თეთრ დათვებს შორის
ჩემი მეგობრები სიხარულით ცას ეწივნენ, ცოცხალი რომ დამინახეს. საერთოდ ბევრი მეგობარი მყავდა და ყველას ძალიან ვუყვარდი. წარმოგიდგენიათ, როგორ გაიხარეს, როცა გაიგეს, ცოცხალიაო? ისინი ხომ დიდი ხნის მკვდრად მთვლიდნენ. განსაკუთრებით უხაროდა ცნობილ მოგზაურ ფიპსს, რომელიც სწორედ იმ ხანებში ჩრდილოეთ პოლუსზე აპირებდა ექსპედიციით გამგზავრებას. — ძვირფასო მიუნჰაუზენ! მე აღტაცებული ვარ, რომ შემიძლია გადაგეხვიოთ! —წამოიძახა ფიპსმა, როგორც კი თავისი სამუშაო ოთახის კარებში დამინახა. — თქვენ, როგორც უახლოესი მეგობარი, დაუყოვნებლივ უნდა წამომყვეთ! კარგად ვიცი, რომ თქვენი ბრძნული რჩევების გარეშე იოლას ვერ გავალ! ცხადია, იმწუთსვე დავეთანხმე და ერთი თვის შემდეგ ჩვენ უკვე პოლუსს ვუ-
ახლოვდებოდით. ერთხელ გემბანზე ვიდექი. შორს ყინულის მაღალი მთა შევნიშნე, რომელზედაც ორი თეთრი დათვი გორაობდა. ვტაცე თოფს ხელი, ვისკუპე გემიდან და მცურავ ყინულს დავახტი. ძალიან გამიძნელდა ფოფხვა სარკესავით სრიალა ყინულოვან კლდეებსა და ციცაბოებზე; ხშირად ვცურდებოდი ძირს და შესაძლებელი იყო უძირო სიღრმეში ჩავვარდნილიყავ! მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, მთის მწვერვალს მაინც მივაღწიე და პირდაპირ დათვებთან მივედი, მაგრამ აი უბედურება: სასროლად რომ მოვემზადე, ფეხი დამისხლტა, თავით ყინულზე დავეცი და გული შემიღონდა. ნახევარი საათის შემდეგ, როცა გონს მოვედი, შიშისაგან კინაღამ შევყვირე:
უზარმაზარი თეთრი დათვი ზედ დამწოლოდა ხახადაღებული და ჩემი ხორცით ვახშმობას აპირებდა. ჩემი თოფი მოშორებით ეგდო. თუმცა თოფი რაღას მიშველიდა, უზარმაზარი დათვი ზურგზე მაწვა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. დიდი გაჭირვებით ამოვიღე ჯიბიდან პატარა დანა და უკანა თათის სამი თითი მოვაჭერი.დათვი ტკივილისაგან აღრიალდა და წუთით მომეშვა. ამით ვისარგებლე, ჩემებურად, გულადად მივვარდი თოფს, ავიღე და ვესროლე საშინელ მხეცს. ის იქვე დაეცა თოვლში. მაგრამ ჩემი ფათერაკი ამით არ გათავებულა: სროლამ რამდენიმე ათასი დათვი გააღვიძა, რომლებსაც ჩემს მახლობლად ეძინათ ყინულზე. თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ: რამდენიმე ათასი დათვი! მთელი ხროვა გამოემართა ჩემკენ! რა მექნა? კიდევ ერთი წუთი — და საშინელი მხეცები დამგლეჯდნენ. უცებ თავში ბრწყინვალე აზრმა გამიელვა. ვიშიშვლე დანა, ვეცი მკვდარ დათვს, გავაძრე ტყავი და ზედ მოვისხი. დიახ, დათვის ტყავი მოვისხი! დათვები გარს შემომერტყნენ! დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ქურქიდან გამომათრევდნენ და ნაკუწ-ნაკუწად მაქცევდნენ, მაგრამ დამყნოსავდნენ თუ არა, სათითაოდ მშორდებოდნენ. მალე