ტყეები და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მცენარეები: მრავალფეროვნების ძირითადი ფაქტორები
მიუხედავად შედარებით მცირე ფართობისა (69 700 კმ2), საქართველოს ტყის მცენარეულობა (ტყეები) დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება ჩვენი პლანეტის ზომიერ ნაწილში. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომელთაგან უფრო მნიშვნელოვანი შემდეგი ორია.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება
საქართველო მდებარეობს დედამიწის ორი დიდი ბუნებრივ-კლიმატური ერთეულის-სუბტროპიკული და ზომიერი ზონების საზღვარზე. ამის გამო აქ შექმნილია პირობები ორივე ზონისათვის დამახასიათებელი ტყის მცენარეულობისათვის. ჩრდილოეთიდან მთავარი კავკასიონის ქედით ჰაერის ცივი ნაკადებისაგან დაცვა და თბილი შავი ზღვის სიახლოვე ხელსაყრელ თერმულ რეჟიმს ქმნის დასავლეთ საქართველოში თერმოფილური და სუბტროპიკული ტყეების განვითარებისათვის.
ზომიერი და შედარებით ცივი ჰავა, რომლითაც ხასიათდება საქართველოს საშუალომთიანი და მაღალმთიანი ტერიტორია, უზრუნველყოფს ზომიერად თერმოფილური და შედარებით უფრო ყინვაგამძლე წიწვიანი და ფოთოლცვენია ტყეების გავრცელებას.
საქართველოს გეოლოგიური ისტორია და ტყის მცენარეულობის თავისებურებანი
პალეონტოლოგიური მონაცემებით საქართველოს ტერიტორიაზე ტყეები მრავალი მილიონი წლის წინ იყო განვითარებული (ნეოგენის მეორე ნახევარი და პლეისტოცენი). სუბტროპიკული მარადმწვანე ტყეები (შექმნილი პოლტავის და ტურგაის ფლორების წარმომადგენლებით), რომლებითაც დაფარული იყო საქართველოს ტერიტორია ხმელეთის ფორმირების ადრეულ ეტაპზე (შუა ნეოგენი) მესამეული პერიოდის ბოლოსათვის თანდათანობით შეცვალა ზომიერად თერმოფილურმა ტყეებმა, რომელთა დიდი ნაწილი გავრცელდა მთების (კავკასიონი, ანტიკავკასიონი) კალთებზე და მათი ფორმირება ფაქტობრივად მესამეული პერიოდის ბოლოს დასრულდა.
საქართველოს ტყეების ფორმირების ხანგრძლივ და რთულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო მეზობელი და მისგან დაშორებული ფლოროგენეტიკული
ცენტრებიდან (ევროპა, მცირე აზია, წინააზია, ხმელთაშუაზღვისპირეთი, აზია, აღმოსავლეთ აზია) იმიგრირებული სახეობები, რომლებმაც ადგილობრივ (ენდემურ) სახეობებთან ერთად შექმნეს საფუძველი მესამეული პერიოდის დასასრულის საქართველოს მრავალფეროვანი წიწვიანი და ფოთოლცვენია ტყეების ფორმირებისათვის.
იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ პერიოდში (პლეისტოცენში) გამყინვარება ფაქტიურად არ ყოფილა (თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ გამყინვარებას მაღალმთიან ზოლში), მესამეული პერიოდის დასასრულის ტყეებმა თავისი სტრუქტურა და მრავალფეროვნება პრაქტიკულად მთელი პლეისტოცენის მანძილზე შეინარჩუნეს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში). მართალია კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებას (აცივებას), მესამეული პერიოდის მრავალი სითბოსმოყვარე მცენარე შეეწირა (ძირითადად წიწვიანი და მარადმწვანე ფოთლოვანი სახეობები), მაგრამ ამასთან ერთად ჩრდილოეთიდან იმიგრირებული ბორეალური სახეობების ხარჯზე საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნებამ საგრძნობლად იმატა.
საქართველოს ტყის მცენარეულობის სიმდიდრე და მრავალფეროვნება საგრძნობლად შემცირდა ადამიანის ზემოქმედებით. უკანასკნელ ათასწლეულში მნიშვნელოვნად შემცირდა ტყეების საერთო ფართობიც, განსაკუთრებით ბარში, მთის კალთების ქვემო ნაწილსა და სუბალპურ სარტყელში.
