სათაურმა არ შეგაშინოთ, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება,
თუ გიურზას ბიოლოგიას გაეცნობით. სიფრთხილე კი, არის ის აუცილებელი
თვისება, რომელიც აუცილებლად გესაჭიროებათ.
მიუხედავად ასოთა მშვენიერი წყობისა, სიტყვა გველი ყველა ადამიანში
შიშის მომგვრელ ასოციაციას იწვევს. არის თუ არ არის რომელიმე მათგანი
შხამიანი თავდაპირველად არავის არ აინტერესებს, რადგან მასთან შეხვედრა
უკვე შიშს იწვევს.
როგორია სტატისტიკური მონაცემები? მსოფლიოში
გავრცელებული გველების რიცხვი 2500ზე მეტია, მათგან 410 სახეობა შხამიანია
ანუ 16% შხამიანია. საქართველოში აღწერილია 21 სახეობა, რომელთაგან 4
შხამიანია, 2 კი მიეკუთვნება საეჭვოს. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე
შხამი8ანი გიურზაა.
გიურზა
ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე,
არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირეაზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ
დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.
ჩვენთვის საინტერესო სახეობა კი Macrovipera lebetina obtusa, რომელიც
საქართველოშია გავრცელებული მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარში ( თუმცა შეიძლება
თურქეთიდან ბათუმის ოლქშიც შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის
ზეგანზე.. ნანახია თბილისის მიდამოებშიც.
ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს,
მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალხით დაფარულ ქვიან ადგილებშიგვხვდება, სადაც
ბევრი ბუჩქი, ხეები კი აქა იქ არის გაფანტული. იმალება ქვების ქვეშ,
ნაპრალებში და მღრნელების სოროებში.
სიფრთხილე თავიდანვე ვახსენე, ეხლა კი დავკონკრეტდები, თუ რა უნდა
იცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს
წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება
შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების
წესი:
გიურზა
გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში
მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში
ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის
განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს
უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა
კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად
ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა
შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს
აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი
ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი
რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.
გიურზა ნადირობს ძირითადად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე
რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურასნაირი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდი
გიურზა კურდღლის ბაჭიებსაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში,
ფრინველებს უდარაჯებს ხეზე ან მიწაზე, ფრინველს კბენის შემდეგ კი აღარ
უშვებს პირიდან. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი თავად დარწმუნდებით მის
შესაძლებლობებში. მართალია, ამ შემთხვევაში გიურზა ტყვეობაშია, რაც
გვაფიქრებინებს, რომ ბუნებაში უფრო სწრაფი და მოხერხებული უნდა იყოს. ახლა
კი, შევაჩერებ თქვენს მზერას …
გიურზა, ისე როგორც ყველა ქვეწარმავალი მრავლდება კვერცხის დებით.
პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის
გამოყოფის შემდეგ წიწილა კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება, უკვე კბენას
ცდილობს, თუმცა მცირე ზომისაა და სულ 215 მმ-ს
აღწევს.
ზემოთ ხსენებული სიფრთხილის მიუხედავად, ცნობილია მისი შხამით
ადამიანთა დაღუპვის შემთხევები. დაკბენილმა ადამიანმა საწრაფოდ უნდა
მიმართოს სამედიცინო პუნქტს, ან ადგილზე გაიკეთესოს ნემსი ანტიგიურზინი,
რომელიც ადრე ბევრგან იყიდებოდა, ეხლა კი კონკრეტული რჩევის მოცემა
გამიჭირდება. მისი
შენახვა აუცილებელია სიცივეში, ამიტომაც ველზე გასული ადამიანები მას
მიწაში მარხავენ ხოლმე. გიურზას იჭერენ ძვირფასი შხამის გამო და
სპეციალურად მოწყობილ ხელოვნურ გარემოში ჰყავთ იგი.
მაგ. ასეთებში. ასეთ ხელოვნურ თავშესაფარს ტერარიუმი ჰქვია.
ერთი კი გახსოვდეთ!!! გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში,
რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამს. ეს კი უდავოდ
გვაფიქრებინებს, რომ იგი დაცვას საჭიროებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!