სანადირო ტყვია-წამლის მწარმოებლები და კონსტრუქტორები დიდი ხანია გლუვლულიანი თოფიდან სასროლი ტყვიის კონსტრუქციის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ამ ხნის მანძილზე რა აღარ მოიგონეს, როგორ არ შეცვალეს ტყვიის ფორმა და აგებულება, რომ როგორმე გლუვ ლულაში ღარების უქონლობის კომპენსაცია მოეხდინათ. სხვადასხვა ტიპის ტყვიის კონსტრუირებისას მთავარი აქცენტი, ცხადია მიზანში მოხვედრის სიშორეზე და სიზუსტეზე იყო დასმული. მსოფლიოში სულ რამოდენიმე ტყვიაა ცნობილი, რომელთა ბალისტიკური, მახასიათებლები ასე თუ ისე აკმაყოფილებენ ახლო მანძილზე(100მ) სროლის სიზუსტესა და სიძლიერეს. ქართველი მონადირეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი, თუ არ ჩავთვლით გერმანული ფირმის ”ბრენეკეს” და ამერიკული ”მაკ ელვინის” ტყვიათა ნაირსახეობებს, საბჭოთა წარმოების მრგვალი და მაიერის კონსტრუქციის ტყვიები იყო. 1980-იანი წლების დასაწყისში ქ. კიროვის მკვიდრმა, ინჟინერმა ვიქტორ ვლადიმერის-ძე პოლევმა შექმნა საკუთარი კონსტრუქციის ტყვია, რომელიც ბალისტიკური თვისებებით იქამდე არსებულ ყველა ტყვიას ჯობდა. ეს ტყვია ჩვენში ”პოლევის ტყვიის” სახელითაა ცნობილი. ყველაფერი კი უბრალოდ დაწყებულა. როგორც საბჭოთა მონადირეების უმრავლესობას, არც პოლევს ქონდა ღარიანი იარაღის შეძენის საშუალება. იგი მონადირე იყო და ბუნებრივია უნდოდა, რომ მისი ნასროლი ტყვია უფრო შორს და უფრო ზუსტად მოხვედროდა ნადირს. პოლევს გაუმართლა,რომ ქ.კიროვში იყო სანადირო და სათევზაო მოწყობილობათა ქარხანა. მან ამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და შეუდგა საკუთარი კონსტრუქციის დამუშავებას. იგი ქარხნის პირობებში ცდიდა ტყვიას და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. შემდეგ მისი ნამუშევრით იჟევსკის იარაღის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი ნიკოლოზ ლეონტის-ძე იზმეტინსკი დაინტერესდა. მან დიდი დახმარება აღმოუჩინა პოლევს. ხელი შეუწყო ტყვიის კონსტრუქციის დამუშავებასა და გამოცდაში, დაეხმარა მასზე საავტორო უფლების მოპოვებაში და პრესაშიც დადებითი შეფასება მისცა. მე მახსოვს, ჟურნალ ”ოხოტა”-ში ამ ტყვიას სტატიათა და შეფასებათა მთელი სერია მიეძღვნა. 1983 წელს ახალი სანადირო ტყვიის პირველი ვარიანტი ”პოლევი-1”-ის სახელწოდებით სერიულ წარმოებაში ჩაეშვა. ეს ტყვია ორი ნაწილისგან შედგება: 1-ტყვიის მახვილწვერიანი სხეული და 2-პოლიეთილენის პიჟი-სტაბილიზატორი. ეს სტაბილიზატორი ტყვიის ქვედა წვრილ ნაწილზე-კუდზეა დამაგრებული. პიჟის ქვედა ნაწილს რვა ფრთა - სტაბილიზატორი აქვს, რაც მას ფრენისას სწორხაზოვან მიმართულებას უნარჩუნებს. თავად ტყვია ჩასმულია ორი ნახევრისგან შედგენილ პოლიეთინელის კონტეინერში. მთელი ეს კონსტრუქცია იმ სახით პირდაპირ დენთის მუხტზე ჩაისმება მასრაში. გამოცდების მიმდინარეობისას, რომელიც ”გლავ ოხოტამ” 1986-1987 წლებში ჩაატარა, პოლევის ტყვიამ მოხვედრის სრულიად დამაკმაყოფილებელი სიზუსტე და სიმჭიდროვე აჩვენა. 100 მეტრზე ხუთი ნასროლი 120მმ-იან წრეში მოთავსდა. ასეთი მონაცემების ტყვიამ მაშინვე მიიქცია მონადირეთა ყურადღება. კონსტრუქტორს არ აკმაყოფილებდა მიღწეული შედეგი და განაგრძობდა მუშაობას. მალე მან მეორე, გაუმჯობესებული ვარიანტი გააკეთა. პირველი ვარიანტის ტყვიას პიჟი და სტაბილიზატორი ერთი მთლიანი ქონდა. მეორე, ახალ ტყვიას კი ლულიდან გასროლის დროს პიჟი კონტეინერთან ერთად სძვრებოდა და მიზნისკენ მარტო ტყვია და მისი სტაბილიზატორი მიფრინავდა. ამან ტყვიის ბალისტიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება გამოიწვია. ტყვიის ფრენის ტრაექტორია უფრო სწორხაზოვანი გახდა. ამან მოხვედრის სიშორე და სიზუსტე გაზარდა. 100 მეტრზე ხუთი ნასროლის საუკეთესო შედეგმა 50მმ-იან წრეს მიაღწია. გარდა ამისა, ახალი ტყვია დამზადების ტექნოლოგიურობითაც გამოირჩეოდა. მას ”პოლევი-2”-ი ეწოდა. პოლევმა მომხმარებელთა ერთი შენიშვნაც გაითვალისწინა: რადგან ტყვია დამატებთი პიჟის გარეშე, უშუალოდ დენთზე იტენებოდა, აუცილებელი გახდა პიჟ-სტაბილიზატორის კონსტრუქციის გაუმჯობესება. ეს ვაზნის ჰერმეტიზაციის გაზრდისთვის იყო საჭირო. ეს პრობლემაც წარმატებით იქნა გადაწყვეტილი. ამჟამად პოლევის ტყვია ორ ვარიანტად კეთდება: 1- მახვილ წვერიანი ტყვია, როგორც ამას პირველი პროექტი ითვალისწინებდა და 2-ექსპანსიური ტყვია, რომელსაც წვერის ნაწილში ჩაღრმავება უკეთდება, რაც მოხვედრის მომენტში მის დეფორმაციას იწვევს. სპეციალისტები და მონადირეები ამბობდნენ, რომ ამ ორი ტყვიის ბალისტიკური მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ტულის ვაზნების მკეთებელი ფირმა ”ტაიგა” პოლევის ტყვიით გატენილ ვაზნებს უკვე სერიულად აწარმოებს.
3ამი ტუ ოტხი ლარი ხირს ცალი მაგარია მე ეგ დიდი ხნის უკან მქონდა გაგებული მის სიზუსტეზე მაგრამ ახლოდან მრგვალი ჯაკანი მაგარია მაგრამ ზუსტი არ არის მიზანსჰი......
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!