ტყეების გავრცელების ზოგადი სურათი
საქართველოს ტყეების საერთო ფართობი 2 690 000 ჰექტარია, რაც მთელი ტერიტორიის დაახლოებით 38%-ს შეადგენს. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე ტყეების განლაგების საერთო სურათი რთული და კონტრასტულია. ტყეების 90%-ზე მეტი განლაგებულია მთების (დიდი და მცირე კავკასიონი) კალთებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (45%) კი - დიდი დაქანების (30 გრადუსზე მეტი) ფერდობებზე. ამის გამო ამ ტყეების სამეურნეო გამოყენება ძლიერ შეზღუდულია ან პრაქტიკულად გამორიცხული (ამ ტყეების მთავარი დანიშნულება ეკოლოგიური ხასიათისაა).
მთებში ტყეების გავრცელების ქვედა ზღვარი დასავლეთ საქართველოში (კოლხეთი) 150-200 მ-ია ზ.დ., ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 450-600 მ. ტყეების ჰიფსომეტრული (სიმაღლითი) გავრცელების ზედა ზღვარი საშუალოდ 2100-2200 მ-ია. მთავარ მდინარეთა ხეობებში (ენგური, ცხენისწყალი, რიონი, ლიახვი, არაგვი, ალაზანი) ტყეები ზოგან გავრცელების ზედა ბუნებრივ საზღვარს (2450-2550 მ.ზ.დ.) აღწევს.
საქართველოს მთებში ტყეების ტიპოლოგიური ერთეულების (ფორმაცია, ასოციაცია, ფიტოცენოზი) გავრცელება მჭიდროდაა დაკავშირებული შავი ზღვის სანაპიროდან დაშორებასა და სიმაღლესთან ზღვის დონიდან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერდობების ექსპოზიციაც. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობები ყოველთვის უფრო უხვადაა შემოსილი ტყეებით (რომელთა შორის მეზოფილური ფორმები სჭარბობენ), ვიდრე სამხრეთის უფრო მშრალი ფერდობები (დომინირებენ ქსერომეზოფილური და მეზოქსეროფილური ფორმები). ეს კანონზომიერება განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოსახული აღმოსავლეთ საქართველოს მთებში. საქართველოს ბარში და პლატოებზე ტყეებით დაფარულია ტერიტორიის 5-10%, ზოგან უფრო ნაკლებიც. აქ ბუნებრივი ტყეები დიდი ხნის წინ გაიჩეხა და მათი ნაალაგარი სასოფლო სამეურნეო სავარგულებად გამოიყენება (ჩაი, ციტრუსები, ხეხილი, ვაზი, სიმინდი, ხორბალი და სხვ.). ზოგან გაშენებულია ხელოვნური ტყეები და ქარსაცავი ტყის ზოლები ადგილობრივი სახეობებისა და ეგზოტების მონაწილეობით.
ტყის მრავალფეროვნების მთავარი ასპექტები
საქართველოს ტყეები ხასიათდება ეკოლოგიურად და გენეზისურად განსხვავებულ ფიტოცენოზთა დიდი მრავალფეროვნებით, რომლებიც გაერთიანებულია 200-მდე ასოციაციაში. საქართველოს ბარისა და მთის ტყეებში იზრდება 120-ზე მეტი სახეობის ხე, 250-ზე მეტი სახეობის ბუჩქი, 2500-მდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.
ტყის ცენოზებს ძირითადად შემდეგი სახეობების ხემცენარეები ქმნიან: (დომინანტები, ედიფიკატორები): წიფელი (Fagus orientalis), მუხა (Quercus iberica, Q. macranthera, Q. pedunculiflora, Q. pontica, Q. imeretina), რცხილა და ჯაგრცხილა (Carpinus caucasica, C.orientalis), წაბლი (Castanea sativa), იფანი (Fraxinus excelsior), ძელქვა (Zelkova carpinifolia), თელა (Ulmus glabra), უხრავი (Ostrya carpinifolia), ტირიფი (Salix excelsa და სხვ.), ლაფანი (Pterocarya pterocarpa), ვერხვი (Populus nigra, P.canescens, P.tremula), მურყანი (Alnus barbata, A. incana), საკმლის ხე (Pistacia mutica), აკაკის ხე (Celtis caucasica), არყი (Betula litwinowii, B. pendula, B. megrelica, B. medwedewii), ნეკერჩხალი (Acer trautvetteri, A. campestre, A. laetyum, A. velutinum), ცირცელი (Sorbus aucuparia, S. caucasigena), სოჭი (Abies nordmanniana), ნაძვი (Picea orientalis), ფიჭვი (Pinus kochiana (P. sosnowskyi), P. pityusa), უთხოვარი (Taxus baccata), ღვია (Juniperus foetidissima, J. polycarpos), ბზა (Buxus colchica), დაფნა (Laurus nobilis).
