საქართველოში ცხოველებზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ, ხანდახან გგონია, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობენ...
ცოტა რამ მახსენდება.
რამდენიმე წლის წინ "ნაკრესმა" საგანგებო საჰაერო რეისით - თბილისი-მაასტრიხი ჰოლანდიაში სამი მურა დათვი გაამგზავრა. საბრალოებს სამშობლოში ევთანაზიის განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. უჩვეულო ეკოაქცია იყო.
"ნაკრესი" ინგლისური სახელწოდების აბრევიატურაა - Noah’s Ark Center for the Recovery of Endangered Species - ნოეს კიდობანი იშვიათი სახეობების გადასარჩენად. მგონი, სათაურში ყველაფერია ნათქვამი...
მერე ტყვე დათვების გადარჩენის ინიციატივით გამოვიდნენ - "დატოვე დათვი ტყეში!" "ნუ ესვრით!" - ჯიხვს, ნიამორს, კეთილშობილ ირემს, ქურციკს, წავს... მომავალ თაობას მხოლოდ ილუსტრაციებად რომ არ შემორჩეს... პირველებმა გამოიყენეს ფოტოხაფანგები, რადიოსიგნალები... მტაცებლებზე პრემიული სისტემაც მათი ინიციატივით გაუქმდა. ივრის ზეგანზე მაჩვზღარბას კვალისთვის მიუგნიათ და სიხარულით აცნობეს მათ, ვისაც ბუნება უყვარს. ჩამოთვლა უმადური საქმეა... www.nacres.org - მათი საიტიდან მეტს შეიტყობთ. მაგრამ შეუძლებელია, არ ვახსენო ვაშლოვნელი ჯიქი.
ალბათ გაგიგონიათ ეს ისტორია. ჩვენი ბუნების ამ იშვიათი, ყველაზე ლამაზი და გრაციოზული ქმნილების ამბავი ყოველთვის ბურუსით იყო მოცული. უკანასკნელი ლეოპარდი საქართველოში ორმოცდაათი წლის წინ საგურამოსთან მოუკლავთ. თუმცა ნაკრესელებს ხშირად მოსდიოდათ სარწმუნო ცნობები მისი არსებობის შესახებ. ერთ დღესაც მოზრდილი კატისებრის ნაკვალევი უპოვიათ. მერე ფოტოხაფანგმა ლეოპარდი გადაიღო. ნოე დაარქვეს. ქართველი ჯიქის შესახებ BBC-მ მთელ მსოფლიოს ამცნო.
ბოლო პერიოდში ნოე გამქრალა. ნაკრესელებს იმედი აქვთ, რომ აზერბაიჯანშია გადასული და აუცილებლად დაბრუნდება...
რა უნდა ყოფილიყო უფრო მეტყველი სიმბოლო... და მათ ლოგოზეც ლეოპარდია გამოსახული. ისეთი უწყინარი სახით იყურება მრისხანე მტაცებელი, კიპლინგი მახსენდება: ეთიოპიელმა დაადო ხუთი თითი უყვითლეს-უქვიშისფრეს-უყავისფრეს ტანზე და სადაც მოხვდა, ყველგან პატარა ნათითურები დააჩნდა, ერთმანეთთან ახლოს. მათი ნახვა ნებისმიერი ლეოპარდის ტყავზე შეგიძლიათ. ხანდახან თითები უსხლტებოდა და ლაქები ბუნდოვან მოხაზულობას ღებულობდნენ, მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდები, ნახავ, რომ ყველა ლეოპარდს ხუთ-ხუთი ლაქა აქვს. ეს ზღაპარშია, მაგრამ ლეოპარდის ხალები განლაგებით, მოყვანილობით ისეთივე ინდივიდუალური ყოფილა, როგორც ადამიანის თითების ანაბეჭდები. ნოეს იდენტიფიკაცია სწორედ ხალების მეშვეობით გამხდარა შესაძლებელი.
შეუფასებელია ცხოველების შესახებ წაკითხული სულ პირველი წიგნების და მათი ავტორების გავლენა. პატარას ქალაქური ყოფის სიცარიელესაც უვსებს და ბუნებასაც გულშემატკივრები ემატება.
"ნაკრესის" წარმომადგენელი ლევან ბუთხუზიც ბავშვობაში გატაცებით კითხულობდა ჯონ ჰანტერის "მონადირეს" და ჯერალს დარელს.
"კარლსონის" ბიჭუნასავით ძაღლზე არ უოცნებია. ვერაზე, ეზოიან სახლში გაიზარდა და, რაც თავი ახსოვს, ჰყავდა, ჩიტებიც, კატებიც. მათ მოვლა სჭირდებათ, თან აკვირდებოდა... ეზოში ვირთაგვებიც ბლომად იყვნენ, ჭიანჭველების ბუდეებიც. თან მამას სულ ზოოპარკში დაჰყავდა.
