ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

მონადირე
   შემოდგომის საღამო იყო. მოწმენდილ ცასქვეშ თითქოს სძინავსო ისე იყო გაყუჩებული ბუნება. ბეჟანა ტყისპირელიძემ ჩამოუშვა ხიდან ჩხავერის ყურძნით სავსე უკანასკნელი გიდელი. ჩამოვიდა ძირს და როცა დახედა, დანაცრულ და გაფუჭებულ ყურძენს, ამოხვრით თქვა-”რომ აღარ იქნა, შენც ქე უნდა დეეთხოვო! რასაც შენსკენ პირი არა აქ, იგი ძალით არ იქნება. ამას ქვია ყურძენი? ამისთანას უწინდელ დროში ღორების საჭმელად ვყრიდით”. ერთხანს კიდევ დაღონებული უმზერდა ბეჟანა ყურძენს, შემდეგ გახედა დადუმებულ ბუნებას,  სახემ გაუღიმა და ფიქრებში შემდეგმა აზრმა გაურბინა:-”რა იკამ დარია! მონადირის გული ვერ მეითმენს ამაღამ სამზირს წაუსვლელობას”. ამ ფიქრის შემდეგ ბეჟანამ წამოავლო გიდელს ხელი და ჩქარი ნაბიჯით გასწია სახლისკენ. -”ივლიტე, ერთი კვერი გამომიცხვე, ამეღამ სამზირს წავალ”, -უთხრა მან ცოლს სახლში შესვლისთანავე. მანამ ცოლი კვერს გამოუცხობდა, ბეჟანამ გამოიტანა ყირიმი(თოფი), გაწმინდა ჩვრით და გამოცვალა ფალიაზე პირის წამალი. ბეჟანის ბავშვები მიუხვდნენ: - ”ბაბა ტყეში მიხვალ? წიწიას მეიტან? ” მეტადრე ერთი, ორი-სამი წლის ბავშვი ეკითხებოდა: -”ბაბა, ღოლის თავს მეიტანავ?”  -”კი შვილო, თუ კი მომცემს ეგნატე მახარობელი, თავსაც მევიტან და გავა-დუმასაც”- ალერსიანად ეუბნებოდა პაწია შვილს ბეჟანა. თოლიამ დაუნახა თუ არა პატრონს თოფი ხელში , მიირბინა მასთან და კუდის ქიცინით აცხადებდა თავის სიხარულს . ის დიდი ხანია აღარ წაეყვანათ სანადიროდ და ამიტომ მოსწყურებოდა ტყეში ერთი განავარდება და ნადირთან ომი. როცა კვერი გამოცხვა, ბეჟანამ დაადო ზედ ხმელი ყველი, გამოკრა ”სახოცში” და მოიკრა სარტყელზე საქონეს, ყანთარქილას და თოკის სიახლოვეს, ჩამოიკიდა წელზე თავის დიდი დანა, გადაიკიდა მხარზე ფალასკა, ჩამოაცვა თოფს ხალთა, გაიდვა მხარზე, დაიწერა პირჯვარი. მზე ჩავიდა კიდეც, როცა ბეჟანამ ტყეში შეყო თავი. დაბურულ ტყეს, საცა ამ დროს ფოთილიც არ ინძრეოდა, რაღაც საიდუმლო სახით ედებოდა ღამის სიბნელე. უჩვეველ ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს დაბურული ტყის მდუმარება და სიბნელე შეაშინებდა, მაგრამ ბეჟანას რაღაც ნეტარებით აუტოკდა გული, როცა ტყის ჰაერი მოხვდა პირზე. მისთვის ამ დაბურულ ტყის მდუმარებაში მთელი პოეზია იხატებოდა. მისი ლაზათიანად მოყვანილი ტანი, მსხვილმსხვილი წარბები, მრისხანე თვალები და გაბურძგნული შავი წვერი რაღაც გარმონიულად ეთანხმებოდა ზემო აღწერილ ბუნებას. სიბნელე უფრო და უფრო წვებოდა ტყეში და საშიშარი შეხედულება ედებოდა არემარეს, მაგრამ ბეჟანა კი ისე უშიშრად და მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა თითქოს შუადღისას კარგად ნაცნობ გზატკეცილზე მიდისო. ისე აგერ ორმოცდახუთი წლის