მუხლი 21. საქართველოს "წითელი წიგნი" და მისი წარმოების წესი
1. საქართველოს "წითელ წიგნში" აღწერილია საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება.
2. საქართველოს "წითელ წიგნში" შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს "წითელი ნუსხით" განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.
3. საქართველოს "წითელ წიგნში" მოცემული უნდა იყოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები.
4. საქართველოს "წითელი წიგნის" პროექტს საქართველოს "წითელი ნუსხის" პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია.
5. საქართველოს "წითელი წიგნის" პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს აღნიშნულ პროექტს.
6. საქართველოს "წითელი წიგნის" ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
7. საქართველოს განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს "წითელი წიგნის" ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს "წითელი წიგნის" ადაპტირებული ვარიანტი სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.
8. საქართველოს "წითელი წიგნი" გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს "წითელი ნუსხის" ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
თავი VII
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული
ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვება
(ბუნებრივი გარემოდან ამოღება)
მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში - მათი გადარჩენის, განკურნების და აღდგენის მიზნით, აგრეთვე სამეცნიერო მიზნებისათვის.
მუხლი 23. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვა და ლიცენზია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაიცემა ამავე კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ნებართვის ან ლიცენზიის გამცემი ორგანო ნებართვის ან ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო გარემოებების დასადგენად და სამეცნიერო დასკვნის მისაღებად მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას.
მუხლი 24. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად);
ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად;
გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;
დ) სამეცნიერო მიზნებისათვის.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვისა და ლიცენზიის გამცემი ორგანო ნებართვის ან ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო გარემოებების დასადგენად და სამეცნიერო დასკვნის მისაღებად მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას.
თავი VIII
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები
მუხლი 25. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები ფინანსდება:
ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;
ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) საკუთარი სახსრებით;
გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;
დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე, აგრეთვე "გარემოს დაცვის შესახებ", "ცხოველთა სამყაროს შესახებ" და "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონების, საქართველოს ტყის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ითვალისწინებს მათ შემუშავებას და სათანადო ასახვას:
ა) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში;
ბ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციის, განვითარებისა და გაძღოლის გეგმებში (ტყეთმოწყობის პროექტებში);
გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის სქემებში;
დ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;
ე) ინფრასტრუქტურულ გეგმებში;
ვ) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში;
თ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების ადგილობრივ პროექტებში;
ი) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებში.
4. სამონადირეო მეურნეობებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების) შემუშავების გზით.
5. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა:
ა) ბუნებრივ პირობებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება;
ბ) ველურ მცენარეთა გავრცელების არეალისა და გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა.
6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები იგეგმება "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 26. საქართველოს "წითელი წიგნის" შედგენისა და გამოცემის დაფინანსება
საქართველოს "წითელი წიგნის" შედგენა და გამოცემა ფინანსდება:
ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;
ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) სახსრებით;
გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;
დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით.
თავი IX
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების
დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და
ზედამხედველობა
მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და სატყეო მეურნეობის დეპარტამენტები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
თავი X
ზიანის ანაზღაურება
მუხლი 28. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა გამოიანგარიშება გარემოდან ამოღებული ზეზე მდგომი ტყის მერქნული რესურსების (ტყის ფონდის ზეზეული ხეების), მცენარეული რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების (ობიექტების) მოცულობის ერთეულისათვის საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის ოდენობის გამოყენებით. ზიანის ოდენობის გაანგარიშების მეთოდს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარდგინებით ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 29. საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოსპობა ან/და საბინადრო გარემოს გაუარესება გამოწვეულია იმ საშიში ნივთიერებებით, რომლებიც განსაზღვრულია "საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ" საქართველოს კანონით, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ოდენობის ორმაგი ოდენობით.
თავი XI
პასუხისმგებლობა "საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ"
საქართველოს კანონის დარღვევისათვის
მუხლი 30. პასუხისმგებლობა "საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 31. დავის გადაწყვეტა
საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XII
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს "წითელი ნუსხისა"
და "წითელი წიგნის" სფეროში
მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
მუხლი 33. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის სფეროში
საქართველო თავის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების და საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებებს.
კარი III
გარდამავალი ნაწილი
თავი XIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 34. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცების თაობაზე";
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშების მეთოდის შესახებ";
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება «"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე».
მუხლი 35. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღებისა და ამოქმედების ვადები
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცების თაობაზე" მიღებულ იქნეს 2005 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბერი.
2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშების მეთოდის შესახებ" მიღებულ იქნეს 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება «"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე» მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2003 წლის 31 დეკემბერი.
მუხლი 36.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობები და "ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ" 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციით, ამ კონვენციის "აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ" და "შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ" შეთანხმებებით და ამავე კონვენციის სხვა შეთანხმებებით მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოქცეული სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების თაობაზე" მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 37. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული "წითელი ნუსხის" კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებში ცვლილებისა და დამატების შეტანის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება და დამატება შეტანილი უნდა იქნეს ამ კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებშიც.
კარი IV
დასკვნითი ნაწილი
თავი XIV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 31 ივლისის ¹546 დადგენილება "საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა გარეული ცხოველებისა და მცენარეების წიგნის "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" შექმნის შესახებ" (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1977 წ., ¹4, მუხ.77);
ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 3 ოქტომბრის ¹650 დადგენილება «"საქართველოს სსრ წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა და არაორგანული ბუნების ძეგლების დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1983 წ., ¹5, მუხ.70);
გ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 31 ივლისის ბრძანებულება "იშვიათი, გაქრობის პირას მისული, შემცირებადი აბორიგენული მცენარეების გენოფონდის გამრავლების, დაცვისა და გამოყენების შესახებ" (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., ¹7(612), მუხ.481);
დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 12 აგვისტოს ¹625 დადგენილება "საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის, "წითელ წიგნში" შეტანილი, გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ" (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1991 წ., ¹8);
ე) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 17 აპრილის ¹433 დადგენილება "საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის შესახებ" (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 1992 წ., ¹4).
მუხლი 39. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
2356–IIს