ბრაკონიერობა საქართველოში – მიჩუმათებული პრობლემის სავალალო შედეგები
რაზე და როგორ ნადირობენ საქართველოში? ტრადიციულ სანადირო სახეობებს განეკუთვნება: ირემი, ჯიხვი, არჩვი, ნიამორი და დათვი,
რომელთა რიცხოვნობამ უკანასკნელი წლების განმავლობაში კატასტროფულად იკლო. ჩლიქოსნების განადგურების გავრცელებულ ფორმებთან ერთად, ხშირია ასევე ვერტმფრენებიდან ავტომატური იარაღით ნადირობაც, როდესაც რიგიანად დახოცილი ცხოველის შეგროვებაც კი ვერ ხდება. საერთოდ კი, გარემოს დაცვის ექსპერტები საქართველოში ბრაკონიერთა რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ადგილობრივი მონადირეები, ძველი თბილისელი მონადირეები, ახალი ქართველი მონადირეები, მაღალჩინოსნები და მესაზღვრეები. გასაგებ მიზეზთა გამო, განსაკუთრებით დასაგმობი და მოუთმენელი სწორედ მესაზღვრეთა და მაღალჩინოსანთა ბრაკონიერობაა.
საქართველოს სახეობათა კონსერვაციის ცენტრში ბრაკონიერობისა და არალეგალური ნადირობის ამსახველი არაერთი ციფრობრივი და ფაქტობრივი მასალა არსებობს, მათ შორის, მაღალჩინოსნებზეც, რომლებიც საჯარო გამოსვლებში, კერძოდ, პრესისა და ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუებში, არცთუ იშვიათად თავადვე აღიარებენ, რომ ბრაკონიერობას ეწევიან, თუმცა ამას დანაშაულად არ მიიჩნევენ და კიდეც ტრაბახობენ მოკლული ირმებითა თუ ტახებით.
[ირაკლი მაჭარაშვილის ხმა] "ბრაკონიერობასთან დაკავშირებით, იმისდა მიხედვით, რა სიმძიმის დანაშაულია, რა სახეობის მკვლელობასთანა გვაქვს საქმე, არის ეს სახეობა წითელი წიგნის თუ არა, დაცული ტერიტორიის შიგნით ხდება თუ არა, ზარალის ოდენობა რამდენია, სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის. სისხლის სამართლის სასჯელი შეიძლება გულისხმობდეს 4 წლამდე პატიმრობასაც კი." (სტილი დაცულია)
როგორც სახეობათა კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, კანონის სიმკაცრის მიუხედავად, ბრაკონიერობის გამო პრაქტიკულად არავინ ისჯება. ანუ ლიცენზიის გარეშე ნადირობას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დანაშაულად არ მიიჩნევს და, შესაბამისად, არც მაკონტროლებლები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ესაა პრობლემის თავი და თავი. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციამ ბოლო ხანს უკანონო თევზჭერის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა. რაც შეეხება ნადირობას, ამბროლაურში, კერძოდ, სახელმწიფო ნაკრძალში, მდინარე რიცეულას ხეობაში, შვლის მოკვლის მოწადინე ხუთი მონადირე დააკავეს და სანადირო თოფები ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული 800 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდა.
საქართველოში ნადირობის წესებს არეგულირებს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ." კანონის თანახმად, ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე, კერძოდ, სამონადირეო მეურნეობებში. სამონადირეო მეურნეობის შექმნის ლიცენზიას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, დღემდე 29 ლიცენზიაა გაცემული, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთი სამონადირეო მეურნეობა შეიქმნა.
[ლევან ბუთხუზის ხმა] "გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა გაიარო უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი იმისათვის, რომ სამონადირეო მეურნეობის შექმნის ნებართვა მიიღო. როდესაც მთელ ამ ქაღალდომანიას მორჩები და კაბინეტიდან კაბინეტში ივლის ადამიანი, შემდეგ აუქციონის წესით უნდა იყიდოს ეს ტერიტორია. დაახლოებით 10 000 ჰექტარის სამონადირეო მეურნეობის ყიდვისათვის ადამიანს პირველი საწყისი ფასი აუქციონზე დაუჯდება 100 000 ლარის ოდენობა. ესე იგი მთელ ბიუროკრატიას დაემატა ასეთი ფინანსური ბერკეტი, რომელიც სრულიად არ უწყობს ხელს სამონადირეო მეურნეობების განვითარებას." (სტილი დაცულია)
სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესისა” და მისი გამგეობის თავმჯდომარის ლევან ბუთხუზის ძირითადი მესიჯი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი სამონადირეო მეურნეობის შექმნის პროცედურის გამარტივებაა. მით უფრო, რომ კარგად გამართული სამონადირეო მეურნეობა მოგებას საკმარისად გვიან იძლევა.