კაცი იყო და რაც თავი ახსოვს, იშვიათად ყოფილა თვე, რომ სამი-ოთხი დღე სანადიროდ ან სამზირს არ გაეტარებიოს ტყეში. ტყე მისთვის სატრფო იყო, სატრფო რომლის ნახვა მით უფრო სასიამოვნოა მიჯნურისთვის, რაც უფრო შორს არის სხვა ადამიანის თვალიდან, რაც მის გარშემო მიდამო მყუდროებით არის მოცული. ტყისა და ნადირობის შესახებ ბეჟანას ბევრი ზღაპარი და მოთხრობა ქონდა გაგონილი, რომლის გავლენით ტყე მის თვალში სულიერი არსება იყო. ფანატიკოს ბეჟანას ეჭვიც არ შექონდა ზღაპრებში მოთხრობილი ამბების სინამდვილეში.  მართალია ბოლო დროს ბეჟანა ძლიერ ჩიოდა ნადირის გადასვლაზე, მეტადრე გულს უთუთქავდა ბეჟანას ის გარემოება, რომ იმ ტყეებში სადაც ფეხი მიუწვდებოდა ირემი სრულიად მოისპო.  ეს მოვლენა ნადირის შემცირება და ირმის მოსპობა ბეჟანას ფიქრით, რკინიგზის ბრალი იყო. ამიტომაც ძლიერ ეჯავრებოდა ეს ცივლიზაციის ნაყოფი. რკინიგზა რომელიც ახლო იყო ბეჟანას სატრფიალო ტყესთან.   იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ძლიერ აჯავრებდა ბეჟანას: ტყე, რომელიც ბატონ-ყმობის დროს თითქმის სოფლის საკუთრებას შეადგენდა, იქ ნადირობას და ხე-ტყის მოჭრას ვერავინ დაუშლიდა, რამდენიმე კაცმა თავადაზნაურმა დაისაკუთრა და უბაჟოდ გარეშე პირს აღარ შეეძლო გაჭაჭანება. ამ გარემოებამ ისე გააჯავრა ბეჟანა, რომ ნადირობაზე ხელის აღებასაც კი აპირებდა. ერთ წელიწადს მიატოვა კიდეც თავისი საყვარელი ხელობა, მაგრამ მეტი კი ვეღარ შეძლო, ისევ მოენატარა თავისი სატრფო ტყე. აიღო ნება ერთი თავადისგან და მიჰყო ხელი ხელახლავ ნადირობას. უნდა შევნიშნოთ, იმ თავადს გარდა, რომელმაც ბეჟანას ნადირობის ნება მისცა იმ ტყეს სხვა კიდე ბევრი პატრონი ყავდა, რომლებიც ემუქრებოდნენ ბეჟანას, ნუ ნადირობ ჩვენს ტყეში თორემ ჯარიმას გადაგახდევინებთო. ამიტომაც ბოლო დროს ბეჟანა, ადრინდულად ხშირ-ხშირად აღარ დადიოდა ტყეში და როცა წავიდოდა, ცდილობდა არავის ენახა. ტყე ბნელეთად იყო ქცეული, როცა ბეჟანა მივიდა ერთი უზარმზარი მუხის ძირში, რამოდენიმე ადგილას დაიხარა, გაუჩერა მიწას თავისი გამჭრიახი თვალები, რომლებიც ბნელშიდაც საკმაოდ არჩევდნენ საგანს. როცა დარწმუნდა, რომ წუხელის ღორი ყოფილა რკოზეო, გავიდა მუხაზე, ამორიჩია ისეთი ტოტი, რომლზედაც მოხერხებულად შეეძლო ჯდომა და დარაჯობა და დაჯდა ზედ. ყველი და მჭადი კი, რომ ნადირს სუნი არ მოხვედროდა და არ დამფრთხალიყო, შეახვია მუხის ფოთლებში და ჩადო ერთი დიდი ტოტის ლაჯში. იჯდა ბეჟანა, თოფმომარჯვებული და სმენად გადაქცეული. გავიდა ხანი და ტყის მდუმარება დაარღვია ტურების უსიამოვნო ჭყავილმა. როცა ტურების ჭყავილი შეწყდა და ტყე, სადაც არის დადუმდებაო გეგონებოდა,  გაისმა ტყის არემარეში გულის შემზარი, გაგრძელებული ზმუილი მგლებისა.  