მოხუცდა გალაქტიონ ხურციძე, სამოცდაათ წელს გადაალაჯა. მისი შვილი, ცნობილი დასტაქარი ვახტანგი მამას ეხვეწებოდა -”დროა პენსიაზე გახვიდე დაისვენოო”, მაგრამ ჯიუტობს მოხუცი, მაინც მუშაობს აფთიაქის გამგედ. იგი ხან თავდახრილ, წამლების მზადებით გართულ თეთრხალათიან გოგონებს თვალს ადევნებს სიამოვნებით და თავად ამოწმებს ექიმების გამოწერილ რეცეპტებს, ხანაც სააფტიაქო სამართველოსკენ მიფუსფუსებს ხოლმე. კვირა დღის მოახლოვება ფარულ ზღვასავით ვრცელ სიხარულსა და იდუმალ თრთოლვას ბადებდა მის გულში, ეს დღე მთებში, ტყეებში, ველებზე სიარულით დაქანცულსა და ბედნიერს ტკბილად უღამდებოდა. ხელცარიელი იშვიათად ბრუნდებოდა და მაშინაც კმაყოფილი იყო; მოღლილ სხეულს სარეცელზე მოასვენებდა, ძილშიც უღიმოდა ტრამალებს, ტყიან და ხრიოკ, ღორღიან მთებს, ყურებდაცქვეტილ კურდღელს, ბარდში განაბულ გნოლს და ხევში შურდულივით გაჭრილ მოხატულწარბებიან, თვალმშვენიერ კაკაბს. ახლა გულმა ვერაგულად უღალატა გალაქტიონს, მგლის მუხლმაც უმტყუნა, შევარდნის ბრიალა თვალები ულმობელმა დრომ გაძარცვა და სათვალით შემოსა. ელდარის სანახები, აზერბაიჯანის ტრამალები. ტბები და ჭაობები ისევ ძალუმად უხმობენ გალაქტიონს, მაგრამ ამ ორიოდე წლის წინათ ისეთი რამ გადახდა თავს, რომ მას შემდეგ ნადირობაზე ხელი აიღო. ხოხობი ცხვირწინ უფრინდებოდა, გალაქტიონი კი ზედიზედ აცილებდა. როცა კითხეს -რა დაგემართაო, გულდაწყვეტილმა მიუგო: ხელი მიკანკალებს, ხოხობი კი არა, რაღაც ჩრდილს ბუნდოვნად ვხედავო. მაშინ გულში დასწყევლა სიბერე და გადაწყვიტა-სანადიროდ აღარასოდეს წასულიყო. სხვა დღეებში თითქმის ყოველთვის ხალისიანი, კვირას მოიწყენს, კედელზე ჩამოკიდებული თოფის წინ სავარძელზე ჩამოჯდება და მოგონებებს ეძლევა. მერე ადგება, პეწდაკარგული თოფის ლულებს, ძეძვისაგან დაკაწრულ ხის კონდახს ხელს სათუთად გადაუსვამს, ამოიოხრებს და კართან მოცუცქულ, თვალებმილეულ ბებერ ირლანდიურ სეტერს ნაღვლიანად მიაჩერდება, გალაქტიონსა და ამ ძაღლს ბევრჯერ გადუთელავთ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთები, თვალუწვდენელი ველები, უნადირიათ მწყერზე, გნოლსა და კაკაბზე, კურდღელსა და დურაჯზე, იხვზე და ბატზე.... ბალანშეთხელებული, თვალებწირპლიანი მეძებარი- შილდა ნიადაგ წევს ოთახის კართან დაგებულ ნოხზე და თვლემს. გალაქტიონი ხანდახან ეტყვის: ”შილდა წავიდეთ სანადიროდ!” ძაღლი თავს წამოწევს , ზანტად, უღონოდ წამოიმართება, ამღვრეული თვალებით შეხედავს პატრონს და ჩქარავე ძირს ეშვება, უჭირს ფეხზე დგომა. გალაქტიონს ბევრი მეძებარი ყოლია, ისინი ბერდებოდნენ და კვდებოდნენ. ძაღლის სიკვდილს ყოველთვის მწარედ განიცდიდა, მაგრამ ახალ მეძებარს შეიძენდა და ძველი ავიწყდებოდა. ძველს მხოლოდ მაშინ იგონებდა, როცა ახალი მასზე უარესი გამოდგებოდა. შილდასებრ არცერთი თავისი ბებერი მეძებარი არ შებრალებია, თუმცა ზოგიერთი შილდას ჯობდა ყნოსვით, სილამაზით და ჭკუით. შილდას გარდაცვალების გარდაუვალობა იქნებ იმიტომ უფორიაქებს სულს, რომ თავადაც გრძნობს სიკვდილის სიახლოვეს? აფთიაქიდან შინ მიმავალი გულში ყოველთვის ნატრობს-შილდა ცოცხალი დამხვდესო. ბოლო ხანებში, შილდამ უკლო