ზარნაშო ტანით ყველა სახეობის ბუზე დიდია, იგი თითქმის არწივისოდენაა. თავზე ბუმბულის კონები აქვს ამართული, ეგრეთ წოდებული "ყურები”. ტანის ბუმბული მოყავისფრო-მოყვითალოა.
ზარნაშოს მკვრივი ტანი, დიდი თავი და მძლავრი ნისკარტი აქვს, ფეხები კლანჭამდე ბუმბულებითაა დაფარული.
ზარნაშო დღისით ისვენებს რომელიმე ჩრდილიან ადგილში, სანადიროდ დაბინდებისას გამოდის.
ზარნაშოს ძახილი "შუ-ბუ, შუ-ბუ” შორს ისმის, გარდა ამისა , იგი ყეფა-ღმუილის მსგავს ბგერებსაც გამოსცემს ხოლმე.
დასვენებისა და ბუდობისათვის ზარნაშო ყოველთვის მყუდრო ადგილს ეძებს.
მძლავრ ზარნაშოს შეუძლია შედარებით მსხვილი ცხოველების (მაგალითად კურდღლის) მონადირება, იგი იკვებება აგრეთვე მღრნელებით, ტყეში იჭერს ფრინველებს. ზარნაშო ბუდობს ტყეში მიწაზე ან ჯირკზე, ხოლო უტყეო ადგილებში—კლდის ნარალში და ხრამში.
ზარნაშო გაზაფხულზე 2-3 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკვას 35 დღე უნდება, მესამე თვეზე ბარტყები უკვე მოზრდილები არიან.
სასარგებლო ფრინველების, კურდღლის და სხვა ცხოველების განადგურებით ზარნაშოს გარკვეული ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, მაგრამ, ამავე დროს, მავნე თაგვისებური მღრნელების განადგურებით იგი სარგებლობის მომტანიც არის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!