ქართული მითოლოგია გახლავთ — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს-ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახე. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.
ადგილის დედა ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთად ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალი, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც – ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველებს.
ალი. ალები ქართულ მითოლოგიაში განსაზღვრულია როგორც ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის თვალი, დასვრილი თმები). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.
ამბრი – ქართულ მითოლოგიაში გახლავთ გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება "ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხიგუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.
ამირანი – ქართულ მითოლოგიაში განხილულია როგორც გმირი: "ამირანიანის” ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია ( ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს – ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას – ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებსმჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება. ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში”. ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.
არმაზი ქრისტიანობის გავრცელებამდე აღმოსავლეთ საქართველოს (ივერიის) პანთეონის მთავარი წარმართული ღვთაებაა. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. მე-3 ს.),რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა.სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (მე-4 ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
ბარბალე ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთია. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს- ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილიააგრეთვე მისი სხვა ვარიანტები – საერთო ქართული – ბარბარე_ბაბალე და სვანური – ბაბარი_ბარბალი_ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან ბიბბირრუ – მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.
ბატონები – ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელია. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას "ბატონებო” (ან "იავ-ნანას”). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა.
ბაყბაყ-დევი ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცია, ერთ-ერთი დევია. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.
ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში წარმოდგენილია ღვთაებად (ან რამდენიმე ღვთაებად), რომელიც ადამიანის ბედს განაგებს. ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან "ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყოგასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობს გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებსჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა. ბერი-ბერა ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაებაა, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი- ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.
ბერიკა ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაებაა; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის – ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.
ბოსელი ქართულ მითოლოგიაში შინაურ ცხოველთა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაებაა. ქართული სამესაქონლეო და აგრარული დღესასწაულის – ბოსლობის, აგრეთვე ღვთაების სახელის და ეპითეტების ანალიზის საფუძველზე ბოსელის, როგორც ღვთაების თავდაპირველი სახე მწარმოებელი ხარის სახით წარმოგვიდგება.საახალწლო დღესასწაულთა ციკლში ბოსელს აგრეთვე ბერი და ბასილი ეწოდება.
ბოჩი ქართულ მითოლოგიაში ღვთაებაა, რომელიც კავკასიონის ქედის შვიდ მწვერვალზე სუფევს. ბოჩის სახელს უკავშირდება გარეულ ცხოველთა ყოფა- ცხოვრებაში შემორჩენილი სახელები "ოჩი” და "ვოჩი”. რიგი მკვლევარებისა თვლის, რომ ბოჩი მესაქონლეობის და მიწის ნაყოფიერების უძველესი ღვთაების სახელია.
გაცი და გაიმი ქართულ მითოლოგიაში არიან ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი "ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.
გველისფერი ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარეა, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.
გიორგი ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟია. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავშიგააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია – ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება – ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).
კუდიანი ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები არიან. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელგამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ – ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის – როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.
მამბერი ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელია. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.
მაცილი ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულია საიქიოდან. ისინი აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.
მზეთუნახავი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალია, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.
მინდორთ ბატონი ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველია. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს
მიჭპა ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაებაა და მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველია ზამთრის პერიოდში.
ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველია, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება – მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი "წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.
ოჩოკოჩი ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაებაა. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩის სხეული ჟანგისფერი თმით არის დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც ოჩოკოჩი შუაზე სჭრის მის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.
ოჩოპინტრე ოჩოპინტე ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველია. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას – ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) – ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
პირქუში პირქუში ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელია. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.
რაში ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენია; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშებისდახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლის მფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.
როკაპი ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაურია, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპიმას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.
სამძიმარი ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯია. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს.როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.
სახლის ანგელოზი ქართულ მითოლოგიაში ოჯახის, კერძოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობების მფარველი ღვთაებაა. ოჯახის წევრებს შორის ჩხუბი სახლის ანგელოზის განრისხებას მიეწერებოდა. ამ შემთხვევაში მას ცხვარს ან გოჭს სწირავდნენ და მსხვერპლის სისხლს სახლის კარს და კედლებს უსვამდნენ.
ტყაში-მაფა ქართულ მითოლოგიაში ტყის დედოფალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელია. ხალხური წარმოდგენებით ტყაში-მაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაში-მაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაში-მაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაში-მაფას დალისთან და უსახელო "ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.
ფასკუნჯი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველია. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.
ქაჯი ქართულ მითოლოგიაში სული და უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებაა. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის – ღამედ, ღამის კი – დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.
ღმერთი ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება და ღვთაებების მამაა, სამყაროს მბრძანებელია, შემოქმედია, ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელია. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის – მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები – ხვთისშვილები. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის "ნაწილებში”, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს მისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.
ყამარი ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწულია, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟია. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს – ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს დაქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედანაა სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან)
ხვთისშვილი ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდებაა. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!