ვისწავლე დათვივით ღმუილი და თათის ლოკვა. დათვები ნდობით მეპყრობოდნენ და მეც გადავწყვიტე ამით მესარგებლა. ერთხელ ერთმა ექიმმა მითხრა: კეფაში მიყენებული ჭრილობა ერთბაშად კლავსო. მივუახლოვდი ერთ დათვს და კეფაში ჩავკარი დანა! დათვი რომ გადარჩენილიყო, უეჭველად დამგლეჯდა, ეს კარგად ვიცოდი. საბედნიეროდ, გამიმართლა, დათვმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ისე ამოხდა სული. მაშინ გადავწყვიტე, იმავე ხერხით გავსწორებოდი დანარჩენ დათვებსაც. მართლაც, მაინცდამაინც არ გამჭირვებია ეს საქმე. თუმც ისინი ხედავდნენ როგორ იხოცებოდნენ მათი ამხანაგები, მაგრამ დათვად მთვლიდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მე ვხოცავდი. რაღაც ერთ საათში რამდენიმე ათასი დათვი მოვკალი. ამ გმირობის შემდეგ ისევ დავბრუნდი გემზე და ჩემს მეგობარ ფიპსს ვუამბე ყოველივე. მან რამდენიმე ვაჟკაცი მეზღვაური გამაყოლა და წავედით კუნძულზე. მეზღვაურებმა დახოცილი დათვები გაატყავეს და ხორცი გემზე წამოიღეს. გემი ისე დამძიმდა, რომ გზა ვეღარ გააგრძელა და იძულებული გავხდით უკან დავბრუნებულიყავით. აი, რატომ ვერ აღმოაჩინა კაპიტანმა ფიპსმა ჩრდილოეთ პოლუსი. მაგრამ ეს არც გვინაღვლია — დათვის ხორცი მეტად გემრიელი რამ იყო.
მეორე მოგზაურობა მთვარეზე
ინგლისში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე ყოველგვარ მოგზაურობაზე ხელიამეღო, მაგრამ ამის შემდეგ ერთ კვირასაც არ გაუვლია, ხელახლა გავუდექი გზას. ერთი ნათესავი მყავდა, ხანში შესული მდიდარი კაცი, რატომღაც დაეჩემებინა: ამ ქვეყანაზე არის ისეთი მხარე, სადაც გოლიათები ცხოვრობენო. მთხოვა უთუოდ მომენახა ის მხარე და ჯილდოდ დიდი მემკვიდრეობა აღმითქვა. ძალიან უნდოდა იმ კაცს გოლიათების ნახვა. დავეთანხმე. გავამზადე გემი და სამხრეთ ოკეანეში გავემგზავრეთ. გზაში საკვირველი არაფერი შეგვხვედრია, გარდა რამდენიმე მფრინავი ქალისა, რომლებიც პეპლებივით დაფარფატებდნენ ჰაერში. კარგი დარები დაიჭირა, მაგრამ მეთვრამეტე დღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ისეთი ძლიერი ქარიშხლი ატყდა, რომ ჩვენი ხომალდი აიტაცა და ნაფოტივით
დაატრიალა ჰაერში. ექვსი კვირა დავქროდით ღრუბლებს ზევით. ბოლოს მრგვალი, მოკიაფე კუნძული დავინახეთ.
ცხადია, მთვარე იყო! ვიპოვეთ მოხერხებული ნავმისადგომი და მთვარის ნაპირზე გადავედით. ქვევით, შორს, შორს, მეორე პლანეტა დავინახეთ, იქ იყო ქალაქები, ტყეები, მთები, ზღვები და მდინარეები. მაშინვე ვიცანით ჩვენს მიერ დატოვებული დედამიწა. მთვარეზე გარს შემოგვერტყნენ უზარმაზარი გოლიათები, რომელნიც სამთავიან არწივებზე ამხედრებულიყვნენ. ეს ფრინველები მთვარის მცხოვრებლებს ცხენების მაგივრობას უწევენ.