მაშინ კი, როცა სამონადირეო მეურნეობები არ არსებობს, ხოლო დაცული ტერიტორიების გარეთ ნადირი პრაქტიკულად განადგურებულია, ბრაკონიერთა სამოქმედო ასპარეზად ნაკრძალები იქცა. ყველაზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ირემი, რომელიც, ძირითადად, გარდაბნის აღკვეთილში, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის ნაკრძალშიღა გვხვდება. 2003 წელს "ნაკრესმა” ნაკრძალში მხოლოდ 160 ირემი დათვალა, მაშინ როდესაც 1980 წელს 750 ინდივიდი ირიცხებოდა.
[ვაჟა პავლიაშვილის ხმა]" მეტიც კი იყო. მჭიდრო დასახლება იყო და ნაწილი გასახლდა, ნაწილი... მართლა ბავშვსაც კი, ყველას ეჭირა იარაღი, რა იარაღი არა - ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დამცველებზე კარგი იარაღი - და, თავისთავად ცხადია, ეს უპატრონობა... კაცს კლავდნენ და არავის ეკითხებოდა და ნადირს რომ მოკლავდნენ, რა თქმა უნდა, ეგ იქნებოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ ხნის მანძილზე შიმშილი ხალხის, უბედურება ხალხის, ეს საზღვრების გახსნა. მაგრამ ისე კატასტროფული მდგომარეობა არ არის, ნორმალურადაა." (სტილი დაცულია)
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია 24 ჰექტარზეა განთავსებული. დაცული ტერიტორიის დირექტორი ვაჟა პავლიაშვილი განმარტავს, რომ ნაკრძალისა და აღკვეთილის მოვლა–პატრონობის საქმეს 21 ადამიანი ემსახურება. მისი თქმით, ნაკრძალში მომხდარ დარღვევებზე არაერთი აქტია შედგენილი, არსებობს სასამართლო საქმეების პრეცედენტიც, თუმცა კანონი მაინც ლმობიერია:
[ვაჟა პავლიაშვილის ხმა] "იარაღი რომ ჩამოვართვათ, ამის უფლება არა გვაქვს. ის საკუთრებაა და შეიძლება იქ წავართვათ იარაღი, მაპატიეთ გამოთქმისთვის და შეიძლება იქიდან გამოვაგდოთ, მაგრამ აქ, დაბლა, რომ ჩამოდის, მაგარი ბიჭი ხდება. ძალაუნებურად მერე სასამართლოც ამას უკან უბრუნებს. ალბათ, ნაკრძალში რო შევა ვიღაცა, რა იარაღიც არ უნდა ჰქონდეს, გინდ ცული, გინდ თოფი, გინდ რაღაც სათევზაო მოწყობილობა, იმას აბსოლუტურად კონფისკაცია უნდა გაუკეთდეს." (სტილი დაცულია)
დაცული ტერიტორიების ფინანსური გაძლიერება, სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა, მთავრობის პოლიტიკური ნება და ბრაკონიერობის კრიმინალად აღიარება ის რეკომენდაციებია, რომლითაც არსებული ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკრესი”, რომლის მონაცემებით, გადაშენების საფრთხე ემუქრება ჯიხვს, ნიამორს, ირემს, არჩვს, დათვს. არსებული მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 600–მდე დათვიღა შემორჩა. ბრაკონიერობამ კი უკვე შეიწირა სამხრეთ–აღმოსავლეთ ველების მშვენება, ჯეირანი, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სრულიად გადაშენდა.
[ირაკლი შავგულიძის ხმა] "ბრაკონიერობა იყო ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ეს სახეობა საქართველოში გადაშენდა. მეზობელ აზერბაიჯანში ის ჯერ კიდევ არსებობს. შემცირდა ის შემთხვევები, როდესაც ჯეირანი შემოდის აზერბაიჯანიდან, იმიტომ რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გზააბნეული ინდივიდი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, უკან უსაფრთხოდ ვეღარ გადადიოდა."
ამბობს "ნაკრესის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი შავგულიძე. მისი თქმით, საქართველოში ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ნადირობს კანონით დადგენილი წესებით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!