ამ თემაში დავწეროთ ლექსები. ძირითადი აქცენტი რათქმაუნდა ნადირობა-თევზაობაზე და ბუნებაზე, მაგრამ ზოგადსაკაცობრიო ლექსებიც კარგი იქნება ჩემი აზრით "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
დამსეტყვე, ცაო,დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლევინებ მოზღვავებულის ავითა! განა მარტო ვარ ამქვეყნად, სხვაც მრავალია ჩემფერა, ვისაც არავინ არ სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა. ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, გულიც მან გამიერთფერა. ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯებ სერ-სერა; დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს ათასჯერ, განა ერთხელა; და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი... მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი! ბარო, წარბნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი! ისევ მტერი ვარ იმისა, ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, კეთილსა ვყვანდე ზიარად; ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად... ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
1)ტყვიას გაუსწრო ცაში, მიწას დაჰყურებს ქვიანს ვეღარ მოვკარი თვალი, მას შავარდენი ჰქვია.
2)ტყის ცხოვრების კი, მოწმეა ერთი მაღლიდან ცივად დასცქერის მთვარე, ასე ყოფილა ასეა ახლაც ამას ყვებოდნენ მამა-პაპანი. რთულია ალბათ ცხოვრება ტყისა რომ განვლოს დროის მძიმე ჭაპანი!!!
3)ჩემი პორცია ირმის ხორცია, მიყვარს ზებრები ოდნავ ბებრები, თხილზე ნაჩვევი მიყვარს მაჩვები და ტყის დათვები როცა დავთვრები.
4)იმასაც მოკლედ უვლია ვისაც გრძლად ეგონა იარა, თოფს ჟანგი შეჭამს, ჟანგს მიწა კაცის გულს დარდი იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა!!! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, _ ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, _ ავფრინდები და... ფრრი....
ესეც ჩემი გალექსებანი, მუზა მომდის ხოლმე და...: 1). რადგან ბუნების ტრფიალი რჩეულთ ხვედრია მხოლოდა მეც კი, ასეთი "სენითა" მოწამლული ვარ ბოლოდა.
2). მონადირე ვარ სულითა, მაგრამ არწივის გულითა, არც სილამაზეც ჩავხშობ ბოროტებას კი ცულითა
მონადირე ვარ, მგრამა ბავშვის გულივით ჩვილი რადგან ბუნებას ვეკუთვნი ვითა ლომის შვილი.
აქ გამოვთქვავ ბუნებაზე წუხილს:
3)აქეთ ტყეში კი მგელია, იქით ტურა და მელია, სულ ყველას დედა ვუტიროთ, არ შევარჩინოთ დღენია!
4). როგორ დავინდო მითხარით, მგელი ოხერი, ტიალი, რომ ცოცხალს არაფერს ტოვებს, სულიერს არ ტოვს, ფხიანი!
ტურა-მელაც რომ ნაგლია, მგელთან ერთადა დაძრწიან, ახია მათზე "ლამაზი", კარგი, ნაცადი გალია!!
აღარ არის დრო ლხინისა, ყოფაა მეტად რთული, ვისაც მგლის დაცვა სწადია, უნდა გაუპო გული!!!
ამ მგელსა დიდსა ტიალსა, როგორ ვაჯობოთ ნეტა, მითხარით როგორ ილაღოს, ამა ლამაზმა შველმა?!
იმას ვისაც კი "ძალა" აქვს, თვით არს "ორფეხა მგელი", მას რა ანაღვლებს ლხინი აქვს, ჩვენა ვთქვათ ირმის ბედი!
ამ ჩვენსა გული ტკივილსა ნეტა თუ ვინმე გაიგებს?! მოვა მკურნად ბუნების და გულის სევდას აიღებს?!
სხვაგხით არ არის საშველი თუ არა ისევ კანონი, თორემ მთა-ბარის სათქმელი ჩაქრება ვითა სანთელი.
კარგი იქნება "ზემოთა", ესე ისწავლონ წესითა, რომე ბუნების შობილთა მოპყრობა უნდა გულითა.
თორემ ბუნებაც ცოცხალ არს მქმნელია ჯიბრთა ცოდვილთათვს, ადრე თუ გვიან შელახავს, მოგუდავს ვითა წიწილსა!!!
ბრაკონიერობაზე წუხილი:
კულტურულ ნადირ-ფრინველის ასე ფერფლივით გაქრობა, მარტო მგლის ბრალი არ არის არც ტურა-მელის მრავლობა.
ერთი რამე გვჭირს ცუდია დიდი, ეშმაკის კუდია ზომა-წონა და ღირსება სუყველა ფეხზე ჰკიდია!
სულმოკლე, უღირს არსებად ბრაკონიერი სახელად ვისც მუდამ, მეხორცეობა ცხოვრების უდევს საფუძვლად!!!
ბრაკონიერო, გარყვნილო მიუღებელო ვით ჭირო არ გიწერია დღე გრძელად, მოგკვეთს გამჩენი მარჯვედ, მთლად!
ადამიანი არა ხარ?! სახელად ან რა დაგარქვა?! ბუნებას ასე მტანჯველად, რად მოევლინე მწარედ, რად?!
ადამიანი სახელად, თუ მარტო გარეგანადხარ?! სულით ასეთი რადა ხარ, რომ მოჰკლა, ჭამო, გაძღე, რად?!
გულისტკივილი კი გაგვიგრძელდა, მაგრამ არ მეთქვა?! არ შემიძლია ხვალ კი ვინ იცის თუ რა მოხდება, იდუმალი და დაფარულია.
მოდით არ გვინდა, მეტის დაწერა ჩვენ ძალგვიძს დროის ვერ შეჩერება, მოვა ოდესღაც დრო გაღვიძების და კვლავ იქნება მხიარულება!!! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
შევარდა ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნენ შუაღმისანი, მეორე მხრიდან მოესმა ხმაური რაღაცისანი, ხან ბორგვა ესმის ხან ქშენა, ხანცა ხმაური ტყისანი, ვეფი რომ წამოუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი.
შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრის მიწანი, კლდეები ჩამაანგრივნეს შტონ დაილეწეს ტყისანი, დრო აღარ დარჩა მოყმესა ხანი არ ჰქონდა ცდისანი, ფაქრსა უფარებს ვერ ჰფარავს, ვეფხი ჩქარია კლდისანი.
