თავი VI.
ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით
სარგებლობის სახელმწიფო მართვა
მუხლი 57. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია:
ა) ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა;
გ) ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის, მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება;
ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა;
ვ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.
2. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში
- საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და სატყეო მეურნეობის სამსახურები.
3. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის, აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.
მუხლი 58. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანაა ცხოველთა სამყაროს დაცვა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობა, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესრულების მიზნით ხდება:
ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობათა დადგენა;
ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დასაშვები კვოტების განსაზღვრა;
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ნებადართული ტერიტორიისა და სამონადირეო სავარგულების განსაზღვრა;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პერიოდებისა და ვადების დადგენა.
მუხლი 59. ცხოველთა სამყაროს აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა და კადასტრი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის, გარეულ ცხოველთა (მათ შორის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, რის საფუძველზეც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი.
2. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს გარეულ ცხოველთა სახეობების (სახეობათა ჯგუფების) გეოგრაფიული გავრცელების, მათი რაოდენობის, მდგომარეობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ამსახველ ცნობებს, მათი თანამედროვე სამეურნეო გამოყენებისა და გარეული ცხოველების არსებობისათვის საჭირო არეალების დახასიათებას, აგრეთვე, სხვა აუცილებელ მონაცემებს. ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს სამინისტრო.
3. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია, ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ერთიან სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
5. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესები, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესები მტკიცდება სამინისტროს მიერ დებულებით ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ .
6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ქვემდებარებიან, ადგენს სამინისტრო ბრძანებით სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ .
მუხლი 60. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას.
2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგის სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 61. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო.
2.სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.
3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო კომპლექტდება სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების სამსახურების, მიწის სახელმწიფო დეპარტამენტის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებით და სხვა კომპეტენტური პირებით.
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ ცხოველთა სამყაროთი მოსარგებლე სუბიექტების წარმომადგენლები.
5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, ჩამოართმევს,სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის და გასცემს სამინისტრო. ადგილობრივი მნიშვნელობის ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ლიცენზირების უფლება სამინისტრომ შეიძლება გადასცეს მის რეგიონალურ ორგანოებსაც (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ჩათვლით), რომლებიც მათთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგიონალური საექსპერტო კომისიების გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემენ ლიცენზიებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი კვოტის ფარგლებში.
6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტი განისაზღვრება დებულებით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით"ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ".
მუხლი 62. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა.
2. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან.
3.სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში აწარმოებს სამინისტრო, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში - სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების სამსახურები.
4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას, აგრეთვე, ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას.
5. სამინისტროს უფლება აქვს:
ა) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა, აგრეთვე, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების, ვადების, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა;
ბ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა მისი სარგებლობის წესების, კვოტების, ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ;
გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების, მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები.
6. სატყეო მეურნეობის სამსახურის გამგებლობაში შემავალ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ცხოველთა სამყაროს ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფენ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოები.
7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური.
თავი VII.
პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 63. პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა ან ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა).
2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დარღვევებში ან, თუ:
ა) თვითნებურად ისარგებლეს სპეციალური სარგებლობის ფორმით დაშვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით;
ბ) დაარღვიეს ნადირობის, თევზჭერისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა წესები;
გ) დაარღვიეს გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები;
დ) თვითნებურად მოახდინეს გარეულ ცხოველთა გადასახლება, ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია;
ე) დაარღვიეს მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა პრეპარატების გამოყენების წესები;
ვ) დაარღვიეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ზოოლოგიური კოლექციების შექმნის, საზღვარგარეთ გატანის ან ვაჭრობის წესები;
ზ) დაარღვიეს საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა დაცვის წესები;
თ) ჰყავთ გარეული ცხოველები ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარეული ცხოველების სიცოცხლეს, იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე ან საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით.
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის სხვა დარღვევებისთვისაც.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ "ცხოველთა სამყაროს შესახებ"საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.
5. უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველები, მათი დერივატები და მათგან გამომუშავებული პროდუქცია ექვემდებარება კონფისკაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
მუხლი 64. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხთა გამო დავის გადაწყვეტა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებანი
და შეთანხმებანი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და
მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში
მუხლი 65. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი
ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების წესები.
კარი III.
დასკვნითი ნაწილი
თავი IX.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 66. საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან
"ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად ითვლება საქართველოს შემდეგი ნორმატიული აქტები :
ა) საქართველოს სსრ 1981 წლის 19 ივნისის კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., 7, მუხ. 132);
ბ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს სსრ კანონის
სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., 7, მუხ. 132);
გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 3 აპრილის 178 დადგენილება ნებაყოფილობითი საზოგადოების - საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის მონკავშირის წესდებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1978 წ., 2, მუხ.25);
დ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1968 წლის 11 ივლისის 361 დადგენილება საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო მეურნეობის მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1968 წ., 4, მუხ.55);
ე) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 9 მარტის 161 დადგენილება საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო აღკვეთილების დებულების დამტკიცების შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., 2, მუხ.21);
ვ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს 536 დადგენილება საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო მეურნეობის შემდგომი გაუმჯობესების ზომების შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963 წ., 4, მუხ.139);
ზ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 12 აპრილის 302 დადგენილება საქართველოს სს რესპუბლიკაში ნადირობისა და სამონადირეო მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., 2, მუხ.33);
თ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 1 ოქტომბრის 674 დადგენილება საქართველოს სსრ სახელმწიფო სამონადირეო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., 5, მუხ. 71);
ი) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1968 წლის 9 თებერვლის 69 დადგენილება საქართველოს სსრ სახელმწიფო ნაკრძალების მოვლა-დაცვის მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1968 წ., 1, მუხ.17);
კ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 17 დეკემბრის 842 დადგენილება საქართველოს სსრ ტერიტორიაზე მავნებელ მტაცებელ ნადირთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1982 წ., 6, მუხ. 84);
ლ) საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 2 მარტის დადგენილება სახელმწიფო ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების შესახებ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., 5, მუხ.35);
მ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 მაისის 294 დადგენილება საქართველოს მონკავშირის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს დადგენილებათა კრებული, 1994 წ., 5 , მუხ. 294).
მუხლი 67."ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების სტატუსის შეცვლა
1. ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უქმდება კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობები.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ ბაზაზე (არსებულ გეოგრაფიულ საზღვრებში) იქმნება აღკვეთილები.
3. სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმები უნდა შემუშავდეს "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
თავი X.
"ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედება
მუხლი 68. "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების დრო
"ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1
აგვისტოდან.
გასაგრძელებლად დააჭირეთ აქ