"მერე ჩემი ფილოსოფიური კონცეფციით ზოოპარკის არსებობას აღარ ვეთანხმებოდი. მირჩევნია, არწივი ცაში იყოს, ვიდრე - გალიაში... თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებულ სახეობათა აღდგენისა და საგანმანათლებლო ფუნქციისთვის ალბათ მაინც საჭიროა.
ოჯახში, ბუნებრივია, ფიქრობდნენ, რომ ბიოლოგი, ზოოლოგი გამოვიდოდი. უცებ, IX კლასში, გამოვაცხადე, სამედიცინო მინდა-მეთქი. საბედნიეროდ, ვერ ჩავაბარე და ისევ ჩემს ბიოლოგიას დავუბრუნდი".
შინაური ცხოველებით დაიწყო... მერე კი ისეთ არეალებში გაიჭრა, რომლებზეც უმრავლესობას წარმოდგენა არ გვაქვს, ნახვით ხომ არ გვინახავს და არც გაგვიგონია. კონტინენტი არ დაუტოვებია, უამრავი ქვეყანა მოიარა, სადაც ველური ბუნებაა შენარჩუნებული.
ზოოლოგებს შთაბეჭდილებების გაზიარება უყვართ, და რაც უნდა გატაცებული იყვნენ ცხოველებით, ზოგჯერ არცთუ იოლი ექსპედიციების საინტერესო თავგადასავლებზეც ყვებიან, რომლებიც დაკავშირებულია არაორდინალურ ადამიანებთან, შორეულ ჯადოსნურ ადგილებთან თავისი სიახლეებითა და მოულოდნელობებით. ისეთ რამეებს გაიგებ, რასაც სამეცნიერო მონოგრაფიებში ვერ წაიკითხავ.
ლევანიც წერს, ძალიან შთამბეჭდავად, გატაცებით, იუმორით. ისეთი ამბების მოყოლა შეუძლია!.. მაგრამ სხვა დროს იყოს...
მისი ოჯახის ახლობელია იასონ ბადრიძე, ცნობილი ეთოლოგი. 80-იანი წლების ბოლოს მას ზოოპარკში ტერიტორია ჰქონდა ნაქირავები და მგლის ბუნებაში აღდგენის მეთოდიკაზე მუშაობდა, მგლებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მათ ქცევას აკვირდებოდნენ. სტუდენტი იყო, მასთან მოხალისედ მუშაობა რომ დაიწყო. ბირთვიც შეიკრა: ზურა გურიელიძე (ზოოპარკის ახლანდელი დირექტორი), გია თოდუა (ბიოლოგი), ნათია კოპალიანი (ახლა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი) და გიგი თევზაძე - სტუდენტი-ფილოსოფოსი (ახლა ილიას უნივერსიტეტის რექტორი).
მძიმე წლებია. ომი, შიმშილი, სიცივე, წყვდიადი... ეს ზრდასრული ხალხი კი მგლებს შესჩერებია. ადამიანთა რეაქციაც "ადეკვატური" იყო...
ერთი წლის მუშაობის შემდეგ, როცა არაფორმალური გაერთიანებების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, სხვებზე დამოკიდებულიც აღარ ვიქნებითო.
"ნოეს კიდობანს" ეძახოდნენ. მერე ეს მეტსახელი ოფიციალურ სახელწოდებაშიც გადავიდა - Noah’s Ark Center for the Recovery of Endangered Species.
"შემდეგ ბატონი იასონი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, ზოგმა სხვა საქმე ნახა. იყო პერიოდები, სულ ხუთნი ვიყავით, ხან 25-იც. მაგრამ ყოველთვის ყოველთვის საერთო ღირებულებები გვაერთიანებდა... 20 წელზე მეტი გავიდა... და თუ ეს ორგანიზაცია დღემდე მეტ-ნაკლები წარმატებით არსებობს, იასონის და მთელი გუნდის დამსახურებაა, წარმოუდგენლად "შეკრული" ჯგუფის სიძლიერით და თითოეულის პროფესიონალიზმით მივაღწიეთ და დღემდე ამით ვართ ძლიერნი.
ჩვენს მიზანს არასოდეს გავცდენილვართ: ველური ბუნების და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას. საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნებოდა, და როცა სოციალურ ან სხვა სფეროში გრანტები გამოჩნდებოდა, გადაეწყობოდნენ და ძირითად მიზანს სცდებოდნენ. ეს, ცხადია, კონფლიქტს იწვევს, და თავის თავს ამოჭამდნენ ხოლმე. იყო პერიოდები, შემოსავალი საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ ცდუნების წინაშე არ დავმდგარვართ...
