ზამთარი თავისას იზამს, ქარითა და თოვლით გვეწვევა. მართალია, დეკემბერს ზოგჯერ სითბო შემოჰყვება ხოლმე, მაგრამ ხშირია, ჩრდილოეთიდან წამოსული სიცივე შემოიჭრება შავი ზღვის სანაპიროთი და სუსხს მოჰფენს კოლხიდაში, გადმოივლის ლიხის მთას და ქართლ-კახეთშიც ჩამოყრის თოვლს.
ხშირად ამ დროს ნახევარ მეტრამდე თოვლი მოდის; ზოგგან მაგალითად ბახმაროზე 1.5 მეტრია, არაბიკაზე, აფხაზეთის მთებში - 2 მეტრი და სხვა. თოვლს ყინვაც მოსდევს. იშვიათი არ არის, როცა დეკემბერში ყინვა ქართლში და გარეკახეთში 20 გრადუსზე მეტია ხოლმე.
ფოთლოვანი ტყე უკვე მთლიანად სამოსშემოძარცვულია, მხოლოდ ზოგიერთ მუხას შემორჩენია გამხმარი ფოთლები, რომელიც მაშინ ჩამოცვივა, როდესაც ფოთლის იღლიაში მოთავსებული კვირტი ადრე გაზაფხულზე გაიბერება.
აღარც ყველა ხეს ასხია ნაყოფი, უმრავლესობას ან ჩამოსცვივდა და ციყვმა და თაგვმა მოიტაცა, ან ღორის კოლტმა შეჭამა; არც მოძუნძულო დათვმა დაიკლო რამე. ზოგი კი ხალხმა ჩაზიდა სოფლებში, კერკი და ჩირი გააკეთა და - ხმელ ხილად დატოვა.
ნაყოფი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ წითელსა და შავ კუნელს, ცირცელს. ბევრგან ხრიოკებზე კოწახურს დაუხრია თავი, წვრილი ნაყოფიტ დატვირთულს. ჯაგიანებში სირვაშლას შავი და მოქითალო ნაყოფიც შეიმჩნევა. ჭალის ტყეებში ყვეაზე მეტია ხეზე ასული ეკღიჭის ნაყოფი „ კურკანტელა" , კატაბარდა ბუსუსიანი თესლითაც გადაპენტილა მისი გრძელი ტოტები. მაგრამ დიდი ყინვის შემდეგ მალე ეს ბუჩქები და ხეებიც მთლიანად შემოიძარცვება, სხვა არა იყოს რა, უსაზრდოოდ დარჩენილი თითო-ოროლა ფრინველი არ დატოვებს.
მწვანედ ტყეში შქერი, წყავი, ბაძგი, თაგვისარა, ძმერხლი, ბზა და ხეზე ასული სურო მოჩანს. ისინიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში. ჩვენს სხვა მხარეებში კი ესენი იშვიათია, აქ უფრო ჩვეულებრივია სურო, ზოგგან თაგვისარა. ყველგან არც კვიდოს გასცვივნია მწვანე ფოთოლი. მუხაზე, ვერხვზე, პანტაზე და სხვებზე მწვანედ მოსჩანს ფითრი. ჩხიკვი და ჩხართვი ხან ერთ ხეზე დაიჭახჭახებს, ხან მეორეზე. ფითრის ნაყოფს ეტანება.
ნაბოსტნარში და ნაბაღჩრევში კურდღელი ჩაცუცქულა. შეშინებულ თვალებს აცეცებს და თან გემრიელად ახრამუნებს კომბოსტოს მურკს და მოსტანში დარჩენილ ძირხვენებს.
მელა სოფლისკენ ნელნელა მიიპარება. რა ქნას, თაგვი, მინდვრულა, ხვლიკი და მისთანნი იშვიათად გამოდიან დღის სინათლეზე, უფრო სოროში ატარებენ დროს, ზოგი ზამთრის ძილს მისცემია. მინდვრად დააკლდა საკვები, სოფელში უნდა იშოვოს ქათამი ან ბატი. მგელი კი ცხვრის ფარეხების შორიახლოს დაძრწის, მასაც ფერდები ჩასცვივნია, კბილებს აკაწკაწებს, " გაჭირვება ჩონგურს აკვრევინებს" - შიმშილი დააყმუვლებს ხოლმე კიდეც, მაგრამ ადვილი აღარ არის ცხვრის მოტაცება. ფარეხები და ბოსლები წლითიწლობით უმჯობესდება, კარგად იხურება, კედლები ძირითადად ქვითკირისა აქვთ.
დათვი ჯერ არ დაწოლილა, მაგრამ თავ ჩაღუნული დადის და ბურტყუნებს, ეძებს ისეთ ადგილს, სადაც ზამთრის ძილს მიეცემა, სიცივის ერთი შემოტევა და ისიც მიწვება. ადგილ-ადგილ მუხიანებში, ჭალის ტყეში დაღრუტუნებს გარეული ღორის კოლტი, ტყის პირზე ზოგგან ქორბუდა ირემიც ჩნდება, ნეკერზე და ხის ხავსზსე გადავიდა უკვე.
სოფლის მინდვრებზე სიცოცხლე ჯერ არ შეჩერებულა. ბევრგან ცამდის ადის ბოლი, იწვება კაჭაჭი, სარეველა ბალახი, ხის ანის ჩამონაფხეკი, ფიჩხი ცალკე იკვრება, იღობება შემოუღობავი. ღ_ბე თუ დაზიანებულია, აკეთებენ მას. თადარიგიანი ხალხი საქმეს წინ იგდებს.
ციტრუსების პლანტაციებში მთავრდება არომატული ნაყოფის კრეფა. მიდის და მოდის ურემი და ავტომობილი საწყობისაკენ, სადგურისაკენ. მრავალი მუშა უმალ ხეხილის წამლობას შესდგომია.
არც ჩაის პლანტაციებში შეჩერებულა მუშაობა. ლაო ჩაისთვის კიდევ იკრიფება ფოთოლი. აგროვებენ და ამზადებენ ჩაის თესლს, ნიადაგი კი იბარება, შეაქვთ მინერალური სასუქი, გრძელდება ღობეების შეკეთება. ნაპირებზე გამოაქვთ გამხმარი ბალახი და წვრილი ანასხლავი და წვავენ. ზოგგან ღრმად იხვნება ან ბარით ბრუნდება ნიადაგი ახალი პლანტაციების გასაშენებლად.
ვენახიდან საქცევებზე გამოაქვთ სარი და ჭიგო, ბარავენ და ხნავენ. სადედეებში ჭრიან რქას და ინახავენ ფარდულებში, სადაც ფესვებს წმინდა ქვიშას აყრიან, რომ იგი არ გახმეს. ცალ-ცალკე ლაგდება ატამი, მსხალი, ვაშლი ბალი თუ გარგარი, თვითოეულ ამათში ცალ-ცალკე უნდა იყოს ჯიშიც, მაგალითად ვაშლებში კეხურა, შამპანური რენეტი, ბერფლორი, ზამთრის ოქროს პარმენი, ზამთრის ბანანი, კიტრა სირმა, კანდილსინაპი და სხვა.
თუ თოვლი არა დევს სოფლის ახლომახლო ცხვრის ფარას დაინახავს კაცი. ძროხები უკვე ბაგაზე დააბეს. თივა და სილოსი მოუმარჯვეს.
დადგა გულისგული ზამთარი და კარზე მოაკაკუნა მომავალი წლისათვის მზადებამ და საზრუნავმა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!