კარგა ხანს გაისმოდა, გლოვის ზარივით, მდუმარე ტყის სივრცეში ეს საზარელი ხმა. ბოლოს ისიც დადუმდა. უკანასკნელ, იქვე, ბეჟანას გვერდთან, წაიჩხუბნენ კვერნები, რამდენსამე წამს ჭაჭყანებდნენ, თითქოს კბილებით ყელს ღადრავენ ერთმანეთსო, მაგარმ უკანასკნელი ხმაურობაც ჩქარა გაქრა ჰაერში და მთელი არემარე ისევ დაინთქა ბნელით მოცულ მდუმარებაში. ბეჟანა ტოტზე იჯდა გაუნძრევლად, ის მხოლოდ ხანდახან შეხედავდა ცას, რომ ვარსკვლავებზე შეეტყო რამდენი გავიდა ღამის და რამდენი დარჩა კიდევო. როგორც ტყეში მოსიარულე, ის თითქმის შეუცდომლად ატყობდა ვარსკვლავების მსვლელობაზე დროსა და მხარეებს. იცოდა აგერთვე, ორი-სამი დღით ადრე წინასწარმეტყველება დარ-ავდრის შესახებ და იშვიათადაც გაწბილდებოდა მისი წინასწარმეტყველება ამ საგანზე? დაცდილი ქონდა წლის დროების და წინდაწინვე ამბობდა წრეულს გვალვიანი ზაფხული იქნებაო, ”ზამთარი ადრე დაიწყება”, ”ჭყიჟორიანი გაზაფხული იქნებაო” და სხვა. მართალია, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველება ხშირად ტყული გამოდგებოდა, მაგრამ ხანდახან კი გამართლებულა.   შუა ღამისას მუხას ქვეშ გაისმა ფაჩუნი. ბეჟანამ აცქვიტა ყურები, მაგრამ ჩქარა დარწმუნდა, რომ მუხას ქვეშ დადიოდა ტურა, რომლის გულისთვისაც ის ახლა თოფს არ დასცლიდა, მაგრამ ტურის ნახვა კი ესიამოვნა ბეჟანას რადგან კარგ ნიშნად ქონდა დაცდილი, როგორც ცრუმორწმუნე, ბეჟანა დიდ მნიშვნელობას აძლევდა ასეთ დაცდას: სკვინჩას ძახილი, ყურის წივილი, ტურის ნახვა, კურდღლის ნახვა და სხვა ამგვარები, ბეჟანას ფიქრით უეჭველად რისამე მომასწავებელი ნიშანი იყო ადამიანისთვის. ძლიერ ეშინოდა კიდეც ბეჟანას ”დაყალბების”, რომელიც ბეჟანას და ყველა მონადირეების ფიქრით, მდგომარეობს შემდეგში როცა რამოდენიმე ამხანაგი ჯერ ერთად ნადირობს და შემდეგ გაიყოფიან, შესაძლებელია, რომელიმემ რაღაც საიდუმლო ზეგავლენით ნაამხანაგარი ”დააყალბოს”.  დაყალბებულის ტყვია ნადირს აღარ მოხვდებოდა. თუ მაინცდამაინც მოხვდა, ვერ მოქმედებდა, უმნიშვნელოდ ძირს ვარდებოდა. ”დაყალბებულს” არ შეეძლო დაჭრილი ნადირის სისხლი დაინახოს და სხვა. ერთი სიტყვით სანამ ”ყალბს არ აიხსნის”, მისი ნადირობა გაფუჭებულია. ყალბი ამნაირად უნდა აიხსნას: ნაამხანაგებნი ერთ დღეს ხელახლა ერთად წავლენ სანდიროდ, რასაც იმ დღეს იშოვნიან, ისე გაიყოფენ, რომ არავის არა ეწყინოს რა, საღამოს ერთმანეთს ამოლოცვენ და გათავდა ”ყალბი ახსნილია”. გავიდა შუაღამის შემდეგ რადენიმე საათი და ნადირის ჭაჭანება არსად იყო. ბეჟანა დაღონდა:ნუთუ ისე ხელცარიელი უნდა წასულიყო შინ? ”იი დასაქცეველი რომ აღარ არის ნადირი, იგია! ორი ბუსუნაკი ღორი აგდია, ამ სიდიდე ტყეში, იგი რომელ მუხას ქვეშ შევა აბა რას მივხვდები!”