ჩემს ბოლოდროინდელ, სასიამოვნო მოგონებებს ერთი ლამაზი მცენარე უკავშირდება. მართლაც, რომ საოცრად ლამაზია. უძველესი დროიდან იქმნებოდა მასზე ათასგვარი გადმოცემები და ლეგენდები. ლეგენდის რა გითხრათ, მაგრამ ალბად ბევრისთვის ეს მცენარე გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ჩემთვისაც ასე მოხდა და ამიტომაც მინდა პატივისცემის ნიშნად თვალი გადავავლო მის შესახებ არსებულ ცოდნას და თქვენც გაგიზიაროთ.
წყლის შროშანი – დუმფარა (Nymphaea)მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეების გვარია. მიეკუთვნება დუმფარისებრთა ოჯახს. გვარი 40-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საქართველოში ორი სახეობა იზრდება: Nymphaea candidaდა Nymphaea alba. აქვს გრძელყუნწიანი მოტივტივე, ტყავისებრი ფოთლები. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. იზრდება ტბებში, გუბერებში და მდორე მდინარეებში.
თბილისში კი მის სანახავად ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ. ყვავილობას ივნისის თვიდან იწყებს და მთელ ზაფხულს გრძელდება. საღამოს ჟამს ეს გაშლილი ლამაზი ყვავილები ასევე ლამაზად იხურება. დიდი სიამოვნებაა მისი ნახვა. თან იმავე გუბურაში დასახლებული ბაყაყები აქტიურად ყიყინებენ და დახტუნავენ ერთი ფოთლიდან მეორეზე და სანახაობა თავისებურ ეშხს იძენს.
შორეულ წარსულში დუმფარას გედის ყვავილს უწოდებდნენ. ძველ საბერძნეთში იგი სილამაზისა და მჭერმეტყველების სიმბოლო ყოფილა. შუა საუკუნეების ევროპაში კი შეიქმნა მრავალი ზღაპარი ელფებზე – ტყის კაცუნებზე, რომლებიც ვითომ დუმფარას ჯამის ფოთოლაკით, როგორც გემით ისე სეირნობდნენ ხოლმე. ჩრდილოამერიკელ ინდიელებშიც გავრცელებულია ერთი ლამაზი თქმულება. ამ თქმულების მიხედვით წყლის შროშანი წარმოიშვა პოლარული და ,,მწუხრის” ვარსკვლავების ნაპერწკლიდან, როცა ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ ერთ-ერთი ინდიელი ბელადის მიერ სიკვდილის წინ ცაში ატყორცნილი ისრის დასაკუთრებისთვის. სლავურ ხალხში კი დუმფარა ძველთაგანვე ალის ყვავილად ითვლებოდა. ლამაზი თეთრი ყვავილი ხალხურმა ფანტაზიამ ალად – თევზისკუდიან ქალად გადააქცია.
თავისებურად იყენებდნენ დუმფარას ჩვენი წინაპრები. მისი თესლი ითვლებოდა დამამშვიდებელ საშუალებად, აგრეთვე კრუნჩხვებისა და თავბრუსხვევის წინააღმდეგ. ყვავილის ნახარშით იყუჩებდნენ კბილს. გამხრმარ ფესურას კი კიდებდნენ ავადმყოფის საწოლთან, თითქოს და მადის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთ ძველისძველ სამკურნალო წიგნში ყოვლის შემძლე ბალახადაც არის აღიარებული.
გადახედეთ ძველ პოსტს (რობიზონის ნაკვალევზე) და ნახეთ ველურ პირობებში რამ შეიძლება გაწიოს პურის მაგივრობა? ეს მართლაც რომ საინტერესოა, თუმცა დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ამას გამოცდის და პატარ-პატარ კვერებს დააცხობს.
მხოლოდ თქმულებებით და ძველი ამბებით თავი რომ არ შეგაწყინოთ დუმფარების მრავალფეროვანი სილამაზით ტკბობის საშუალებასაც მოგცემთ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!