სულ მალე სანადირო სეზონი გაიხსნება და ბევრ ახალბედას პირველად მოუწევს სანადიროდ გასვლა. სწორედ მათ გვინდა შევახსენოთ, რომ ნადირობის დროს უმთავრესი ეთიკური და მორალური ნორმების დაცვაა, რომელიც მაღალ ზნეობასთან და კულტურასთან უნდა იყოს შეხამებული. არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი ქცევის წესები და ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც ნებისმიერი მონადირე უნდა ხელმძღვანელობდეს, როცა სანადიროდ წასვლას გადაწყვეტს.
1.თუ სანადირო განწყობა არ გაქვთ ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ჯობია სანადიროდ წასვლისგან თავი შეიკავოთ, სხვა თუ არაფერი, თქვენი ცუდი განწყობა სხვებსაც გადაედება ან უარესი, შესაძლოა თქვენი მეგობრები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოთ და ნადირობა საერთოდ ჩაშალოთ.
2. ძალიან არაეთიკურია ისეთ სანადირო სავარგულში ჩასვლა, მით უმეტეს საკუთარ მეგობრებთან ერთად, თუ წინასწარ არ შეუთანხმდებით მათ, ვინც იქ პირველად ჩაგიყვანათ ან დაგპატიჟათ.
3. თუ თქვენ სანადიროდ მიგიწვიეს, ”სტუმრის სტატუსს” უნდა დასჯერდეთ, ზედმეტი არ უნდა აიღოთ, საკუთარ თავზე და თავი ”მასპინძლად” არ უნდა ჩათვალოთ... და პირიქით, თუ მასპინძლობა თქვენ გიწევთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ კომფორტი შეუქმნათ მოპატიჟებულებს-გააცნოთ სავარგულისა და რელიეფის სტრუქტურა-თავისებურება და ნადირ-ფრინველის სავარაუდო ადგილსამყოფელი.
4. ნადირობის დროს განსაკუთრებით ამაზრზენია შური და ეგოიზმი. კრიტიკულ მანძილზე სროლა, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ფრინველი იქნება თუ ნადევნი ნადირი შენი არაა და ასი პროცენტით იცი, რომ ის მეზობლისკენ მიდის-ეს სიმდაბლეა. კეთილშობილება უნდა გამოიჩინო და ტროფეი გაატარო. შედეგიანი ნასროლით კმაყოფილი დარჩება არა მარტო ის, ვისაც სროლის საშუალებას მისცემ, არამედ შენც და დარწმუნებული იყავი, გაცილებით მეტად ისიამოვნებ როცა სხვა დროს კოლეგა ანალოგიურად მოიქცევა.
5. პატრონის ნებართვის გარეშე არასოდეს ესროლოთ ფრინველს სხვისი ძაღლის ნაბულზე, რაც არ უნდა შორს იყოს მისი წამყვანი. ზოგი ამას ”დახმარებად” თვლის, სინამდვილეში კი ეს დათვური სამსახურია.
6. თუ თქვენ დაჭრილ ფრინველს წააწყდით, რომელსაც მოშორებით სხვა მონადირე ეძებს (ან უშედეგოდ ეძებდა), აიღეთ ფრინველი და მას მიაწოდეთ. სხვისი ნანადირევის მითვისება ცხადია არაეთიკურია და უფრო მეტიც ცუდად დაცდილია-დათარსვა იცის.
7. არაეთიკურია ნადირობის დროს ტრაბახი და ბაქი-ბუქი, მაგრამ არასოდეს შეაწყვეტინოთ ”საკუთარი თავით ტკბობა” ხანშიშესულ მონადირეებს და არც სხვას მისცეთ ამის გაკეთების უფლება.
8. დაუგეშავი ძაღლით, რომელიც ძნელად მოსათოკია და ბრძანებებს ნაკლებად ემორჩილება, სხვასთან ერთად არ უნდა წახვიდე, თუ გინდა, რომ ნადირობა მათაც არ გაუფუჭო. მგზავრობისას აგრესიულ და მოჩხუბარ ძაღლებს აუცილებლად გაუკეთეთ ალიკაპი, თუ მისი იზოლირებულად მოთავსება შეუძლებელია. ძაღლების გამო მათი პატრონების შელაპარაკება შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში გადაიზარდოს.
9. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დასვენების დროს . თოფებიდან ვაზნები ამოღებული უნდა იყოს. კოლექტიური ნადირობის დროს წესით ამის შესახებ ნადირობის თავკაცმა უნდა შეახსენოს დანარჩენებს. თუ მას შემთხვევით მხედველობიდან გამორჩა, ჩუმად ანიშნეთ ამის შესახებ. არაორგანიზებული ნადირობის დროს კი დელიკატურად შეგიძლიათ იკითხოთ: ”აბა ვნახოთ ყველას წესრიგში გვაქვს თოფები?”
10. ნადირობის დროს ყოველთვის უნდა გქონდეთ ვაზნების საკმარისი რაოდენობა, სხვისთვის თხოვნა მიღებული არ არის. თუ ვინმემ ეს არ იცის და თხოვნით მოგმართათ, შეგიძლიათ მას უზიაროთ მხოლოდ მზა, ქარხნული ვაზნები. სახლში დატენილი ვაზნების მიცემა დაუშვებელია- ეს უსაფრთხოების წესების დაცვის ერთერთი აუცილებელი მოთხოვნაა. სამწუხაროდ ამ წესს ჩვენთან თითქმის არავინ იცავს.
11. ფრინველზე და კურდღელზე ნადირობის დროს არ დაიზაროთ და უწილადეთ ნანადირევი მათ, ვისაც არ გაუმართლა და ხელმოცარულია, მაგრამ ნაწყენი არ უნდა დარჩეთ, თუ გულით შეთავაზებულზე უარს მიიღებთ. აიღებს თუ არა-ეს თითოეულის პრინციპული,პირადი საქმეა. თუმცა წესით, თუ ნამდვილი მონადირე ხარ ამგვარ ძღვენს არ უნდა დათანხმდე.
12. ზემდეტი არც იმის შეხსენება იქნება, რომ ნადირობის დამთავრების შემდეგ ბუნებაში ზედმეტი არაფერი უნდა დარჩეს. შეაგროვეთ ყოველგვარი ნარჩენი-ბოთლები, ქილები და ა.შ. და ეს ყველაფერი იქვე მიწაში ღრმად ჩამარხეთ ან უკეთესია თუ თან წამოიღებთ და გზად სპეციალურ ურნაში ჩააგდებთ.
და ბოლოს ”ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს”-წერდა ანტონ ჩეხოვი. ცხადია ეს ჩვენც, მონადირეებსაც გვეხება. სამწუხაროდ არამონადირეების მხრიდან, რატომღაც ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას ვგრძნობთ და ჩვენი გარეგნული იერსახით, თვალშისაცემად ორიგინალური, გამომწვევი ჩაცმულობით დამატებით ნუღარ გავაღიზიანებთ მათ.
ხოდა ვინც ამ წესების, მინიმუმ 99%-ს არ იცავს, იმას ნურც ექნება მონადირის სახელის პრეტენზია. რადგან თოფის ქონა, ძაღლის ყოლა და მინდორში სიარული არ ანიჭებს პიროვნებას მონადირის სახელს.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!