"ნადირობა გურიაში”
აგერ, უკვე მერამდენედ მირეკავს, ბიჭიკო. -"ჩამოი, ძამა ჩამოი. ქათამია მაგრად შემოსულიო”. ყოველი, ასეთი ზარის შემდეგ, მოსვენებას ვკარგავ! მაშინვე ვიწყებ, მონადირეებში, რეკვას. იქნება ვინმე ავიყოლიო და მანქანით ერთად წავიდეთ, გურიაში ბიჭისთან. ხან, ვის "შევუთანხმდები” და ხან ვის, მაგრამ ბოლო მომენტში, არავის არ სცალია. ყველას, რაღაც "გადაუდებელი” საქმე უჩნდება. ვალდშნეპზე ნადირობის, სეზონი კი მიდის, დასასრულისკენ. დრო არ ითმენს. ბოლოს უკვე, იმას ვფიქრობ, რომ ბისკვიტიეს დავტოვებ თბილისში და მატარებლით წავალ გურიაში, მაგრამ ბისკვიტიეს დატოვებაც არ მინდა და ვარ ორად გაყოფილი, ამ საშინელ დღეში! ხან ბიჭი, მირეკავს და ხან კრიმანჭული, ორივე, თავის, ვალდშენპზე ნადირობაზე მიყვება და მაგიჟებენ! ბოლოს, გოგას ვუთხარი, გურიის და ქათმების შესახებ. გოგაც "მოიწამლა” ამ იდეით. "რაღაცას” ველოდებით, რომ გაირკვეს და მერე მივდივართ! გადაწყვეტილი მაქ, გოგაც თუ ვერ შეძლებს წამოსვლას, ბისკვიტიეს გარეშე წავალ! მიუხედავად, პატარ-პატარა შეფერხებისა, გოგამ მაინც შეძლო წამოსვლა. დამირეკა და მითხრა, რომ 100%-ით წავიდოდით. მხოლოდ, ამის შემდეგ დავურეკე, ბიჭის და ვუთხარი, რომ ამჯერად ნამდვილად მოვდივარ მეთქი. მერე აჩისაც შევეხმიანე და მასაც ვუთხარი, რომ ჩამოვალ მეთქი. კრიმანჭული, თურმე თბილისში აპირებს ჩამოსვლას, საახალწლოდ და ეს, რომ გავიგე ვიკივლე: "აიტ, არ გამომჭრა ყელი, ჩამუალ ნაღდი და არ ვიცი მე, შენი მუშაობა, უნდა ვინადიროთ!!” მეთქი. კრიმანჭულმა: -"ჯანაბას, შენი თავი, ოღონდ დააყენე საშველი და ჩამოიო”. სასწრაფოდ, გადავხედე ჩემს "არსენალს”. ტყვია-წამლის მარაგს გადავხედე. სანადირო ტანისამოს. მოკლედ ისე ვარ, რომ ორი დღით, ქათამს და იხვს კი არა, რუსის ჯარს შევაკავებ! აშკარად, გოგაც ასეა, მომზადებული! მოკლედ, როგორც იქნა დადგა, დიდი ხნის ნანატრი დღე. მივდივარ გურიაში! რამ გადამირია, ასე გურიაში, ქათამზე ნადირობაზე??? თუ, ვინმეს ასეთი უცნაური კითხვა დაებადა. მათ, ვეტყვი, რომ : როგორც ყოველთვის, თოფის სროლა, ამ შემთხვევაშიც მეათე ხარისხოვანია! მთავარი აქ, გურიაა! გურია, თავისი მთებით, ტყეებით, დაბლობებით და ჭაობებით, გურული ოდებით და "ქუხნებით” ბოლოს კი, რაღათქმაუნდა თვითონ გურულებით. ეს, მინდოდა და ეს, მენატრებოდა ყველაზე მეტად, თორემ, თოფი აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ერთ ხმაზე ქუხს!! დილით, გამომიარა გოგამ და ჩავბარგდით, ჩვენი თოფ-იარაღით და ძაღლებით. დავადექით, შორ გზას გურიისკენ! მივდივართ და რათქმაუნდა განწყობა ამაღლებული გვაქ. მახარებს, ის რომ მალე გურიას ვწვევი და ბიჭებსაც ვნახავ. ბიჭის და კრიმანჭულს. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ სამტრედიაში ჩავალთ, იქ დავრჩებით, გოგასთან სახლში და საღამოს ნადირობას, გოგას სანადიროებში ვინადირებთ. შემდეგ კი, ღამიანად გავალთ გურიაში ისე, რომ პირდაპირ სანადიროდ გავიდეთ დილას. ჩავედით სამტრედიაში. გოგასთან სახლში, რამოდენიმე წუთით შევირბინეთ, სანადირო ტანსაცმელი გადავიცვით და მაშინვე სანადიროებს მივაშურეთ. საღამოს გადაფრენაზე გვინდა, რომ მოვასწროთ ნადირობა. მივადექით, სამტრედიის ჭაობიან-ჩალიანებს. ადგილები მართლაც კარგია, იხვზე სანადიროდ. ადგილზე, გოგას ნაცნობი მონადირეც შეგვხვდა. გამოველაპარაკეთ, მონადირეს და ერთი კარგი ამბავი კი გავიგე, რომ "ფარზე” ვეღარ ბრაკონიერობს ხალხი. "მაგათ გულიზე ძროხას ხომ არ გავყიდიო” ასე გვითხრა, მონადირემ. ამ, ლაპარაკში უცბად, ჭიკვარა იხვების გუნდი შემოვარდა, ჭაობის თავზე და ჩვენც სასწრაფოდ დავდექით "ნომრებში”. ჩამობნელდა, მზე ჩავიდა და დატოვა ჰორიზონტი "ცეცხლმოკიდებული”. კარგა ხანი ვიდექით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მხრიდან სროლა ისმოდა, ჩვენთან იხვი არ გადმოსულა. მარტო რამოდენიმე ჩიბუხამ გადამიფრინა ჭყივილით. წამოვედით შინ, როგორც კი მივხვდით, რომ გაგრძელებას აზრი არ ქონდა. მივედით, გოგას "მოყვრებში” და ის საღამო ტრადიციული, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესით გავატარეთ. თუმცა სუფრას დიდი ხნით არ შევყევით, რადგან ღამიანად უნდა წავსულიყავით გურიისკენ!
დილის 4 საათია. როგორც იქნა! მოვიდა დრო გურიისკენ, გამგზავრებისა. სასწრაფო წესით, მოვემზადეთ და წავედით. არ გვინდა, რომ დაგვაგვიანდეს, ამდენი ხნის ნანატრ ნადირობაზე. ნატანებთან, კრიმანჭულს შევხვდით და ბიჭისკენ, გურიანთისკენ გავაგრძელეთ გზა. გზაში, ცოტა შევფერხდით და გვაგვიანდება. ბიჭი, მალ-მალე რეკავს და მეკითხება: "რა შობით, ბიჯო, სა ხართ ამდენი ხანი, დროზე თორე დაგვიანდაო”. იმასაც ერთი სული აქვს, როდის ჩავალთ. როგორც იყო, გამოჩნდა გურიანთა, ცოტაც და ბიჭის ოდა და თვითონ ბიჭიც დავლანდე. დგას, ჭიშკართან. ყავის, თერმოსით ხელში. მე, ვთხოვე წამოიმიღე მეთქი და მთელი თერმოსი ყავით დაგვიხვდა. სანამ, თოფებს ააწყობენ მანამდე დროს ვიხელთებ და ყავას გადავხუხავ, მეთქი ვიფიქრე, მაგრამ ბიჭებსაც ისე ეჩქარებათ ნადირობის დაწყება, რომ ნახევარი ჭიქის დალევაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე მზად იყვნენ გასასვლელად! სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებით, ხან აღმართს და ხან დაღმართს. ხევში, ჩავედით და სუსხი ჩასაფრებული მოსისხლესავით მეცა. პატარა, ღელე ჩამოდის, იქვე ხის ღობესთან "პერიმ” ჩვეული, ულამაზესი ნაბული გაჭიმა! მაგრამ გაპარულა კვათარა. უალამაზესი სოფლის, უალამზეს ბუნებაში, "ინგლისელის” საოცარი ნაბულის ხილვა, თანაც ალიონზე, ისეთი სანახავია, რომ "ყელში მომდგარი ბურთის, უკან ჩაგდებაზე კარგა ხანი ვიწვალე”. ავიარეთ პატარა აღმართიც და მივედით, სადაც უნდა დავდგეთ გადაფრენაზე, მაგრამ გვიანია. მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც დავდექით. ფრინველი არ ჩანს, მაგრამ ჩანს სხვა! გურია, მთელი თავისი მშვენიერებით! საოცარია, თითქოს ეს, ძველი