ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

კურდღელი (მონადირის ნაამბობი)

(მონადირის ნაამბობი)

I

ის იყო მზე გორის ფხას მოება, უნდა ჩაბრძანებულიყო, როცა მე სასწრაფო ჩვეულებრივ მხარიღლივ გადავიკიდე და თოფი ხელში ავიღე. ჩემმა შვილებმა ჟრიამული ასტეხეს, დიდი სიხარული შეუდგათ, ხტოდენ და გაიძახოდენ: „მამა სანადიროდ მიდისო!"
– უნდა კურდღელი მოკლას, – ეუბნებოდა ერთი მეორეს, – კურდღელი, აი ესეთ ყურებიანი, – მიიდო შუბლზე ორივე ხელის საჩვენებელი თითები, და შეხტა-შემოტრიალდა, – „დილილმე, დილილმე!" – იძახოდა სულ პატარა.
– კურდღელი კი არა, შველი უნდა მოკლას მამამ რქებიანი, აი ესეთი, – სთქვა იმაზე უფროსმა და ორივე ხელით რქები გაიკეთა თავზე.
მერე ორივემ მე მომმართა და მკითხავდენ: – რა უნდა მოკლა, მამი?
– რაც შემხვდება, იმას მოვკლავ, – ვუპასუხებდი მეც ცნობისმოყვარე შვილებს.
– გაჩუმდით, ხმა გაიწყვიტეთ, – უჯავრდებოდა დედა შვილებს, – ნუ ჰნავსავთ, როდია კარგი, როცა ეგრე აუტყდებით.
პირველი გაზაფხული იყო, ახლად ამწვანებული და აყვავებული დედამიწა, ტყეც ახალ ნორჩის ფოთლით იმოსებოდა; დაბლა, ჭალის ახლომახლო, მწვანე ფერი დასცემდა, ხოლო ზევით და ზევით, მთის პირისაკენ, შავად გამოიყურებოდა. ნოტიო გაზაფხულს აემწვანებინა ლურჯ ლილასავით ჯეჯილები. მეც სწორედ ჯეჯილებს მივმართე, რადგან იქ ხშირად ვნადირობდი და დილა-საღამობით ბევრს კურდღლებს ვხოცავდი. მკვდარი რომ გაგეტარებინათ, გაცოცხლდებოდა, ისეთი ლამაზი, ისეთის სუნნელებით იყო შემკული ის ტყიანი, წვრილჯაგიანი სერი, რაზედაც მივდიოდი და რომლის შაყოლიება ხნულებით იყო დაფარული. შაშვები მუხის, წიფლის ბონცვრებზე საამურად ჰსტვენდენ, ადამიანის გულს შვებითა და სიხარულით ავსებდენ, მშვენიერს არემარეს სამოთხეს ამსგავსებდენ. ჩიტების ჟრიამული გაქსულ-გამოქსულიყო ქსელივით და მთელს ტყესა სძრავდა, ათრთოლებდა.
მე დანიშნულს ალაგას მივედი და ჩავუსაფრდი. ვუთვალთვალებდი იქ, საიდამაც უნდა გამოსულიყო კურდღელი, რომ მარჯვე დრო ხელიდან არ გამეშვა. სად წამივა, თანაც ამას ვფიქრობდი: ამ ჯეჯილს ხომ არ ასცდება-მეთქი?.. ძალაუნებურად ჩემი გონება და მხედველობა მიიტაცა ჩემს პირდაპირ გადაჭიმულმა მთაგრეხილმა, მაზედ დაბურულმა ტყემ, შიგადაშიგ ამწვანებულმა ველებმა და ფერდობებზე ჩამოწოლილ-ჩამოკიდებულმა ხევებმა. ვთვლიდი გუნებაში, თუ სად რა ნადირი მომეკლა, – რომელ ადგილს, რომელ ხევში, სერზე: შველი, დათვი, ირემი და სხვა ბევრი დამიხოცია.
როგორ მაქებდენ და როგორ თავი მომწონდა მეც მონადირეობით, თოფის სროლით! დამიხოცია იარაღით აღჭურვილს ადამიანს უიარაღო, ტყისა და ცის ინაბარას დარჩენილი ცხოველები. ოჰ, რა ვაჟკაცობაა!
ეხლა ვამბობ ამას, ორმოც წელს შემდეგ, თორემ, მაშინ ამისთანა ფიქრი თავშიც კი არ გამიელვებდა. მაშინ ასე ვფიქრობდი: ნადირი იმის ნადირია, რომ მონადირემ უნდა მოკლას-მეთქი. რად? რა უფლების ძალით? ამ კითხვას ჩემი გულის სადღაც ბნელ, მივარდნილ კუნჭულში სძინებოდა.
იმას ვამბობდი, გავცქეროდი ტყეს, მთებს და წარსულის ბედნიერებითა ვსტკბებოდი. რამდენჯერ ცხოველურს ჟინს ავუთრთოლებივარ, ხელ-ფეხს თახთახი დაუწყია, გულს ძაგა-ძუგი, მაშინ, როცა ნადირს ვეპარებოდი, თოფს ვუმიზნებდი. ალბად მეშინოდა, ნადირი არ გამქცეოდა, ან ტყვია ამეცდინა მისთვის. კატამაც ასე იცის, როცა თაგვს უნდა გადაუხტეს, დაეცეს, მთელის ტანითა თრთის, არ გიდევნებიათ განა თვალყური?.. უნდა გენახოსთ, სწორედ მეც კატასა ვგვანდი თოფის სროლის დროს.

II

დიაღ, ტყეში ვიჯექი ჩასაფრებული და ვუცდიდი, კურდღელი როდის გამოაჩენდა ტყიდან ყურებს, რომ ჩემს გულში გახარებულს წამელაპარაკა: ოჰო, ღმერთმა გიშველოსო! – მომეკლა, მიმეტანა შინ და გამეხარებინა ცოლ-შვილი. რა ყოფა შეუდგებოდათ, როგორ გაუხარდებოდათ! ზოგი ყურებზე დაეზიდებოდა, სხვა ულვაშებზე; თან მიუალერსებდენ: „ჩვენი კურდღელი, ჩვენი კუბზელი, ჩვენი ყურგრძელი, საწყალი… სძინავს… თვალები კი ისევ უჭყეტია… ჰაა, ამოიღე ხმა, არაფერს იტყვი?"
თოფი თუმც ფეხზე შემოყენებული არა მქონდა, მაგრამ სხვაფრივ მზად ვიყავ, ნახვა კურდღელისა და სროლა ერთი იქნებოდა. წადილსაც მალე მივაღწიე: გამოჩნდა კურდღელი და მერე რა კურდღელი! ხოლო ჯეჯილში კი არ გამოვიდა, იქვე თვალწინ დამიდგა. ახლა როგორ! საზარელი სანახავი იყო კურდღელი! მხარიღლივ ორპირად სასწრაფოები ჰქონდა გადაგდებული, მესამე – წელზე შემოერტყა, სამივე სასწრაფო პატრონებით სავსე, ხელში ახალთ-ახალი ბერდანკა ეჭირა, ფეხზე წამოყენებული, თავზე გრძელბეწვიანი ტყავის ქუდი ეხურა, თვალთაგან ცეცხლს აკვესებდა. თოფის ტუჩი თითქმის მკერდზე მომაბჯინა და მრისხანედ დამჭყივლა: „ბატონო მონადირევ, ბატონო მონადირევ! კიდევ მობრძანდით საკურდღლაოდ? არ გეყოფა განა, რაც ჩემი ძმა-ბიძაშვილები გაჰჟლიტე? კიდევ გინდა მოჰკლა? გათამამდი, გაჰხალისდი, რომ ხმას არავინა გცემს. პასუხს არავინა გთხოვს, ჰო? აიყარე იარაღი, გადმოყარე, თორემ ამ საათში გაგათავებ!.. თუ სიკვდილი კარგია, შენც იგემე იმის გემო! ნუთუ არ იქნება კარგი, მოგკლა და შენი გვამი მივუტანო და დავუგდო წინ კურდღლებს, რათა ამ საცოდავებმაც გაიხარონ მით, რომ მოისპო, აღარ არის, აღიგავა პირისაგან ქვეყნისა კურდღლების მსვრელი მონადირე!"
მე თავზარდაცემულმა, ელდანაკრავმა, ავიხსენ ყველა იარაღი, სასწრაფოდან დაწყებული, და გადავუყარე, თანაც ვეხვეწებოდი: „შენი ჭირიმე, ნუ მომკლავ, გეთაყვანე, გენაცვალე, თავს შემოგევლე! ღმერთმანი, აღარ ვიზამ!" – დაჩოქილი ვემუდარებოდი. ან კი რას ვიზამდი, სიკვდილი თვალწინ მედგა! მთელის ტანითა ვთრთოდი, ვცახცახებდი, ჭირის ოფლს მასხამდა, მაგრამ ეს ჩემი თრთოლვა სულ სხვა ჯურისა იყო და არა ჰგავდა იმ ცახცახს, იმ თრთოლვას, რომელსაც განვიცდიდი ნადირისათვის თოფის სროლის დროს. ხუმრობა ხომ არ არის, კაცს პირღია სიკვდილი დაადგეს თავსა და ელამუნებოდეს ჩასაყლაპავად!.. ოჰ, საზარელი, საშინელი წუთები გამოვიარე!.. კურდღელს შევეცოდე, თოფი მომაშორა რა გულიდან, ხელში დაიბჯინა, ხოლო ზიზღით გადმომხედა; დღესაც გულში ღრმად მიჭდევია ეს განრისხებული გადმოხედვა გულის მომკვლელი, გამანადგურებელი… ჰოო, დაიბჯინა თოფი ხელში, მიიდო პირზე საყვირი, ვგონებ გარეულის თხისა უნდა ყოფილიყო, ვერცხლითა და ოქროთი შეზიკული, რომელიც ოქროს შიბით მხარიღლივ სასწრაფოსავითა ჰქონდა გადაკიდებული; ჩაჰბერა საყვირს; ისეთი ძლიერი ხმა გაისმა, მთა-ბარს ზანზარი დააწყებინა… საყვირის ხმაზე დაიწყო ნადირმა ხროვა-ხროვად მოდენა. ჯერ კურდღლები მოვიდენ, შემომავლეს ალყა, დასკუპებულნი შემომცქეროდენ; კურდღლებს მოჰყვნენ შვლები. ყველა მოსულთ ჩემი ჯალათი – კურდღელი ამ სიტყვებით მიჰმართავდა: „აი, თქვენი მტერი და მსვრელი, დღეს ჩვენს ხელშია. როგორც გენებოსთ, ისე გაასამართლეთ!" – ეუბნება ამას კურდღელი მოგროვებულ ნადირთა ხროს, ჩემი იარაღიც უკვე აუღია, თოფი და სასწრაფო მხარზე გადაუკიდია, ჩემი ხანჯალიც წელზე ჩამოუკანტურებია; წადი და წინააღმდეგობა გაუწიე. რით? როგორ? ძალაუნებურად უნდა დავმორჩილებულიყავ ჩემს ბედს და ჩემის ჯალათის განაჩენს. კურდღელი საყვირს აყვირებდა მაინც და მოდიოდა უთვალავი ნადირი. შვლებს არჩვები მოჰყვნენ, არჩვებს – ირმები, ირმებს – გარეული ღორები, ღორებს – დათვები და სხვ..
კურდღელი – ჩემი მტერი და სულთამხუთავი – ეუბნებოდა: „აი, თქვენი მოსისხლე მტერი! იცით, რამდენი თქვენი ნათესავი გამოასალმა ამან წუთისოფელს, სისხლით შეღება მთა და ველი, დღეს თქვენ ხელთ არი, როგორც გენებოსთ, ისე გაასამართლეთ, იმრიგად დასაჯეთ!"…
დადგა ჩემი განკითხვის დღე და დაჭკნა ჩემი სხეული: ვუცქეროდი ხარირმებს, იმათ ბოჯოჯღ რქებს, შუბივით გალესილს მათ შტოებს. ტახები კბილებს ილესავდენ, დათვები ყალყზე დგებოდენ. მაგრამ ჯერ თავდასხმას ვერა ჰბედავდენ: თუ შევაცოდე, ვიყავ რა მობუზული, დაჩოქილი; სიბრალულის გრძნობა აღეძრათ გულში, ზოგს თვალებიც კი მოუცრემლიანდა; ნამეტნავად შვლებს და ირმებს, რაკი ასეთს მდგომარეობაში მხედავდენ. არავინ ადგილიდან არ იძროდა. გაშტერებულნი შემომჩერებოდენ. მე ჩემს გულში ვლოცულობდი, ღმერთს ვევედრებოდი: „ღმერთო, დამიხსენი ამ განსაცდელისაგან! ღმერთო, ნუ დააობლებ საწყალს ჩემს ცოლ-შვილს, რა ეშველებათ უპატრონოდ საცოდავებს! ვის უნდა შეჰყურონ ხელში და თვალ-წარბში!"
ნადირთა გროვიდან მხოლოდ ერთი დათვი (ბაბრი) გამოერჩია და გამოსწია ჩემსკენ ბურტყუნით და წარმოსთქვა: „ამ ტყეებში მარტო ჩემობილი ათი სული მოკვდა მონადირის ხელით; ის სულ შენი საქმე იქნება, სწორედ შენი", გამკრა და გამომკრა სილაქები; მე „არა, არა"-ს ვიძახოდი, ვყვიროდი და ვფიცულობდი; ადამიანებში კი, როცა ნადირობაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ვტრაბახობდი და ნამდვილად რამდენიც მომეკლა, ერთს იმდენს კიდევაც ვუმატებდი. დათვს არ ესმოდა ჩემი ფიცი, მცემდა თავის მძლავრ ტოტებით. მე თავს ვარიდებდი, ვცდილობდი ხელიდან დავსხლტომოდი, ვბორტყავდი. ამ ცოდვილობის დროს, ტახტიდან, სადაც თურმე მეძინა და ყველა ეს დამესიზმრა, დაბლა იატაკზე ბრაგვა მოვიღე. თვალები რომ გავახილე, გავიგონე, ჩემი პატარა ბიჭი ღრიალებდა: „დედა, დედა, მამა გადმოვალდა ტახტიდან!" მე კი… გარშემო ვიხედებოდი, გონზე არ ვიყავ მოსული და რაღაცას ვლუღლუღებდი…




წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (08.11.2012)
ნანახია: 3216 | კომენტარი: 1 | ტეგები: ნადირობა, მონადირე, monadire, kurdgeli, nadiroba, კურდღელი, ფშაველა, fshavela | რეიტინგი: 3.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 monomaxi   (16.12.2015 17:07:45) [მასალა]
069 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика