ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.
პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ "ხამანწკების დამჭერი მეკობრე" გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად. იქ ერთი წელიწადი დაჰყო. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. "კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი,-ამბობდა ის შემდეგში,-იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც." შემოქმედება ცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა "ოვერლენდ მანზლიმ" გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა "მათთვის ვინც გზაშია". ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც "ჩრდილოეთის ოდისეასთან" ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით "მგლის შვილი". მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.
"მგლის შვილის" (1900) გარდა ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: "მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები" (1901), "ყინვის შვილები" (1902), "ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები" (1904), "ქალის სიძულვილი" (1906), "სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები" (1906), "დაკარგული სახე" (1910), "სმოკბელიუ" (1912). ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი "თოვლის ასული" (1902), აგრეთვე ვრცელი მოთხრობები "წინაპართა ძახილი" (1903) და "თეთრი ეშვი" (1906).
ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება რომანი "მარტინ იდენი", სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრვმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ რა თქმა უნდა იგი მეტად განზოგადებული და შემკრებლობითი ტიპია. "მარტინ იდენი" კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და უახლოვდება მაქსიმ გორკის, სუინბერნის, სტივენსონის და სხვა დიდი რეალისტების ნაწარმოებებს.
მიუხედავად აღიარებისა ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!