სახეობა Sambucus tigranii Troitskyi, აღწერა ნ. ტროიცკიმ (Troitskyi 1936) სომხეთიდან და მიჩნეული იყო სომხეთის ენდემად, შეტანილია სომხეთის წითელ წიგნში. ეს სახეობა შეტანილია საერთაშორისო IUCN-ის წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს კატეგორია VU -მოწყვლადი, როგორც მცირე არეალის მქონე სახეობა. 1983წ ქართველ ბოტანიკოსთა ერთმა ჯგუფმა ამ სახეობის მცირე პოპულაცია ნახა საქართველოში, მესხეთში, თმოგვსა და ვარძიას შორის. ჯერჯერობით სხვა პოპულაცია საქართველოში ნანახი არ არის. ეს სახეობა შეტანილია ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში. უკანასკნელ წლებში ჩატარებული გამოკვლევებით (აშშ ეროვნული გენეტიკური რესურსების ლაბორატორიის მონაცემებით (USDA ARS NPGS – COR, 2006) მიჩნეულია, რომ Sambucus tigranii იდენტურია კ. ლინეს მიერ 1753წ აწერილი სახეობის – Sambucus racemosa L. – ევროპული წითელი დიდგულასი და განიხილება მის სინონიმად (კარგი იქნება ამ ორი სახეობის დამატებითი მოლეკულურ-სისტემატიკური გამოკვლევა).
ნუსხაში შეტანის მიზეზები
საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე (არეალი, ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ადგილში), ასევე სამხრეთ კავკასიაში, მცირე წყვეტილი არეალი: სომხეთსა და საქართველოში.
გავრცელება
მცირე კავკასიონზე, მესხეთის სახრეთ ნაწილში, ერთი, მცირე პოპულაცია, თმოგვი – ვარძიის გზაზე, (თმოგვის მახლობლად), გზის პირას. საქართველოს გარეთ – სამხ. კავკ.: სომხეთი; აგრეთვე ჩრდ. კავკ.; ევროპა; ჩრდ. ამერიკა.
ეკოლოგიური თავისებურებები
იზრდება ტყისპირებზე, ტყეებში, ბუჩქნარებში, გზისპირებზე, ტენიან ადგილებში.
ძირითადი საფრთხეები
ბუნებრივი ჰაბიტატების დესტრუქცია, გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ნიდაგების გადამეტებული ექსპლუატაცია, მიწების დეგრადაცია, ურბანიზაცია, ბუნების გაჭუჭყიანება მავნე ნივთიერებებით და ა.შ..
გარეჯის სალბი
ნუსხაში შეტანის მიზეზები
მცირე არეალი და არეალის შესაძლო უწყვეტი შემცირება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
გავრცელება
გარე კახეთი: დავით გარეჯის მონასტრის მიდამოები, თეთრი უდაბნო, მთა დიბსი, სოფ. მალხაზოვკას მიდამოები; გარდაბანი.
ეკოლოგიური თავისებურებები
სინათლის მოყვარული ქსეროფილური ნახევრად-ბუჩქია. იზრდება მშრალ ფერდობებზე სტეპის ზონაში. ყვავის მაისიდან ივლისამდე. ნაყოფი მწოფდება ივლის-სექტემბერში.
ძირითადი საფრთხეები
ძოვება, შეგროვება დეკორატიულო თვისებების გამო, ბუნებრივი ფაქტორები: მცირე არეალი და ვიწრო ეკოლოგიური ამპლიტუდა.
სმირნოვის შქერი
ნუსხაში შეტანის მიზეზები
მცირე არეალი (სახეობის ინდივიდების მიერ დაკავებული ჰაბიტატის ფართობი არ აღემატება 2,000კმ2-ს) და კოლხური ტყის – სმირნოვის შქერის ჰაბიტატის – არეალის ფართობის უწყვეტი შემცირება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
გავრცელება
აჭარა: სათევზიას მიდამოები, იმამწმინდის უღელტეხილი – აჭარა-შავშეთის ქედი. საქართველოს გარეთ – თურქეთი (ლაზისტანი).
ეკოლოგიური თავისებურებები
ჩრდილის ამტანი მეზოფილური ბუჩქია. იზრდება კოლხურ ტყეში მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. ყვავის მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!