ბრჭყალით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი, მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი, მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონ იყვნენ წაქცევისანი ვეფხი კლდით გადმოეკიდა ჩამოაწითლნა ქვიშანი. თავად კლდის თავზედ შემოწვა მოყმე სულ ამომდინარი ქვიშას მიღებავს წითლადა სისხლი ზედ ჩამომდინარი.
იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი: ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია გაჯავრებული ტიალი, ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი, მათ დაუხოცავთ ურთერთი არ დარჩნენ სირცხვილიანი.
ტირილით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა: შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს, დაქანცული ხარ ჯაფითა ეს შენი ჯაჭვის კალთები ტიალმა როგორ დაგფლითა შენც იმის საფერ ყოფილხარ ხმალის ქნევაში გაგიცვდა.
მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია, მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია.
ხან ვეფხვი, ხან იმის შვილი ელანდებოდა მძინარსა ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აჭრის რკინასა ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლებს ყირასა, აი ამ სიზმრებს ჰხედავდის გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა სთქვა შვილისა იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექმნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა. ხალხური... დამატებულია (26.02.2012, 00:31:20) --------------------------------------------- ... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. გიორგი ლეონიძე. დამატებულია (26.02.2012, 00:31:54) --------------------------------------------- უძლიერესი ლექსებია!!! :166: ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
fshavelo, პირველი რაც ამოტივტივდა ჩემს გონებაში ეს ლექსებია, მარტო ამ ლექსების გამო შეიძლება გიყვარდეს ადამიანს ქარტული პოეზია. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, შენ გენაცვლაე, გესმის საკითხი firali81, თეთრ სეტერზე ლექსი კი მორის ფოცხიშვილისაა და მიაწერე საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ჩემი პირადი ლექსი:''რა მშვენიერი დილაა, რა მშვენიერი სინაზე, ნახეთ ჩიტი როგორ ზის ტელეფონის სინაზე'' გთხოვთ ხმამაღლა ნუ გაიცინებთ... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
თავიდანვე გადავწყვიტე ამ თემის ჩამოყალიბება,მაგრამ ვერ შევძელი.
ახოტნიკური სისხლი სულშია გამჯდარი მხედველობა ძლიერი გვაქვს დამიზნება მაგარი გევიხედე აქით ვდღლიზე გევიხედე იქით ბერგი მაგიდასთან ზის მომღიმარი ჭიქით იხვებს მაგის დანახვაზე ტრიკო ძვრებათ შიშით ნუგო ქათმებს აპრიკოლებს თავის თოფის ნიჭით თუ დავმაზეთ სამივენი დავბრუნდებით სკლინტით.
უკაცრავად მეგობრებო ეგ სახუმარო ლექსია ექსტერნად მოუძღვენი საიტს,მაგრამ დიდი სიყვარული ჩავაქსოვე გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
გაიხარეთ ყველამ საკმარისად მოგეკლად ყოველთვის გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
მწადიან, შუაუბნელო, ლექსები დაგიბარაო. ჭაუხ ქორები დაგკივის, ჯიხვების წყემსო ქალაო: ახლოს გყავ მენადირეი, ხელი არ შაუშალაო! ქარაფზე წადგა ხარ-ლაღი, რა კოხტად გაიზარაო, წამაიგრძელა კისერი, რქებ ზურგზე გადიყარაო, ქვიშაში რქათა ნაგრილი, მშვილდივით მაიხარაო. დაბლიდან მენადირემა ლიშანზე აიყვანაო, თოფ გატყვრა, ტყვიამ იწივლა, ჯიხვო, წაგაერთვა ძალაო, მაღლა წვერებზე გაზრდილო, დაბლა გაჩვენა ჭალაო. შიბშიგით გამაიშალა, კვნესის შურთხების ფარაო; ფრთა შეკრა მხარკვერიანმა, რო ელდა დაეტანაო, შურთხს დაჰკრა, ჭალას ჩაგზავნა, ქვასავით ჩაეფარაო, ამას შახენა ვაშკაცმა, შაუქა მკლავის ჯანაო, უთხრა: „ მე და შენ არწივო, ღმერთმ ეგრე შამაგთვალაო, მოდი, წაიღე ნაწილი, მე მეტს არ წავიტანაო“. შააზრიალა კლდეები მოყმის სიმღერის ხმამაო. ამ ორში ერთი ალღოი ვერც ერთმ ვერ მაიშალაო, ორივე საქებარია, ქებას მეც იმით ვთვალაო. "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
იქნებ ისინი სხეულგაცლილი ადამიანთა სულები გახლავთ, რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი, დაბადებულან ძაღლებად ახლა.
და იმ უხსოვარ ღალატისათვის ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი? ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ, თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.
თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული, ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.
ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ ისინიც ლირწი თვალებით სვამენ ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,
ცირკში ვარ…ძაღლი “ბისზე” გავიდა და ემანჭება სახე ობობად, მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან, ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.
ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს, ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს, უბრალო ძაღლი რად არ სჯობია სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც.
ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად, ეს სამეგობროდ შემოგციცინებს, უფრო სადაა და სპარტანული, ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.
ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ: ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს არსებობისთვის დაკბენილ თათებს.
ის მგელი იყო და მგლობა დათმო, კაცთან მივიდა სამსახურისთვის, ადამინო, იყავი სათნო და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.
გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა, არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი, არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა და არც გალახო, ღვთის გულისათვის.
მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ და ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნული ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებს რა ბედნიერი მიაძუნძულებს… ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
სულ მივამტვრიო, მივლეწო, გულში რაც გადაირაზა, შევყვირებ, როგორც ირმები ჰყვირიან ყარაიასა! გ. ლეონიძე
დამატებულია (09.03.2012, 13:27:34) --------------------------------------------- ეს არის ნიშიანიძის ლექსი, ძაღლები ჩემი უსაყვარლესი ლექსია
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
მშობიარობს კლდეში დალი, თეთრი კლდიდან გმინვა ისმის. თავს ყორანი დაჰყრანტალებს, ძირს ცბიერი მგელი ყმუის. კლდეში დალმა შვილი შობა, დაუვარდა შვილი კლდეზე, მგელმა უმალ პირი სტაცა, უმალ გაქრა უგზო-უკვლოდ. დაიკივლა დალმა ცივად, კივილის ხმამ მთები შეძრა...
