ბოლო რამდენიმე დღეა აცანლები ერთმანეთს იმ უჩვეულო ხმაურის შესახებ უყვებიან, ამ ბოლოს მოსვენება და ძილი რომ დააკარგვინა საშემოდგომო მუშაობით დაქანცულ მოსახლეობას. „ლანჩხუთი პლუს”-ი არაერთხელ წერდა ამ სოფელში (და არა მხოლოდ აცანაში) მომხდარ მტაცებელთა თავდასხმის ფაქტზე. მტაცებელი ძირითადად პირუტყვს იმეტებს-ხოლმე. ვწერდით იმასაც, რომ ტელმანის უბანში მგელმა ღორი ჯერ დატორა, ხოლო მას შემდეგ, რაც პატრონმა პირუტყვი დამარხა, მხეცმა მიწიდან ამოთხარა და წაიღო კიდეც! რამდენიმე დღის შემდეგ იქვე დამარხული ძროხაც მოთხარა!
სოფელში ასაკოვანი ადამიანები ამბობენ, რომ არ შეიძლება ეს ტურა იყოსო, ეს მგელის ნამოქმედარია. შინაური ცხოველების დაგლეჯის ფაქტები სამწუხაროდ უფრო მეტად აქტიური გახდა — გაიზარდა დაზარალებულთა რიცხვი! კახეთსა და რაჭაში მგელი ადამიანებსაც დაესხა თავს!
გურიის სოფლებში მოსახლეობას ღამ-ღამობით მგლის ყმუილი უკვე ესმის!
რამდენიმე დღის წინ თვითონ მოვისმინე, როგორ ყმუის მგელი დასახლებულ ადგილთან ძალიან ახლოს. მერე ისიც მითხრეს, იქვე მგლის ლეკვებიც რომ დაუნახავთ, თანაც თავისუფლად მონავარდე.
გაზეთები დიდი ხანია წერენ იმ საშიშროების შესახებ, რაც მგლის გამრავლებას მოყვება. „კვირის პალიტრამაც” საინტერესო სტატია მიუძღვნა ამ თემას — სანამ მგლებს პარლამენტი ყმუილით არ აუღიათო...
რეალური არც გადაწყვეტილებები გვაქვს და მით უფრო არც შედეგები. რომ არ დაგიმალოთ ეს ისეთი საკითხია, კარგად გააზრებული ქმედება რომ ესაჭიროება ხელისუფლების მხრიდან. ჯერჯერობით ხელისუფლებამ მოსახლეობას მგელზე ნადირობის ნებართვა ოფიციალურად მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში დართო. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა არასწორად მიაჩნია დაზარალებულ მოსახლეობას, განა მგელი წინასწარ გვამცნობს თავდასხმის შესახებ?
„ლანჩხუთი პლუს”-ი მგლების პრობლემების გამო სასაუბროდ რამდენიმე რესპოდენტს ეწვია.
ნუგზარ ცინცაძე (ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერ-სპეციალისტი): როგორც ამბობენ, დასახლებულ ადგილებში შემოსული მგლები განსხვავდებიან ტიპიური მგლებისაგან, შეიძლება მუტაცია განიცადეს.
ლანჩხუთთან ახლოს რამდენიმე თვის წინ დაგლეჯილ პირუტყვს წავაწყდი. როგორც სპეციალისტმა დავადგინე, რომ ეს მგლის ნამოქმედარი იყო — საქონელს ყელი და ცური ჰქონდა გამოღადრული! — ასე ავლენენ მგლები თავდასხმას. ამბობენ ჩვენში შემოსული მგლები ძაღლივით იტორებიანო, ტიპიური მგელი ხომ მსხვერპლს პირდაპირ ესხმის.
მგლის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არსებობს — დარბის ძალიან ენერგიულად, დანაშაულის ადგილიდან მიმალვა უყვარს, მრავლდება სწრაფად.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ როცა ერთ-ერთი მგელი მოკლეს, ყურზე ნიშანიც ჰქონდაო, რაც ცდის ან დაკვირვების ქვეშ მყოფ ცხოველს შეიძლება ჰქონდეს. მე ჩემი თვალით მსგავსი ნიშანი არც მინახავს და არც ისეთი ვინმე მინახავს, ვინც მსგავს ფაქტს დაადასტურებს — ამის შესახებ პრესაშიც იბეჭდებოდა და ინფორმაციაც იქიდან მაქვს. თუმცა ამბობენ, რომ მოკლული მგელი განსხვავდება კავკასიური მგლისაგანო, უფრო დიდია და ბეწვიც სხვანაირი ფერისა აქვსო.
არ მიმაჩნია მიზანმიმართულად მგელთან ბრძოლის დღევანდელი მეთოდი. აუცილებელია მტაცებელს ქიმიური მეთოდებითაც ვებრძოლოთ, მაგალითად, მოწამლული ხორცით, მაგრამ საამისოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო, გარდა იმისა, რომ სპეციალური სამსახურიც უნდა არსებობდეს. ჩემის აზრით, ეს მეთოდი ტყის იმ მასივებში შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც მოსახლეობისაგან შორსაა და მტაცებლის ადგილ-სამყოფელად მიიჩნევა. დასახლებულ ადგილებთან ახლოს მუდმივად უნდა არსებობდეს სპეციალური ჯგუფი იარაღითა და ტყვია-წამლით აღჭურვილი. სხვათა შორის, თუკი ხელისუფლება მოკლული მგლის სანაცვლოდ ფულად გასამრჯელოს დააწესებს, გამოცდილი მონადირეები უფრო აქტიურადაც იმუშავებენ და შედეგიც მეტი გვექნება.