. ამ ფიქრში, იყო ბეჟანა როცა მისმა მახვილმა ყურებმა შორს გაიგონა რაღაც ხმაურობა, ბეჟანამ გატყვირა სული, რამდენსამე წამს შემდეგ მუხას ქვეშ შევიდა ერთი გროვა ღორი, რომელსაც მედიდურად მოუძღვოდა წინ ზორბა ტახი და ხანდახან დინჯად ღრუტუნებდა, თითქოს როგორც მეთაური, რაღაც დარიგებას აძლევს უმცროსებსო. ბეჟანამ ნელა ჩამოაპარა თოფი მუხის ტოტებში და დაუმიზნა მეთაურს. არ გასულა წუთი, რომ მდუმარე ტყე გააღვიძა თოფის ხმამ, რომელიც კარგა ხანს მიდიოდა ხუილ-ხუილით სადღაც შორს. ბეჟანა სრულიად დაიმედებული, რომ მისი ყირიმი მიზანს არ ასცდებოდა, ნელა დაეშვა მუხიდან, რომ აექნა მოკლული ღორი. მეორე დღეს, დილაადრეან, ხორცით დატვირთული ბეჟანა, მხიარული სახით მივიდა ცოლ-შვილში. ბეჟანას ბავშვები აღტაცებით შემოეხვივნენ ზორბა ტახის თავს, რომელსაც აქეთ-იქით თეთრად უელვარებდა ეშვები. ბეჟანას მეუღლე, ივლიტეც ბავშვივით მხიარულობდა და ისე უყურებდა ქმარს, თითქოს უნდა უთხრას: ’’მოდი, დაგიკოცნო ულამაზო, მაგრამ ვაჟკაცური სახეო”. მართალია ბეჟანას სახლში ნადირის ხორცი იშვიათი არ იყო, ნედლი თუ შაშხი წლიდან წლამდე არ გამოელეოდა, მაგრამ ასეთი სამგალითო დიდი ტახის მოკვლა ამ ნადირის სიძვირის დროს მაინც დიდი სიხარული იყო ოჯახისთვის. ბეჟანამ მოიშველია სამი ბეზობელი, მოიტანა შინ ხორცი, რომელიც მოტანისთანავე დაანაწილა და თითო კერძი თითქმის ყველა მეზობელს და ახლობელს მიაწვდინა. თავადს, რომლისგანაც ნადირობის ნება ჰქონდა აღებული, რა თქმა უნდა, საუკეთესო ასო ნანადირევის მიართვა. მთელ იმ სოფელს მოეფინა ამბავი ბეჟანამ ისეთი ტახი მოკლა, რომ როგო ჰქონდა ბეჭებზეო. კარგა ხანს იკმარა ამ შემთხვევამ სალაპარაკო მასალად, მეტადრე ბეჟანას მეზობელი ქალებისთვის. და უკანასკნელ, როგორც იქნა მისცეს დავიწყებას. ბეჟანას ხომ რა, დიდი ხანია დავიწყებული ჰქონდა.ერთ დღეს ნაცვალმა მიუტანა ბეჟანას უწყება და გამოუცხადა: ”სუდში’’ გიბარებენ ღორის მოკვლის თაობაზეო. ბეჟანას ძლიერ გაუკვირდა ეს ამბავი, შეშინდა კიდეც უნდოდა ვინმესთვის დაწვრილებით ეთქვა იმ საჩივრის გარემოება, მაგრმ სამსჯავროში მისვლამდე, აბა სად გაეგო? დანიშნულ დღეს ბეჟანა გამოცხადდა სამსჯავროში. შენ გიჩივიან ესა და ეს მებატონეები, წაუკითხა ბეჟანას მსაჯულმა პროტოკოლი რომ შენ მაგათი ნების გარეშე მოგიკლავს მათ ტყეში ღორი, ითხოვენ შენგან ღორის ფასს და ჯარიმას, ახალგამოსული სანადირო კანონის თანახმად, სულ ოთხმოცდაჩვიდმეტ მანეთს. რას იტყვი ამაზე? ჰკითხა ბოლოს მსაჯულმა. ბეჟანა შეყოყმანდა, დიდ ხანს ვერ ახერხებდა პასუხს, რადგან არ იყო მიჩვეული საჩივრებს და დავიდარაბას. ბოლოს როგორც იქნა გაბედა და უთხრა: მე ბატონო, ნება მაქ  აღებული ბეჟანამ დაასახელა ის თავადი, რომლისგანაც ნადირობის ნება ჰქონდა აღებული. რითი ამტკიცებ, რომ ნება გაქვს აღებული? გაქვს რაიმე წერილობითი საბუთი?  -წერილი რათ მინდოდა, ბატონო? იმ კაცმა ნება მომცა, წადი და ინადირე, კაცი ხმას ვერ გაგცემსო. ამის მეტი რაღა წიგნი და თამასუქი მინდოდა? პირის გატეხას ხომ არ იკადრებს იმისთანა დიდი კაცი!  აქ მომჩივანი მებატონეების ვექილმა რაღაც რუსულად უთხრა მსაჯულს.  -ასეთი დაუმტკიცებელი განცხადება არ მიიღება. რამე საბუთი უნდა წარმოადგინო, -მიბრუნდა მსაჯული ბეჟანას. -მე,  ბატონო, იმისთანა დიდი კაცის სიტყვაზე უკეთესი საბუთი რაღა მექნება?  გაიმეორა ბეჟანამ. მეტი აღარაფერი გაქვს სათქმელი? შეეკითხა მსაჯული. -მეტი რაღა უნდა მქონდეს?  აქ მებატონეების ვექილმა ერთი მოკლე სიტყვა წარმოსთქვა რუსულად და მსაჯული შეუდგა განჩინების წერას. ბეჟანა, რომელიც ამაზე მეტად სამსჯავროში თავის დღეშიაც არ ყოფილა, გაშტერებული უმზერდა მსაჯულს. ის რომელსაც არ ეშინოდა მგლების ყმუილის და ბნელი ტყის საიდუმლო მდუმარების, ახლა ძლიერ შეაშინა ვექილის რუსულმა ლაპარაკმა, კალმის ფხაჭაფხუჭმა და მსაჯულის მდუმარებამ. მსაჯულმა გაათავა განჩინების წერა და დაიწყო კითხვა. კითხვის დროს ხალხი წამოცვივდა ფეხზე და ისე ისმენდა. როცა მსაჯულმა კითხვა გაათავა, თარჯიმანმა გადაუთარგმნა ბეჟანას, რომ განჩინების ძალით, მან, ბეჟანამ უნდა გადაიხადოს ღორის ფასი, ჯარიმა და საქმის წარმოების ხარჯები სულ ასცხრა მანეთიო. საწყალი ბეჟანა გაშეშდა ჯავრისგან. როცა მსაჯული შეეკითხა, კმაყოფილი ხარ განჩინებით თუ აპელაცია გადაგაქვსო ხმა არ დაუძრავს; არც  იცოდა რას ნიშნვდა აპელაცია. -მაშ, აწერ ხელს კმაყოფილებაზე? შეეკითხა თარჯიმნი. - თქვენი ნებაა, თუ არ დამღუპავთ თქვენ და თქვენი ღმერთი, ძლივს ამოიღრიტნა ბეჟანამ. თარჯიმანმა ბეჟანას მაგიერ განჩინებაზე ხელი მოაწერინა ვიღაც ერთ დამსწრეს და ბეჟანა დაბრუნდა შინ. მას მხოლოდ ერთი იმედი დარჩენოდა, რომელსაც შეეძლო ამ გადასახადიდან დაეხსნა. ეს იმედი იყო თავადი, რომელმაც ნება მისცა ბეჟანას და როცა ეს უკანსკნელად ძღვენს მიართმევდა, ყოველთვის ამ იმედიანი სიტყვებით გამოისტუმრებდა -”ნუ გეშინია, ჩემო ბეჟან, ინადირე, რამდენიც გინდოდეს, ჩემი სახელი ახსენე და კაცი ხმას ვერ გაგცემს” -ო. მოვიდა თუ არა ბეჟანა შინ, გააკეთებია ცოლს ხაჭაპურები, დაადო ზედ რამდენიმე ქათამი და გასწია თავისი მწყალობელი თავადისკენ. თავადმა მიიღო ძღვენი, მოისმინა ბეჟანას თხოვნა და შემდეგ დოინჯშემოყრით უთხრა : -ჩემი წილი მიპატიებია და რაც შეეხება სხვების წილს, იქ, აბა რა ხელი მაქვს მე!  ახლა კი მწარედ დაღონდა ჩვენი ბეჟანა, თავჩაქინდრული დაბრუნდა შინ და მოელოდებოდა: ახლა, აი, ახლა ჩამომიდგებიან შინ და წაიღებენ ვალში, თუ რამე მაბადიაო, მაგრამ გავიდა აგერ ერთი თვე, ორი, სამი, ბეჟანას კაცი არ აწუხებდა: გავიდა ერთი წელი და კიდევ არ ისმის რა. ახლა კი ბეჟანამ დააიმედა თავისი თავი: -”ალბათ ჩემი ტყიდან დათხოვნა უნდოდენ და შესაშინებლად მიჩივლეს, თვარა ფულს არ გადამახთიებენ”-ო. მართალია, ტყის მოშორებაც არ იყო ადვილი ბეჟანასთვის, მაგრამ ასი მანეთი ვალი რომ გაახსენდებოდა, იტყოდა: -”რა ბრძანებაა, ჩემი ოჯახი არ უუთავდება, ოღონდ იმას ნუ გადამახთიებენ და რა ვუყო, აღარ წავალ აწი ტყეში”-ო.  