საჯიხვისკენ მიდიოდა მონადირე ბილიკ-ბილიკ, გაიხედა, დაინახა: თავდაღმართზე მგელი მორბის. ესროლა და მოახვედრა, მგელმა ქვიშა წითლად მორწყო: დაღებული დარჩა ხახა, გახელილი დარჩა თვალი... გადავიდა მონადირე, აიყვენა ჩვილი ხელში, ზედ მგლის ტყავი მოახვია, წაიყვანა თეთრი კლდისკენ...
--- ჩამოუშვი ოქროს თმები, ამიყვანე, დედავ, ზევით. --- ნეტავ დედას ვინ მეძახის, არავინ მყავს, დედა მითხრას. --- მე გეძახი, შენი შვილი, მონადირემ მიხსნა, დედავ.
დალმა თმები ჩამოუშვა, ჩამოშალა ოქროს თმები, შვილიცა და მონადირეც აიყვანა ქვაბში ზემოთ.
---დალოცვილო მონადირევ, შეგისრულებ, რასაც მომთხოვ. არჩევანი მომიცია: და-ძმობა თუ ერთად წოლა. ---ტყის დედოფალს შემოვევლე, ჩემთან წოლას ვერ გაკადრებ. --- აბა, მაშინ ასე დავთქვათ: ყოველ თვეში ცხრა ჯიხვს მოგცემ.
(ხალხური)
დამატებულია (11.03.2012, 16:10:59) --------------------------------------------- მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი, შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია: გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი _ შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია!
ხუმრობა იქით _ შენ შეგიყვარდა მოცილებული შენს სხეულს ძვალი, ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა, რომელსაც ღმერთმა უწოდა «ქალი
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
მთაში ინათა და ბნელ წყვდიადს დღე მიეგება, დილის ნიავმა შორიახლოს გაფანტა ნისლი, დაბურულ ხევებს უკუნეთი ღამე მოშორდა, და გარიჟრაჟზე ვიღაც უცხო გამოჩნდა თოფით.
შორს მომავალი ნელა,ფრთხილად მოყვება აღმართს, ტყიდან გასული, საცალფეხოს გაუყვა ბილიკს, ძნელად სავალი ვიწრო გზაა,ირგვლივ ხევები, მონადირე კი შეუპოვრად მიიწევს,მიდის.
მეორე მხრიდან გზას მოყვება ტყის ბინადარი, კაცი და დათვი ერთმანეთის პირისპირ დგანან, ნადირმა ხრამი აირჩია და გზა დაუთმო, ადამიანი აღელვებით მოზიდავს ჩახმახს.
სროლის ხმა იყო,ძალით გასცდა ლულის პირს ტყვია, ფერდობებს, ნისლი მისდგომია დარდის ამშლელად, დათვის მკერდიდან გადმოხეთქა სისხლმა დუღილით, მისმა ღრიალმა გაიარა გულში შანთებად.
დათვის ღრიალი ეს არ იყო მარტო ბღავილი, ეს იყო მისი ბოლო სიტყვა და გულისცემა, ისევ მობრუნდა სიცოცხლეზე გულგატეხილი და მონადირეს სინანულით მიაბყრო მზერა.
კაცი გაშეშდა,ვეღარ იძვრის,ეკვრის ხელ-ფეხი, სიცოცხლე შეწყდა ,მდუმარებამ დაისადგურა, დადუმდა ირგვლივ ყოველივე,რაც იყო ქვეყნად, მხოლოდ ხეობის თავზე თოფით,კაცი გამოჩნდა.
იქვე მახლობლად მუხის ხეზე შემოჰკრა თოფი, თითქოს ზარები ყველა ერთად,ერთხმად აჟღერდა, მხოლოდ მოსჩანდა მთის ნისლებში სული ცხოველი, ადამიანი ცოდვით სავსე,ხევთან ჩამოდგა.
დაჰყურებს დაჭრილ,სისხლში მოსვრილ,წაქცეულ ნადირს, პირი იბრუნა, ვიწრო ბილიკს გაუყვა ფრთხილად, ტყეში დატოვა დამტვრეული თოფი და დათვი, და მონადირის სულში სევდამ დაისადგურა.
დღეები ნელა და მაცდურად ქსოვენ ცხოვრებას, სიცოცხლე ფრთხილად მიუყვება გასვლელ ბილიკს, არ გამხდარიყოს კაცის საქმე ისე უკუღმა, რომ ვაჟკაცობით ველურ ნადირს ეჯობნოს ტყეში ! "თოფს უკან,კაცი უნდა!"
ჯიხვი მაღალმთის ქმნილება მიუწვდომელი არსება უზენაესმა ინება რომ ახლოს ჰყავდეს ხარება
ქარაფის თავზე წოლილი მიეცა ფიქრის მორევსა მაგრამ რომ იყოს ფხიზელი არ მიდის ფიქრს სიშორესა
თორემ მან კარგად იცის განზრახვა მონადირისა ტკაცანი მთის კარაბინის დამშვიდობება შვილისა! ----------------------------------------------- ჩემი ლექსებია "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ძაღლი არ დაგიდევდათ არარად ამინდს, ხან მზე ხან წვიმა ხან თოვლი ეცვა. და ნადირობის ურიცხვი წამი, ულაპლაპებდა უთვალავ ბეწვად. დატოვა ძველი ეზო და სახლი, პატრონს აუხდა დიდი სურვილი და კიბის ძირში ბებერი ძაღლი, დარჩა ჩატეხილ საფეხურივით. მთვარე ფრთხებოდა ცის ქანდარაზე, მიტოვებული ძაღლის წკმუტუნით. და ძილგატეხილ ღამის დარაჯებს, თვალს სწვავდა როგორც მწარე თუთუნი. გაწირეს ასე დარბაისელი, ასე ერთგული არ შეიბრალეს. ჯაჭვი არ ება მაგრამ კისერზე, ჯაჭვივით ება წელთა სიმრავლე. გაიქცა ძაღლი პატრონს გასტირა, ემწუთხა გზები როგორც მარილი. მალე სიკვდილი ძველ მონადირეს, მიადგა ნაცნობ მეძებარივით. თურმე უბადლო ყნოსვა აქვს სიკვდილს, სიკვდილის გეში შეუმცდარია. თურმე სიკვდილი ყველაზე დიდი, და ჯიშიანი მეძებარია. ძაღლს ძაღლი ბედი აღარ აოცებს, მხოლოდ ხანდახან ლეკვობს ნატრობს. გაიპარება სასაფლაოზე და არ ასვენებს საფლავში პატრონს. შ. ნიშნიანიძე ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია და ყველა მონადირეს ვთხოვ უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.
