ძაღლისებრთა ნაკვალევი კატისებრთა მოდგმის კვალისაგან პირველ რიგში ფორმით გამოირჩევა - პირველს უფრო მოგრძო ფორმა აქვს, თანაც დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს ბრჭყალის არსებობას. ამ დროს, კატისებრთა ნაკვალევი - კატუნიდან ფოცხვერამდე, მრგვალი, უფრო სადა კიდეებიანი და უბრჭყალოა.
ბებერი ცხოველის კვალი ისე ლამაზად და თანაბრად,"მძივივით", აღარაა ასხმული - თათები უფრო შორი-შორსა აქვს ნადგამი, თანაც ემჩნევა ნაბიჯის არათანაბარი განაწილება. ხშირად, მაკე ცხოველიც განიერ კვალსა სტოვებს, ამ დროს თითები (ჩლიქები) "გაფარჩხულად" აქვს გადგმული. კვერნის კვალს იოლად იცნობთ ტყუპად ნახტომი თათების ფორმით. წავსაც კვერნისმაგვარი კვალი აქვს, ოღონდ უფრო დიდი და აქაც, თუ დააკვირდებით, თითებსშუა აპკის არსებობას იოლად შეამჩნევთ.
სასურველია, თუ მონადირე მარტო ძაღლის ყნოსვას არ ენდობა და თვითონ გადაწყვეტს - გაუშვას თუ არა ძაღლი კვალზე, რადგან ზოგი მდევარი, განსაკუთრებით გამოუცდელი, შეიძლება ძველ კვალზე დაედევნოს ნადირს. ამის თავიდან ასაცილებლად სულ ადვილად, თითით შეიძლება გაისინჯოს კვალის სიმაგრე. ძველი კვალი, თუ წინა საღამოსაა დატოვებული, უკვე თითის დაჭერისას აღარ დეფორმირდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!