კალმახები, თევზები ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო
დიდი კალმახებია, მდინარეებში პატარებია (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები. ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული ანუ ცისარტყელოვანი კალმახები. ცისარტყელოვან კალმახებს სხეულის გვერდებზე გასდევს ცისარტყელასებრი ზოლები. მისი კვერცხი მსხვილია (დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს), ნარინჯისფერი. სწრაფად იზრდება, კარგად უძლებს დაავადებებს და სითბოს.
კალმახები საქართველოში გავრცელებულია ფარავნის, საღამოს, ტაბაწყურის, რიწის ტბებსა და მრავალ მდინარეში. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერებით, მათი მატლებით, ლოკოკინებით, წურბელებით, თევზებით და სხვა. აკლიმატიზაციისა და ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია. საქართველოში მრავლადაა საკალმახე მეურნეობები, სადაც მოშენებულია ცისარტყელოვანი კალმახები.
მდინარის კალმახი საქართველოში უმეტესად ბინადრობს მთის მდინარეებში, მდინარეების უმეტესობაში ცხოვრობს მხოლოდ ზემო დინებაში, ასეთებია: მტკვარი, ალაზანი, იორი, სუფსა, რიონი, ზობი, ზოგ მდინარეში ვრცელდება მტელ სიგრძეზე – სათავიდან ზღვამდე: ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვ; გვხვდება ტბებში: ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, რიწა, გორაფი, მზი, ერწო; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის, შაორისა და სხვ.
კალმახი შეტანილია წითელ წიგნში და მისი ჭერა აკრძალულია ნებისმიერი მეთოდით!!!
ამჟამად ტარდება ღონისძიებები კალმახის დაცვისა და მომრავლებისათვის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!