აქედან მხოლოდ 9 სახეობაა ისეთი, რომელიც 50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ეს მთავარი ედიფიკატორი სახეობებია: წიფელი (F. orientalis), ქართული მუხა (Q. iberica), რცხილა (C. caucasica), წაბლი (C. sativa), ჩვეულებრივი ანუ შავი მურყანი (A. barbata), ლიტვინოვის არყი (B. litwinowii), კავკასიური სოჭი (A. nordmanniana), აღმოსავლეთის ნაძვი (P. orientalis), ფიჭვი (P. kochiana). დანარჩენი სახეობები ტყეს ქმნიან მცირე ტერიტორიაზე (თითოეული არა უმეტეს 10 000 ჰექტარისა ზოგი სახეობა კი უფრო მცირე ფართობზეც 100 ჰა-ზე ნაკლები). მაგრამ ეს გარემოება არ ამცირებს მათ მნიშვნელობას, ისინი განეკუთვნებიან რელიქტურ და ენდემურ ტყეებს და შესაბამისად დიდია მათი მნიშვნელობა სამეცნიერო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით.
საქართველოს ტყეების დახასიათებისათვის მიზანშეწონილია მათი დაჯგუფებასიმაღლებრივი გავრცელების მიხედვით: 1. ბარის ტყეები; 2. მთის ტყეები; 3. მაღალმთის ტყეები.
ბარის ტყეები
ეს ტყეები რელიქტურია, რაც აღრმავებს მათდამი ინტერესს. ბარის ტყეებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მურყნარებს (Alnus barbata). მურყნარები გავრცელებულია მდინარეთა სანაპირო ზოლსა (ჭალაში) და ჭარბტენიან (დაჭაობებულ) ტერიტორიებზე. მთის ხეობებში ზოგან ზ.დ. 1100-1200 მ სიმაღლემდე აღწევს. შედარებით დიდი ტერიტორია უკავია კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილსა და დიდი მდინარეების (რიონი, მტკვარი, ალაზანი) ხეობებში. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 69 000 ჰექტარია.
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
ტიპი
გავრცელება
ენდემი
რელიქტი
მურყანი
Alnus barbata
ჰიგროფილი
კოლხეთის ვაკე-დაბლობის დას. ნაწილი და დიდ მდინარეთა (რიონი, მტკვარი, ალაზანი, არაგვი) ხეობები
+
ლაფანი
Pterocarya pterocarpa
ჰიგროფილი
კოლხეთის ვაკე-დაბლობის დას. ნაწილი; აღმ. საქართველო - შიდა კახეთი, ალაზნის ხეობა
კოლხეთის ვაკედაბლობი (აჯამეთის ნაკრძალი), კახეთის ზეგანი (ბაბანეურის ნაკრძალი)
+
+
ბიჭვინთის ფიჭვი
Pinus pityusa
ქსერომეზოფილი
შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი
+
+
ბზა
Buxus colchica
ქსერომეზოფილი
კოლხეთის ვაკე-დაბლობის დას. ნაწილი
+
დაფნა
Laurus nobilis
მეზოქსეროფილი
კოლხეთის ვაკე-დაბლობის დას. ნაწილი, ურთას მთა, კირქვიან სუბსტრატზე
+
ქართული მუხა
Quercus iberica
მეზოქსეროფილი
აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე-დაბლობები
+
კევის ხე, ანუ საღსაღაჯი
Pistacia mutica
ქსეროფილი
ივრის ზეგანი (ვაშლოვანის ნაკრძალი) და მცხეთასთან
+
მთის ტ ყ ე ე ბ ი
გავრცელებულია დას. საქართველოში ზ.დ. 150-1800მ. ფარგლებში, აღმ. საქართველოში - 450-1900მ. მთის ტყეებზე მოდის ტყეებით დაფარული ტერიტორიის ყველაზე მეტი ნაწილი (დაახლ.75%).