სწორედ იმ ხანებში მთვარის მეფეს ომი ჰქონდა მზის იმპერატორთან. მან მაშინვე შემომთავაზა მისი ჯარის სარდლობა მეკისრა და საომრად გავყოლოდი, მაგრამ მტკიცე უარი ვუთხარი. მთვარეზე ყველაფერი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთან, დედამიწაზე. ბუზი იქ ცხვრის ოდენაა, ვაშლი ჩვენებურ საზამთროს არ ჩამოუვარდება. იარაღის ნაცვლად მთვარის მცხოვრებლები ბოლოკს ხმარობენ. ბოლოკი შუბის მაგივრობას უწევს. თუ ბოლოკი არა აქვთ, მტრედის კვერცხებით იბრძვიან, ფარად კი შხამა სოკოს ხმარობენ. მე იქ ერთი შორეული ვარსკვლავის რამდენიმე მცხოვრები ვნახე. მთვარეზე სავაჭროდ ჩამოსულიყვნენ. პირისახე ძაღლს მიუგავდათ, თვალები ან ცხვირზე ეს-
ხდათ ან ნესტოების ქვემოთ. არც ქუთუთოები ჰქონდათ, არც წამწამები და ძილის დროს თვალებს ენით იხუჭავდნენ. მთვარის მცხოვრებლებს ჭამაზე დრო არ ეკარგებათ. მუცლის მარცხენა მხარეზე საგანგებო კარი აქვთ.¨გააღებენ, შეაწყობენ შიგ საჭმელს და მიხურავენ მეორე სადილამდის, ესე იგი, ერთი თვით. ისინი წელიწადში მხოლოდ თორმეტჯერ სადილობენ! ეს ძალიან ხელსაყრელია, მაგრამ დედამიწაზე მცხოვრები ღორმუცელა ხალხი ძნელად დათანხმდება ასე იშვიათად სადილობაზე. მთვარის მცხოვრებლები პირდაპირ ხეებზე იზრდებიან. ის ხეები მეტად ლამაზი სანახავია, მუქი წითელი ტოტები აქვთ, ტოტებზე არაჩვეულებრივად მაგარნაჭუჭიანი ვეება კაკლები ასხია. როცა კაკალი მწიფდება, ფრთხილად კრეფენ და სარდაფში ინახავენ.
როგორც კი მთვარის მეფეს ახალი ხალხი დასჭირდება, მისი ბრძანებით კაკლებს მდუღარე წყალში ყრიან.
ერთი საათის შემდეგ კაკლები სკდება და იქიდან სრულიად მზა ადამიანები გამოდიან. მათ სწავლა არ სჭირდებათ, უკვე მოზრდილნი იბადებიან და თავიანთი ხელობაც იციან. ერთი კაკლიდან ღუმელის მწმენდელი გამოდის, მეორედან — მეარღნე, მესამედან — მენაყინე, მეოთხედან — ჯარისკაცი, მეხუთედან — მზარეული, მეექვსედან — თერძი. ისინი იმავე წუთს ასრულებენ თავიანთ საქმეს. ღუმელის მწმენდელი სახურავზე ძვრება, მეარღნე უკრავს, მენაყინე ყვირის: «ცხელი ნაყინი» ( მთვარეზე ხომ ყინული ცეცხლზე უფრო ცხელია), მზარეული სამზარეულოში გარბის, ჯარისკაცი მტერს ეკვეთება. მთვარის ადამიანები მოხუცებულობისას არა კვდებიან, ჰაერში დნებიან ან
კვამლივით იფანტებიან. ხელებზე თითო თითი აქვთ, მაგრამ იმ ერთ თითს ისევე ხმარობენ, როგორც ჩვენ ხუთს.
თავი იღლიის ქვეშა აქვთ ამოდებული. როცა სადმე მიემგზავრებიან, თავს შინ ტოვებენ, რომ გზაში არ დაუზიანდეთ. ისინი თავიანთ თავს\თან მაშინაც კი თათბირობენ, როცა მისგან შორს იმყოფებიან, რაც ძალზე ხელსაყრელია. თუ მეფე მოისურვებს გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი მასზე, თვითონ შინ დარჩება ტახტზე წამოწოლილი, მისი თავი კი შეუმჩნევლად შედის უცხო სახლებში და ყველა მუსაიფს უგდებს ყურს. მთვარის ყურძენი ჩვენი ყურძნისაგან არაფრით განსხვავდება. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მიწაზე მოსული სეტყვა მთვარიდან ჩამოცვენილი ყურძნის მარცვლებია, რომელსაც ქარიშხალი ბერტყავს. თუ თქვენ გინდათ მთვარის ღვინო გასინჯოთ, შეაგროვეთ სეტყვა და კარგად გაადნეთ. მთვარის მცხოვრებლებს მუცელი ჩემოდნის მაგივრობას უწევს; როდესაც მოესურვებათ, ხსნიან და ხურავენ, რაც უნდათ იმას ჩაალაგებენ შიგ. არც კუჭი გააჩნიათ,
არც ღვიძლი და არც გული. ისინი შიგნით გამოცარიელებულნი არიან. თვალები შეუძლიათ ამოიღონ და ისევ ჩაიდგან. თვალი როდესაც ხელში უჭირავთ, ისე კარგად ხედავენ, თითქოს თვალი თავის ადგილას ჰქონდეთ. თუ თვალი წაუხდათ ან დაეკარგათ, ბაზარში ახალს ყიდულობენ. ამიტომ მთვარეზე ბევრს შეხვდებით თვალებით მოვაჭრეს. აბრებზე ხშირია წარწერა: «იყიდება თვალები იაფად. გვაქვს ნარინჯისფერი, წითელი, იისფერი და ლურჯი თვალები.» მთვარის მცხოვრებლებს თვალების ფერის მოდა ყოველწლიურად ეცვლებათ. მე რომ მთვარეზე ვიყავი, მაშინ მოდაში მწვანე და ყვითელი თვალები იყო. რა გაცინებთ? ნუთუ ფიქრობთ, რომ გატყუებთ? არა, ყოველი ჩემი სიტყვა სრული ჭეშმარიტებაა. თუ ჩემი არა გჯერათ, წადით მთვარეზე, იქ დარწმუნდებით, რომ
არაფერს ვიგონებ და სრულ სიმართლეს მოგახსენებთ.
