საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება (რესპუბლიკის ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავაფეროვანი გენეზისით გამოირჩევა. აქ არის ტექტონიკური, მყინვარული (ყველაზე დიდი რაოდენობით), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ამიტომაც ტბათა დონის რყევა ხდება უმთავრესად გაპირობებულია ნალექების წლიური განაწილებით და იმ მდინარეთა რეჟიმით, რომლებიც ტბებში ჩაედინება. გამოიყოფა დონეთა რეჟიმის 4 ტიპი. პირველს მიეკუთვნებიან კავკასიონის დაბალ- და საშუალმთიანი ზონის ტბები, რომელთა დონე მაქსიმუმს აღწევს მაის-ივნისში, მინიმალურს - თებერვალ-მარტში. ხოლო მეორე ტიპს მიეკუთვნება საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ტბები, მაქსიმალური დონე მათ გაზაფზულზე აქვთ (მაისში), მინიმალური სექტემბერში. მესამე ტიპს კოლხეთის დაბლობის ტბები მიეკუთვნება. ამ ტბების დონეთა ცვალებადობა მთელი წლის განმავლობაში წვიმებითაა გამოწვეული. მეოთხე ტიპში ერთიანდება მტკვარ-ალაზნის მთათაშორისი დეპრესიის ტბები. მათთვის დამახასიათებელია გაზაფხული-ზაფხულის მაქსიმუმი და შემოდგომის მინიმუმი. საქართველოში ჭარბობს მტკნარი ტბები, რომელთა ნაწილი მეტად მცირე მარილს შეიცავს (34,1-100 მგ/ლ), მაგრამ არის მლაშე ტბებიც (24 გ/ლ-დან 69 გ/ლ-მდე). ასეთია ივრის ზეგნის ტბები. საქართველოს ტბები 3 ჰიდროქიმიურ ფორმაციას მიეკუთვნებიან: ჰიდროკარბონატულს, ქლორიდულს და სულფატურს. ყველაზე მეტია ჰიდროკარბონატული ფორმაციის ტბები, უფრო ნაკლები ქლორიდული, ხოლო კიდევ უფრო ნაკლები - სულფატური. ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, მოცულობით - ტაბაწყურისა, სიღრმით - რიწისა, იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორისაც (იხ. ცხრილი 2). საქართველოს ტერიტორიაზე 12 წყალსაცავია. წყალსაცავების ჯამური ფართობია 107 კმ2, ხოლო წყლის მოცულობა - 2.4 კმ3. წყალსაცავების ჯამური მოცულობა საქართველოს მდინარეთა წლიური ჩამონადენის 5,1%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 3). წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად და სარწყავად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!