"ნაკრესი" არ არის კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია იმ გაგებით, რომ მხოლოდ რაიმეს ადვოკატირებს ან ცხოველთა უფლებებს იცავს. პირველ რიგში, კონსერვაციის კვლევებს ვაწარმოებთ და ნებისმიერ დაინტერესებულს, მთავრობა იქნება, კერძო პირი თუ კომპანია, მათზე დაყრდნობით რეკომენდაციებს ვთავაზობთ".
პარალელურად გამოსცემენ სამეცნიერო სტატიებს, ნახევრად პოპულარულ წიგნებს "მათთვის, ვისაც, ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ სურს საკუთარი ბუნების გადარჩენა"...
ასე მგონია, "ნაკრესში" მუშაობა სინამდვილეში მხოლოდ სამუშაო არ არის, შეიძლება მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ეს ცხოვრებაა... თავისი საქმით გატაცებული ადამიანებისა. თან გამუდმებით საჭიროა პარტნიორების მოზიდვა, ყურადღების მიპყრობა, დახმარების თხოვნა, ნდობის მოპოვება - ამიტომ უნდა იყვნენ გამორჩეულებიც, საინტერესოებიც, "მოდურებიც" - რომ ხალხს მათთან ყოფნა უნდოდეს, სამაგიეროდ ხომ მატერიალურს არაფერს სთავაზობენ. უბრალოდ, ცდილობენ ბუნება შეინარჩუნონ, და ჩვენც გაგავაგებინონ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი...
- ოფიციალური მონაცემებით, სახეობათა მრავალფეროვნების შემცირება 100-1000-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე საშუალოდ მთელი ისტორიის მანძილზე. პლანეტა ყველაზე მასშტაბურ ცხოველთა გაწყვეტის წინაშე დგას. საქართველოში როგორი მდგომარეობაა?
- დიდი ხნის განმავლობაში პლანეტის ბიომრავალფეროვნების ცვლილების მიზეზი ბუნებრივი კატაკლიზმები იყო. როცა გაუკაცრიელება ბუნებრივი გზით, ევოლუციური პროცესის დროს ხდება, გამქრალი სახეობების ადგილს ყოველთვის ახლები იკავებს. გამყინვარების პერიოდში პლანეტის უზარმაზარი ნაწილი ტუნდრად იქცა, მყინვარების დნობის შემდეგ ისევ აღდგა. მაგრამ როცა ადამიანი ბიომრავალფეროვნებას შეგნებულად ანადგურებს, თან წარმოუდგენლად სწრაფად, ბუნება აღდგენას ვერ ასწრებს...
ბიომრავალფეროვნების ცვლილება, სახეობათა კარგვის ტემპები, პირველ რიგში, ტექნიკურ პროგრესს უკავშირდება. XIX საუკუნემ, როცა ტექნიკური რევოლუციის ბუმი დაიწყო, გაცილებით მეტი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მოითხოვა, ისევე როგორც ადამიანთა პოპულაციის განუხრელმა ზრდამ. ადამიანი სულ უფრო ღრმად იჭრებოდა ველურ ბუნებაში. მაგრამ თუ ადრე ექსპანსია რეალური რაოდენობის მიხედვით ხდებოდა, დღეს აუცილებელი აღარ არის, ადამიანი თვითონ შევიდეს, სამაგიეროდ ტექნიკას აგზავნის. მაგ., ინდოეთში სადაც მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა, ძნელია ველური ბუნების პოვნა. თუმცა ამაზონის ჯუნგლებს, სადაც მოსახლეობა ასეთი რაოდენობით არ არის, მეგაკორპორაციები ეპატრონებიან.
ამ ურთიერთდამოკიდებული პროცესების გამო XIX საუკუნის ბოლოდან ჩვენს დრომდე კლების მაჩვენებელმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწია თავისი კლიმატის ცვლილებითა და ყველა სირთულით.
ბიომრავალფეროვნების კლების თვალსაზრისით საქართველოშიც კრიტიკული სიტუაციაა.
90-იან წლებში, როცა ქვეყანაში ტყეების მასობრივი ჩეხვა დაიწყო და მასივების ნახევარზე მეტი განადგურდა, მთლად იმ ზღვარს ვერ მიაღწიეს, როცა ტყეს აღწარმოების უნარი აღარ აქვს. თან, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და სწრაფი რეგენერაციის უნარი აქვს. მხოლოდ ცოტა ხანს უნდა "შეეშვა"...
ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ტყეს ეხება და არა ველურ ბუნებას, ცხოველებს ვგულისხმობ. ტყის ბინადრების რაოდენობა სულ უფრო კლებულობს. ამის მიზეზი არასწორი ნადირობა და ბრაკონიერობაა. მოწესრიგებულ სპორტულ ნადირობას ერთი წლის მანძილზე ისეთი ზიანი არ მოაქვს, როგორიც ერთ ადამიანს, რომელიც მაგ., ვერტმფრენიდან ჯიხვებს ავტომატური იარაღით ხოცავს... ასეთი გამოხდომები ჩინოვნიკების მხრიდან ვარდების რევოლუციამდეც იყო, მერეც, ბოლო პერიოდში მასობრივი ჟლეტვები არ არის, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, ტურისტი თუ ჩინოვნიკი ჩვეულებრივი ნადირობით სცოდავენ, როცა კანონს არღვევენ.
კანონი, ცხადია, არსებობს, მაგრამ მისი სიმკაცრე კომპენსირდება იმით, რომ მას არ იცავენ... კანონმდებლობაც არეულია... ბრაკონიერობა კრიმინალად უნდა აღიარონ. ბოლო წლებში ვნახეთ, რომ რთული საკითხებიც შეიძლება მოგვარდეს, თუ ეს პოლიტიკური ნება, ზედა ეშელონებში ვინმეს კეთილი ნება იქნება.
"ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის რელიეფი საინტერესო და თავისებურია. საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც, ეს ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია საქართველოში. ფლორა სრულიად განსაკუთრებულია. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული საფარის ტიპების ამგვარი ცვლა საქართველოს არც ერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. ეს ტერიტორია იშვიათი საკმილის ხით, ნათელი ტყეებითა და სტეპებით გამოირჩევა. ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და ბუნების ორი პატარა ყურე ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც უამრავი იშვიათი მცენარის გვერდით ველურად იზრდება კაკლის ხე.
მრავალფეროვანია ფრინველთა და ცხოველთა სამყაროც. ამ მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარა, 135 სახეობის მწერი და უმარტივესი. თიხის ციცაბო ფლატეებზე მერცხლის კოლონები ბუდობენ, რომლებსაც "მერცხლების ქალაქს" უწოდებენ.
აქ დათვის ხევის ალესილები კიდევ ერთ სიურპრიზს - პრეისტორიულ ფაუნასთან შეხვედრას გვიმზადებს. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ვაშლოვანის ყველაზე ძველ ბინადრებს - ზღვის მოლუსკებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე იმ დროიდან ცხოვრობენ, როცა აქაურობა წყლით იყო დაფარული. იმავე დათვის ხევში კიდევ ერთ, შედარებით "ახალგაზრდა" პრეისტორიულ ცხოველს შეხვდებით. თიხის ბორცვიდან სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვალია გამოკვეთილი. აქაურობა სავსეა გარეული ცხოველის ძველი და ახალი ნაკვალევით" (ლევან ბუთხუზი).
აქ ცხოვრობს ჩვენი ნაცნობი ნოეც და ამბობენ, რომ მალე ისევ იცხოვრებს ჯეირანი...
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია (ეს დაცული ტერიტორიის სხვადასხვა ფორმებია). სხვა რა გზები არსებობს ბუნების დასაცავად?
- ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დაცული ტერიტორია სამყაროში ყველაზე აპრობირებული მექანიზმია. ეს ტერიტორიები განსაკუთრებით გამორჩეულია - ველურ ბუნებას საოცარი მრავალფეროვნება ახასიათებს. რაც ფასდება ხერხემლიანი ცხოველიდან დაწყებული ძუძუმწოვრებისა და მცენარეების მრავალფეროვნებისა და ენდემურობის თვალსაზრისით.
ბოლო წლებში ერთი პრობლემა გამოსწორდა. ადრე დაცული ტერიტორია უშუალოდ სოფელს ესაზღვრებოდა, მაგ., ლაგოდეხის ნაკრძალი, პირდაპირი მნიშვნელობით, კარიბჭის ერთ მხარეს იყო და მეორე მხარეს მოსახლეობა ცხოვრობდა. მათთვის თითქოს ფსიქოლოგიურადაც ძნელი შესაგუებელი იყო - აქეთ ცხოვრება დუღს, იქით კი ყველაფერი გეკრძალება... ნელ-ნელა, თანაბრად უნდა შემცირდეს ადამიანის დაწოლა, მერე შეწყდეს... ამას ველური გარემოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა დაცულ ტერიტორიებს ბუფერული ზონები აქვს, სადაც მოსახლეობას შეუძლია შევიდეს, დაისვენოს, გაერთოს.
