ბედნიერიც იყო. ერთი იმიტომ, რომ იცოდა, რა აბედნიერებდა. მეორეც იმიტომ, რომ ის, რაც აბედნიერებდა, არც მიუწვდომელ ნისლებში იყო ჩაფლული და არც მტანჯველად მიუგნებელი.
ჰა ბურთი და ჰა მოედანიო, რომ იტყვიან! ჰა ბადე და ჰა მდინარე... გიჟ-გოგიაც მზის ჩასვლამდე ქსნის პირას დაფუსფუსებდა, წყალში შედიოდა, გამოდიოდა, საათობით იდგა ჩქერში ბადემომარჯვებული. თავისას მხიარულობდა. თავისას აკეთებდა. ლიცლიცა ტალღები ტანზე ერთგულად ეალერსებოდა, სახეში მდინარის ნიავქარი სცემდა - გემრიელი, ტენიანი, უღალატო... წყალში ჩაღვრილი მზის ბრჭყვიალა ათინათები მის სიმარტოვეს ჯადოსნური სილამაზის ალყაში აქცევდა... თევზების სრიალ-პრიალი და სხმარტალი ხომ სულ ჭკუაზე შლიდა! რომ ჩაცლიდა ბადეს კასრში და ერთმანეთზე ჩაკრულ-ასხმარტალებულ დიდ-პატარა თევზს დახედავდა, ბედნიერი იყო გიჟ-გოგია...
ღმერთი, რჯული, ეს თევზი არც შემწვარი უჭამია, არც მოხარშული. გიჟ-გოგია მაგის მუშტარი არ იყო. თონის პური, პრასი, ლობიო და ცივი წყალი ყველაფერს ერჩია.
ჰოდა, რომ ჩასცლიდა-მეთქი კასრში ბადეს, ცოტა ხანს უყურებდა პირდაფჩენილი, მოსხმარტალე თევზების ტანჯვას... სულ ცოტა ხანს... მერე დაავლებდა კასრს ხელს, მდინარეს თავდაღმა ჩაუდგებოდა და... სულ უნდოდა ხმამაღლა დაეყვირა, მაგრამ გულში დასძახებდა: "მიჩუქნია თქვენთვინ სიცოცხლეეე". მოიქნევდა კასრს, და აბა, მაშინ იყო ბედნიერი თუ იყო! კუდს რომ მოიქნევდა თევზი და წყალს გაერეოდა, ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - კასრით ხელში იდგა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ალალი გულით იცინოდა ეს ჩვენი მოაბადი, სოფლის მალხინებელი გიჟ-გოგია. თუმცა, გიჟი რად იყო? განა ცოტას უოცნებია, ნეტა ზოოპარკის გალიები დამახსნევინა და მხეცები გარეთ გამომაშვებინაო... ან ჩიტები, იადონ-თუთიყუშები იმ გამოკეტილიდან მაღლა ცაში გამაფრენინაო...
გიჟ-გოგიამ ოცნება ცხადად იქცია. იჭერდა თევზს და უშვებდა. იჭერდა და უშვებდა. კიდევ იჭერდა და უშვებდა...
და ბედნიერი იყო.
ერთხელაც, ძილში კაცი გამოეცხადა. ჭარმაგი. დიდებული სანახავი. შიშველ ტანზე წელთან თეთრი ქსოვილი ერტყა. ერთიანად მზით გარუჯულს (თუმცა იმ რუჯს რაღაცნაირი, მომწვანო ელფერიც დაჰკრავდა) სხეულზე წყლის წვეთები უბრწყინავდა. ხელში ბადე ეჭირა და ბიბლიურ მოაბადს წააგავდა. იმ კაცმა გიჟ-გოგიას უთხრა:
მაგრამ ცივ ოფლში გაღვრილ გიჟ-გოგიას დაფეთებულს გამოეღვიძა და ეგ იყო, ვეღარ გაიგო, რა იქნებოდა მისთვის უკეთესი.