ხის ღობე, რომელსაც უკვე მთლიანად მოსდებია ხავსი, ეს, ნაყანები, გაყინული ჩალით, ეს, ბებრი მსხლის ხე უკვე სადღაც მინახავს, თან დიდი ხნის წინ კი არა, არამედ სულ აგერ ახლა! ყველაფერი, ძალიან ნაცნობი და მშობლიურია. გვიმრაც და ფერდაზე შეფენილი ბამბუკის პატარა "ტყეც”. ამ, ყველაფერს ვუყურებ და მიხარია, რომ ეს ყველაფერი, ჩემს სამშობლოშია! ნანახით, ძალიან ნასიამოვნები ვარ, მაგრამ კიდევ რაღაცას ვეძებ. რასაც დიდი ხანი ვეძებდი, სულ სხვაგან ვიპოვე, მაგრამ აქ, გურიაში მინდა დავინახო. მინდა და ვხედავ კიდეც. ყველაფერში მას ვხედავ, ამ, თოვლისგან ჩამოთეთრებულ გორაკებშიც და ჯერ კიდევ სიმწვანე შემორჩენილ დაბლობის ტყეშიც, ზღვაზეც და ჩამავალი მზის, მეწამულ შუქშიც მას ვხედავ. ვგრძნობ, რომ მხოლოდ გურიაში ვარ ყველაზე ახლოს მასთან! მოკლედ, მე, რომ ჩემს განცდებში ვიყავი ამასობაში საკმაოდ ინათა. ისე, რომ ტყეში აფრენილი ვალდშენპი კარგად გამოჩნდება და ჩვენც ნელ-ნელა შევუყევით გორაკებს.ავდივართ მაღლა და ახლა სითბო გვხვდება სახეზე, სატრფოსავით თბილად გვეხვევა ყელზე. ფრინველი ბევრი აღარ არის, მაგრამ ჩვენ ბევრი არც არასდროს გვდომებია! ჩვენს წილს ყოველთვის ვიპოვით. ამ, იმედით ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდივართ. უცებ, გასროლის ხმაც შემომესმა და პირველი ტროფეიც აიღო გოგამ. ვაგრძელებთ. ერთ პატარა "კორომს” მივადექით, მაყვლიან-ჯაგიანია. შევიდნენ ძაღლები და "ეძებენ”. მე, მეორე მხრიდან შემოვუარე, თავზე მოვექეცი ამ გორაკს, ნაპირზე მივედი და ისე გადავხედე ჯაგიანს. უცებ, გოგას ხმა "თოფივით გავარდა” –"მოვიდა, გიო. თავზე მოვიდაო”- ამის დაძახება იყო და ამოვარდა ქათამი პირადპირ ჩემზე. კინაღამ სახეში მომხვდა გამოვარდნილი ქათამი. გამცდა ზურგს უკან და მეც სრულიად მშვიდად შემოვტრიალდი, ვიცი, რომ "უკან სუფთაა” და სად წამივა მეთქი ვფიქრობ. ერთადერთი ბუჩქი იდგა ჩემს ზურგს უკან და ზუსტად იმას "ამოეფარა” გაიძვერა ვალდშნეპი. "გავატანინე” ამ ბუჩქში საფანტს, მაგრამ არ "ეყო”. ერთი ბალიშის შესაკერი ბურდღა გადმომიყარა და წავიდა. თვალი არ მოვაცილე და დავინახე სადაც ჩაჯდა, წავედით ყველანი, მონადირეც და ძაღლებიც ის ადგილი გადავხანით, მაგრამ მეორე შანსი, აღარ მოგვცა იმ ვიგინდარამ. ცოტა ხანს კიდევ ვიარეთ. სხვა ადგილებიც ვნახეთ და მოვჩხრიკეთ, მაგრამ უშედეგოდ. ჩამოვედით, ისევ ბიჭისთან სახლში. გადაწყდა, რომ ცოტას შევისვენებთ, ვისაუზმებთ და მერე კრიმანჭულის "ადგილში” გავაგრძელებთ ნადირობას. ასეც, მოვიქეცით და პატარა პაუზის შემდეგ გავაგრძელეთ. კრიმანჭულმა ისეთ ადგილზე მიგვიყვანა, აი, "სულის ამღერებაო” რომ იტყვიან ზუსტად ისეთში. მზე, სითბო და "სიზმარში ნანახი ტყე”. უშველებელი, ვებრეთელა ხეებით, ძირს დაფენილი გვიმრით და ხავსით. ბებერი, წაქცეული ხეებით, რომლებიც ხავს სულ მთლიანად დაუფარავს. აქ, იქნები პოეტი აბა რა?! აქ, მუზების და რითმების მოგერიება არ გინდა?! თანაც, პერი ჩვეულ შედევრებს გვთავაზობს! ბოლომდე მოვიარეთ ის ადგილი და ვალდშნეპის, რამოდენიმე ულამაზესი აფრენა, საოცარი ნაბულები და მარჯვე გასროლები ვიხილეთ. წამოვედით და ფეხები უკან მრჩება,მენანება ამ "სამოთხის” დატოვება! მხოლოდ იმის ცთუნება მეწევა წინ, რომ ახალ ადგილებს ვნახავ.