ჭამას . გალაქტიონმა გადაწყვიტა დღეს ან ხვალ შილდა მოკვდება. წავიყვან იქ, სადაც ადრე უყვარდა ფრინველის ძებნა და სირბილი, თავის საყვარელ ღიჭიანში, ბუჩქნარში, დეე უკანასკნელად თვალი მოავლოს იქაურობას, დატკბეს დამჭკანრი , ხმელი ბალახის და ფოთლის სურნელებით და სული იქ დალიოსო. კვირას გალაქტიონმა შვილის მანქანაში ჩასვა შილდა. -შულავერისკენ წამიყვანე ვახტანგ-სთხოვა. თვალცრემლიანი გალაქტიონი გზაზე მკერდში იხუტებდა შილდას, უხმოდ ემშვიდობებოდა. მანქანამ ჭალისკენ გაუხვია, მდინარე დებედასთან შედგა. გალაქტიონი მანქანიდან გადმოვიდა, ფოთოლშეცვენილ ჯაგნარში დაკლაკნილ ბილიკს გაჰყვა. შილდა თითქოს გამოცოცხლდა. ჯერ პატრონს დაედევნა, მერე წინ გაუძღვა, კუდს იქნევდა, ბუჩქებთან ჩერდებოდა თითქოს რაღაცას ეძებსო, მცირე ხნის შემდეგ დაიღალა და დაწვა. გალაქტიონმა რძეში დამბალი პური შილდას ბლომად დაუყარა, მერე ზურგი უჩვენა ძაღლს, მანქანასთან სწრაფად მივიდა. თუმცა ოქტომბრის მიწურული იყო ციოდა, ნაოჭებით დაღარული შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ძლივს გასაგონი ხმით ვახტანგს მიმართა:-დავბრუნდეთ, შვილო. ვახტანგმა ღიმილით შეხედა მამას და ალერსიანად უთხრა:-მამაჩემო, სახე ისე ჩამოგტირის თითქოს შვილი დაგემარხოს. გალაქტიონმა თვალები შესაბრალისად დაახამხამა და რაღაც ჩაიდუდუნა. შინ ცოლმა გალაქტიონს უსაყვედურა: ძაღლი იქ დატოვე და აქ ძაღლივით იღრინები, თუ ასე გაგიჭირდებოდა უძაღლოდ ყოფნა ვინ გატანდა ძალას-შილდა მოიშორეო. -მომშორდი ქალო, თორემ არ ვიცი რას ვიზამ. შილდამ ღონე მოიკრიბა, ადგა. პატრონს რომ ვერ მოკრა თვალი, ყრუდ დაიყეფა აცნობა -აქა ვარო, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ”ხომ არ დაშავდაო”-გაიფიქრა ძაღლმა, გალაქტიონის ფეხის ნაკვალევს გაჰყვა. ნაკვალევმა იქ მიიყვანა სადაც ამ რამოდენიმე წუთის წინათ მანქანა იდგა. მანქანა არსად ჩანდა. გაოცდა გალაქტიონის მუდამ ერთგული მეგობარი, მარად მისი მოსიყვარულე ბებერი შილდა. ყეფდა, ყმუოდა, მოთქვამდა, სჯეროდა : მოვიდოდა გალაქტიონი, კვლავინდებურად დაუყვავებდა, მანქანაში ჩასვამდა და შინ წაიყვანდა. დილით შილდა თუმცა შიმშილმა შეაწუხა, გალაქტიონის მიერ დატოვებულ რძეში დამბალ პურს პირი არ ახლო, თბილისისკენ გაუდგა გზას. ორჯერ კინაღამ მანქანამ გაიტანა, სამჯერ სოფლის ნაგაზებმა დაკბინეს და ატირეს. თავჩამოგდებული უჭმელ-უსმელი დღისითა და ღამით ბარბაცით მიიწევდა თბილისისკენ. რამდენიმე დღის შემდეგ მიადგა ნაცნობ სახლს, კიბეზე აათრია სხეული, გალაქტიონის მეუღლემ კარი გააღო. შილდა რომ დაინახა, დაიხარა შილდა აიყვანა და მოეფერა: კიდევ კარგი მოგვაგენი, ჩემო საწყალო, ბებერო შილდა.. ძაღლი ხელებს ულოკავდა ქალს და გულისამაჩუყებლად წკმუტუნებდა. -ამ წუთში გამოცხადდი, შე დასამიწებელო, ახლა ხომ შეგეცვლება გუნება, შენი შილდა მოვიდა,-გალაქტიონს ტელეფონით დაელაპარაკა ცოლი. გალაქტიონი ქოშინითა და ხვნეშით შევარდა შინ, მკლავებგაშლილმა ძაღლისკენ გაიწია. მკერდში ჩავიკრავ, დავკოცნიო, ფიქრობდა, მაგრამ შილდამ ახლოს არ მიუშვა, ბალანი აებურძგნა, შეუღრინა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!