სწორედ ამ იმედით წახალისებული იყო ბეჟანა, რომ მას მოუტანეს ბოქაულის უწყება, რომლითაც უნიშნავდა  ბოქაული ვადას- უკეთუ მოხსენიებულ ვადაზე ვერ წარმოადგინე აღნიშნული ფული, შევუდგები შენი უძრავი და მოძრავი ქონების აღწერას და გაყიდვას ვალის დასაკმაყოფილებლადო,-ეწერა უწყებაში. გლეხ ბეჟანასთვის ასცხრა მანეთი იმდენზე დიდი ფული იყო რომ მას რაც არ უნდა ექნა, არ შეეძლო ბოქაულისთვის თავის ვადაზე გადახდა. დანიშნულ ვადაზე ბეჟანას აუწერეს უღელი ხარი, მოაწია გაყიდვის რიგიც, თითქოს ვიღაც მომკვდარა ოჯახშიო, ისეთი ტირილი შეიქმნა ბეჟანასას. ბეჟანას ხარებს -ლომას და ჭოქას ჩააბეს თოკი და მისცეს ერთ ვაჭარს, რომლემაც საზოგადო ვაჭრობით დაინარჩუნა ეს ხარები-” არა თავს მევიკლავ და ჩემ მარჩენალ ხარებს არ დაგანებებ! ლომაი და ჭოქაი ძმებია ჩემი!” დააპირა გაძალება ბეჟანამ. ბოქაულმა ერთხანს არიგა ბეჟანა,რომ ვერას გახდა, უბრძანა მამასახლის დაატუსაღეო, ბეჟანა დაატუსაღეს და შემდეგ ბოქაულის ოქმთან ერთად წარადგინეს სადაც ჯერი იყო.  ბეჟანას ხარები, რათქმაუნდა, წაიყვანა იმ ვაჭარმა, რომელსაც დარჩა საზოგადო ვაჭრობით. თვითონ ბეჟანა კი წელიწადნახევარს ჩააჯინეს სატუსაღოში ბოქაულის წინაშე გაძალადების გამო. იმ დღიდან მოკიდებული გავიდა წლები, მაგრამ ბეჟანას სანადიროდ შინიდან ფეხი არ გაუდგავს. მისი ყირიმი მიიჟანგა ჩხაკზე, როცა სანადირო დარი დადგება, ბეჟანას შემოაწვება გულზე სევდა, რაღაც წყურვილი უღიტინებს გულში, შეხედავს თავის ყირიმს, აქეთ თოლიას წკმუტუნი და კუდის ქიცინი თითქოს ეუბნება: ერთი ამ მოხუცების დღეს გავამხიარულოთ გული, მოვიგონოთ ჩვენი საყვარელი ხელობაო. მაგრამ აქ მოაგონდება ბეჟანას თავის ლომაი და ჭოქაი, სატუსაღოში ჯდომა, იქაური შეურაცხყოფა და დაღონებით იტყვის: ”არა გათავდა, წავიდა ჩემთვის ის დრო! ახალი კანონი შემოიღეს!”. თუ ვინმე ნახა მაყურებელი, ბეჟანა მოუყვება მთელ რომანს მონადირეთა ცხოვრებიდან. მოთხრობის დროს ისევ აღფრთოვანდება, ისეთი ენთუზიაზმით აღივსება, რომ სიცოცხლით სავსე პოეტის აღტაცებაც არ შეედრება მის აღმაფრენას. ” მე ამ საქმეში გევიზარდე, აგი მიყვარდა, ახლა კი მომისპეს და რაღაა ჩემი სიცოცხლე?” დააბოლოვებს თავის მოთხრობას ბეჟანა, ერთს მწარედ ამოიოხრებს და გაჩუმდება. 


წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (06.05.2013) | ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
ნანახია: 2678 | ტეგები: saqartvelo, nadiroba, მონადირე, საქართველო, monadire, ნინოშვილი, ეგნატე | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика