ცვარით დასველებული ღამე შემოიკეცავს,
გაღვივებულ მთვარეზე შეფიცხებულ სტრიქონებს,
სანამ ირმის ნახტომებს გარიჟრაჟი მილეწავს
მეგობრები კოცონთან ნადირობებს ვიგონებთ.
სად არ გვედგა კარავი, ქანციც ბევრი გადაგვძვრა,
ყრმობას დანაგორები გუნდა გვექცა ლოდებად,
წინაც კიდევ ბევრია, ბევრიც უკან გადაგვრჩა,
ტყე-ღრე დავეხეტებით გიჟმაჟ დონ კიხოტებად.
ნაბადივით მოხურულ ამბებს გავშლით სამზეოს,
ჯამში ათინათები ცურავს ღამის მნათობთა,
დღეს გუშინდელს ვიკმარებთ; ხვალით ვიტყვით სადღეოს
ყინვას კვნეტდა ზამთარი, ჩვენ კი ძმობა გვათბობდა.
მოდის ფერებ ფერებით, ფიქრი ალისფერები,
ცეცხლმა შეშის მკლავები ძუ მგელივით გადაღრნა,
მაგონდება მინდვრები, კლდესთან შენასვენები
-შენ ქვემოდან გაჰყევი, მე გადავალ გადაღმა...
შემოდგომის ნაბულებს, ჭაობებში ჩაფლულებს
ცისფერ სიშორეებში თუ გნოლისფერ ტევრებში,
მეძებრების სპეკტაკლებს, მხოლოდ ჩვენთვის დადგმულებს,
ერთი წამით განცდილებს, ვერ მოყოლილს ერთ დღეში.
ლაგამივით გაცვეთილ თოფებს გადავიკიდებთ,
როცა სისხლი ჯებირებს გადანგრევას უქადის,
ტრამალს გავინაპირებთ, სერებს გავიბილიკებთ,
სახლში რა გაგვაჩერებს -ჯერ შორია ბუხრამდის.
მშრალი, ძაფი რა არის?! ისიც არ შეგვრჩენია,
წვიმებსა და ქარიშხლებს იცი ვერ გადურჩები,
მაინც ებრძვი წისქვილებს, როცა იცი გელიან,
როცა იცი ყინვისგან, მაინც გადალურჯდები.
ცვარით დასველებული ღამე შემოიკეცავს,
გაღვივებულ მთვარეზე შეფიცხებულ სტრიქონებს,
სანამ ირმის ნახტომებს გარიჟრაჟი მილეწავს
მეგობრები კოცონთან ნადირობებს ვიგონებთ.
................................................................ კრიმანჭული, 2016
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!