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
ტიპი
გავრცელება
რელიქტი
წიფელი
Fagus orientalis
მეზოფილი
მთელ საქართველოში, გარდა კავკასიონის ჩრდილო კალთებისა (ხევი, პირიქითა ხევსურეთი, თუშეთი)
მუხა
Quercus iberica
მეზოქსეროფილი
მთელ საქართველოში, გარდა კავკასიონის ჩრდ. კალთებისა
რცხილა
Carpinus caucasica
მეზოფილი
ყველგან, გარდა თუშეთისა
პოლიდომინანტი ფოთოლცვენია
Castanea sativa, Quercus hartwissiana, Alnus barbata, Fagus orientalis
დასავლეთ საქართველო, აღმ. საქართველო (ბორჯომის ხეობა, კახეთი)
სოჭი
Abies nordmanniana
მეზოფილი
დას. საქართველო, აღმ. საქართველოს დას. ნაწილი
+
ნაძვი
Picea orientalis
მეზოფილი
დას. საქართველო, აღმ. საქართველოს დას. ნაწილი
+
ფიჭვი
Pinus kochiana
მეზოქსეროფილი
სვანეთი, მესხეთი, თუშეთი
უთხოვარი
Taxus baccata
მეზოფილი
კახეთი (ბაწარის ნაკრძალი)
+
სუბალპური ტყეები
გავრცელებულია ზ. დ. 1800-2500 მ-მდე. მათი საერთო ფართობი, დაახლოებით 600 000 ჰექტარია.
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
ტიპი
გავრცელება
ენდემი
რელიქტი
არყი
Betula litwinowii
მეზოფილი
საქართველოს მთელი სუბალპური ზონა
არყი
Betula medwedewi
მეზოფილი
მესხეთის დასავლეთი ნაწილი აჭარის მთიანეთი
+
+
მუხა
Quercus macranthera
მეზოქსეროფილი
აღმოსავლეთი საქართველო
მუხა
Quercus pontica
მეზოფილი
მესხეთის დასავლეთი ნაწილი, აჭარის მთიანეთი
+
+
ნეკერჩხალი
Acer trautvetteri
მეზოფილი
სუბალპური რეგიონები
წიფელი
Fagus orientalis
მეზოფილი
ყველა სუბალპური რეგიონი ხევის, პირიქითა ხევსურეთისა და თუშეთის გარდა
სოჭი
Abies nordmanniana
მეზოფილი
დასავლეთ საქართველო
+
ნაძვი
Picea orientalis
მეზოფილი
დასავლეთ საქართველო
+
ფიჭვი
Pinus kochiana
ქსერომეზოფილი
ყველა სუბალპური რეგიონი
საქართველოს ფლორის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მცენარეები
უმაღლესი მცენარეების დაახლოებით 2000 სახეობას აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა. ანსხვავებენ ეკონომიკური მცენარეების შემდეგ ჯგუფებს:
1. სამასალე მერქნის მომცემი ხეები.
ამ მცენარეების უმეტესობა ტყის დომინანტი სახეობებია. მათ შორის აღსანიშნავია წიფელი (Fagus orientalis), მუხები (Quercus iberica, Q. pedunculiflora, Q. imeretina, Q. macranthera და სხვ.), რცხილა (Carpinus caucasica), წაბლი (Castanea sativa), ნაძვი (Picea orientalis), სოჭი (Abies nordmanniana), ფიჭვი (Pinus kochiana); საყურადღებოა, აგრეთვე ძელქვა (Zelkova carpinifolia) და ლაფანი (Pterocaria pterocarpa). მაღალხარისხოვან მერქნიან მცენარეებს განეკუთვნება წითელი წიგნის სახეობები: კაკალი (Juglans regia), ბზა (Buxus colchica) და უთხოვარი (Taxus baccata).
2. ველური ხილი და საჭმელი მცენარეები
საქართველოში მრავლადაა სხვადასხვა ველური ხეხილ-კენკროვანი, კაკლოვანი და სხვა კატეგორიის მცენარეები, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს, როგორც საჭმელად, ასევე ცხოველთა საკვებად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ველური ხილის, ისე სხვა ეკონომიკურ მცენარეთა რესურსები სათანადოდ არ არის შესწავლილი და შეფასებული. ქვემოთ მოგვყავს ზოგიერთი ველური ხილისა და სხვა საჭმელი მცენარეების სახეობების სია: Castanea sativa, Juglans regia, Fagus orientalis, Morus alba, Diospyros lotus, Pyrus caucasica, Malus orientalis, Corylus avellana, Prunus divaricata, P. spinosa, Elaeagnus angustifolia, Hippophaë rhamnoides, Sorbus caucasigena, Staphylea colchica, S. pinnata, Berberis vulgaris, Vaccinium arctostaphylos, V. myrtillus, Ribes alpinus, R. biebersteinii, Smilax excelsa, Crataegus kyrtostyla, Cornus mas, Mespilus germanica, Rosa canina, Laurocerasus officinalis, Rubus caucasicus, R. idaeus, Allium ursinum, Polygonatum glaberrinum, Urtica dioica, Fragaria vesca, Asparagus officinalis, Lathyrus roseus და სხვა.
3. ეთერზეთოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია: Lallemantia iberica, Mentha pulegium, Satureja spicigera, Thymus spp., Ziziphora spp. და სხვა
4. საქართველოს ფლორა მდიდარია მთრიმლავი მცენარეებით. მათ შორის უნდა აღინიშნოს კევის ხე, ანუ საღსაღაჯი (Pistacia mutica), თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო (Rhus coriaria), შქერი (Rhododendron ponticum), შავი მურყანი (Alnus barbata). სამღებრო საქმეში გამოიყენება: ტირიფი (Salix alba), ხეჭრელი (Frangula alnus), ენდრო (Rubia iberica), თეთრძირა (Circaea lutetiana), იელი, შავი მურყანი და სხვა.
5. საკვები ბალახოვანი მცენარეების მრავალრიცხოვანი სახეობებიდან უნდა აღინიშნოს: Festuca pratensis, Phleum pratense, Dactylis glomerata, Poa pratensis, Alopecurus pratensis, A. ventricosus, Deschampsia caespitosa და სხვა
6. საქართველოში გავრცელებულია მრავალი სამკურნალო მცენარე, რომელიც ფარმაკოლოგიაში გამოიყენება, ესენია: Aconitum confertiflorum, Alchillea hypericum, Atropa caucasica, Chelidonium majus, Convallaria transcaucasica, Conium maculatum, Colchicum speciosum, Cyclamen vernum, Digitalis ferruginea, Dryopteris filix-mas, Datura stramonium, Hippophae rhamnoides, Menianthes trifoliata, Orchis pallens, Origanum vulgare, Periploca graeca, Platanthera chlorastha, Pancratium maritimum, Polygonatum glaberrinum, Primula macrocalix, Prunus divaricata, P. spinosa, Pyrus caucasica, Rosa canina, Senecio rhombifolius, Vaccinium arctostaphylos, V. myrtillus, Valeriana officinalis, Leontice smirnowii, Urtica dioica, Cyclamen verum და სხვა.
ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება: Glycyrrhiza glabra, G. echinata, Rhamnus cathartica, Chenopodium ambrosioides, C. botrys, Aristolochia clematidis, Cyclamen vernum, Tamus communis, Sparganium polyedrum, S simplex, S. neglectum, Alismia planttago-aquatica და სხვა.
7. თაფლოვან მცენარეთა შორის აღსანიშნავია: Castanea sativa, Tilia caucasica, Robinia pseudacacia, Malus orientalis, Pyrus caucasica, Cerasus avium, Prunus divaricata, P. spinosa, Mespilus germanica, Rubus caucasicus, Betonica grandiflora, Origanum vulgare, Glechoma hederacea, Prunella vulgaris, Stachys silvatica, Clinopedium vulgare და სხვა.
ტყის რესურსები
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში ტყით დაფარული ფართობების დიდი უმეტესობა მთათა ფერდობებზე მოდის. ამიტომ ტყე ასრულებს ისეთ ეკოლოგიურ ფუნქციებს, როგორიცაა ნიადაგდაცვითი (ეროზიისა და მეწყერსაწინაამღდეგო) წყალდაცვითი და წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგურილებელი, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ არსებითი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების (ეკონომიკური) შეფასება.
მერქნის რესურსები
საქართველოს ტყეებში მერქნის საერთო მარაგი დაახლოებით 400 მლნ. მ3-ს შეადგენს. ტყის ტიპების მიხედვით მერქნის მარაგი შემდეგია (მ3):
რცხილნარი (Carpinus caucasica) 15 000 000 ფიჭვნარი (Pinus kochiana) 12 000 000 მურყნარი (Alnus barbata, A. incana) 5 000 000 არყნარი (Betula litwinowii, B. pendula) 3 000 000 სხვა ფორმაციის ტყეებში მერქნის მარაგი გაცილებით მცირეა. საქართველოს ტყეებში მერქნის წლიური შემატება 4 000 000 მ3-ია (ერთ ჰექტარ ტყეზე საშუალოდ 1.5 მ3).
მაღალხარისხოვანი მერქნის (მშენებლობისა და სხვადასხვა სპეციალური მეწარმეობისათვის) მომცემი სახეობებია: წიფელი, წაბლი, მუხა, ძელქვა, იფანი, ტრაუტვეტერის ნეკერჩხალი, ცაცხვი, კაკალი, სოჭი, ნაძვი და სხვ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!