ხოხობი საქართველოს ფაუნის მშვენებაა. საქართველოში წინათ მრავლად ყოფილა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. დღესდღეობით მისი რაოდენობა
საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა იშვიათად გვხვდება.
ხოხობი (Phasianus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა, რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპულისანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან.
ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ბერძნებმა მას დაარქვეს"ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში.
კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან). მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია, აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში.მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე.
ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.ხოხობი სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!