ჩვენს ზოოპარკში დღეს 2 დიდყურა მელა ბინადრობს. ორივე მდედრია და ორივე 2007 წელს, აფრიკაში, ბუნებაში დაიბადა. ისინი ჩვენი ზოოპარკის ერთ-ერთ გამორჩეულ ცხოველებთან - მილკბილებთან ერთად ცხოვრობენ.
ზოგადი ინფორმაცია დიდყურა მელაზე:
სისტემატიკა: დიდყურა მელა (Otocyon megalotis) ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარია. იგი გვარი Otocyon-ის ერთადერთი წარმომადგენელია. ბერძნულიდან მისი სახელი ითარგნმება, როგორც ”ყურებიანი დიდყურა ძაღლი”.
გავრცელება: დიდყურა მელა გვხდება აფრიკის ორ რაიონში: ეთიოპიიდან და სამრეთი სუდანიდან ტანზანიამდე და სამხრეთი ზამბიიდან და ანგოლიდან სამხრეთ აფრიკამდე. ასეთი გავრცელება დაკავშირებულია მისი ძირითადი საკვების, Hodotermes mossambicusსახეობის ტერმიტების გავრცელებასთან.
აგებულება: გარეგნულად დიდყურა მელა ჩვეულებრივ მელას წააგავს, მაგრამ ის უფრო მცირე ზომისაა და არაპროპორციულად დიდი ყურები აქვს (რაც უდაბნოს სხვა ცხოველებსაც ახასიათებთ) რომელთა სიგრძეც 13 სმ-ს აღწევს. დრუნჩი მოკლეა და წაწვეტებული აქვს, წინა კიდურებზე 5, უკანაზე კი 4 თითია. სხეულის სიგრძე 46-66 სმ-ს აღწევს, სიმაღლე მხრებში 40 სმ-ს, კუდის სიგრძე 24-34 სმ-ს. წონით 3-5,3კგ-ს იწონის. დიდყურა მელას შეფერილობა მორუხო-მოყვითალოა, ყელი და მუცელი უფრო ღიაა ფერისაა, თათების და ყურების დაბოლოებები კი შავი. ამ სახეობის განმასხვავებებლი ნიშანია მისი კბილების სისტემაც. დიდყურა მელას 48 კბილი აქვს, რაც ხმელეთის პლაცენტარულ ძუძუმწოვრებში ყველაზე დიდი რაოდენობაა. კბილები მომცრო ზომისაა, ნაკბენი კი სუსტია, რაც მისი რაციონის თავისებურებით აიხსნება.
ცხოვრების ნირი და კვება: დიდყურა მელა ბინადრობს მშრალ სავანებსა და ნახევრადუდაბნოებში. ხანდახან ადამიანთა ნასახლარებთანაც. აქტიურია ძირითადად ღამის განმავლობაში. დღისით მელა იმალება სოროებში, ბუჩქნარში, ან მილკბილას მიერ გამოთხრილ ტერმიტების ბუდეებში. დიდყურა მელა მონოგამური ცხოველია. იგი წყვილებს ან ტრიადებს ქმნის (მამრი და ორი მდედრი). დიდყურა მელა ინდივიდუალურად ნადირობს და რამდენიმე დიდყურა მელას მხოლოდ უხვი საკვების ადგილებში შეიძლება შევხვდეთ, სადაც ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ნადირობენ. ოჯახური მონაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია საკვების სიუხვეზე და 0, 25-1,5 კვადრატულ კილომეტრის ფარგლებში ვარირებს. როგორც წესი ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ერთდროულად რამდენიმე თავშესაფარი. მონაკვეთის საზღვრები ხშირად არ ინიშნება. სამხრეთი აფრიკის ზოგ რეგიონში დიდყურა მელიების სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 28 ინდივიდს აღწევს. დიდყურა მელიების რაციონს ძირითადად მწერები და მათი ლარვები შეადგენს. ასევე ხვლიკები, მცირე ზომის მღრღნელები და ფრინველების კვერცხი. ხანდახან მელა მცენარეულ საკვებსაც ჭამს. სითხეს კი საკვებიდან იღებს. ძალიან ხშირად დიდყურა მელიები ან დიდი ზომის ჩლიქოსნების ახლოს დადიან, ვინაიდან მათ ნაკელში კვერცხებს ფუნაგორიები დებენ, ან კალიების გუნდს მიჰყვებიან. ნადირობისას ძირითადად შესანიშნავ სმენას ეყრდნობიან.
გამრავლება: დიდყურა მელა წელიწადში ერთხელ მრავლდება. მაკეობა 60-70 დღეს გრძელდება. როგორც წესი, დეკემბრიდან აპრილამდე (სწორედ ამ დროს არის მწერების რაოდენობის პიკი) 2-6 ლეკვი იბადება. ლეკვები ან ძველ ბუნაგში იბადებიან, ან მდედრი ახალ სოროს თხრის. ოჯახურ ჯგუფებში ლეკვებს ყველა რძის მქონე მდედრი აჭმევს. ნაშიერების გაზრდაში მდედრს მამრიც ეხმარება და სანამ მდედრი სანადიროდ დადის, სოროს ყარაულობს. ლეკვები თვალებს მეცხრე დღეს აღებენ, ბუნაგიდან მეჩვიდმეტე დღეს გამოდიან. რძით იკვებებიან 15 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ზრდასრულებთან ერთად სანადიროდ მიდიან. 5-6 თვის ასაკში ლეკვები დამოუკიდებლები ხდებიან და მშობლებს, როგორც წესი, გამრავლების სეზონისას ტოვებენ. ზოგი ახალგაზრდა მდედრი ოჯახურ ჯგუფში რჩება. დიდყურა მელა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. დღეს მისი არეალის გაფართოებაც კი შეინიშნება. ძირითადი საფრთხე მას ეპიდემიებისგან (ძირითადად ცოფი) და ნადირობისგან ემუქრება (მის ხორცს და ტყავს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!