მეორე დილას ერთი კი გახედა მდინარეს ალმაცერად და სათოხარში გაჰყვა მეზობელს ფეხების ფრატუნით. საღამომდე ისე თოხნა, თავი არ აუღია.
- ბიჭო, რამ გაგაცოფა, შე ოხერო! თავი ჩააკალითქო, გითხარი?! - ხშირ-ხშირად გასძახოდა საღამოსპირისკენ მეზობელი, მაგრამ გოგია უბაგუნებდა და უბაგუნებდა თოხს გამომშრალ მიწას, თვალს არ აცილებდა. თავიდან არაფერი და, ნაშუადღევს მერე... გასაკვირია, როგორ, მაგრამ ის მიწის შავ-შავი გოროხები თანდათან ალიცლიცდა, აბრჭყვიალდა და წყლის პაწია ჭავლებს დაემსგავსა. მზის ჩასვლისას ნიავმა უფრო და უფრო ძალუმად რომ დაჰბერა, გიჟ-გოგიამ თოხი დააგდო და თავდაღმართში სირბილით დაეშვა. ქსნის პირამდე არ შეუსვენია. იქ კი მოცელილივით ჩაიკეცა შეგრილებულ რიყეზე და მზეზე მობრჭყვიალე წყალს ხარბად, მონუსხულივით მიაშტერდა. გაღმა ნაპირზე დიდი ტირიფი წყლისკენ თითქო უფრო გადმოზნექილიყო. გეგონებოდათ, ლამაზ ქალს თმა გაუშლია და მდინარეში ალივლივებსო... ბუჩქნარიდან ჩიტების სტვენა აღწევდა. მზე წყალს გაჰრეოდა. გამჭვირვალე - ოქროსფერი ჭავლები ნოტიო ნიავს რაღაც იდუმალი, მაცდური ბუტბუტით ავსებდა, აბრუებდა.
მაგრამ გათენდა თუ არა, ქსნის პირას დაერჭო, ბადით და კასრით ხელში.
რიყეზე ჩაჯდა. თეთრ სპირიდონაზე ცოტა არ იყოს, გულმოსული იყო.
"ნეტა არ მოსცლოდეს ზოგ-ზოგიერთსა! სადაცა არის, იქ ეტეოდეს! რას მამელანდა, რო მამელანდა! მე ველანდები იმასა?!"
ბრაზი თანდათან ერეოდა.
"ისა, არაა, გულზე სკდება რო ის იქაა და მე აქა! ადგა და გულზე გახეთქილმა ყვავივით დამჩხავლა თავზედა. ვინა სთხოვა, რო! ვთხოვე, მამელანდეთ-თქო? მიხედოს იმ თავის სამოთხესა! მე, აქა არა, მინდა წყალში დავიღრჩვები და მინდა კიდევა ისა... ცეცხლში დავიწვები! ეგრე!"
გაბრაზებულმა დასტაცა ბადეს ხელი და თავის საყვარელ ჩქერში შევარდა. ბადე მოისროლა და ჩაფინა თავისებურად.
ოჰო, ჰო, რა ეამა! რა ეამა ის გრილი ალერსი შიშველ ფეხებზე... ის წყლის იდუმალი ბუტბუტი... გახურებულ შუბლზე ის ნოტიო ნიავის ფერება... აგე, თევზიც გასხმარტალდა ბადეში!
"აბა, თუ დავიღრჩე! აბა!" - გაიფიქრა გულმოცემულმა, თითქმის ძველებურად ბედნიერმა გიჟ-გოგიამ და სწორედ ამ დროს, წყალმა ფეხქვეშ მოზრდილი ქვა გამოაცალა და შეუქანდა, შეუქანდა გული და ზუსტად მაშინ მზესაც შავ-შავი ღრუბელი აეფარა... მხიარული ბზინვა-ბრჭყვიალი საშიშ ბინდბუნდად იქცა. წყლის რაკრაკა ბუტბუტი რაღაც შემპარავი, ბედისწერასავით იდუმალი ხმით შეიცვალა და დაზაფრულ გიჟ-გოგიას სიცოცხლეში პირველად შეეშინდა თავისი სანუკვარი მდინარის... ბადეც იქ მიატოვა და სლიპინა ქვებზე ბორძიკ-ბორძიკით ნაპირისკენ მიაწყდა. გული ყელში მობჯენოდა. მუხლები ეკეცებოდა. მდინარე კი თითქო ჩაფრენოდა და არ უშვებდა.