ყველის კუნძული
ერთი მითხარით, რა ჩემი ბრალია, რომ ყოველთვის ისეთი საარაკო ამბები გადამხდება თავს, რომლის მსგავსი არავის შემთხვევია! ეს იმიტომ მემართება, რომ მოგზაურობა მიყვარს და მუდამ ფათერაკებს ვეძებ. თქვენ კი ზიხართ შინ და ოთახის ოთხი კედლის მეტს ვერაფერს ხედავთ. ერთხელ, მაგალითად, დიდი ჰოლანდიური გემით გავემგზავრე შორეული ზღვებისაკენ. შუა ოკეანეში მოულოდნელად ამოვარდა გრიგალი, რომელმაც ერთ წუთში მოჰგლიჯა გემს იალქნები და დაულეწა ანძები. ერთი ანძა კომპასს დაეცა და დაამსხვრია. ყველამ იცით, რა ძნელია გემის მართვა უკომპასოდ. დავიბენით, ვეღარ ვხვდებოდით, საით მივცურავდით. სამი თვე გვახეთქებდა აქეთ-იქით ოკეანის ტალღები, შემდეგ სადღაც გაგვაქანა და ერთ მშვენიერ დილას იშვიათი ცვლილება შევნიშნეთ; ზღვა ლურჯი კი აღარ იყო, არამედ თეთრად ქათქათებდა. ქარს რაღაც ნაზი, საამური სურნელი მოჰქონდა. ჩვენ ძალიან გვესიამოვნა და გავმხიარულდით.
მალე ნავმისადგომი დავინახეთ. ერთი საათის შემდეგ შევედით მშვენიერ ღრმა ნავსადგურში, სადაც წყლის ნაცვლად რძე იდგა. სწრაფად გადმოვედით ნაპირზე და ხარბად დავეწაფეთ რძის ზღვას. ჩვენ ერთი მეზღვაური გვახლდა, ყველის სუნს ვერ იტანდა, მის დანახვაზეც გული ერეოდა. როგორც კი ნაპირზე გადმოვედით, მეზღვაურს გული შეუღონდა. — გამომაცალეთ ფეხებიდან ეს ყველი! — გაიძახოდა ის. — არ მინდა, არ შემიძლია ყველზე სიარული! დავიხარე და ყველაფერს მივხვდი. კუნძული, რომელსაც ჩვენი გემი მიადგა, საუკეთესო ჰოლანდიური ყველისა იყო! დიახ, დიახ, ნუ იცინით, მე ჭეშმარიტ ამბავს მოგახსენებთ: თიხის ნაცვლად ფეხქვეშ ყველი გვქონდა და, რა გასაკვირია, რომ ამ კუნძულის მცხოვრებნი უმეტესად ყველით იკვებებოდნენ! მაგრამ ყველი არ კლებულობდა, რადგან ღამით იმდენივე ამოდიოდა, რამდენიც წინა დღეს იჭმებოდა. კუნძული დაფარული იყო ვენახებით, მაგრამ თავისებური ყურძენი ესხა. მუჭით რომ გამოწურავდი, ყურძნის წვენის მაგიერ რძე გამოდიოდა. კუნძულის მცხოვრებნი მაღალი, ლამაზი ხალხია, ყოველ მათგანს სამი ფეხი აქვს და ამ სამი ფეხით რძის ზღვის ზედაპირზე თავისუფლად დადის. პური იქ გამომცხვარი იზრდება, ასე რომ კუნძულის მცხოვრებლებს არც თესვასჭირდებათ, არც