ჯეკ ლონდონი ცივილიზაციის დაუნდობლობას ბუნებას ამჯობინებდა
1876 წლის 12 იანვარს, სან-ფრანცისკოში დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი ჯეკ ლონდონი (Jack London)
მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯონ გრიფიტ ჩეინი (John Griffith Chaney). მწერლის დედა, ფლორა უელმანი, ამერიკელი იყო.
ფლორა უელმანი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ, გატაცებული იყო
სპირიტიზმით. მამა, უილიამ ჩეინი მოხეტიალე ირლანდიელი, „ასტოროლოგიის
პროფესორი". ფლორა და უილიამ ჩეინი ერთი პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ
სან-ფრანცისკოში. ფლორა დაფეხმძიმდა, უილიამს უნდოდა მოეშორებინათ ბავშვი,
მაგრამ ქალი არ დათანხმდა, კინაღამ თავიც მოიკლა გაგულისებულმა. უილიამმა
მიატოვა ფლორა.
დედამ ჩვილი მიაბარა თავის ყოფილ მონას, ვირჯინია პრენტისს, რომელმაც
დიდი გავლენა იქონია მომავალ მწერალზე. მალე ფლორა ცოლად გაჰყვა ჯონ
ლონდონს, ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანს, ინვალიდს და ჯონი თავისთან
წაიყვანა. ჯონ ლონდონი ახალი დაქვრივებული იყო. მამინაცვალი კეთილი და
გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად
ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. ისინი ოკლენდში გადასახლდნენ, სადაც
მომავალმა მწერალმა სკოლა დაამთავრა. პატარას ჯონ ლონდონი უწოდეს, ჯეკს
მოფერებით ეძახდნენ, რაც შერჩა კიდეც სახელად მთელი ცხოვრება.
„მე დავიბადე ღარიბ ოჯახში, ხშირად მიჭირდა და ვშიმშილობდი კიდეც, არა
მქონია საკუთარი სათამაშოები. რაც თავი მახსოვს, სიღატაკე იყო ჩვენი
ცხოვრების თანამგზავრი. მაღაზიაში ნაყიდი პერანგი პირველად რვა წლისამ
ჩავიცვი.
მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილად დააფასოს საჭმელი, ვისაც შიმშილი
განუცდია, მხოლოდ მას შეუძლია დააფასოს წყალი, ვისაც ზღვაზე ან უდაბნოში
უმოგზაურია, და მხოლოდ მდიდარი ფანტაზიით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია
დააფასოს ის საგნები, რომლებიც მას აკლდა ბავშვობაში."
სკოლაში წასვლის წინ დილის გაზეთებს ჰყიდდა, სკოლიდან დაბრუნებული კი
საღამოს გაზეთებს. ძალიან უყვარდა კითხვა, თუმცა წიგნების ყიდვა არ შეეძლო,
ამიტომ სამკითხველოებში დადიოდა.
მუშაობდა საკონსერვო ქარხანაში, მერე „ხამანწკების დამჭერი მეკობრე"
გახდა და ნამდვილად იგემა რისკიანი ცხოვრება, რომელსაც ლიტერატურიდან
იცნობდა. მეზღვაურობიდან ისევ ქარხნის მუშად იქცა.
სან-ფრანცისკოს
გაზეთ „კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსში მიიღო მონაწილეობა - მისი
პირველი მოთხრობა „ტაიფუნი იაპონიის ნაპირებთან" გამოქვეყნდა. მოთხრობამ
პირველი პრემია მიიღო. ჯეკი ამან კი წაახალისა, მაგრამ შემდეგი ნაწარმოები
გაზეთმა აღარ გამოუქვეყნა.
1894 წელს ამერიკაში ეკონომიკური კრიზისი გაღვივდა. ჯეკ ლონდონი კვლავ
უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიაში მოხვდა. მაწანწალასავით ცხოვრება
მოუწია, ცოტა ხანს ციხეშიც იჯდა. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.
გაიტაცეს სოციალისტურმა იდეებმა. 1896 წელს გახდა სოციალისტური პარტიის
წევრი.
მერე ალასკაზე გაემგზავრა ოქროსმაძიებლად. სიღატაკეს ვერ დააღწია თავი,
სამაგიეროდ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, გაჭივებამ, თავგადასავლებმა,
ადამიანებთან და მკაცრ ბუნებასთან ურთიერთობამ დიდი მწერალი აჩუქა
მსოფლიოს. „კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი, იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს.
იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი
მსოფლმხედველობაც."
1899 წლიდან კვლავ განაგრძო მოთხრობების გამოქვეყნება...
მალე სახელიც გაითქვა, მაგრამ სიღარიბეს მაინც განიცდიდა. ცხოვრობდა
გულჩათხრობილად. 1916 წლის 22 ნოემბერს, მორფის გადაჭარბებული დოზის
მიღების შედეგად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს თვითმკვლელობა იყო...