მეორე, მესამე დღეს ხან ვის ეხმარა სათოხნში, ხან ვის. სოფელს მისი სიზმრის ამბავი მოსდებოდა. ზოგი ეღლაბუცებოდა, ზოგს ებრალებოდა...
ბადრია მეწისქვილის დედამ კაკლის ჩეროში გვერდით მოისვა და უთხრა:
- ბიჭო, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი! მართლა იმ მდინარეში ბადის ტურტურს მისტირი ამოდენა კაცი?
გიჟ-გოგიამ თავი ჩაჰკიდა.
- რათ აღარ თევზაობ? - არ მოეშვა ქალი.
- განა არ იცი... სიზმარში მოლანდებულმა მითხრა.
- ვიცი, ვიცი. მოვკარი ყური. აქეთ მამხედე, რა გითხრა. დარდი მოგკლამს თუ მდინარე, ერთი არაა? ნეტაი იმ სპირიდონას ყრანტალს რა ყურს უგდებ! რასა დნები სანთელივითა! დაიჭი ი შენი ბადე და ითევზავე! გული გაიხარე, ბევრი იცის სპირიდონამა!
გიჟ-გოგიამ კი თქვა:
- ეგრეცა ვქენი, მარა...
- მარა რა?
- მაღრჩობდა. რაღა რა...
- რაზე შეატყე, რო?
- ქვები გამამაცალა ფეხქვეშიდანა და მივქონდი...
"მართალია პაპაჩემის პაპაი... დაიღრჩობი მა რა მოგივა ემოდენა წყალში. დროზე არ მითხრა, ბიჭოო?! ან აქამდე როგორ არ დავიღრჩე, ეგაა საქმე... ბედი რო მამელანდა... ბედი!"
გადიოდა დღეები, დრო ისევე თანაბრად, მდორედ მიედინებოდა, როგორც მდინარე.
გიჟ-გოგიამ მოიწყინა. ისე მოიწყინა, გიჟობითაც აღარ მიმართავდნენ, გოგიაობით დაუწყეს მიმართვა.
უფრო ხშირად ქსნის პირას, ერთ ამოჩემებულ ლოდზე იჯდა და ჯოხით სილა-კენჭებს ქექავდა.
ერთჯერ, ასე რომ იჯდა, შორიახლო ბიჭები თევზაობდნენ. ბადე კასრში რომ ჩაცალეს, ერთმა გამოსძახა:
- ჰეი! გოგია! აქ მოდი, ნახე რა ამბავი თევზია!
გიჟ-გოგია წამოიზლაზნა და იქით გასწია.
- ეს ვედრა შენია. მაგ თევზსა, რაც გინდა, ის უყავი! - უთხრა იმ ბიჭმა, რომელმაც დაუძახა. სხვებმაც მხარი აუბეს.
- შენია, შენი. რაც გინდოდეს, ის უყავი.
კარგად იცოდნენ გიჟ-გოგიას გულის დარდი.
გიჟ-გოგიამაც კასრს ხელი წაავლო და ისე, უბრალოდ გაიფიქრა, მოწყენილად: "მიჩუქნია თქვენთვის სიცოცხლეო!.." და თევზებიც უნდილი ტყაპატყუპით ჩაცვივდნენ წყალში.
კარგა ხანს გასცქეროდა იმათ კვალს. მერე კასრი სილაზე დადგა და გამოტრიალდა... მადლობაც დაავიწყდა. სულაც დაავიწყდა ის ბიჭები...
მზე ჩადიოდა. გიჟ-გოგია ეზოს ჭიშკართან, ხის მორზე იჯდა. თონის პურს ღიღნიდა და სადღაც იყურებოდა... არსად, მისათითებელში, კაცმა რომ თქვას...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!