იხვის საღამოს გადაფრენა იწყება! მივედით იხვის ადგილზე. წინ, დიდი, ჭაობიანი მინდორია. შემდეგ კი ტყე. ჩვენ, ამ ტყის პირზე ვაპირებთ "დადგომას”. დავიძარით, მაგრამ ეს ჭაობიანი მინდორი სულაც არ არის ადვილი გასავლელი. დასადგომ ადგილებს ვარაუდით ვარჩევთ, მხოლოდ მონადირულ გამოცდილებას ვეყრდნობით. უცნობი სანადიროა, ესეც რომ არა ნადირ-ფრინველისას რას გაიგებ? ნადირობისას, 100%-ით დარწმუნებული, ვერაფერში იქნება კაცი! დავდექი და ვათვალიერებ გარემოს, დრო გვაქ გადაფრენამდე. უცხოურ, "ვიდეოებში” ნანახი სანადირო სავარგულები, ნეტა რატომ "გვშურს” ხოლმე, როცა ჩვენ უკეთესი გვაქვს! ადგილებია ისეთი, რომ აშკარად ეტყობა იხვის "საბუდარი” უნდა იყოს! ამ, სიტყვებში მალევე დავრწმუნდით. აი, ჩადის მზე. უკანასკნელ სხივებს აფრქვევს და ჰორიზონტს ნელ-ნელა "ეკიდება ცეცხლი”. ჩამობინდდა. გასროლის ხმა გაისმა, ჩემს გვერდითა "ნომრიდან”. ბიჭიმ დათოფა. ამ ხმაზე ვემზადები მეც. უცბად, ჩემს წინ, ვალდშნეპი შემოფარფატდა პეპელასავით. გასროლა და ბისკვიტიე თაქუდმოგლეჯილი მირბის ნანადირევის მოსატანად. მოვარდა, ქათმით პირში და გახარებული. გამოვართვი ნანადირევი, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ ცქმუტავს და წკმუტუნებს. უფრო დაბნელდა და კიდევ ერთი ქათამი შემოფრინდა ჩემს "ნომერში”, ჩამოვაგდე, მაგრამ ბისკვიტიემ ვერ დაინახა ჩამოვარდნილი და არ მეგზავნება იმ ადგილას. არაუშავს, ადგილს დავიმახსოვრებ და წასვლისას ავიღებ მეთქი. ძებნაზე დროის დაკარგვა აღარ შეიძლება, რადგან უკვე, იხვის პირველი გუნდებიც გამოჩნდა და ზალპებიც ისმის. დაიწყო იხვის გადაფრენა, მაგრამ რა დაიწყო? წვიმა! იხვის წვიმა მოდის! გასროლებს ვერ დათვლი! გადმომიფრინა თავზე ერთმა გუნდმა და ლამაზი "დუპლეტი” ავიღე. ერთი ცალი მაშინვე მოარბენინა ბისკვიტიემ, მეორეს კი ეძებს, მაგრამ ვერ ნახა. წასვლისას, მოგეხმარები ჩემო ბისკვიტიე- მეთქი ვფიქრობ. იხვი მოდის და მოდის, მაგრამ ჩემს აცდენებს რომ ვითვლი გული მისკდება! რა ჯანდაბა დამეტაკა?-ვერ გამიგია. იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ ეს აცდენებიც კი არ მიფუჭებს გუნებას. –"მოვიდა ბიჭო, მაღლა მოვიდა”- ასეთი შეძახილები ისმის ყველა მხრიდან. მიდის სიცილი და ხარხარი. გვიხარია, ერთმანეთის მარჯვე გასროლები. "საღოლ, კარგი ხარ!”