მწყერი ერთი იმ გადამფრენი ფრინველთაგანია, რომელიც ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს, ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევსა და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები.მწყერი პირველ ხანებში მწერებით ხოლო შემდეგ მარცვლეული კულტურებით იკვებება. მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენად და დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზაზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემაართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ. მწყერზე ნადირობა დასავლეთ საქართველოს არაზღვისპირა რაიონებში შემოდგომაზეც შეიძლება, ვინაიდან აქ მწყერი არ ბუდობს და თავს იყრის მხოლოდ გადაფრენისას გზად გაივლის დროს. მწყერზე ნადირობენ თოფით და მეძებარი ძაღლით. აფხაზეთსა და გურიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით. მწყერის მოსაკლავად ხმარობენ წვრილ - 10,11, 12 ნომერ საფანტს.
დურაჯი
მისი გავრცელების არეალი, ბოლო ხანებში შემცირდა და მე-20 საუკუნის მეორე მახევარში მხოლოდ რამოდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, მაყვალიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ესეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარის ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლადაც სახლდება. დურაჯის საკვებია მცენარის კვირტები, ბალახის თავთავი, ნორჩი ფოთლები, ყველანაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები. დურაჯები გაზაფხულზე წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს. დურაჯი საბუდარი ადგილებიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც. დურაჯის მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!