მუხლი 27. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა, რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა).
2. გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით (ლიცენზიით).
4. ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ (იმყოფებიან) ცხოველთა სამყაროს ობიექტები.
5. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენს ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ დებულება, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებით ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ .
6. ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების
წესები, ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 28. ნადირობა
1. ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
2. ნადირობა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის საფუძველზე, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის სახით.
3. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესი, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, დგინდება ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, განისაზღვრება სამინისტროს მიერ ბრძანებით ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ .
4. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენი ფრინველებისა- მწყერი, იხვი და სხვა), აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში, კანონით დადგენილ შემთხვევებში.
5. ნადირობა აკძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.
მუხლი 29. სამონადირეო მეურნეობა და ნადირობისათვის სპეციალურად განსაზღვრული ტერიტორიები
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საკუთრების ფორმის განურჩევლად სამონადირეო სავარგულებში, გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და მოპოვების (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი სუბიექტებისა) მიზნით შეიძლება მიეცეთ სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და გაძღოლის უფლება.
2. სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად შეიძლება გამოყოფილი იქნეს სამონადირეო სავარგულები, მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ - ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენის შემდეგ, რაც ფორმდება სამინისტროს დასკვნის სახით და წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობის შექმნის საკითხის განხილვის საფუძველს. სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა ხდება მიწის, წყლისა და ტყის ფონდის მესაკუთრის თანხმობით.
3. სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის სამინისტროს მიერ წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურა განისაზღვრება სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, იოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
4. სამონადირეო მეურნეობის მფლობელებს უფლება აქვთ გასცენ დადგენილი წესით ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში.
5. სამონადირეო მეურნეობის შექმნისათვის და მის ფარგლებში ნადირობისათვის ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.
6. სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის წესს განსაზღვრავს სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის წესების შესახებ დებულება, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
7. აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში ნადირობა რეგულირდება დებულებით "აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 30. თევზჭერა
1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).
2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სპეციალური სარგებლობის ფორმით აწარმოონ სარეწაო თევზჭერა და წყლის უხერხემლოთა რეწვა თევზის მეურნეობის წყალსატევების სარეწაო უბნებზე. სარეწაო უბნებს მიეკუთვნებიან ზედაპირული და ტერიტორიული ზღვის წყლები, რომლებიც გამოიყენება(შეიძლება გამოყენებულ იქნეს) თევზის ან სხვა წყლის ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარეწაო მოპოვებისათვის ან აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი აღწარმოებისათვის, აგრეთვე საქართველოს კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.
3. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევთა უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის სანაშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.
5. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა.
6. იმ წყალსატევზე და წყალსატევის უბანზე, რომელიც სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტია, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება ხდება ამ ობიექტის მფლობელის ნებართვითა და მის მიერ დადგენილი საფასურის გადახდით, საქართველოს წყლის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ცალკეულ შემთხვევებში წყლის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა და უხერხემლოთა მოპოვება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ სპეციალური სარგებლობის ფორმით.
8. აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში თევზჭერა რეგულირდება დებულებით "აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.
9. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 31. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა მოპოვება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ საერთო ან სპეციალური სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს.
2. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ნუსხა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს და რომელთა მოპოვება ხდება სპეციალური სარგებლობის ფორმით სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 32. გარეული ცხოველების ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით სარგებლობა
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელების, გარემოს ბუნებრივი სანიტრების, მცენარეთა დამმტვერავების და სხვათა) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევებში ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.
მუხლი 33. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობა
1. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით(თაფლი,გარეული ფუტკრის ცვილი და სხვა) სარგებლობა დაშვებულია, როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის (დიდი რაოდენობით) ფორმით, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებისა და განადგურების, მათი საბინადრო გარემოს დარღვევის ან გაუარესების გარეშე.
2. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 34. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული,ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის დაშვებულია როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის ფორმით.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ბუნებრივი გარემოდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწით და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწის და ტყის ფონდის მფლობელთა უფლებებს.
3. დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან დროებითი ამოღება ვეტერინარული მიზნით.
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული და ესთეტიკური მიზნებისთვის დაშვებულია ამ ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გზითაც, სპეციალური სარგებლობის ფორმით.
5. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული მიზნებისათთვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კომპლექსური სარგებლობა და შენარჩუნება მოპოვებული ზოოლოგიური მასალის შემდგომი სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით.
6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესს განსაზღვრავს დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
7. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია შეზღუდოს, დროებით ან მუდმივად აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის.
მუხლი 35. გარეულ ცხოველთა მოპოვება, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვის და გამრავლების მიზნით
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით.
2. გარეული ცხოველები, რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულნი არიან ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებას (გარდა საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი გარეული ცხოველებისა).
3. გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების ლიცენზიის და მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად.
4. აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.
5. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, ადგენს სამინისტრო ბრძანებით ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ .
მუხლი 36. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება
1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი.
2. ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხორციელდებოდეს ჰუმანური ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
3. აკრძალულია გარეულ ცხოველთა ცალკეული სახეობების მოპოვებაზე პრემიალური სისტემის არსებობა.
4. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა რაოდენობა ექვემდებარება რეგულირებას და რეგულირების ღონისძიებათა ჩატარების წესს განსაზღვრავს სამინისტრო დებულებებით რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ და გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალს, რომელთა რაოდენობა ექვემდებარება რეგულირებას, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის შესახებ .
5. რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების დასკვნები.
მუხლი 37. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის სხვა სახელმწიფოსიც, საკუთრების ფორმის განურჩევლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყება და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნებართვა.
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხს აგებს მისი პირობების დაცვაზე.
მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;
ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის ფორმით;
გ) საკუთრებაში ჰყავდეს კანონმდებლობის დაცვით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები და ფლობდეს მათგან მიღებულ პროდუქციასა და ნაკეთობებს;
დ) მოახდინოს წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობის რეალიზაცია (გარდა საერთო სარგებლობის ფორმით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებიც შეიძლება რეალიზებული იქნენ მათი კვებითი ღირებულების გამო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მონაწილეობა მიიღოს მის სარგებლობაში არსებული სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობის წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
ვ) გასცეს მის სარგებლობაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობების წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიები სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების, კვოტებისა და ლიმიტების ფარგლებში;
ზ) დადოს ხელშეკრულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე, ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის დროს;
თ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა;
ი) გაცემულ ტერიტორიაზე ისარგებლოს მიწის ნაკვეთით საქმიანობის განსახორციელებლად, საქართველოს სამოქალაქო, მიწის,წყლის და ტყის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) დადგენილი წესით მიღებულ მიწის ნაკვეთზე ააგოს მუდმივი ან დროებითი ნაგებობები, გაიყვანოს გზები, რომლებიც აუცილებელია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური და იურიდიული პირების უკანონო მოქმედების გამო, რასაც მოჰყვა ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაღუპვა ან მათი საბინადრო გარემოს განადგურება;
მ) დადგენილი წესით გაასაჩივროს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევენ მის უფლებებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს აქვს სარგებლობის სხვა უფლებებიც, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
3. საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს.
მუხლი 39. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის ვალდებულებანი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში;
ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და კვოტები;
გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;
დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;
ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;
ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;
ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;
ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;
კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში;
ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს,ვეტერინარულ,სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებიც.
მუხლი 40. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება
1. საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება მოიცავს:
ა) ცხოველთა სამყაროს სამონადირეო სავარგულების პირველ რიგში არჩევის და მის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის უპირატეს უფლებას;
ბ) განსაკუთრებულ უფლებას ცხოველთა სამყაროს განსაზღვრული ობიექტების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მოპოვებაზე.
3. თუ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ტრადიციულად დასახლებულია და ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობის ორი ან მეტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება, ამ უფლების გამოყენების სფერო განისაზღვრება მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
4. აკრძალულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლების გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც მითითებული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში.
5. იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლე-ბა, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ.
მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ:
ა) მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;
ბ) განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები;
გ) განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობები საქმიანობის ეფექტური წარმოებისთვის;
დ) განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა.
მუხლი 42. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა:
ა) კონკურსისა და აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;
ბ) პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებულ გადასახადსა და
მოსაკრებელზე უარის თქმისას;
გ) საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციის მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;
ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;
ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.