დამატებულია (07.04.2012, 15:33:26) --------------------------------------------- ტყეს შეეპარა სიწითლე, ქარმა არია ნისლები. მგელი საქურდლად მიიწევს, ბნელ ღამეს ეძებს მშიერი. ჩამოთოვს აწი მთის კალთებს, დათვი დაიწევს ბარშია, იქ თოფით ხელში დავხვდები, ვერ გამექცევა მთაშია. შველი ტყეს შეეფარება, უკან მისდევენ ძაღლები. კლდეს შეხიზვნია ზამთარში, რქებდამსხვრეული არჩვები. მაღალ ფერდობებს მოადგა. გუდაფლეთილი ნისლები, სადღაც სიცოცხლე შეწყდება. ქარს გაჰყვებიან ფიქრები. ტყეს შეაფხიზლებს სროლის ხმა, სიმარტოვეში დაკარგულს. და ბრძოლას ვინც გადაურჩა, დაელოდება გაზაფხულს. ლ. მეტრეველი
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე, რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი… ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა; ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, - სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო; მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!
კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი! გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება; რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
მაისის 9-სა. 1842
დამატებულია (07.04.2012, 16:10:55) --------------------------------------------- ფიქრნი მტკვრის პირას
წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით, აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით; ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა! ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.. არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?.. მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს, და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება, ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან... თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული? მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული; მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!.. მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს, მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
მონადირის ღამე შემოგვაღამდა ალი_აბადთან, უღრან ტყის პირას გავკვესეთ ტალი. წიფლის ტოტები წითლად განათდა, ცაში ბუბუნით ავარდა ალი. გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს. სველ ნაბდის კალთებს ავარდათ ბოლი, და ოხშივარი წინდებს და წაღებს. სველი ხემოჰყვა გადაბმულ შიშინს, ვით ტყის ნადირთა უცნაურ ამბებს. და მეძებრებიც უყეფდნენ შიშით, კოცონის ირგვლივ გაწოლილ ლანდებს. ტყეში კი ისევ ტკაცუნით ჭამდა, ნადირი ნადირს რკოსა და ხეხილს. ბერმუხის უკან მგლის თვალი სჩანდა, მურყანის უკან ფოცხვერის ფეხი. და მეძებრებიც უყეფდნენ ავსულთ, მდინარის დუდუნს, ფოთლების ცვენას, და ცეცხლის ენებს ზეცისკენ წასულს, ვით ბუჩქში დამფრთხალ ხოხბების ფრენას. გვეწადა დაღლილთ კოცონთან ძილი, რა სჯობდა წიფლის ეშხიან ღადარს. მაგრამ ამ ცეცხლის გიზგიზი ტკბილი, ჯერ უფრო სწეწდა ვახშმობის მადას. და ჩვენც რა გვსურდა სურვილის მეტი, ხორცი და ცეცხლი არ გვქონდა განა? მოკლულ ტახს მყისვე გავუპეთ მკერდი, და ფიცხლად დავცხეთ შამფურებს დანა. და დაემგვანა ის ღამე ქორწილს, ბრუნავდა ცეცხლზე მწვადების ჯარა. შამფურებს სტეხდა ნადირის ხორცი, და ჩინჩხლებს ჰყრიდა მაშხალისგვარად. ქარვისფრად აცმულ ქონიან მწვადებს, ლოკავდა ცეცხლი ნდობით და ზრუნვით. და ნაკვერჩხლებზე დაცემულ წვეტებს, სდიოდა ნამდვილ საკმევლის სუნი. გვქონდა სულ გვქონდა რაც გულით გვსურდა, და მადაც გვქონდა დაღლილებს მგლური. გავხსენით ცეცხლთან თხის ტყავის გუდა, ნამჯაზე დავდეთ ყანწი და პური. ჩამოვდგით დინჯად გავსილი გზისთვის, ხელადა როგორც ძვირფასი განძი. და საქართველოს მიწის და მზისთვის, ინგილომ შესვა პირველი ყანწი. ღამით მთელ ღამით, შფოთიან ძილში, დაგვდევდა სიზმრად ყუმი და კახი. და თასმანლუსთან ბერმუხის ძირში, ხმელ ფესვებს გლეჯდა დაჭრილი ტახი. ი. აბაშიძე ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ. დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი. და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა, ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი. თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები: ირმების, ჯიხვების, არჩვების, დათვების - სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით. და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა, სასმური ასწია ლევან დადიანმა: - კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი, გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი! - კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, - ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა: - ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად, ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად? - მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ღამეში თვალების გადაბრიალებით ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები. ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა (მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა): - ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ, ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს! - გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი, ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით, ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია, მაგ ირმის გვერდით რომ რქოსანი ტახია! - სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა. ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში თვალები ვეება გარეულ კამეჩის. და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები. წყვდიადში თვალების გადაბრიალებით რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები: - პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი, პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი! სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ, რომელმა მათგანმა რა მოჯკლა, რა ბედზე. ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე. - ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი ცოცხლობდეს, შრომობდეს, ომობდეს მთავარი! ტყე არ შრიალებდა, დაწვნენ და დაოსდნენ ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები, და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე, ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით... თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
დამატებულია (30.05.2012, 19:37:19) --------------------------------------------- ეს ლექსი ყველა ბაზიერელს ეძღვნება. ავტორი :მე
ქორ-შავარდენთ დამგეშავნი, მეძებარის თუ მდევრისა ლოქოს მჭერი მეთევზენი ერთ არიან ბუნებისა.