რაც შეეხება ჯეირანს... ის კომუნისტურ პერიოდში განუკითხავი ნადირობის შედეგად გადაშენდა. სხვათა შორის, სერიოზული პრობლემა იყო საკვებიც. თუშეთიდან შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე ცხვარი ჩამოდიოდა. ცხვარი ბალახს პირდაპირ პარსავს, თან პატარა ჩლიქებით ისე თელავს, რომ მისი აღდგენა ურთულესია. ყველა ქვეყანაში, სადაც მეცხვარეობა განვითარებულია, ამ პრობლემას უჩივიან (თუმცა მოწესრიგებული საძოვრების პირობებში ცხვარი დიდი რაოდენობითაც შეიძლება გყავდეს). მაგრამ ჯეირანის გადაშენების მთავარი მიზეზი ბრაკონიერობა იყო. ის წითელ ნუსხაში მოხვდა!
მეზობელ აზერბაიჯანში ჯეირანი ჯერ კიდევ არის. სახეობები საზღვრებს არ სცნობენ... პარადოქსულია, მაგრამ აღარ გადმოდიან... რადგან ტყვიით ვხვდებოდით. ამიტომ ბუნებრივად გამრავლების საშუალება არ აქვთ. შესაძლებელია სანაკრძალო რეჟიმის გამკაცრება, რომ ბრაკონიერობა აღიკვეთოს და პოპულაცია ნელ-ნელა აღდგეს. მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივია პროცესია და ამ შემთხვევაში კარგია, რომ ადამიანები სულსწრაფები ვართ, რადგან სხვა საშუალებაც არსებობს, რომ მის აღდგენას ჩვენი შვილებიც მოესწრონ.
თურქეთიდან 10 ჯეირანი შემოიყვანეს (ამ პროგრამაში "ნეკრესიც" ჩართულია). ჯეირანი სწრაფად მრავლდება (წელიწადში ერთს იგებს) და როცა მათი რიცხვი 50-ს მიაღწევს, ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ. მერე ეკოსისტემა რაოდენობას თვითონ არეგულირებს. მინიმალურ პოპულაციას რომ მიაღწევს, მინიმუმ ხუთი წელი მაინც უნდა გავიდეს, თან მონიტორინგის ქვეშ - რომ პოპულაცია სიცოცხლისუნარიანია, ნელ-ნელა იზრდება, და მხოლოდ ამის მერე დღის წესრიგში დადგება კონსერვაციული სტატუსის შეცვლის საკითხი. ალბათ 50 წლის შემდეგ კი წითელი წიგნიდან ამოღებაზეც შეიძლება საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია...
წითელ ნუსხას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს. სპეციალური კომისია თითოეული სახეობის მდგომარეობას სწავლობს და მათ გარკვეულ კატეგორიას - კონსერვაციულ სტატუსს ანიჭებს. ეს შეიძლება გადაშენების პირას მყოფი ცხოველი იყოს, ან საკმაოდ ცუდ, მოწყვლად, ანდა კარგ მდგომარეობაში იყოს. ნებისმიერი წითელი ნუსხის მიზანია, ეს სახეობებები დაიცვას, რომ ნუსხიდან ამოღებულ იქნეს.
სამწუხაროდ, თუ ძუძუმწოვრებზე ან ხერხემლიანებზე ვილაპარაკებთ, ეს ნუსხა დიდტანიანია (ისევე როგორც ფლორისტული თვალსაზრისით).
ჩვენ ძირითადად მსხვილ ძუძუმწოვრებს ვიკვლევთ. სამწუხაროდ, როცა ინდივიდები ცოტანი არიან, დიდი რისკია, რომ ცხოველი მანიპულაციის დროს შემოგვაკვდეს. თუმცა ასეთი შემთხვევა დათვებთან, მგლებთან, რომლებზეც კვლევებს ვაწარმოებთ, არ გვქონია. ვიჭერთ, ვაძინებთ, რადიოსახელურებს ვადებთ, ვუშვებთ, შემდეგ მათი მოძრაობის, მარშრუტების და ა.შ. კომპიუტერიზაცია ხდება. დიდხანს ვსწავლობდით ირმის პოპულაციასაც.
- წითელი მგელი, უკვე ყბადაღებული თემაა... მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ მგელი მომრავლდა.
- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მგელს ტყეში მოსანადირებელი მხეცები შემოაკლდა - ირმის, შვლის, არჩვის რაოდენობა ძალიან შემცირდა და საკვების მოსაპოვებლად ტერიტორიების ძებნაში ადამიანის საცხოვრებელს მიდგა, ისეთ სოფლებშიც გამოჩნდა, სადაც ადრე არ იყო. მეორე: 90-იანი წლებიდან მტაცებლების ხოცვაზე პრემია აიკრძალა. 100 მანეთი იყო დაწესებული. მგელს თუ ბუნაგთან ჩაუსაფრდები, შეიძლება 4-დან 8-მდე (ამდენია ნაყარში) ამოხოცო. ზრდასრულს მოკლავდი თუ პატარას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თითო 100 მანეთი ღირდა. კარგი თანხა გამოდიოდა (მაგ., დათვი მომგებიანი არ იყო. უნდა სდიო, ბუნაგთან მიბმული არ არის, საშიშია). როდესაც ეს შეწყდა, ცხადია, რაოდენობა გაიზარდა.
