ძვირფასო ფორუმელებო, მემგონი დროა უკვე სათანადო ყურადღება მივაქციოთ ისეთ საინტერესო და საჭირო თემას, როგორიცაა თევზაობა "მეთოდ-ფიდერით" (method-feeder). ეს თემა ორმაგად საინტერესოა კიდევ იმით, რომ "მეთოდ-ფიდერით" თევზაობაში თავისი კონსტრუქციული ელემენტები შემოაქვს ისეთ გრანდს, როგორიცაა კარპფიშინგი. ეს არის მაგალითად სხვადასხვა თმიანი მონტაჟები, ბოილები და კიდევ მრავალი სხვა. ასე რომ, თქვენს წინაშეა ფიდერფიშინგისა და კარპფიშინგის ერთგვარი სინთეზის შედეგად შექმნილი უაღრესად საინტერესო სათევზაო სტილი, რომელსაც თავის არსენალში ბევრი ფორუმელი დაამატებს. იმედი მაქვს, რომ ამ თემას ბევრი ჩვენიანი გამოეხმაურება და შეავსებს სათანადო ინფორმაციით. მე კი, ჩემის მხრივ, ერთ პატარა შესავალ სტატიას წარმოგიდგენთ.
საკვებურა "მეთოდის" აღწერილობა და ნაირსახეობები
საკვებურა "მეთოდი" გამოიგონა ცნობილმა ინგლისელმა მეთევზემ დეივ ჰოულიმ, ხოლო მისი თანამედროვე ვარიანტის ავტორი გახლავთ ინგლისის ყოფილი ჩემპიონი როი მარლოუ.
საკვებურა "მეთოდი" წარმოადგენს სპეციალურ "ჩარჩოსებურ", "ზამბარისებულ" ან "მოწნულ" კონსრუქციას, რომელიც განკუთვნილია მკვრივი კონსისტენციის მქონე დამატებითი საკვების შესაკავებლად ერთიანი "გუნდას" სახით. დამატებითი საკვები უნდა "ჩავსრისოთ" საკვებურას წახნაგებს შორის ისე, რომ მივიღოთ საკვების "გუნდა". მეთოდ-საკვებურაზე ამაგრებენ მოკლე სადავეს (8-10 სმ), რათა სატყუარა ყოველთვის დამატებითი საკვების მახლობლად იყოს განლაგებული. ხშირად მეთევზეები სატყუარას უშუალოდ საკვების გუნდაში აფიქსირებენ.
მეთოდ-ფიდერი "საბრძოლო" მდგომარეობაში
"მეთოდ-ფიდერი" განკუთვნილია კობრის და სხვა ფსკერული თევზის დასაჭერად მტკნარ წყალში. თევზაობის პრინციპი დაფუძნებულია კობრის ჩვევებზე და მისი კვების თავისებურებებზე. ყველასათვის ცნობილია, რომ კობრი ძირითადად ფსკერთან მოძრაობს და საკვების ნაწილაკებს "მტვერსასრუტივით" იწოვს ფსკერიდან (გამომდინარე მისი პირის განლაგებისა და აგებულებებიდან). თუ კობრი იპოვის რაიმე მყარ საკვებს (მაგალითად ბოილს ან კოპტონის ნაჭერს), მას შეუძლია საათობით წოვოს იგი სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, თუ წყალში ჩავაგდებთ ცომის გუნდას, დავინახავთ, რომ კობრი კი არ კბეჩავს და აქუცმაცებს მას, არამედ თითქოს "წოვს" საკვების გამოზნექილ ადგილებს. ხოდა ამ თევზის კვების თავისებურებიდან გამომდინარე, მის დასაჭერად მოიგონეს "მეთოდ-ფიდერი". მინდა გითხრათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - აღნიშნულ მონტაჟზე თავდაპირველად იმდენ თევზს იჭერდნენ, რომ ინგლისის ბევრ ტბაზე ამ ტიპის თევზაობა აიკრძალა. გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგინდა, რომ მეთევზე ვალდებულია გამოიყენოს უფრო დაბალი ტესტის მქონე სადავე, ვიდრე ძირითადი ძუის ტესტია, რადგან თუ დიდი ზომის თევზის ამოყვანისას გაწყდა ძირითადი ძუა, საკვებურა დარჩება ჩამოკიდებული თევზის ტუჩზე, თევზი ვერ შეძლებს კვებას და ის დაიღუპება.