თვალ მახვილნი, მუხლ მაგარნი ვით არწივი და მგელია ერთმანეთის გვერდში მდგომნი კაცნი...მაგრამ გულთ ლომია.
ბაზიერელ ძმათა ძმობა ვეფხისა და მოყმის ომი, იქ დედას თუ შვილ ერთობა აქ მამაცთა მთელი ტომი! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია, ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი, ჩემი სამშობლო იალაღია, ზედ საამური ხარობს ჯეჯილი, და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, - ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა, მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს, მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს! ლ. ასათიანი ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა… სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური… გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება… სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა… ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება… ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული… გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული… მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“ დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა… განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს… ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“… მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა… სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს… განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო… თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო… გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი… რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა… ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება… ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე… სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება… განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
დამატებულია (02.07.2012, 23:41:11) --------------------------------------------- ვაჰ დედას თქვენსა, ჯიხვებო, დავბერდი, მაკლეს თვალთაო; ფეხდაფეხ ვეღარ მოგყვებით, მუხლები დამეხლართაო. კიდევ სამ გაყურებინებთ ჩემის ხირიმის ხმასაო, ჭიუხში შეგაბერტყინებთ ცისკრის ხანს ქუჩის ნამსაო.
თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, გული გკლავს მონადირეო: ჯიხვო, ვერ მოგკალ, ტიალო, სისხლი ვერ გაგადინეო. ვერ დავიკვეხე სწორებში, რქაზე ვერ დაგაბჯინეო; ვერ გადაგაგდე კლდეზედა, გული, ვერ გაგაცინეო.
''დედი, სახვალიოდ საგძალ გამიმზადე, უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი, კაი რაას დარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი... დედი, გეფიცები ხარჯიხვ დავთოფე და მერე გადმოფრენილ ქარაფს დავეკიდე, დედი, გეფიცები სანამ დავენარცხე შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდე. იცი, ჩემს საფლავზე მაგ შენს იასამნებს, უდგათ პერიოდი ლურჯად შეფერების, იცი, ყოველ ღამე შენთან მოვდივარ და შენ თაში ჭაღარებს ჩუმად ვეფერები. დედი, სახვალიოდ საგძალ გამიმზადე, უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი, კააი, რაას დაარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი. დედი..."
მახსოვს! ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _ მახსოვს! შენი დათვისისხლა შავი ღვინო _ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა _ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა _ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე _ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი _ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები _ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები _ მახსოვს! ბოლო ხანებში გვეღლებოდი _ მახსოვს! მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _ მახსოვს! `მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _ მახსოვს! `ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _ მახსოვს! ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _ მახსოვს! ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _ მახსოვს!
"გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი...."
”კაი ყმა” კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდეს? ვინა, ვინ არი კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?
მიდით, იქ მიდით, სადაცა ხალხი ხალხზედა ღელავდეს, მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ – მტერსა, ხმლები, ხანჯრები ელავდეს. სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს, ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს; ფარების დადგეს ჯღრდეები, თვალები თვალებს სწველავდეს; მოციქულობდნენ ტყვიანი, შუბები შუბებს სწვერავდეს; ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმაი ჰფერავდეს; დაგელაობდეს სიკვდილი, სუდარაებსა ჰკერავდეს.
ვინც მიეგებოს მტერს წინა, წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს, სახე-სისხლგადამდინარი ტკივილს არ გამოიტყოდეს, თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს, სიცხეში სიოდ დაჰბეროს, დაათბოს, როცა ჰყინავდეს. პირველად ომის დამწყები, ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს; სხვანი იყოფდენ ნადავლსა, ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს; მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს. დარაჯად ედგას ლაშქარსა, როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს. სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს.
მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს. იქ იდგას ხმალ-ამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს. გაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს. სხვისა იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰმალავდეს. მზედ იდგეს ხევსურეთისა, უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს. სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი; კვდებოდეს, არა გმინავდეს; თავის სამარხად, სუდრადა, მარტო სახელსა სწირავდეს.
სულეთს[1] შავიდეს ხმლიანი ლაღი ლაღისა ცხენითა, წინ მიუძღოდეს არწივი ხმით მოყაშყაშე, ფრენითა. ქება უყივლონ გმირებმა, გადასრულებმა ჩვენითა. ერეკლემ ხელი მაჰხვიოს, დაისვას თავის გვერდითა, გამაეგებოს თამარი მცინარი, თავის ფეხითა. გახარებული უფალი კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა. ანგელოზები ხარობდენ, ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.
აი, ვინაა კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა! არა თქვენ, სადიაცენო, რო ძროხებივით სძღებითა; ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამასდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა; გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა; უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა, დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა. არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა!
1909 წ.
დამატებულია (09.11.2012, 13:33:05) --------------------------------------------- ვაჰ ეს რა მაგარი თემა ყოფილა და მე კი არ ვიცოდი
დამატებულია (09.11.2012, 13:40:23) --------------------------------------------- ”ფშაველი ჯარისკაცის წერილი” გულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით, კიდევ ცოცხლები დავრჩითა. ხვალ ისევ ომში გვიწვევენ გაკვირვებულნი გარჯითა, თამარ დედოფლის ბარტყების გულოვანობით, მაჯითა. ვცდილობთ, რომ საქართველოსა ვუშველოთ ჩვენის ხარჯითა. სამშობლოს ბედნიერება არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა, ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს, ნამუსი დავიცავითა. რუსეთში მყოფი ვნატრულობ, სამშობლო ვნახო თვალითა. ერთი რამ უნდა გაუწყო, გავკვირვებულვართ ამითა: როცა ომი გვაქვ ქართვლის ჯარს, ნათელი გვიძღვის ღამითა; კაცი რამ ლურჯცხენიანი, ამოღებულის ხმალითა, მაღლიდან თავზე დაგვბრუნავს ტურფა იერით, ტანითა. სახე აქვს შავად მოცული მას დიდის კაეშანითა. ეს ჩვენი ჩუმი მფარველი ლაშარის ჯვარად ვსცანითა.