ამასთან, მგელი ინტელექტუალური ცხოველია, ჭკვიანი, შეიძლება ითქვას, სწორედ ამის გამო არ იწვრთნება. რეზისტენტულია, ანუ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს, როცა ადამიანის მხრიდან მასზე პრესია.
როდესაც მტაცებელი ადამიანის საცხოვრებელში იჭრება, სამწუხაროდ, უნდა მოიკლას. მაგრამ ჯერ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომ ნამდვილად მგელია. ხშირად გაველურებული ძაღლები იმავეს სჩადიან, რასაც მგლებს აბრალებენ. მათი გარჩევა კი ერთი თვალის შევლებით მარტივი არ არის.
მოსახლეობის ჩივილი მომისმენია, მოკვლის უფლებას არ გვაძლევენო... გარემოს დაცვის სამინისტრო ნებართვებს გასცემს, მაგრამ ვერ ხოცავენ - უმრავლეს შემთხვევაში ან მგელი არ არის, ან წესიერი ნადირობის მოწყობა არ იციან. მთელი სოფელი აიყრება და შეიარაღებულები ტყეში მიდიან. ალბათ მობილური ჯგუფები უნდა შეიქმნას.
მგლის შემოყვანის ჭორი კი მრავალი წელია მუსირებს. ხან ამბობდნენ, წითელი მგელი გაშენების პირას არის მისული და ტყეებში საგანგებოდ გაუშვეს, რომ სახეობა გადარჩესო. ხან მითებს ავრცელებდნენ რაღაც არსებაზე, რომელიც ინდოეთში ცხოვრობდა... ეს ძაღლის მონათესავე ძალიან იშვიათი სახეობაა, ისევე როგორც ეთიოპიის ბინადარი წითელი მგელი.
ყველა ინტერვიუში ვიმეორებ: ეს აბსურდია. საქართველოში არასოდეს არავის მგელი უცხო ქვეყნიდან არ შემოუყვანია. სხვა რომ არაფერი, ამას დიდი თანხები სჭირდება და რომელ პერიოდსაც უკავშირდება, სრულიად გამორიცხული იყო... ეს დაბნეულობა ადამიანების გაუთვითცნობიერების ბრალია. ჩვეულებრივი მგელი, მიუხედავად იმისა, რომ რუხს ვეძახით, შეიძლება თეთრიდან დაწყებული შავამდე სხვადასხვა შეფერილობის იყოს (ჩვეულებრივ, მგელს ფერთა ასეთი ვარიაციები ახასიათებს, მაგალითად, ჩრდ. ამერიკაში). საქართველოში, მართალია, თეთრი და შავი არ გვხვდება, მაგრამ არის რუხიც, მოწითალო და ჟღალი ელფერითაც. ძალიან მიკვირს, როგორ მოხდა, იმ ადამიანებს, ვინც ამ ჭორს ავრცელებს, რომ ჟღალი ელფერის მგელი აქამდე ნანახი არ ჰყავდათ?! ეს ყველა პროფესიონალმა მონადირემ კარგად იცის და სულელურ ჭორებს არ უნდა აჰყვეს.
რადგან მგლებზე ვმუშაობდით და მათ განუკითხავ წყვეტას ვეწინააღმდეგებოდით, ჩვენი კვლევებიც იმ დროისთვის ძალიან უჩვეულო იყო, ბევრი ჭორი დაიბადა. "წითელი მგლის" შემოყვანის აბსურდული ისტორია, ცხადია, "ნაკრესს" დააბრალეს. სამწუხაროდ, ამას სათანადო ანტიპროპაგანდა ვერ დავუპირისპირეთ და ახლა ყველა გზაჯვარედინზე თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც არასოდეს გაგვიკეთებია...
თან მგელი კონფლიქტური ცხოველია, ადამიანებს არ უყვართ და მასზე ნებისმიერ ჭორს მზაობით იღებენ. ჭორაობა მთელ მსოფლიოში ხომ უყვართ, ჩვენთან კი, მგონი, უფრო მეტად... თუნდაც ჟურნალისტები ავიღოთ. "ნიუსებს” ჭორებზე დაყრდნობით წერენ, როგორც ჩანს, საზოგადოება ამას ითხოვს და იჯერებს კიდეც. ასეთივე კონტექსტით შეიძლება შეხედო წითელი მგლის პრობლემასაც.
- ტყვე დათვების პრობლემასაც რომ არ დაადგა საშველი...