როცა ვამბობ, ქიმიური მეთოდების გამოყენებაზე, რასაკვირველია ისიც მახსოვს, ჩვენს მოსახლეობას შინაური ცხოველები რომ ჰყავს და ეს საშიშია. ამიტომ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ საქმეში ვეტერინარული დეპარტამენტის როლი.
როგორც ამბობენ, თუ მგლების საქართველოში შემოყვანა თავის დროზე ვისიმე ნებართვით მოხდა, ამ დანაშაულის ანალოგს ალბათ წარსულ ისტორიაშიც ვერ ვიპოვით...
ბატონ ნუგზართან საუბრის შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ბატონ გია ორაგველიძეს ვეწვიეთ. როგორც კი სიტყვა მგელზე ჩამოვარდა, ბატონმა გიამ მაშინვე შემომაგება — მგელი ხომ ბუნების სანიტარიაო, ყოველ შემთხვევისაათვის ჩვენ ასე გვეუბნებიანო! მერე კი ასეთი კომენტარი გააკეთა: 2009 წლის გაზაფხულზე გამგეობამ უზრუნველყო და მონადირეებისათვის მგლებზე სანადიროდ 500 ცალი მზა ვაზნა დაარიგა. რამდენადაც მახსოვს, ვაზნების გარეშე არც ერთი სოფელი არ დარჩენილა, თითოეულ მონადირეზე 15-15 ცალი გაიცა. ახლა გეტყვით იმასაც, რის საფუძველზე მოხდა ვაზნების შეძენა-დარიგება. მგლების თავდასხმის გამო შეწუხებულმა და დაზარალებულმა მოსახლეობამ დასახმარებლად გამგეობას მიმართა, გამგეობამ ამის შესახებ მისწერა გარემოს დაცვის სამინისტროს. იქიდან ჩამოვიდა მონიტორინგის ჯგუფი და რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან გასაუბრებით, ფაქტებით და მტკიცებულებებით დაამტკიცეს, რომ ლანჩხუთში და მიმდებარე სოფლებში მგელი ნამდვილად არსებობს. სხვათა შორის მგელზე ნადირობის ნებართვის მისაღებად, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დიდი ძალიხმევა დაგვჭირდა. როგორც იქნა დაგვრთეს ნება მასზე სანადიროდ და ამიტომაც მოხდა მზა ვაზნების შეძენა და დარიგება. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მგელზე ნადირობის მეთოდი დავიწყებულია. ჩვენ ადეკვატური შედეგი ვერ მივიღეთ, რადგან მგელმა თუ ტყე ნახა, შეუძლებელია მისი დამორჩილება ან უკან დახევა. ხომ გაგიგონიათ სიმღერა „სადაც ხარობდა მგელი და ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა”. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ეტყობა ჩაის კულტურის გაშენებამდეც იყო ჩვენში მსგავსი პრობლემები. გაითვალისწინეთ, მგელი და ტურა დღესაც თავს აფარებს გაველურებულ და მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში.
მოსახლეობაში მზა ვაზნების დარიგების შემდეგ ნადირობის რამდენიმე ფაქტია ჩვენთვის ცნობილი — ჩოჩხათში მოკლეს დედა მგელი ხუთი ლეკვით, თითო მგელი მოკლეს ნიგოითსა და ლესაში. მეტი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არაა.
რაც შეეხება ქიმიური მეთოდების გამოყენებას, ეს გამორიცხულია. ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ მოწამლული ხორცით ზიანი არ მიადგება შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს?
მე სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ისე ჩემი ნება რომ იყოს, ჩაის პლანტაციებს ავაღორძინებდი და ამით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემებიც მოგვარდებოდა!...
დასასრულს ჩვენი გაზეთის მკითხველებისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება ამონარიდი ენციკლოპედიიდან:
„მგელი (Canis Lupus) მტაცებელი, ძუძუმწოვარა ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 105-160 სმ, სიმაღლე 80-85 სმ (იშვიათად 100 სმ), წონა 35-50 კგ, იშვიათად 80 კგ-საც აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში მგელი ტანად პატარაა, თითქმის ყველგან გვხდება შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, ფერად რუხია, ტუნდრაში ბინადარი მგელი მოთეთროა, უდაბნოსი — მორუხო-წითელი. გამრავლების პერიოდში მგლები წყვილ-წყვილად ცხოვრობენ, შემოდგომასა და ზამთარში — ხროვებად. მგელი იკვებება როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველებით, რითაც დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. მაკეობა 62-65 დღემდე გრძელდება. ყრის 3-13 (უფრო მეტად ხუთ) ლეკვს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 22-24 თვისა. ცოცხლობს 15-16 წელი. მგელი ცოფის ვირუსის მატარებელი და ნაირგვარი ჰელმინთების (კერძოდ, ექინოკოკის) გადამტანია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!