერსიტეტმა" მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კალენდრის მიხედვით, მაისის თვე არის ველოსიპედებით სიარულის თვე, ხოლო მაისის თვის მესამე პარასკევი აღინიშნება სამსახურებში ველოსიპედით მისვლით. „ველოსიპედით სამსახურში სიარულის დღეს" მთელ მსოფლიოში ზეიმობენ და წელს პირველად საქართველოც შეუერთდა. აქცია მიზნად ისახავდა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით - ველოსიპედით სარგებლობის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. ღონისძიება ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კლუბის", საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და კომპანია „ბილაინის" მხარდაჭერით გაიმართა. moe.gov.ge
წყარო:
|