- დათვის უბედურების მიზეზი ის არის, რომ მისი წვრთნა შეიძლება. თან მისი პოპულაცია საქართველოში მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მერე, ქარიზმატული ცხოველია - ადამიანი მასთან ბევრ საერთოს აღმოაჩენს: ორ ფეხზე დგება, ცირკში ველოსიპედს ატარებს, მსახიობობს... სერიოზული კულტურული შემეცნებისთვის მნიშვნელოვანი ცხოველია. დათვი სხვადასხვა ერში ერთ-ერთი მთავარი ტოტემური ცხოველი იყო და სხვ. ყველა ეს პირობა ხელს უწყობს, რომ ტყვეობისთვის კარგი სამიზნე იყოს.
ტყვე დათვები ყველა განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნის პრობლემაა, რუმინეთიდან დაწყებული ინდოეთამდე, ზოგან ფოტოგრაფები დაატარებენ, რესტორნებთან და ბენზინგასამართ სადგურებთან ჰყავთ, ჩინეთში, მაგ., დატყვევებულ ცოცხალ მგლებს ნაღველს "წველენ". სამწუხაროდ, ეს პრობლემა დარჩება, სანამ მას კომპლექსურად არ მიუდგებიან. ცხადია, ეს დათვების რაოდენობის შემცირებას იწვევს, თითო ბელი ხომ თითო მოკლულ დედას უდრის.
- ზოგიერთი ეთოლოგის მტკიცებით, ცხოველებს აქვთ მორალური ნორმები...
- ეს ცოტა მცდარ მოსაზრებებზე იყო დამყარებული. 20 წლის წინ ამბობდნენ, რომ "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს", ანუ თავისივე სახეობის ცხოველს არ კლავს. ან ორი ლომი ერთმანეთს რომ შეებრძოლება, ძლიერი უკან იხევსო... ეს იდეალიზებული წარმოდგენა იყო, რაშიც ზოოლოგებს მიუძღვით წვლილი. ცხოველები ისეთივე სასტიკები არიან, როგორიც ადამიანები, ყველაფერი ის, რაც ჩვენთან ხდება, მათთვის უცხო არ არის. ამის გამო მათ ვერ ავითვალწუნებთ...
რაც შეეხება, "ტრადიციებსა" და "წესებს"... ეს ნებისმიერ მაღალინტელექტუალურ და/ან სოციალურ სახეობებს აქვთ და მათი გადარჩენის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. აქ არ ვგულისხმობ მაგალითად, ჩლიქოსნებს, რომლებიც სოციუმში ცხოვრობენ (მარტოხელა ცხოვრებას არ ეწევიან), მაგრამ სოციალური სახეობები არ არიან, ანუ სოციალური ქცევის ის ურთულესი რეპერტუარი (ანუ ე.წ. რთული "ტრადიციები" და რთული "წესები") არ აქვთ, რაც, მაგ., მტაცებლებს. ჩლიქოსნები უფრო "ჯოგური" სახეობები არიან (ერთ-ერთი გამონაკლისი, ალბათ, გარეული ღორია). ამიტომ ჩვენში ჩლიქოსანთა უმრავლესობა სოციალური ან მაღალინტელექტუალური სახეობებისგან განსხვავებით, ძირითადად რაოდენობის ხარჯზე გადარჩებიან, იმიტომ, რომ სწრაფად მრავლდებიან. რაც სამყარო არსებობს, დაუსრულებელი ჭიდილია რაოდენობასა და ინტელექტს შორის, ეს შეიძლება ინსტინქტით იყოს განპირობებული, შეიძლება ნასწავლი ჰქონდეთ, და მათ იცავენ. მორალს ბუნებასთან საერთო არაფერი აქვს...
იმ ცხოველებს, რომლებიც ამ ჯგუფისთვის ანომალიურად იქცევიან, რა თქმა უნდა, თავისივე ჯგუფის წევრები გაცხრილავენ. ძალიან უხეში პარალელი კი გამომდის... როგორც "ალუდა ქეთელაურშია" (თუმცა ამ პოემაში სრულიად სხვა ჰუმანური იდეებია ჩადებული). "განსხვავებულად" მოაზროვნე თემიდან მოკვეთეს. თუ ეს ადამიანებში ცუდია, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ცხოველებში შეიძლება კარგი იყოს, იმიტომ რომ ანომალიურად მხოლოდ ანომალიური ფსიქიკის მქონე ცხოველი იქცევა, რომელიც მთელ ჯგუფს საფრთხეს უქმნის, ადამიანებში კი ხშირად (ცხადია არა ყოველთვის) პირიქით არის...