როცა მისწყდება თოფის ხმა და ზარბაზნების გრიალი, გრძნობები დამიყუჩდება, არ მესმის ბრძოლის ზრიალი, ფიქრით შინა ვარ… საჩეჩლის კბილების მესმის წკრიალი. გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფარტენას ცრემლი გისველებს ტიალი! ეგ ხო ჩემ საჩოხედ გინდა! ნაკურთხი დედის ცრემლითა არ გაიჭრება მახვილით, არ დაიწვება ცეცხლითა.
რა დიდი ღამე გასულა, შენ კი სძილ-ფხიზლობ კერაზე! ეგ შენი გლოვა უფალმა, ვსთხოვ, შაგიცვალოს მღერაზე! მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა, კვლავ მეძახიან ბრძოლაზე: საჩხუბრად, სისხლის საღვრელად, თოფის, ზარბაზნის სროლაზე. ნეტავ, თუ არ გვატირებენ ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?! ნეტავ, თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი, - არ იქცა საყოვ-ყორნედა ჩვენი ლამაზი ალაგი. მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა, კვლავ მეძახიან ბრძოლაზე: საჩხუბრად, სისხლის საღვრელად თოფის, ზარბაზნის სროლაზე. მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებს ლაჩარის შვილის ყოლაზე.
1914 წ. 10 დეკემბერი.
დამატებულია (09.11.2012, 13:52:23) --------------------------------------------- ”არწივი და კაკაბი” კაკაბმა უთხრა არწივსა: “გთხოვ, ამიყვანო შვილადა”. სთქვა და თვალთაგან ცრემლები გადმოუგორდა წყვილადა.
“შენ რომა მყვანდე ქომაგად, რას დამაკლებენ ქორები? დავგოგავ თავისუფლადა, არავის შევეპოვები.
შიშს ქვეშა ვცხოვრობ დღე და ღამ და საკენკსა ვკენკ თრთოლითა, ყოველი ლუკმა, ნაბიჯი რწყულია შიშის ოფლითა.
ცის ქვეშე ჩემი მფარველი არსით არ მოიპოვება, უმწეოდ რომ ვგრძნობ ჩემს თავსა, დაბნეული მაქვს გონება. ოჰ, რომ იცოდე, არწივო, ჩემი ტანჯვა და გოდება, აღარ მოჰკლავდი კაკაბსა, არ ჩაუყრიდი ბრჯღალებსა, მის ხორცს არ დააფეთებდი მაგ შენს მშვენიერს თვალებსა”.
– რას ამბობ, რასა, კაკაბო, შე კლანჭ-უძლურო, ნაცარა? ვინ დაგარიგა, ან ჭკუა თავში რამ გამოგაცალა?
ხომ წაწყმდა მთელი სამეფო, ქორ-შავარდნების ბრბოები, თქვენ დაგრჩესთ სანავარდოდა მინდვრის და მთათა შტოები!
ბარემ ის მითხრა, – მოკვდი-თქო, პირდაპირ, მოუფერებლად! გასწი, გამშორდი თვალთაგან, ჩემ კლანჭთა მოუღერებლად, თორემ იქნება ბუმბული შენი წაიღოს ნიავმა, მთისა მწვერვალი ახაროს შენის ბუმბულის ტრიალმა!
განაბა სული კაკაბმა, იქვე მოძებნა საფარი, ჩაქრა სხივ-გამოუცემლად გულს ანთებული ლამპარი.
დაიწყო მწარედ გოდება, ნუგეშმცემელი სად არი?! არწივი ცის მკერდს გაეკრა, ფარფაშობს, როგორც მაყარი, ცას უპოხს გამხმარს გულ-მკერდსა ხამუშად მისი ყარყარი.
დასცინის უძლურთ სისუსტეს, ლოცავს არსებულს წესებსა: ზოგი რომ აბედი არის, სხვა ზედ ცეცხლს დააკვესებსა, გაუპობს ნადავლს გულ-მკერდსა, დაჰბღუჯავს, დააკვნესებსა.
1908 წ.
დამატებულია (09.11.2012, 19:12:24) --------------------------------------------- ოჰოი ნანა ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ქედა, შუახევ-ხულოიდანა, დედო დვრინით დამემღერა დიდგოროზი მთები თანა, მთები. . . ვისვის თვალსეირი ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვავოდა კლდის ბორჯღალზე ბეჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული გორით გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან დაჯვარული ქვები წვანან, ქვებში ჩუმად დაქვითინებს ჩემი დიდი ნენეის ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი აჭარელი ვიყავ განა.
ჰოიდა ნანა, კიდოვ ნანა ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკი მოჭუჭკული ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბალანივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო! --- სხვა რა მექნა აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნან, ოჰოი ნანა, ქოჩახელას ქარჩხი განა, უსულ-უსულ-ლოცვა-ლოცვით ქარმა ნისლებს გაატანა, ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული ერთს ვცეკვობდი, განდაგანას, თვარა ისე დუშმნის თვალებს მიბჯგენილი ვიყავ მარად, მიბჯგენილი ვით ამ მთებზე ლოდიძირის ძვლების ძალა, მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე დირეგები კოჭბორჯგალა, მიბჯგენილი ვით ჭალიქვით გაჯანდრული დედეს დანა, ჟამმა ბევრი მაბოჟირა, მომბეჟვა და მავალალა მომთიკრა და მამუნნათა დამინდო და დამავალა, სისხლში სისხლი! მხოლოდ სისხლი! აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა, ვერ წამიხვალ განდაგანა, ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა კმარა მეთქი! უკვე კმარა, ჩემი სისხლის სიყვარულით ო, რა ხანი არ დამთვრალა, მეყო, მტევნის წებო წვენში ჩემი სულის ორთქლი დგანა, ყელზე შემომეფართქალა ვაზის ლერწი ლოფორთქანა, სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება შატბერდი და შორი ბანა, იქ, სანთლები ჩემისისხო, ჯერეთ კიდე არ ჩამქრალა, მეყო! ჯამმა ჟანგნაფლეთმა რაც დამფლა და რაც დამგმანა, აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, წარბგახსნილი დავალ განა, საქართველოვ, ჩემო დედავ! ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მქუხარება მწუხარება გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაძირში კიდე ვდგავარ, შენი ზეცის სიმაღლისთვის მარადიდში ვრანდავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც, იდიდგულე! რომ ამფერი აჭარელი გყავდი განა!
