ბიზონი (Bison bison) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში. ბიზონთა უმრავლესობა ცხოვრობს ველებზე, იშვიათად ტყეში (ტყის ბიზონი — Bison bison athabascae კანადაში). ასაკოვანი ხარის სხეულის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ-მდე. ფური შედარებით მცირე ზომისაა. ბიზონს ამობურცული მინდაო აქვს. სხეულის წინა ნაწილი შემოსილია გრძელი მატყლით, რომელიც თავსა და კისერზე შესამჩნევ ფაფარს ქმნის. ამერიკის აღმოჩენისას ბიზონების რაოდენობა 30-60 მლნ. აღწევდა. მტაცებლური ნადირობის შედეგად მათმა რაოდენობამ სწრაფად იკლო და უკვე 1870 წელს 5,5 მლნ-მდე შემცირდა. XIX საუკუნის დამლევისათვის კი მხოლოდ 800 ცხოველიღა იყო გადარჩენილი. ისინი მოათავსეს ნაკრძალებში. ამჟამად ბიზონების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. უმრავლესობა დაცულია იელოუსტონის პარკში (აშშ), ხოლო ნაწილი — ვუდ-ბუფალოს ნაკრძალში (კანადა). ბიზონის მაკეობა გრძელდება 9 თვეს. იგებს ერთ ხბოს. ბიზონი ადვილად ეჯვარება დომბას და იძლევა შთამომავლობის მომცემ ჰიბრიდს — დომბა-ბიზონს. ბიზონისა და დომბას ჰიბრიდიზაციის ცდებს წარმატებით ატარებენ ასკანია-ნოვაში, ზოგიერთ ზოოპარკში. ბიზონი ცოცხლობს 20-25 წლამდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!