იქნებ მერე დანაპირები შევასრულოთ, ახლა კი ნაწყვეტს გთავაზობთ ლევან ბუთხუზის ჩანაწერებიდან: WE BE OF ONE BLOOD - THOU AND I (ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ - მე და შენ!):
"აფრიკაში ვარ!!! სახლში ვარ!!! ყველაზე მეტად ახლა ვიგრძენი, თურმე როგორი ნოსტალგია მქონია. თვალუწვდენელი სავანა... ყველაფერს ალმური ასდის, ცხელი ჰაერი მირაჟებს ქმნის, გადაშლილ სივრცეზე ასობით ანტილოპაა მეჩხერ აკაციებს შორის... ჟირაფები აკაციების ზემოდან იყურებიან... ჯოგებად მოსიარულე ბაბუინები და ხალებიანი აფთრების კლანები... ზებრების რემა და სპილო, ბევრი სპილო...
შიგადაშიგ, გადაშლილ ველზე სისხლივით წითელი წერტილები ჩანს, ეს თავიანთ ბროწეულის ყვავილისფერ წამოსასხამებში გახვეული მასაები არიან, რომლებიც ძროხებს აძოვებენ ველურ ცხოველებს შორის... თავბრუ მეხვევა…”
- ჩემი კოლეგები და მე აფრიკაში, კონკრეტული მიზეზის გამო მოვხვდით - საქართველოში ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა ზოლიანი აფთარი. რამდენიმე ინდივიდია აზერბაიჯანის საზღვართან. ეს "საზიზღარი მძორიჭამია” ცხოველი გაწყვიტეს. მაგრამ მთავარი მიზეზი მისი ძირითადი მსხვერპლის - ჯეირანის გადაშენება იყო. გადაშენების ჯაჭვები კი ერთმანეთს მიჰყვება ხოლმე... აღდგენის პერსპექტივებზე რომ გვეფიქრა, კარგად უნდა შეგვესწავლა, ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც დაკვირვება შეიძლება. ზოლიანი აფთრის არეალი კენიიდან იწყება, აღმოსავლეთ აფრიკას მაღლა ამოუყვება, გადის კავკასიაზე (ამ სახეობის გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარია), ფარავს არაბეთს და შემდეგ ცენტრალური აზიის გავლით ინდოეთამდე მიდის. გადავწყვიტეთ, საკვლევად ოთხი წერტილი აგვეღო: ინდოეთი, კავკასია, არაბეთი და აღმოსავლეთი აფრიკა (შემდეგ ინდოეთი გამოვ-რიცხეთ, თანხები არ გვეყო). 90-იანი წლების შუაში ამერიკულმა მაკარტურების ფონდმა დაგვაფინანსა და ირაკლი შავგულიძე, ლევან გოშაძე და მე კენიასა და იორდანიაში ჩავედით, სადაც კვლევისთვის ყველაზე უკეთესი პირობებია. კენიაში კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტს საკვლევი ბაზა ჰქონდა, გვიმასპინძლეს, თავიანთ კვლევაში ჩაგვრთეს, ფაქტობრივად, გვწვრთნიდნენ. მერე იორდანიაში იქაურ ველური ბუნების დაცვის სამეფო საზოგადოებასთან ერთად ვმუშაობდით და უკვე ჩვენ ვასწავლიდით, კვლევები როგორ ეწარმოებინათ. ძალიან ბევრი საინტერესო მასალა მოვაგროვეთ. კარგა ხნის მანძილზე რაღაც პერიოდულობით ჩავდიოდით. სამწუხაროდ, პროექტი პირველად სპარსეთის ყურეში ომის დროს შეწყდა, აფრიკის სეგმენტი დარჩა, მაგრამ იორდანია ამოვარდა. აფრიკაში მუშაობას კი ვაგრძელებთ...
ყველა ზოოლოგისთვის, ვინც მსხვილი ცხოველებით არის დაინტერესებული, აფრიკა ნამდვილი მექააა. აქ ყველაფერი შენ თვალწინ ხდება. ცხოველებთან კონტაქტის საშუალება გაქვს, როგორც სხვაგან არსად... მთელი ბატალიები და დრამები, რაც კი ცხოველთა სამყაროში არსებობს, შენ თვალწინ ხდება... ძალიან დიდი ემოციების მომტანია... 36 ქვეყანაში ვარ ნამყოფი (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლი), სადაც ველური ბუნება მეტ-ნაკლებად კარგად არის შენარჩუნებული. ისეთი სამოთხის მსგავსი ქვეყნებიც კი, როგორებიც კოსტა-რიკა და ინდონეზიაა, მიუხედავად ფერების სიჭრელისა, უჩვეულო მრავალფეროვნებისა, აფრიკას მაინც ვერ შეედრება... იქ არის რაღაც ენით გამოუთქმელი, რომელიც არსად დედამიწაზე არ არსებობს...
სამყარო მართლაც არა მარტო უფრო საკვირველია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, არამედ უფრო საკვირველია, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!