ხვნა. ბევრი ხე ვნახე თაფლაკვერებით დახუნძლული. ყველის კუნძულზე სეირნობის დროს რძის შვიდი მდინარე აღმოვაჩინეთ და ორიც გემრიელი ლუდისა. მართალი გითხრათ, ლუდის მდინარეები უფრო მომეწონა, ვიდრე რძისა. საერთოდ, იმ კუნძულზე სეირნობის დროს ბევრი სასწაული ვნახე. განსაკუთრებით გამაკვირვა ჩიტის ბუდეებმა: წარმოუდგენელი სიდიდის იყო. მაგალითად, არწივის ბუდე ძალიან მაღალ სახლზე უფრო დიდი იყო, არწივს ბუდე უზარმაზარი მუხებიდან დაეწნა. ბუდეში ხუთასი კვერცხი ვიპოვეთ. თითო კვერცხი კაი დიდი კასრისოდენა იქნებოდა. ერთი კვერცხი გავტეხეთ, იქიდან ბარტყი გამოძვრა, ბარტყი ჩვენებურ მოზრდილ არწივზე ოცჯერ დიდი იყო. ბარტყმა დაიჭყლოპინა. უცებ დედა არწივი მოვარდა, აიტაცა ჩვენი კაპიტანი, მახლობელ ღრუბლამდის აიყვანა და იქიდან ზღვაში გადაისროლა! საბედნიეროდ, კაპიტანმა ცურვა კარგად იცოდა და რამდენიმე საათში ისევ მოცურდა ყველის კუნძულზე. ერთხელ ტყეში სიკვდილით დასჯის მოწმეც გავხდი. კუნძულის მცხოვრებლებს ხეებზე ფეხებით ჩამოეკიდათ სამი კაცი, უბედურები კვნესოდნენ და ტიროდნენ. ვიკითხე: რად სჯიან ასე სასტიკად-მეთქი? მიპასუხეს: — ესენი მოგზაურები არიან. ეს-ეს არის შორეული მოგზაურობიდან დაბრუნდნენ და უსინდისოდ ტყუიან თავიანთი თავგადასავლების შესახებო. ცრუპენტელების ასე ბრძნულად დასჯა მოვუწონე კუნძულელებს, რადგან
ტყუილს სრულიად ვერ ვიტან და მუდამ სიმართლეს ვამბობ. თქვენ თვითონაც შენიშნავდით, რომ მთელ ჩემს ნაამბობში ერთი ტყუილი სიტყვაც არ ურევია. ტყუილი მეჯავრება! მოხარული ვარ, რომ ყველა ჩემს მახლობელს ყოველთვის ყველაზე მართალ ადამიანად მივაჩნივარ მთელ ქვეყანაზე. გემზე რომ დავბრუნდით, მაშინვე ავხსენით ღუზა და საარაკო კუნძულს გავცილდით. ნაპირიდან ყველა ხე თითქოს რაღაც ნიშანს გვაძლევდა, ორჯერ დაიხარნენ, მდაბლად გამოგვესალმნენ და წინანდებურად გაიმართნენ. მათი ასეთი ყურადღებით აღტაცებულმა მოვიხადე ქუდი და მათ გამოსათხოვარი სალამი გავუგზავნე. საოცრად ზრდილობიანი ხეები ყოფილან, არა?
თევზის მიერ ჩაყლაპული გემები
კომპასი არა გვქონდა და ბევრი ვიბორიალეთ უცნობ ზღვებში. ჩვენს ხომალდს შემოესივნენ საშინელი ზვიგენები, ვეშაპები და ზღვის სხვა ურჩხულები.
