პოინტერი წარმოადგენს მეძებართა ერთერთ უძველეს ჯიშს. ეს არის ელეგანტური ძაღლი კეთილშობილი გარეგნობით. სამართლიანად ითვლება ერთერთ გამორჩეულ ჯიშად. მისი წარმოშობის შესახებ ცნობილია, რომ მისი თავდაპირველი სამშობლო იყო ესპანეთი და არა ინგლისი. ვარაუდობენ, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის ოფიცრებმა ესპანეთის ტახტისთვის ომის შემდეგ, გამოიყვანეს ესპანეთიდან ძველესპანური მეძებრები. ,,პერრო-დე-პუნტა” (რაც ნიშნავს ,,ძაღლი ნაბულზე”), რომლებისგანაც შემდეგ ბრიტანელმა სელექციონერებმა საგულდაგულო შერჩევის და სხვა ჯიშებთან, კერძოდ ფოქსაუნდთან შეჯვარების გზით, გამოიყვანეს თანამედროვე პოინტერი, გასული საუკუნის დასაწყისში. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც გვიამბობს, რომ პოინტერი არის აბორიგენი ინგლისური ჯიში, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანეთის კუნძულზე, გამოყვანილი, როგორც ყველა მეძებარი, მეძებართა იმ ჯგუფებისგან, რომლებსაც მუტაციის შედეგად გაუჩნდათ ნაბულის კეთების უნარი. ამაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც "To Point” (ნაბულის კეთება).
როგორიც არ უნდა იყოს პოინტერის წარმოშობა, ერთი უდავოა, პოინტერი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ალღოთი, სწრაფი შორეული და ფართო ძებნით, მტკიცე ნაბულით. ნანადირევის ნებისმიერ სუნზე მყისიერი რეაქციით.
თავის სამშობლოში პოინტერს მონადირისთვის მოკლული ნანადირევის მიტანას არ აიძულებენ, რათა არ გაუფუჭონ მტკიცე ნაბული. ამ მიზნისთვის ინგლისში გამოიყენება სპეციალიზირებული მომწოდებლები. "აპორტიერები” რომლებსაც რეტრივერებს უწოდებენ.
პოინტერის გამოჩენილი უნარები მალევე გახდა ცნობილი ევროპის კონტინენტზე და უკვე გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს პოინტერების გაყვანა ინგლისიდან სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა კონტინენტურმა მეძებარმა იგრძნო თავის თავზე ამ ჯიშის გამაკეთილშობილებელი გავლენა.
უნივერსალურობისკენ სწრაფვამ პოინტერისგან ყოველმხრივ განვითარებული ძაღლი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პოინტერი შედარებით სწრაფად სწავლობს კვალზე გასვლას და აპორტირებას, მის ძირითად სტიქიად მაინც ძებნა და ნაბული რჩება
სტანდარტი:
თავი და ქალა: ქალა საშუალო სიგანის და შესაბამის შეფარდებაში დრუნჩის სიგრძესთან. შუბლიდან დრუნჩისკენ გადასვლა მკვეთრად გამოხატული; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული; ცხვირის წვერი და ქუთუთოები მუქი; ნესტოები ფართო, რბილი და სველი, ცხვირი ოდნავ აპრეხილი; ღაწვის ძვლები ნაკლებად გამოწეული; ტუჩები რბილი და კარგად განვითარებული. თვალები საშუალო სიდიდის, კარგად დაყენებული; ფერი – ყავისფერი ან ღია ყავისფერი (დამოკიდებული ბეწვის ფერზე); მზერა – ჭკვიანი, მშვიდი. ყურები – დაშვებული, საშუალო სიგრძის, ბოლოებისკენ დავიწროებული, დაყენებული შედარებით მაღლა და წინა მხრით ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
ტანი: მკერდი ოვალური ფორმის, განიერი; ნეკნები წელის მიმართუებით გაფართოებული; ზურგი – მოკლე, ძლიერი, დაკუნთული და ოდნავ ამობურცული; გავა – კარგად ფორმირებული, დაკუნთული, ფართო.
წინა კიდურები: ბეჭები გრძელი, ირიბად დაყენებული; კუნთები კარგად განვითარებული, რელიეფური.
უკანა კიდურები: თეძოები ფართო და დაკუნთული; წვივები – გრძელი; მუხლის სახსრები კარგად მომრგვალებული. თათები – ოვალური ფორმის, კარგად შეკუმშული თითებით და უხეში ბალიშებით. კუდი – საშუალო სიგრძის, სათავეში ფართო, ბოლოსკენ დავიწროებული, მოკლე ბეწვით დაფარული; როდესაც ძაღლი მოძრაობს კუდს უნდა აქიცინებდეს აქით-იქით.
ბეწვი – წვრილი, უხეში, პრიალა, თანაბრად განაწილებული მთელ ტანზე.
შეფერილობა – უფრო ხშირია თეთრი – ყვითელი, აგურისფერი, ყავისფერი ან შავი ლაქებით. დასაშვებია ერთი ფერის შეფერილობაც და სამფეროვნებაც.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!