-ვეუბნებით ერთმანეთს, აცილებაზე კი, "ეგ არაფერი, არ იჩქარო და ისე ესროლე”- "ვამშვიდებთ” ერთმანეთს. გადაფრენა ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ ყველამ ბევრი ვისროლეთ. მოკლედ, მაგარია რა!! გადაფრენა, მორჩა. წამოვკრიფეთ ნანადირევი. რამოდენიმე დავკარგეთ. გული გვწყდება, მაგრამ კაციც და ძაღლიც ძალღონეს არ ვიშურებთ მათ საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ. სამახსოვრო ფოტოები და მოვდივართ მანქანისკენ. მოვდივართ, მარა უკუნი ღამეა, თან ჭაობი და როგორი მოსასვლელი იქნება მონადირე ადვილად გაიგებს. ჯიბის ფანარი, მობილური ტელეფონი, სანთებელა და თუ რამეს შუქი აქვს ყველაფერს ვიყენებთ გზის გასანათებლად. მოვაღწიეთ მანქანასთან. სხვა მონადირეებიც მოგროვდნენ, ყველა იგივე სიტუაციაშია, მეძებრების ყოლის მიუხედავად ნანადირევის რაღაც ნაწილი ყველას დაუკარგავს. ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით გურიანთისკენ. დავაბინავეთ, ძაღლები, თოფ-იარაღი, ნანდირევი. ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ტრადიციულად, სტუმარ-მასპინძლობის წესს მივყვებით, ვახშამზე სუფრასთან. ყველანი უსაზღვროდ ნასიამოვნები და დაღლილები ვართ. ისმის ამ დღის, ნადირობის, გურიის და ერთმანეთის სადღეგრძელოები. გურულების ენაკვიმატობის ამბავი ცამ და დედამიწამ იცის, მაგრამ ერთი მაინც უნდა გავიხსენო. ბიჭის მამა იხსენებს, მატარებელში მგაზვრობის ამბავს: "ბიჯო, მატარებელში გავცივდი, პრავადნიკს გათბობა ჭადრაკისებურად ქონდა მგონია ჩართულიო” ბიჭიმ ეს, რომ მოისმინა გახედა და "რა იყო, ჭადრაკულად რა, ფეჩი იყო თუ კასეტური ბომბიო” სერიოზული სახით თქვა, მაგრამ ისეთი სასაცილო იყო, რომ კინაღამ გადმოვარდი სკამიდან! დაღლილები, მალევე დავიშალეთ დასაძინებლად. მე და კრიმანჭული ერთ ოთახში ვართ. მე, სასწრაფოდ დავწექი. დაღლილი ვარ. ცალკე სიარულით და ცალკე ნანახ-განცდილით. ეს, არ წვება, არ ისვენებს. იქვე, მიყუდებული გიტარა დაინახა, აიღო და დაუკრა. გაოცებული დავრჩი. "შე კაცო, ასე დაკვრა თუ იცოდი წეღან სუფრაზე ვერ თქვი?”-ვუთხარი, მუსიკით ნასიამოვნებმა. ეს, ვუთხარი და შევიდა ეშხში. სიმღერას, სიმღერა მოაყოლა. ქართული, რუსული თუ ინგლისური. აშკარად აღარ აპირებს გაჩერებას. არადა თვალები მეხუჭება და თან ვეხვეწები "კარგი, გეყოფა, დაიძინე აწი მეთქი” , მარა გაგიგია? უკვე ვნატრობ იქნებ სიმი გაუწყდეს გიტარაზე მეთქი. ბოლოს, მოულბა გული, შევეცოდე და დაამთავრა "ღამის საარი”.
"გათენდა". ეს, ჩვენთვის "გათენდა", თორემ ჯერ კიდევ გვარიანი სიბნელეა! გვინდა ერთხელ კიდევ დავდგეთ გადაფრენაზე, მერე იქვე ახლოში მოვიაროთ და შემდეგ თბილისის გზას დავადგეთ. დილის გადაფრენაზე ვიდექით, მაგრამ ფრინველი არ გამოჩენილა. თან, უკვე აღარც მინდა თოფის სროლა. მინდა, რომ ეს ჯადოსნური ალიონი, სულ სხვას დავუკავშირო და მივუძღვნა. თანაც, გული მწყდება, რომ ვტოვებ გურიას და მას. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ აღარ მენადირა. ბიჭებსაც ეტყობათ რომ მოიკლეს წყურვილი და ჟინი. დავეშვით სახლისკენ. ნელ-ნელა ჩავბარგდით, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და შინისაკენ მომავალ, გრძელ გზას დავადექით, იმ იმედით და რწმენით, რომ სულ მალე დავბრუნდები გურიაში, მასთან!