ბოლოს იმხელა თევზს წავაწყდით, რომ თავის ახლო მდგომნი ბოლოს ვერა ვხედავდით. თევზს რომ მოსწყურდა, ხახა გააღო, წყალი მდინარესავით ჩაეშვა შიგ და ჩვენი
გემიც თან ჩაიყოლა. წარმოგიდგენიათ, რა შიშს გამოვივლიდით! მეც კი, ასეთი მამაცი, შიშისაგან ვთრთოდი! მაგრამ თევზის მუცელში ისეთი სიწყნარე იყო, როგორც ნავსადგურში. მისი
მუცელი გემებით იყო გატენილი; ეს გემები დიდი ხნის წინათ ჩაეყლაპა ღორმუცელა საშინელებას. ნეტა იცოდეთ, რარიგ ბნელოდა შიგ! ჩვენ ხომ ვერც მზეს, ვერც ვარსკვლავებს და ვერც მთვარეს ვხედავდით. თევზი დღეში ორჯერ სვამდა წყალს, და ყოველთვის, როცა წყალი ხახაში ესხმოდა, ჩვენი ხომალდი დიდ ტალღებზე ცურავდა. სხვა დროს მუცელში სიმშრალე
იყო. მე და კაპიტანი წყლის დაკლებას დაველოდეთ და გემიდან ჩამოვედით გასასეირნებლად. იქ ჩვენ ყველა ქვეყნის მეზღვაურები ვნახეთ: შვედები, ინგლისელები, პორტუგალიელები... ათი ათასამდე კაცი იქნებოდა თევზის მუცელში. ბევრი მათგანი შიგ უკვე რამდენიმე წელიწადია ცხოვრობდა. მე წინადადება მივეცი შევკრებილიყავით და ამ ბნელი საპყრობილედან თავის დაღწევის გეგმა შეგვედგინა. თავმჯდომარედ მე ამირჩიეს, მაგრამ ის იყო კრება გავხსენი, რომ წყეულმა თევზმა წყლის სმა დაიწყო და სასწრაფოდ ჩვენ-ჩვენ გემებს მივაშურეთ.
მეორე დღეს ხელახლა შევიკრიბეთ და მე ასეთი წინადადება წამოვაყენე: ორი ყველაზე მაღალი ანძა შევკრათ და, როგორც კი თევზი პირს გააღებს, ყბებში გავურ-
ჭოთ, რომ ყბები ვერ გაანძრიოს. მაშინ ის პირღია დარჩება და ჩვენც თავისუფლად გავცურავთ-მეთქი. ჩემი წინადადება ერთხმად მიიღეს. ორასმა ვაჟკაცმა მეზღვაურმა ვეშაპს ხახაში გაურჭო ორი უმაღლესი ანძა. მან პირი ვეღარ მოკუმა. გემები უშიშრად გამოცურდნენ მუცლიდან ზღვაში. ამ საოცრების მუცელში სამოცდათხუთმეტი გემი ყოფილიყო. აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა ტანი ექნებოდა თევზს! ანძა ჩვენ ისევე დავუტოვეთ გაღებულ პირში, რომ შემდგომ აღარავინ ჩაეყლაპა. ტყვეობიდან რომ გავთავისუფლდით, მოვინდომეთ გამოგვერკვია სად ვიმყოფებოდით. თურმე კასპიის ზღვაში ვიყავით. ამ გარემოებამ ძალიან გაგვაოცა, კასპიის ზღვა ხომ დახურულია და არც ერთ ზღვას არ უერთდება, მაგრამ ყველის კუნძულიდან წამოყვანილმა სამფეხა მეცნიერმა ახსნა, თევზი კასპიის ზღვაში რომელიმე მიწისქვეშა არხით მოხვდებოდაო. ნაპირს მივაშურეთ. ვჩქარობდით ხმელეთზე გადასვლას, თანაც ჩემს თანამ-
გზავრებს განვუცხადე: აღარსად გავემგზავრები, მეყოფა, რაც ამ წლებში უბედურება გადამხდა, ახლა დასვენება მინდა-მეთქი. ამდენმა ფათერაკმა საკმაოდ დამქანცა, გადავწყვიტე ამიერიდან მშვიდად მეცხოვრა.
დათვთან შებმა
მაგრამ როგორც კი გადმოვედი ნავიდან, ვეება დათვი მეკვეთა. რაღაც უზარმაზარი მხეცი იყო. ერთ წუთში დამგლეჯდა, მაგრამ წინა თათებში ვტაცე ხელი და ისე მაგრად
მოვუჭირე, ტკივილისაგან აღმუვლდა. რომ გამეშვა, მაშინვე დამგლეჯდა, ამიტომ მისი თათები სამი დღე და ღამე მეჭირა, სანამ შიმშილით სული არ ამოხდა. დიახ, შიმშილით მოკვდა, რადგან დათვები თათების ლოკვით იკვებებიან, ამ დათვს კი თათების მოლოკვა არასგზით არ შეეძლო. ამიტომაც შიმშილისაგან დაიღუპა.
მას შემდეგ ვერც ერთი დათვი ვერ ბედავს ჩემზე თავდასხმას.