"მეთოდ-ფიდერისთვის" გამოიყენება მცურავი მონტაჟები (ყრუ მონტაჟი უფრო კარპფიშინგშია გავრცელებული). ამ დროს თევზის მიერ სატყუარას "წაღებას" გვაუწყებს ქვივერტიპი. უნდა გავხსოვდეს, რომ ქვივერტიპის მცირე, თუნდაც ხანგრძლივი, რხევა არ ნიშნავს თევზის ჩარტყმას - ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თევზი "წოვს" და ფსკერზე აგორავებს საკვებურას. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ ძლიერ, გაბედულ ჩარტყმას. მაშინ თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ამოკვრა და დავიწყოთ თევზის ამოყვანა. აუცილებელია ქვივერტიპის მუდმივი მეთვალყურეობა, რადგან "მეთოდ-ფიდერით" თევზაობისას ჩერტყმა შეიძლება საკმაოდ მოულოდნელი იყოს და ჩვენი ანკესი მომენტალურად აღმოჩნდეს შუა ტბაში.
საკვებურას ყიდვისას მიაქციეთ ყურადრება იმას, თუ როგორ არის განლაგებული მასში სიმძიმე. თუ თქვენ აპირებთ სატყუარას მიწოდებას საკვებ გუნდასთან ერთად (სატყუარა ჩაფლულია საკვებში), მაშინ სასურველია შეიძინოთ ცალი მხრიდან დატვირთული საკვებურები. ეს მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი სტყუარა საკვებურას ფსკერზე დაცემისას აღმოჩნდება საკვები "გუნდას" ზედა მხარეს.
თუ "მეთოდზე" დაგაწყვიტავთ თმიანი მონტაჟის და ბოილების გამოყენებას, სასურველია ვიხმაროთ ძირვადი ბოილები და ისინი ნახევრამდე ჩავფლათ დამატებით საკვებში. აი ასე:
თუ თქვენ მცურავი ბოილების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ არ არის აუცილებელი მათი მოთავსება დამატებით საკვებში, რათა მათმა უეცარმა "ამოხტომამ" საკვების "გუნდადან" არ დააფრთხოს მისული თევზი
"მეტოდ-ფიდერისთვის" გამოიყენება დიდი ტესტის მქონე ჩვეულებრივი ფიდერული ჯოხები - მედიუმი, ჰევი და ექსტრაჰევი (საკვებურას სიმძიმიდან გამომდინარე). გამოშვებულია, აგრეთვე, სპეციალურად "მეთოდ-ფიდერისთვის" გამკუთვნილი ჯოხები
DRENNAN SERIES 7 13, METHOD FEEDER ტესტი 5 oz (140 გრამი)
ეს არის მოკლედ რაც თავდაპირველად "მეთოდ-ფიდერზე" მინდოდა მეთქვა. შემდეგში ამ თემას უკვე საავტორო სტატიების თარგმანებით გავამდიდრებ.
იმედია სასრგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ, პატივისცემით
არის სხვა და სხვა სახის საკვებურები სტატიაში წარმოდგენილი საკვებურა სატყუარა გუნდაშია და როდესაც თევზი მის წოვას იწყებს ეს სატყუარაც თავის თავად შეეჭმევა. არის სხვა სახის საკვებურაც რომელსაც სატყუარა ცალკე გამოგბული ძუით უკეთდება და საკვებურასთან ახლოს მისული თევზი მას ყლაპავს
ამ გუნდას რო გადააგდებ წყალში, ალბათ ჩაიძირება და თევზსაც მოიზიდავს. მერე რა ხდება?სატყუარა სადაა? ცალკე უნდა გამოაბა? შიგნით დამონტაჟებული როგორ დაიჭერს თევზს?
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!