დამატებულია (19.11.2012, 17:05:44) --------------------------------------------- ისეთი გული რად გინდა, გქონდეს და არა გტკიოდეს, ისეთი თვალნიც დავსილან, ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ. ისეთი ხმალი რად გინდა, მტერთან შეყრა არ შიოდეს, ისეთი შვილი რად გინდა, სამშობლო არა სტკიოდეს, ისეთი ცხენი რად გინდა, ლაშქარში არა ხვიოდეს, ისეთი მეფე რად გინდა, მხედართ არ მიუყიოდეს. ისეთი მიწა რად გინდა, სხვის ხელში გადადიოდეს. ამას სჯობია, ქართველი სამზეოს არ დადიოდეს.
ხმალს ჰლესავს ბერიკაული, დაფიქრებული ძალზედა, ჰლესავს დიდრონი სალესით, თან ცერს გადუსომს ფხაზედა. დიდხანს ეკიდა კაჩხაზე, არ გატანილა კარზედა. შემჭვარტლული აქვს ქარქაში, მტვერი სდებია ტარზედა, ხმალი ჟანგს შეუჭამია, ვახ დედას მტრისას, რაზედა? მოსულან ახალ-უხლები, წამოსდგომიან თავზედა: „ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია, მაგრე გულმოდგინებითა? შენ უნდა ცელსა ჰლესავდე, ან ცულსა!“ – ჰკითხეს წყებითა. – თქვენ ბალღები ხართ, რა იცით, დღეში ათასჯერ სცდებითა. კარგახან ვლესე ისინი, ვიქნიე ცული, ცელია. დავღვარე ოფლი მრავალი, მით მოვრწყე ტყე და ველია; მათ სამსახურში დავლიე წუთისოფელი მთელია. მაინც ვერ ამოვიყვანე უბეს ნაჯდომი გველია. ქერის პურს დანატრებულსა ვინ მომცა ლუკმა სველია? საკმაო ხანი ვითმინე, მოთმენა გამომელია. ახლა ხმალს ვლესავ გორდასა, გალესვა იმის ჯერია; იქნება იმან მიშველოს და მომაშოროს მტერია.
აჭიმა ბერიკაულმა მაღლა წარბები სქელია და გადმოყარა თვალთაგან ნაპერწკლის ჯგუფი ცხელია. „მტერზე ჩვენ მივალთ, ახლები, შენ დაწევ, დაისვენია!“ – ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა, ახლის სიკვდილი ძნელია! – კვალად სთქვა ბერიკაულმა, ოხვრა ამოჰხდა გრძელია.
1905 წ. ვაჟა.
დამატებულია (20.12.2012, 19:12:53) --------------------------------------------- ვაჟა. ალექსანდრე ყაზბეგს შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარის გულითა, დაღლილი მტრისა ჯავრითა!.. ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა, ცრემლი მიგყვება საგძლადა და ტრფობა შენის ქვეყნისა უქმს და ხელუყრელს აბჯრადა. თავს დგმული ეკლის გვირგვინი ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა, მამულისათვის გამწყდართა იმ საქართველოს შვილებსა. ცოცხლად იმედით მცხოვრებო, გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში! პირობა ქართველებისა, ვგონებ, მიგყვება უბეში!.. უჩვენე შენი კალამი, ნაწები სისხლის გუბეში!
1893 წელი
დამატებულია (20.12.2012, 19:24:24) --------------------------------------------- ირმებსა იალაღზედა, არ გაგიგია, რა ექნათ? ძნა-თივა ჩემი ერთიან რქითა და ფეხით გაექნათ! ეჩხვერათ, ებუღრანავათ, მემრე ნავარდი შაექნათ! – რად არ გაუდეგ, თოფითა სრულ არ გასწყვიტე წყეულნი? – გავუდეგ, მაგრამ ამაოდ: შორს წასულიყვნენ გრძნეულნი. თანაც ჯანღები ჩამოწვა, კუპრივით შავად ფუოდა: დღე დღესა ჰგვანდა აღარა, თავის თავთანა ტყუოდა, მით ჩემს ირმების დევნასა ამინდი არა ჰგუობდა. – მაშ შაჰრჩათ ირმებს ქეიფი შენის ძნითა და თივითა? – შაჰრჩათ და იმათ ქეიფსა ჩვენ ტყუილადა ვჩივითა. თავს როდი დავანებებდი, ერთ კვირას დევნა მეწადა, მაგრამ ნადირთა პატრონი აშკარად გამომეცხადა. წაქცეულს წიფელზე იჯდა, ათამაშებდა ფეხებსა, იმისი სიტყვა-პასუხი ჰგავ ელვას დანაკვესებსა. არა სციოდა ფეხებზე, როგორც იმ წიფლის ფესვებსა, თუმც არაფერი არ ეცვა; წითელ ვარდივით ჰღვიოდა. გამწყრალი, გარისხებული, შავარდენივით ჰკიოდა, და ეტყობოდა, ჩემ გამო ძალიან გული სტკიოდა. თავზე ეხურა გვირგვინი, – ია და ვარდი სცვიოდა, – სულ უცხო ყვავილებისა, მხოლოდ სამოთხეს შლილისა. ქალს ხელში ჯოხი ეჭირა მოქნილი, სწორი თხილისა. ისეთი იყო გოგონა, როგორც ცისკარი დილისა; ჯერაც მარჭვია ისარი, გულში ნასროლი იმისა: „რას მისდევ, რასა, ძმობილო, ირმებს? დაჰბრუნდე სჯობია. წადი, შინ წადი, მისმინე, უვნები, კარგა