ალბათ ყველა ჩვენთაგანის ბავშვურ წარმოდგენებზე დიდი გავლენა იქონია ჯეკ
ლონდონის მოთხრობებმა. არა ერთი თაობის ადამიანებმა ცხოველების, ძაღლების
თუ მგლების, ადამიანების სიყვარული და თავგადასავლების მაძიებლობაზე ოცნება
მისი მოთხრობების წაკითხვის შედეგად ისწავლა თუ გაიმტკიცა. ისწავლა
სიკეთისა და ადამიანობის დაფასება, დაჩაგრული თუ მარტოდ დარჩენილი
არსებებისადმი თანაგრძნობა, რადგან ყველაფერს დიდოსტატურად, მძაფრად
გვიხატავს ჯეკ ლონდონი.
გივი გაჩეჩილაძე ჯეკ ლონდონის ხუთტომეულის წინასიტყვაობაში, 1965 წელს,
წერდა: „მოთხრობებში „წინაპართა ძახილი" და „თეთრი ეშვი" ჯეკ ლონდონი
განსაცვიფრებელი ოსტატობით გვიხატავს ცხოველებს, რომელთა ხასიათიც
ადამიანის ხასიათის მსგავსად იცვლება და ვითარდება გარემოებათა ზეგავლენით.
„წინაპართა ძახილის" გმირია ძაღლი ბეკი, რომლის ძარღვებში მგლის სისხლი
ჩქეფს. ძაღლი საოცრად ერთგულია თავისი კეთილშობილი პატრონისა, მაგრამ როცა
ეს უკანასკნელი კვდება, ძაღლი მგლის ხროვას უერთდება, თუმცა მაშინაც არ
ივიწყებს პატრონს. ამ ანიმალისტურ მოთხრობაშიც ჯეკ ლონდონი ერთმანეთს
უპირისპირებს დიად ბუნებას და გამხრწნელ ცივილიზაციას, ძაღლის, ასე ვთქვათ,
სოციალურ მდგომარეობას, - მის ატავისტურ* ბუნებას.
ცხოველებისადმი ულმობელი დამოკიდებულების წინააღმდეგ გამოდის ავტორი
აგრეთვე მოთხრობაში „თეთრი ეშვი" და გადატანითი აზრით ეს გამოსვლა,
საერთოდ, ძალისა და ანტიჰუმანური მეთოდების წინააღმდეგ მიმართული
პროტესტია. კეთილი და ალერსიანი პატრონები იმსახურებენ ცხოველთა სიყვარულს,
ხოლო სასტიკები და მხდალები - მათ სიძულვილს. ეს უკანასკნელნი, როგორც
მწერალი ამბობს, ულმობელნი არიან ისე, როგორც მხოლოდ მხდალი ბუნების
ადამიანი შეიძლება იყოს. მკითხველს უნებლიეთ მოაგონდება აღორძინების ეპოქის
დიდი ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ მონტენის ცნობილი დახასიათება, რომელსაც
იგი პოლიტიკური ტირანიის შემქმნელებს აძლევდა: ტირანი, რომელიც თავის
სისხლისმსმელობით თავზარს სცემს ქვეშევრდომებს და უქმნის მათ ილუზიას
საკუთარი პიროვნების ძლიერების შესახებ, არსებითად უძლური და მხდალი
ადამიანია, რომელიც ძალაუფლებას იყენებს საკუთარი უძლურებისა და სიმხდალის
დასაფარავად და ახალ-ახალ სისხლს ღვრის იმ შურისძიების შიშით, რომელიც მას
ლოგიკურად უნდა მოელოდეს ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო. ასეთ
განზოგადებამდე შეიძლება მივიდეთ, თუ ჩავუკვირდებით ჯეკ ლონდონის
ანიმალისტური მოთხრობების გმირებს**.
ცხოვრების ბიოლოგიური ფილოსოფია განსაკუთრებით იჩენს თავს ჯეკ ლონდონის
ცხოველთა სამყაროს ასახვაში, მაგრამ, საკმაოდ ხშირად იგი ადამიანის
სამყაროზედაც ვრცელდება. უფრო მეტიც, ბურჟუაზიული ცივილიზაციის კრიტიკაში
ჯეკ ლონდონი თავისი ცხოვრების ბოლო წლებში იქამდეც კი მიდის, რომ ქადაგებს
ადამიანისა და ბუნების შეერთებას, მახინჯი საზოგადოებიდან ხელუხლებ და
ჯანსაღ ბუნებაში დაბრუნების რუსოისტულ იდეალს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ,
რომ ეს კრიტიკა კეთილშობილი ადამიანური იდეალების პოზიციიდან წარმოებს, რომ
სინამდვილის საშინელებათა რეალისტურ ასახვას ჯეკ ლონდონის შემოქმედებაში
უპირისპირდება ბუნების რომანტიკული იდეალიზაცია. აქ შეიძლება პრინციპული
სხვაობა ვერც ვნახოთ იმ დასკვნებში, რომელიც მწერალს გამოაქვს ცხოველთა თუ
ადამიანთა სამყაროს აღწერისას. მისი აზრით, ყველგან ერთი და იგივე კანონი
მეფობს, ყველგან ბუნება სჯობს ცივილიზაციას"...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!