მყოფია. შენვე არ მოგხვდეს, ბედ-კრულო, შენი ხირიმი თოფია. წადი, დაბრუნდი, მიჰხედე იმ შენს საოხრო სარჩოსა. ხუმრობა საქმე როდია, იქით რამ დაიხარჯოსა. შენი ამაგი ამაგობს, სხვისი კი ჩალა-ბუჩია? შენთვის ვასუქე ირმები, ვაძოვე ლელი, ქუჩია? რამდენჯერ თქვენგან დამთხვრები ერთადვე მოვაქუჩია! იმათ მფარველად დღედაღამ მე ვყევარ ციხე-ბურჯია. რაც იმათ ვნება მოელის, წინ-წინ მე მწვდება ყურშია. ისე არიან ჩემთვისა, ვით შვილი დედის გულშია. ირმის მოკვლაზე შენი ცდა ამიერიდან ფუჭია. შენ ის იკმავე, ძმობილო, რაც მოჰკალ, კიდეც შაირგე. ირმებს პატრონი ჰყოლია, ხომ ჰხედავ, კარგა გაიგე! შენი რაღაცა ათი ძნა არც კი ღირს დასაფასადა, ჩემი კი შენზე ამაგი მეტია ასჯერ ასადა. შენ ოცი მოჰკალ ირემი, ჩემის თვალ-გულის ამაგი; – თავად მე მოგაკვლეინე, რამდენჯერ ესე ალაგი მოჰსვარე ირმის სისხლითა! მთხოვდი, მეც მეცოდებოდი: დილიდან საღამომდინა მშიერა ეხეტებოდი, „მომაკვლეინე ირემი!“ – ქუდ-მოხდით მეხვეწებოდი: „სად ხარ, ადგილის დედაო, მისმინე საწყალს მუდარა ერთხელ, აი დღეს მხოლოდა! შემდეგ ნუ მისმენ, ნუღარა!“ შენი ძნა-თივა ვიცოდი, თავად მივყარე ირმები ზედა. ჯერ მარტო იმიტომ, დაღლილნი იყვნენ, მშივრები, ვინაც შენ დაგიხოცია, იმათი შვილიშვილები; მეორეც მიტომ, გაგვეგო, რა მადლობელი იქნები ჩვენი ცოტა ხნის სტუმრობით, ჩემი და ჩემის ჯოგისა. მაკვირვებს კაცთა ნამუსი, მომეტებულად ზოგისა! ეხლა დავრწმუნდი, რომ შენა მარტოკა ისა გნდომია, რომ სხვამ გასვას და გაჭამოს, ამოგიყოროს გომია. „იხარეთ ჩემის ამაგით!“ – ერთხელც არ წამოგცდომია; თავის ღვაწლს დიდად აფასებ, სხვისა არ გაგიზომია. უჯიშოვ, როგორ ვერა სთქვი ღვთის საამური ქართული?! რად არ დაიხსენ გონება, პირად რგებაში გართული; არ დაიძახე თამამად: ალალი იყოს თქვენთვისა, რადგანაც ბევრჯელ, ირმებო, თქვენაც გირგიათ ჩემთვისა! და წაჰსულიყავ სახლშია დამშვიდებული შენთვისა, უფლება ნადირობისა შენ გექნებოდა ყველთვისა. ეხლა კი გითხოვ, სამუდმოდ მოჰშორდე ტყეს და ჭალებსა, ნადირის მოსაკლავადა აქ ნუღარ ეძებ კვალებსა, თორემ, იცოდე, დაგჩიჩქნი ძირ-ფოჩიანად თვალებსა!“ მუხლთ მომეკვეთა, მაშინვე დავბრუნდი პირჯვრის წერითა, თოფს ვერ ვესროდი, ირემი იქვე დაებათ რქებითა. ისე შევკრთი და შევშინდი, ნახულ-ნასმენის ამბითა, რომ სულ იმ გოგონას ვხედავ, როცა კი მძინავ ღამითა. რა მომეჩვენა? რა ვნახე? რამდენჯერ მივლავ ტყეშია, ხამი ხომ არ ვარ, რამდენი ირემი დამიჩეხია, მაგგვარი არა მინახავ! თავზე დამეცა მეხია. ღმერთი გამიწყრეს, თუ კიდევ მე ტყეში შევდგა ფეხია, ნადირის მოსაკლავადა ვიხმარო რამე ხერხია!
1913 წ. ვაჟა ”ნადირთ პატრონი”
დამატებულია (23.12.2012, 19:05:08) --------------------------------------------- "ხალხური" დიდი განძია სიტყვაა წყაროს წყალივით, მთის გამცოცხლები ამ ქვეყნად რომ სძინავთ ბეჩავთ მკვდარივით!
ეს ლექსი ხალხსა უშობავს სახელიც მისცეს "ხალხური" იმათ გულს ამაჰხდენია სიტყვა სწორი და კაცური!
ძველთაგან ნიჭი თან მოგვდევს ამ გვარის სიტყვის თქმობისა, ყველა კუთხეს აქვს თავისი სიტყვა, ლამაზად თხრობისა!
დამატებულია (25.12.2012, 16:41:21) --------------------------------------------- როგორღაც ვხედავ სიზმრებსა, გულო, დაჰრჩები ტიალად, ლამის რომ შენი ნაგრძნობი შენვედაგაჩნდეს ზიანად. დაბნელდეს მაშინ სამყარო თავის მთვარით და მზიანად. ვაჰმე, რა ძნელი იქნება მაშინ სიცოცხლე ჩემთვინა: მემრის დღეებთან დავსწყევლი, რაც მიცოცხლია დღემდინა. რად მინდა, რადა, სიცოცხლე მოწამლულისა გულითა, ვიცხოვრო ქვეყანაშია გადაგდებულის რჯულითა?! მოდით, დამკალით მაშინა, თავი მომჭერით ცულითა! სადა ხარ, მამაპაპურო ანდერძო ჯავშნიანო, გამოდეგ სამარის კარსა, აჩრდილო მკლავიანაო, ჩამბერე სული მაგარი, სამშობლოვ მწვანიანაო! ვერ მომკლავ, ჟამო ბედკრულო, – ხელში მიპყრია დანაო, თუ გავსტყდე, შხამად შამერგოს დედის ძუძუ და ნანაო; იცოცხლე, გულო შენ ჩემო, ტანჯულო, ქალმნიანაო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!